ანტვერპენში, რუბენსის ქანდაკებასთან ახლოს, მოედანზე, რენესანსის პერიოდის სამსართულიანი სახლი დგას, რომელიც ლიტერატურისა და ხელოვნების მოყვარულებისთვის მრავალ ამბავს მოგვითხრობს. იუნესკოს მიერ მსოფლიო საგანძურად აღიარებული, პლანტენ-მორეტუსის გამომცემლობა მე-16 საუკუნის ავთენტური შენობაა, რომელშიც მისი დამაარსებელი ცხოვრობდა და სადაც ევროპის საგამომცემლო ისტორია ჩვენ თვალწინ ცოცხლდება. ეს ერთადერთი საგამომცემლო სახლი და სტამბაა, რომელიც მსოფლიოში ამ პერიოდიდან გადარჩა და მთელი სამი საუკუნის განმავლობაში მოქმედი გამომცემლობა იყო. დამთვალიერებელი დეტალურად ეცნობა, თუ როგორ ცხოვრობდნენ ადამიანები 450 წლის წინ და როგორი იყო მათი ყოველდღიურობა.
ფრანგი ქრისტოფერ პლანტენი (1520-1589) 30 წლის იყო, როცა ანტვერპენში სამშობლოდან ჩავიდა. მან ბელგიის ლამაზ ქალაქში პატარა სტამბა მოძებნა, შეიძინა და პლანტენის საგამომცემლო სახლი დაარქვა. დამწყებმა გამომცემელმა ყველა რესურსი გამომცემლობის განვითარებასა და განათლების გავრცელებას დაუთმო. წიგნის ოსტატი წარმოშობით მდიდარი ოჯახიდან არ იყო და ჯერ კიდევ ყმაწვილი დაობლდა. ახალგაზრდობაში, წიგნის ამწყობად მუშაობდა და იქვე დაქორწინდა ჟანა რივიერზე. წყვილს 6 ქალიშვილი და 1 ვაჟი ჰყავდა. მე-16 საუკუნეში, მწიგნობარმა ყველა ქალიშვილს განათლება მისცა და საგამომცემლო საქმეში ჩართო, გოგონების ხელშეწყობისთვის, მაქმანების წარმოებაც გახსნა.
ჩანაწერებიდან ვიგებთ, რომ ოჯახმა შვილებს სხვადასხვა ენაზე კითხვა ასწავლა და მათ ინტერესებს, მომავალში, პროფესიის არჩევაშიც ითვალისწინებდა. თავდაპირველად, პლანტენმა პარიზში წიგნის მაღაზიაც გახსნა, მაგრამ იმ პერიოდის კონსერვატორულ საფრანგეთთან შედარებით, მჩქეფარე ანტვერპენით დაინტერესდა და, ამასთანავე, თავისუფალი მოქალაქეობა მოიპოვა. ქალაქში ჩასვლისთანავე, გაწევრიანდა მხატვრების, მოქანდაკეების, გრავიორებისა და გამომცემლების გილდიაში. მის მიერ აკინძული ყოველი წიგნი ნატიფი ხელოვნების ნიმუში იყო და პოპულარობით სარგებლობდა. 1549 წელს, პლანტენის საგამომცემლო სახლი უკვე მთელ ევროპაში იყო განთქმული. ერთ დღეს, გაურკვეველი მიზეზით, დაჭრეს და მას შემდეგ, წიგნის აკინძვის ნაცვლად, ტიპოგრაფიის განვითარებით დაინტერესდა. პირველი წიგნი 1555 წელს გამოსცა და მას შემდეგ, მისი გამოცემები მრავალ ქვეყანაში ვრცელდებოდა. ფაქტობრივად, იმ პერიოდის ყველა ავტორი პლანტენის საგამომცემლო სახლში ითარგმნებოდა და გამოიცემოდა. ამ პერიოდში, ანტვერპენი გამომცემლებისთვის უსაფრთხო ქალაქი არ იყო, რადგან ესპანელი მმართველების მიერ იდევნებოდნენ. ამის გამო, მან ყველა საკუთარი გამოცემა გაყიდა და საფრანგეთში გადავიდა. როცა ინკვიზიციის საფრთხემ გადაიარა, დაბრუნდა და წიგნები უკლებლივ დაიბრუნა. მას შემდეგ, საგამომცემლო სახლი და სტამბა კიდევ უფრო გაფართოვდა, აღჭურვილობა განახლდა. წიგნების ბეჭდვისთვის მზად იყო 15 000 ფორმა, 15 000 ხის დაფა და 3 000 სპილენძის კლიშე, წელიწადში 55 წიგნი გამოიცემოდა. ცნობილი ჰუმანისტი, არიას მონტანუსი წერილში აღნიშნავდა: „ერთ თვეში აქ იმაზე მეტი კეთდება, ვიდრე რომში ერთ წელიწადში“. მონტანუსი მეფემ გაგზავნა პლანტენის დასახმარებლად, როცა მან ყველაზე მრავალენოვანი ბიბლიის გამოცემაზე დაიწყო მუშაობა. ასეთი 1213 ეგზემპლარი რვატომეული დაბეჭდა და მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ქრისტიანობის გავრცელებას. თავფურცელზე გამოსახული იყო, თუ რა მშვიდობიანად ჭამდნენ ერთი გეჯიდან ლომი, ხარი, მგელი და ცხვარი. მიუხედავად ამისა, მას ინკვიზიცია დევნიდა, მაგრამ გადაურჩა და მოსახლეობაში წიგნიერების გავრცელება განაგრძო.
ცოტა ხანში, სამსართულიანი სახლი შეისყიდა და „ოქროს ფარგალი“ დაარქვა. შენობაში ხშირად შეხვდებით კედლებზე გამოსახულ ფარგალსა და წარწერას – „შრომითა და ერთგულებით“. პლანტენი პორტრეტებზე ხშირად არის გამოსახული თვით პიტერ პაულ რუბენსის ნაჩუქარი სამუშაო ხელსაწყოებით. გამომცემლობაში 90 სახეობის საბეჭდი ანბანი ინახება.
1576 წელს ესპანელებმა ანტვერპენი გადაწვეს და პლანტენმა ნამუშევრების გადასარჩენად საფასურიც გაიღო. მან გამომცემლობის ფილიალი პარიზსა და ფრანკფურტში გახსნა, თვითონ კი ლაიდენის უნივერსიტეტის გამომცემლობის განვითარებას შეუდგა. ანტვერპენში დატოვებულ გამომცემლობას სათავეში მისი ქალიშვილის მეუღლე, იან მორეტუსი ჩაუდგა. ქრისტოფერ პლანტენი ისტორიაში შევიდა, როგორც რენესანსისა და ბაროკოს ეპოქის ჰუმანისტი და გამომცემელი, რომლის მიერ შექმნილმა გამომცემლობამ ანტვერპენს, ევროპაში ბრილიანტის წარმოების დედაქალაქს, მწიგნობრობის ცენტრის სახელი შესძინა.
რამდენიმე საუკუნის შემდეგ, პლანტენის ფონტი კომპიუტერებისთვისაც შეიქმნა.
მოგვიანებით, პლანტენმა ლაიდენის უნივერსიტეტის გამომცემლობაში რაფალენგიუსი, ფრანს ვან რე-ველინგენი, მიიწვია. რაფალენგიუსი ცნობილი მწიგნობარი, პოლიგლოტი და ლექსიკოგრაფი იყო, მან შექმნა 550-გვერდიანი არაბულ-ლათინური ლექსიკონი, რომელიც პირველად საუკუნის შემდეგ დაიბეჭდა. ქრისტოფერ პლანტენი ანტვერპენში დაბრუნდა და მთელი სიცოცხლე საგამომცემლო საქმის ინოვაციებით განვითარებას დაუთმო.
დამაარსებლის გარდაცვალების შემდეგ, გამომცემლობას ისევ იან მორეტუსი ხელმძღვანელობდა და მისი დამსახურებით ორგანიზაცია, სამი საუკუნის განმავლობაში, ერთ შენობაში ვითარდებოდა. 1877 წელს, შენობა მუზეუმად გამოცხადდა და უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა, სრულად წარმოვიდგინოთ, როგორ ცხოვრობდა, მუშაობდა და ურთიერთობდა საზოგადოება სამი საუკუნის განმავლობაში.
შენობა სულ უფრო ფართოვდებოდა და დღეს, ოთხივე მხარეს, სხვადასხვა განყოფილებაა, შენობის შუაში მთელ სიგრძეზე ბაღია. გაოცებას იწვევს უძველესი კედლები, რომლებიც ხელითაა მოხატული, ხოლო შენობაში ხის სურნელი ძველ დროში გაბრუნებთ.
ეს ერთადერთი მუზეუმია, სადაც უძველესი სტამბა, საბეჭდი მანქანები და ხელსაწყოები, სარედაქციო ოთახები და ბიბლიოთეკა ხელუხლებლადაა შემონახული, ხოლო კედლებს გამომცემელთა დინასტიის, რუბენსის მიერ მათ სიცოცხლეში შექმნილი, პორტრეტები ამშვენებს. აქვე ვიგებთ, რომ იუსტუს ლიპსიუსი, ნეოსტოიციზმის დამფუძნებელი, პლანტენის მეგობარი იყო; თანამედროვე ატლასი აბრაჰამ ორტელიუსმა გამოიგონა, ხოლო მრავალენოვან გამოცემებს ბენიტო მონტანო ქმნიდა; აბრაჰამ ორტელიუსმა პირველმა აღმოაჩინა, რომ ოდესღაც აფრიკა, ამერიკა და ევროპა ერთიანი კონტინენტი იყო, რადგან მათი სანაპიროები ერთმანეთს ძალიან ჰგავდა.
მუზეუმში ინახება Officiana Plantiniana-ს ყველა გამოცემა სხვადასხვა ენაზე, რამაც ევროპაში ჰუმანიზმის, მეცნიერებისა და კულტურის განვითარებას შეუწყო ხელი.
მსოფლიო მემკვიდრეობის ნაწილად ითვლება პლანტენის არქივები, საიდანაც ვიგებთ, რომ პლანტენმა ერთ-ერთმა პირველმა გამოიყენა დღეს არსებული საბუღალტრო სისტემა.
იდეები, მსოფლმხედველობა, ტექნოლოგიები, ლიტერატურული და სამხატვრო ნიმუშები სრულად გადმოგვცემს პლანტენის მოღვაწეობის უნიკალურობას. აღსანიშნავია, რომ შესასვლელ დარბაზში, დამთვალიერებლებსა და მათ ბავშვებს, დეტალურად აცნობენ, როგორ იბეჭდებოდა პირველი წიგნები, მუზეუმში გუტენბერგის რიგით მეორე ბიბლია ინახება. საბედნიეროდ, სამი საუკუნის ომები შენობაზე თითქმის არ ასახულა და საცხოვრებელი ოთახებიც პირვანდელი სახით გვხვდება. აღსანიშნავია, რომ მემკვიდრეებმა გამომცემლობა ანტვერპენს მეცხრამეტე საუკუნეში გადასცეს და ქალაქის მერიამ პირვანდელი სახით შემოგვინახა. გამომცემლობაში ოჯახი მუსიკალურ საღამოებსაც მართავდა, რაზეც უძველესი პერიოდის ინსტრუმენტები და კლავესინიც მოწმობს.
პლანტენი ბუნების მოყვარული იყო და ბაღის გასაფორმებლად იმ პერიოდის ცნობილ ბოტანიკოსებს იწვევდა, რომლებისგანაც მცენარეების თავისებურებებს სწავლობდა და თვითონ უვლიდა. ის ეგრეთ წოდებული „რენესანსის ადამიანის“ ტიპური წარმომადგენელი იყო.
„ყოველდღე მის შესახებ რაღაც ახალს ვსწავლობ, მის ხელქვეითებს მისი ეხარბებათ, მაგრამ ის ყველას ლმობიერად ექცევა. მიუხედავად იმისა, რომ გავლენით მათი დაზიანება ყოველთვის შეუძლია, ყოველთვის ეხმარება. ეს ადამიანი უსისხლხორცოა და ქიშპობითაც არ ერთობა. ეს არის ნამდვილი სულიერი არსება, რომელიც თავისი საქმისა და იდეისთვის ვითარდება,“ – ვკითხულობთ ჩანაწერებში.
თვითონ პლანტენის წერილი მოგვითხრობს, თუ რატომ დასახლდა იგი ანტვერპენში:
„ამ ქალაქში უამრავი ოსტატია, რომელთაც ყველა სახის ხელობა ხელეწიფებათ. აქვეა სასწავლებლებიც, რომლის სტუდენტებსაც კარგად დაწერილი წიგნები ესაჭიროებათ, მე კი შემიძლია მათთვის სხვადასხვა დარგის ლიტერატურა შევქმნა“.
საინტერესოა, რომ ერთ-ერთი მეცნიერი, იოჰანეს ბეკანუსი თვლიდა, რომ ანტვერპენული ენა მსოფლიოს უძველესი ენა იყო, ხოლო ანტვერპენი ბიბლიური ნოას შთამომავლებმა დააარსეს. მიუხედავად იმისა, რომ ბეკანუსს ამ მოსაზრებისთვის მისი თანამედროვეებიც აკრიტიკებდნენ, ერთი რამ ფაქტად რჩება: მან წამოიწყო მსჯელობა ენათა ნათესაობის შესახებ და მისთვის სხვადასხვა ენა არა მხოლოდ კომუნიკაციის საშუალება, არამედ ინტერესისა და კვლევის საგანი იყო. ბეკანუსი ეგვიპტურ იეროგლიფებსაც სწავლობდა, მაგრამ მათი გაშიფვრა მხოლოდ როზეტას ქვის აღმოჩენამ განაპირობა, მეცხრამეტე საუკუნეში.
ესპანელი დამპყრობლებისგან გადარჩენა ნიდერლანდური ენის განვითარების მოტივაციად იქცა. ანტვერპენი ჰოლანდიური ენის სწავლების ცენტრი გახდა.
პლანტენის გამომცემლობაში, 50 წლის განმავლობაში, კორექტორად მუშაობდა კორნელის კილიანი (ზოგს, ალბათ, წლევანდელი ოსკაროსანი გაახსენდა).
დაქვრივებულ კილიანს სამი შვილი ჰყავდა და იმავე ქუჩაზე ცხოვრობდა. გამომცემლობამ პირველი ჰოლანდიური ლექსიკონის შექმნა გადაწყვიტა და დახმარებისთვის მას მიმართა. ეს ნაშრომი კილიანის ცხოვრების აზრად იქცა.
„ჰოლანდიური ენა თუ გიყვართ, ესე იგი, მეც გიყვარვართ,“ — წერდა ავტორი. ამავე დროს, მან აღწერა და ლექსიკონში გადმოსცა ყველა ენა, რომელზეც ქვეყანაში საუბრობდნენ, მათ შორის, ფლანდრიული, ჰოლანდიური, ზელანდიური, ფრიზიული, გულიკური… მისი სახელმძღვანელოთი ბავშვებს სხვადასხვა ენას ასწავლიდნენ სკოლებში, სადაც, ჯერ კიდევ მე-16 საუკუნეში, ქალებიც მუშაობდნენ. 1576 წელს, ანტვერპენის სკოლებში 70 ქალი და 80 კაცი ასწავლიდა.
მნახველების გაოცებას იწვევს ანბანი „Garamond“, რომელიც კომპიუტერში, ანბანის ჩამონათვალში, ხშირად გვხვდება და სწორედ ასე გავიგეთ, რომ რამდენიმე ტიპის ანბანი სხვადასხვა დარგის წიგნებისთვის იქმნებოდა. მათი ავტორები, უმეტესად, ფრანგები იყვნენ.
„სასწაული მხოლოდ სასწაული არ არის, მას შესწავლა უნდა,“ — ამბობდა სიმონ სტევინი, რომლის ნაშრომებს პლანტენი ინტერესით ეცნობოდა. სიმონ სტევინი ჰოლანდიის ლეონარდო და ვინჩი იყო, მან შექმნა წისქვილები და იახტაც კი. მის მიერ შექმნილი ათწილადი სისტემის დახმარებით, ანგარიშიც მნიშვნელოვნად გამარტივდა. აღსანიშნავია, რომ ათწილადმა სისტემამ საბიბლიოთეკო საქმეშიც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. ამავე პერიოდში, ცნობილმა ვაჭარმა, ლუდოვიკო გიკარდინიმ გადაწყვიტა, ვაჭრობის ნაცვლად, აღეწერა ქალაქები, რომელშიც მოგზაურობდა და ბევრად უფრო წარმატებული მწერალი აღმოჩნდა, ვიდრე ვაჭარი. სტევინმა, კომპასის მაგნიტური ისრის დახრილობის დახმარებით, გრძედის განსაზღვრის მეთოდი შემოიტანა. მასვე ეკუთვნის ახალი ტიპის ოთხთვალას გამოგონება, რომელიც ქარის დახმარებით მოძრაობდა და მნიშვნელოვან სიჩქარეს ავითარებდა. მისი აღმოჩენები საუკუნის შემდეგ დადასტურდა.
აღნიშნულ პერიოდში, პანდემიები იშვიათობას არ წარმოადგენდა და მედიცინით დაინტერესებამ ბოტანიკის განვითარებაც განაპირობა. გამოცემა ეთმობოდა ადამიანის ორგანიზმის აღწერილობას და მცენარეებს, რომლებიც სხვადასხვა დაავადებისგან იცავდა მათ. ასე შეიქმნა პიტერ კუდენბერგის „ფარმაკორიუმი“, რომელიც ახალი მცენარეების შესახებ მოგვითხრობდა და დოდუნსის გრავიურებით ილუსტრირებული მცენარეთა ისტორია. ეს წიგნი, ორი საუკუნის განმავლობაში, ბოტანიკოსთა მთავარი სახელმძღვანელო იყო.
პლანტენ-მორეტუსის მუზეუმში 10 ტონა კორესპონდენცია ინახება, 638 ხელნაწერი, 1800 წლამდე დაბეჭდილი 25 000 წიგნი და 80 000 ნახატი. აქვეა პამფლეტები, რომლებიც გამომცემლობაში, ჰოლანდიის დამოუკიდებლობის მოპოვებისთვის, ფსევდონიმით იბეჭდებოდა და ყოველკვირეული სამედიცინო ალმანახები, ამერიკაშიც რომ ვრცელდებოდა.
2020 წელს პლანტენ-მორეტუსის დაარსების 500 წელი საზეიმოდ აღინიშნა ანტვერპენში. მუზეუმი არა მხოლოდ მდიდარ ისტორიას ინახავს, არამედ, როგორც მუდმივმოქმედი ბიბლიოთეკა, დროში მოგზაურ მკითხველებსაც იღებს.
მაია სიმონიშვილი
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მთავარი სპეციალისტი, საერთაშორისო საბიბლიოთეკო ფედერაციის ევროპის კომიტეტი