წარმოგიდგენთ პრაქტიკულ რჩევებს პორტფოლიოს დაცვისათვის (მენტორისა და წამყვანის სტატუსების მისაღებად). რჩევები შემუშავებულია ესგ-ის ექსპერტის, როლანდ ხოჯანაშვილის მიერ.
⇑⇓ პორტფოლიოს დასაცავად დროს შეგითანხმებენ და პორტფოლიოს დაცვა მოხდება ელექტრონულად;
⇑⇓ დაცვას დაესწრებიან პროფკავშირის წარმომადგენლებიც, რითაც თავს იზღვევთ სრულად ტენდენციურობისგან (არც „მასწავლებლის სახლის“ წარმომადგენლები იქნებიან ტენდენციურები);
⇑⇓ ტექნიკური ხარვეზის შემთხვევაში გადაიდება თქვენთან გასაუბრება და გონივრულ ვადაში კვლავ ჩაგენიშნებათ;
⇑⇓ სავარაუდოდ, დაცვის პროცედურა იქნება მოკლე და თქვენ უნდა წარადგინოთ თქვენი ხედვა, ნებისმიერი სახის ელექტრონული ფაილით, საკუთარი პორტფოლიოს დასაცავად, სათადარიგოდ გქონდეთ პრეზენტაციის მატერიალურად ნაბეჭდი ვერსიაც;
⇑⇓ პორტფოლიოს დაცვისას ნებისმიერი ტიპის გაზიარებად ფაილზე ჩამოწერეთ პორტფოლიოში არსებული დოკუმენტების სახელები, მიზნები, შედეგები;
⇑⇓ ისაუბრეთ მშვიდად, დამაჯერებლად, ლოგიკურად და ახსენით, თუ რა შინაარსის დოკუმენტები გაქვთ და როგორ ესადაგება ის სამივე მიმართულებას;
⇑⇓ საუბრის დროს აღნიშნეთ, რომ თქვენი დოკუმენტები მიემართება მესამე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმას და საგნობრივ/გლობალურ-ფუნქციურ უნარებს/21-ე საუკუნის კომპეტენციებს/პრიორიტეტულ თემებს შეეხება;
⇑⇓ გასაუბრების წინ განზრახ დაიმახსოვრეთ, რომ თქვენ ხართ უკეთესი სტატუსის ღირსი და კვალიფიციური მასწავლებელი, თუ უცებ სწორად ვერ გამოთქვით ზუსტად თქვენი მოსაზრება, მოიხადეთ ბოდიში დელიკატურად და ჩაანაცვლეთ უკეთესი ვერსიით;
⇑⇓ გახსოვდეთ, რომ თქვენ გამოცდით დაადასტურეთ თქვენი კომპეტენტურობა. კარგი პრაქტიკის დოკუმენტირება იმასვე ადასტურებს, რომ პრაქტიკაც გაქვთ წარმატებული და ახლა მხოლოდ თქვენი წარმატებულობის გაფორმება უნდა მოხდეს;
⇑⇓ ეცადეთ, რომ ნაკლებად შეეხოთ მოკლევადიან მიზნებს და მეტად შეეხეთ საგნის სამიზნე ცნებებსა და საფეხურის შედეგებს.
⇒ პრაქტიკული მაგალითი ციფრული პრეზენტაციისთვის (სარეკომენდაციო)
♦ პირველი მიმართულებისთვის (სასწავლო პროცესის დაგეგმვა და წარმართვა) განხორციელებული მაქვს მოსწავლეთა მიღწევების დიაგნოსტირება ინსტრუმენტით ანგარიშის ფორმა, შედეგების ანალიზი და მათი საგნობრივ კურიკულუმში ასახვა მომავალი წლისთვის, რაც ანგარიშის ფორმაში თვალნათლივ ჩანს. ჩემ მიერ შექმნილია ორი ე.წ. თემატური მატრიცა კერძოდ, 1. VIII კლასში, ნ.ლორთქიფანიძის „დადიანის ასული და მათხოვარი“, მოთხრობის დაწერა ტექსტის შერჩეული ეპიზოდის მიხედვით; 2. მატრიცა VII კლასში, ,ბიოგრაფიული ტიპის ნაწარმოების შექმნა ნ.დუმბაძის „სისხლის“ მიხედვით; ამ თემატური მატრიცებითა და მასწავლებლის სახელმძღვანელოში მოცემული სცენარების მიხედვით ვახორციელებ სწავლებას. აქვე დავძენ, რომ ჩემ მიერ შექმნილი მატრიცების კრიტიკული გადასინჯვის შემდეგ დაგეგმილი მაქვს, მომავალ სასწავლო წელს, კათედრასთან შეთანხმებით, ცვლილებების განხორციელება (შესაბამისი ინფორმაცია ჩანს მატრიცების ფინალურ ნაწილში).
რაც შეეხება მოსწავლეთა უნივერსალური და მიზნობრივი საჭიროებების გათვალისწინებას დიფერენცირებული სწავლების პრინციპების რეალიზებაში, ეს წარმოდგენილი მაქვს კვლევის ანგარიშში და მოიცავს პრობლემის იდენტიფიცირებასა და მის მოგვარებას საინტერვენციო საშუალებებით. კვლევის პროცესში მნიშვნელოვნად შემცირდა პრობლემის მასშტაბი (იხილეთ კვლევის ანგარიშის ფინალური ნაწილი), ანუ მიღწეულ იქნა მიზანი. ასევე, წარმოდგენილი მაქვს მოსწავლეთა პროგრესის ამსახველი მასალა ფუნქციური უნარის შესახებ 2022-2023 სასწავლო წლის პირველი სემესტრისა და მიმდინარე სემესტრის მიხედვით (კლასი მე-8).
♦ მეორე მიმართულებისთვის (სკოლის/თემის განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობების განხორციელება), განხორციელებული მაქვს პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა სკოლის/თემის საგანმანათლებლო საჭიროებების დადგენისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ; კვლევის ანგარიშში ნათლად ავსახე მოქალაქეობრივ ფუნქციურ უნართან დაკავშირებული პრობლემების მოგვარების გზა. ამავე მამტკიცებელ მასალაში ჩანს მიზნობრივი აქტივობების დაგეგმვა, განხორციელება და შედეგების შეფასება, რომლებიც კოლეგებს გავუზიარე.
♦ მესამე მიმართულებისთვის (პროფესიული პასუხისმგებლობა) განვახორციელე აქტივობა კოლეგების მხარდაჭერა მათი პროფესიული საჭიროებების იდენტიფიცირების, განვითარების ღონისძიებების შერჩევისა და განხორციელების პროცესში; კერძოდ, გამოქვეყნებული მაქვს პორტფოლიოს წარმოების შესახებ ექსპერტიზებული პუბლიკაცია „პორტფოლიოს სამი მიმართულება მამტკიცებლებით“ (გამოქვეყნებულია „ახალი განათლების“ მიერ), ასევე – მოსწავლეთა მიღწევების დიაგნოსტირების შესახებ ინფორმაცია. ჯამურად, ამ ორმა სტატიამ ასეულობით „ნახვა“ დააგროვა, რაც გულისხმობს პუბლიკაციის შინაარსის საჭიროებას. ვებგვერდზე გამოქვეყნებულმა წერილმა „პერსონაჟთა ტიპები და პერსონაჟის დახასიათება“ მოიტანა შედეგი კოლეგებისთვის. აღნიშნული მასალა მთლიანად მორგებულია მესამე თაობის ესგ-ის მოთხოვნებს.
ვფიქრობ, რომ შევძელი განათლების სფეროში სიახლეების ძიება, პრაქტიკაში დანერგვა და გაზიარება („ლიდერობის აკადემიის“ , სოციალურ ქსელებში ღირებული ვებინარებისა და ტრენინგების, საინტერესო პუბლიკაციების, სანდო ლიტერატურის გაცნობა-დანერგვა), რაც დასტურდება კვლევის ანგარიშით, სკოლაში ჩატარებული შეხვედრებით (ეს უკანასკნელი სასკოლო თემთან გასაუბრებითაც შეიძლება დადასტურდეს). ამ ყველაფერმა ჩემს სკოლას მოუტანა მეტი სოციალური წონა, მოსწავლეებს – მეტი ჰოლისტური განვითარება და პროგრესი.
ვიცნობ თანამედროვე პროფესიულ ლიტერატურასა და საგანმანათლებლო კვლევებს, არსებულ ცოდნას ვიყენებ საკუთარი და კოლეგების პედაგოგიური პრაქტიკის გასაუმჯობესებლად „კრიტიკული მეგობრის“ პოზიციიდან, მაგალითად, „მესამე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმას“, საგნობრივ გზამკვლევებს, „ზოგადი განათლების რეფორმის“ ფეისბუკ-ჯგუფის მასალებს.
ჩემ მიერ დამუშავებული მოსწავლეთა მიღწევების დიაგნოსტიკური „ანგარიშის ფორმა“ მოწონებული და გაზიარებულია სკოლის ოთხივე კათედრის მიერ, მოგვიანებით ეს ექსპერტიზირებული ინსტრუმენტი „ახალი განათლების“ მიერაც გამოქვეყნდა, როგორც პორტფოლიოს პირველი მიმართულებისათვის ერთ-ერთი სარეკომენდაციო ნიმუში, სარწმუნოა, რომ ეს ყველაფერი სამომავლოდ პირად და კოლეგათა პრაქტიკაში დადასტურდება, როგორც მოსწავლეთა პროგრესის წარმატების საწინდარი.
მოსწავლეებთან თანასწორობაზე დაფუძნებული თანამშრომლობითი ურთიერთობების დამყარება მათი ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით შევძელი სასწავლო და სათემო აქტივობების საფუძველზე; ვიცნობ და ვითვალისწინებ რა თითოეული ჩემი მოსწავლის ინდივიდუალურ თავისებურებს, ეფექტიანი თანამშრომლობითი ურთიერთობები დავამყარე მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან კვლევის პროცესში. მათგან მიღებული ინფორმაციით მივაღწიე უკეთეს შედეგებს, რაც აღნიშნულია კვლევის ანგარიშში.
დამატებითი ინფორმაციით დაინტერესების შემთხვევაში, შემიძლია, წარმოვადგინო ასევე სხვადასხვა ტიპის მამტკიცებლები (მოსწავლეთა ლიტერატურული კონკურსის ჟიურის წევრობა (გაცემული მაქვს შეფასებები მოსწავლეებისათვის), თსუ საუნივერსიტეტო კონფერენციაში ,,სკოლა-უნივერსიტეტს, უნივერსიტეტი-სკოლას“ – მომხსენებლად მონაწილეობა და კოლეგებთან სამუშაო შეხვედრის ორგანიზება, რასაც მოჰყვა ახალი და მნიშვნელოვანი აქტივობები, რომელიც ამ ეტაპზეც მიმდინარეობს). გვაქვს სათემო-სასწავლო აქტივობათა ფოტომტკიცებულებები, გაზიარებული მეთოდიკური მასალები და ა.შ. ამ ყველაფრის შესახებ დეტალიზებულად საუბარი შემიძლია კომისიის დაინტერესების შემთხვევაში.
სარეკომენდაციო შეხვედრის ბმული: