ეკა ღვინიაშვილი
ფსიქოლოგი, სპეციალური განათლების მაგისტრი, კატოს სკოლის დამფუძნებელი
მუზეუმში ალბათ თქვენც ყოფილხართ და ბევრი რამ გინახავთ, მაგრამ „პირადი ნივთების მუზეუმის“ შესახებ გსმენიათ?… მე მხოლოდ მაშინ, როცა დიანა ანფიმიადის წიგნი „აუტიზმი სახლსა და სკოლაში“ აღმოვაჩინე. ეს იდეა მაშინვე მომეწონა და ჩემს მოსწავლეებთან ერთად მისი განხორციელება გადავწყვიტე. თუმცა, როგორც ყველა იდეას, ამაზე ფიქრსაც ბევრი დრო მოვანდომე, სტატიის წერას კიდევ უფრო ბევრი და აი, ახლა უკვე ჩვენც გვაქვს „პირადი ნივთების მუზეუმი“ რესურსოთახში. იდეა ჩემს მეწყვილეს გავუზიარე და შემდეგ ერთად დავიწყეთ ამ პროექტზე მუშაობა. დავგეგმეთ რას, სად და როდის გავაკეთებდით, პროექტი სამ ძირითად ეტაპად დავყავით.
მოსამზადებელი ეტაპი – მოსწავლეებს და, მოგვიანებით, მათ მშობლებს მივაწოდეთ ინფორმაცია „პირადი ნივთების მუზეუმის“ შესახებ და ვთხოვეთ, მოეტანათ მათთვის მნიშვნელოვანი პატარა ნივთები.
ნივთების შეგროვების და აღწერის ეტაპი – მოსწავლეებს მივეცით დრო, მოეფიქრებინათ რა ნივთს „გაიმეტებდნენ“ მუზეუმისთვის, ნელ-ნელა შეგროვდა ექსპოზიციები. შემდეგ ყვებოდნენ რატომ აარჩიეს კონკრეტულად ეს ნივთი, ან ვინ აჩუქა, ან რატომ იყო მნიშვნელოვანი. ზოგიერთ მოსწავლესთან ამ ნაწილშიც დედიკო დაგვეხმარა. თიკამ (ყველა სახელი მოგონილია) სარკე და სავარცხელი მოიტანა, მამიდამ აჩუქა, რადგან გაპრანჭვა უყვარს; ლუკამ – ჯოისტიკი, კომპიუტერული თამაშები მისი საყვარელი აქტივობაა; დიტომ ძველი საათი, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ შეელია და ზაფხულის არდადეგები რომ დაიწყო, უკან წაიღო.
გაფორმების და გამოფენის ეტაპი – ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ნივთების აღწერის ფურცლებისთვის უფრო განსაკუთრებული იერი მიგვეცა. ჩვეულებრივი ფურცლები „დავაძველეთ“ (ამისთვის გამოგადგებათ ხსნადი ყავა ან მუქი ჩაი), რათა ისინი მუზეუმის დოკუმენტებს დამსგავსებოდა. თითოეულ ასეთ ფურცელზე მოსწავლეებმა თავიანთი ნივთების მოკლე აღწერა გააკეთეს. ზოგიერთ მოსწავლეს მე დავეხმარე წერაში, ერთი ცელქი ბიჭი ჯიუტად მეკითხებოდა, თუ რა საჭირო იყო მაინცდამაინც ფურცლების „დაძველება“.
გამოფენისთვის თარო წინასწარ გვქონდა შერჩეული, რამდენიმე მოსწავლესთან ერთად განვალაგეთ მუზეუმი. მერე აღმოჩნდა, რომ თარო იყო „მასწავლებლის სიმაღლეზე“ და ბავშვები ოთახში რომ შემოდიოდნენ და ათვალიერებდნენ ნივთებს, კარგად ვერ ხედავდნენ. ამიტომ, სასწრაფოდ შევცვალეთ მუზეუმის ადგილმდებარეობა ოთახში და ამით დასრულდა ჩვენი პროექტი.
ახლა მოგიყვებით რატომ „ვიწვალეთ“ ამდენი.
ანუ რა უნარებს ავითარებს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის ეს აქტივობა:
- თვითგამოხატვის უნარი – ბავშვები სწავლობენ თავიანთი ემოციების, მოგონებების, აზრების გაზიარებას ნივთების საშუალებით. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი თვითშეფასების გასამყარებლად.
- კომუნიკაციისა და სოციალური უნარები – ისინი სწავლობენ სხვებისთვის აზრების გაზიარებას, მოსმენას, დიალოგში შესვლას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ბავშვებისთვის, ვინც ნაკლებად კომუნიკაბელურია ან უჭირს სხვებთან კონტაქტი.
- ემოციური ინტელექტი – ნივთების მნიშვნელობაზე ფიქრი ეხმარებათ საკუთარი და სხვისი გრძნობების გაცნობიერებაში. ასევე, სურთ სხვების ისტორიების მიმართ ემპათიის განვითარება.
- პასუხისმგებლობა და დამოუკიდებლობა – მოსწავლეები თავად ირჩევენ ნივთს, პასუხისმგებლობას იღებენ მის მოტანასა და პრეზენტაციაზე. ეს აძლევს მათ დამოუკიდებლობის შეგრძნებას.
- კრიტიკული და ასოციაციური აზროვნება – ფიქრობენ კითხვებზე: რატომ არის ეს ნივთი მნიშვნელოვანი? რა ისტორიას ჰყვება? – ეს უნარებს ავითარებს ამბების შეკვრასა და მიზეზ-შედეგობრივ კავშირებზე ფიქრში.
- შემოქმედებითი და ესთეტიკური უნარები – ნივთების გაფორმების, სივრცის მოწყობის, პრეზენტაციის მომზადებისას ბავშვები საკუთარ კრეატიულ ხედვას ავლენენ.
- პოზიტიური თვითშეფასება და მიღების განცდა – როდესაც მათი ნივთები „მუზეუმის ექსპონატებად“ გამოიფინება, იგრძნობენ, რომ მათი გამოცდილება და არსებობა მნიშვნელოვანია.







