ლალი ჯელაძე
15 მარტს პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი დაიწყო. როგორც ცნობილია, რეგისტრაციის I ეტაპზე, 2021 წლის 15 მარტიდან 2021 წლის 26 მარტის ჩათვლით, სკოლებში დარეგისტრირდებიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების ბავშვები.
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლედ შესაძლოა ჩაითვალოს ბავშვი, რომელსაც აქვს: ა) ფიზიკური შეზღუდვა; ბ) ინტელექტუალური განვითარების დარღვევა; გ) სწავლის უნარის დარღვევა; დ) სენსორული განვითარების დარღვევა (სმენის და/ან მხედველობის); ე) მეტყველების განვითარების დარღვევა; ვ) ქცევითი და ემოციური დარღვევა; ზ) გრძელვადიანი ჰოსპიტალიზაციის საჭიროება; თ) სოციალური ფაქტორებით გამოწვეული სირთულეები სწავლაში, რის გამოც ვერ ძლევს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს და სხვ.
იმ ბავშვების მშობლებს, რომლებსაც არ დაუდასტურდებათ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება, საშუალება ექნებათ, ბავშვების რეგისტრაცია მომდევნო ეტაპებზე განახორციელონ.
პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპის დეტალებზე გვესაუბრება თამარ ჟღენტი — საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ინკლუზიური განვითარების სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი.
⇒ პროცედურულად როგორ მიმდინარეობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა რეგისტრაცია და მულტიდისციპლინური გუნდი რა ეტაპზე ერთვება მოსწავლის შესაფასებლად?
⇒ პირველკლასელთა რეგისტრაციას, უკვე მესამე წელია, პირველ ეტაპად, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა რეგისტრაცია დაემატა. ეს გამოწვეულია იმით, რომ ახალი სასწავლო წლის დაწყებისთვის სკოლებს წინასწარ ჰქონდეთ ინფორმაცია, იმ მოსწავლეების შესახებ, რომლებიც ახალი სასწავლო წლიდან მივლენ სკოლებში, რათა მათთვის შესაბამისი პირობები შექმნან. ზაფხულის პერიოდი გამოიყენონ იმისთვის, რომ ბავშვებისთვის ისეთი სასწავლო გარემო მოამზადონ, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს მათ საჭიროებებს.
წელს პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი 15 მარტს დაიწყო და 26 მარტის ჩათვლით გაგრძელდება, ხოლო საბუთების მიღების ეტაპი 29 მარტიდან 24 აპრილის ჩათვლით გასტანს. ამ პერიოდში მოხდება მათი შეფასებაც.
I ეტაპზე დასარეგისტრირებელი ბავშვების მშობლებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ საჯარო სკოლას და სკოლის ადმინისტრაცია ბავშვს ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში დაარეგისტრირებს. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების მიზნით, მშობელი სკოლაში შესაბამის მიმართვის ფორმას ავსებს, სკოლა აღნიშნულ ფორმას აგზავნის სამინისტროში, რის შემდეგაც მულტიდისციპლინური გუნდი შეაფასებს ბავშვს და დაადგენს მის საგანმანათლებლო საჭიროებას. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების შემთხვევაში, სკოლა მოსწავლის ჩარიცხვას შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე უზრუნველყოფს. რეალურად, მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნა, რომლითაც დასტურდება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება, იმის საფუძველია, რომ ბავშვი სკოლაში რეგისტრაციის პირველ ეტაპზე ჩაირიცხოს.
რეგისტრირებული ბავშვებისთვის დოკუმენტების წარდგენის პერიოდია 2021 წლის 29 მარტიდან 24 აპრილის ჩათვლით.
⇒ რა კრიტერიუმებით ადგენთ აქვს თუ არა ბავშვს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება და ვისგან შედგება მულტიდისციპლინური გუნდი?
⇒ ეს სტანდარტული პროცედურაა, ისეთივე, როგორც ზოგადად სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადგენა. მულტიდისციპლინური გუნდი შედგება სხვადასხვა სპეციალისტებისგან: ფსიქოლოგები, ოკუპაციური თერაპევტი, სპეციალური მასწავლებელი და სხვ. მულტიდისციპლინური გუნდი სტანდარტიზებული ტესტის გამოყენებით აფასებს ბავშვის აკადემიურ და კოგნიტურ უნარებს, ხდება შეფასების შედეგების ინტერპრეტაცია და თუ ბავშვს სპეციალური საჭიროება დაუდასტურდა, იწერება კონკრეტული რეკომენდაციები — რა საჭიროება აქვს მოსწავლეს, როგორ შეიძლება სკოლამ იმუშაოს მასთან, რომ სრულფასოვნად ჩართოს საგანმანათლებლო პროცესში ან საჭიროებს თუ არა ის დამატებითი სპეციალისტის დახმარებას და ა.შ.
⇒ როგორ აფასებს მულტიდისციპლინური გუნდი გარკვეული დიაგნოზის მქონე მოსწავლეებს, მაგალითად, აუტისტური სპექტრის ან დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს?
⇒ ჩვენ მივდივართ სოციალური მოდელით. ამ შემთხვევაში, დიაგნოზს ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენთვის მთავარია, იმ სირთულეების იდენტიფიცირება, რაც განაპირობებს სპეციალურ საგანმანათლებლო საჭიროებას.
შესაძლებელია, არსებობდეს რაიმე სამედიცინო დოკუმენტაცია, რომელსაც მშობელი, სურვილის შემთხვევაში, დაურთავს მომართვის ფორმას და მას ჩვენი გუნდი გაეცნობა.
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება უფრო ფართო ცნებაა და გარკვეულწილად მოიცავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებსაც. როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენთვის ამოსავალი საგანმანათლებლო საჭიროებაა, შესაძლოა ბავშვი იყოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, მაგალითად, გადაადგილების შეზღუდვა ჰქონდეს, მაგრამ არ ვლინდებოდეს სასწავლო პროცესთან დაკავშირებული სირთულე და ინდივიდუალური სასწავლო გეგმით სწავლების საჭიროება.
⇒ შემდეგი ეტაპი — ინდივიდუალური სასწავლო გეგმა, მხოლოდ სკოლა მუშაობს ინდივიდუალურ სასწავლო გეგმაზე თუ მულტიდისციპლინური გუნდიც ჩართულია ამ პროცესში?
⇒ მულტიდისციპლინური გუნდის შეფასება არის პირველადი, რითაც განისაზღვრება აქვს თუ არა ბავშვს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება, კეთდება რეკომენდაციები, რაზე გაამახვილოს ყურადღება სკოლამ, რა მიმართულებით იმუშაონ სპეციალისტებმა. შემდეგ სკოლა ქმნის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ჯგუფს, რომელშიც შედიან სკოლის ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტები, საგნის მასწავლებელი, დამრიგებელი, მშობელი, შეიძლება მოიწვიონ დამატებითი სპეციალისტი. სკოლის ისგ ჯგუფი უზრუნველყოფს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისათვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავებას და ხელს უწყობს მის განხორციელებას.
⇒ რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ მშობლის განცხადების საფუძველზე სკოლა ბავშვს არეგისტრირებს როგორც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეს, მაგრამ მულტიდისციპლინური გუნდის მიერ შეფასების შედეგად არ დადასტურდება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება?
⇒ ამ შემთხვევაში იწერება დასკვნა, რომ ბავშვს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება არ დაუდასტურდა და, ამ დასკვნის საფუძველზე, რეგისტრაცია უქმდება. თავისთავად, შემდგომში მშობელს შეუძლია, რეგისტრაციის სხვა ეტაპებზე დაარეგისტრიროს შვილი, ხოლო ეს ადგილი გამოყენებული იქნება იმ ბავშვისთვის, ვისაც ნამდვილად აქვს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება.
⇒ პირიქით თუ ხდება ხოლმე, შემდეგ კლასებში ფასდება გუნდის მიერ მოსწავლე და ვლინდება ბავშვის სპეციალური საჭიროებები?
⇒ დიახ, ასეთი შემთხვევებიც გვაქვს. შესაძლებელია, ნებისმიერ კლასში, სასწავლო პროცესში გამოვლინდეს სირთულეები. როცა მასწავლებელი ხედავს, რომ მოსწავლეს, თანატოლებთან შედარებით, სირთულე აქვს სასწავლო პროგრამის დაძლევის დროს, შეუძლია მშობელს მიაწოდოს ინფორმაცია და შემდეგ, შესაბამისი პროცედურების დაცვით, ჩვენც მოგვმართოს. მულტიდისციპლინური გუნდი აფასებს მოსწავლეს და შედეგების შესაბამისად რეაგირებას ახდენს სკოლა.
⇒ რამდენი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეა სისტემაში და როგორი იყო მათთვის პანდემიის პერიოდის განათლება?
⇒ თებერვლის მონაცემებით, სისტემაში 9734 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეა. რა თქმა უნდა, პანდემიამ დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა მთლიანად სისტემა და, მათ შორის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების განათლებაც. სამინისტრო მაქსიმალურად ეცადა, გაეთვალისწინებინა ახალი რეალობის გამოწვევები და ისეთი პირობები შეექმნა, რომელიც ხელს შეუწყობდა მოსწავლეების ჩართვას დისტანციურ სასწავლო პროცესში. სკოლები ყველა რესურსს მაქსიმალურად იყენებდნენ – ელექტრონულ პლატფორმებს, ტელესკოლას, ტელეფონით კომუნიკაციას, აგზავნიდნენ დავალებებს ელექტრონული ფოსტით. იმის გათვალისწინებით, რომ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს უშუალო ინტერაქციას, სამინისტრომ დაუშვა შესაძლებლობა, რაც დისტანციური სწავლების წესშიც ჩაიწერა, რომ მშობელთან შეთანხმებით, სკოლას შეეძლო წინასწარ გაწერილი განრიგითა და დროით, უსაფრთხოების ყველა წესისა და რეგულაციების დაცვით, მოსწავლისათვის შეეთავაზებინა სკოლის რესურსოთახში სპეციალურ მასწავლებელთან, ფსიქოლოგსა და სხვა სპეციალისტებთან მეცადინეობა.
მას შემდეგ, რაც სკოლები დასწრებით სწავლებაზე გადავიდნენ, სამინისტრომ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების მშობლებს მისცა არჩევანის შესაძლებლობა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სურვილის შემთხვევაში, იმის მიუხედავად, რომ სკოლაში დასწრებითი სასწავლო პროცესი მიმდინარეობს, ესარგებლათ ონლაინ სწავლების მოდელით. ონლაინ სწავლების ფორმის არჩევა ხდება სტანდარტული პროცედურების დაცვით.
⇒ დაბოლოს, როგორია ტენდენცია, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა რეგისტრაცია ზრდადია თუ კლებადი?
⇒ პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი — სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა რეგისტრაცია — მესამე წელია რაც ხორციელდება. წინა ორი წლის მონაცემი, დაახლოებით, თანაბარი იყო. საშუალოდ, 450-მდე მოსწავლე რეგისტრირდებოდა პირველ ეტაპზე. წელს ჯერ არ ვიცით როგორი სურათი იქნება.