24 ნოემბერი, კვირა, 2024

პასიური ბავშვები ძალიან იჩაგრებიან – მშობლის თვალით დანახული დისტანციური გაკვეთილის რეალობა

spot_img
სასწავლო წელი საქართველოს სკოლებში ისევ დისტანციურ რეჟიმში დაიწყო, რასაც, ბუნებრივია, აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა – საზოგადოების ნაწილი ითხოვს სკოლების გახსნას, ნაწილი ფრთხილობს და დისტანციურ რეჟიმში სწავლას ამჯობინებს. თუმცა, ორივე მხარე საუბრობს გამოწვევებზე, რომელიც პანდემიის პერიოდის განათლებას, უკვე ორი წელია, თან ახლავს. ონლაინ სწავლებით შექმნილ სირთულეებზე განსაკუთრებით მშობლები საუბრობენ, რომლებსაც შვილებთან ერთად უწევთ მათთან გამკლავება და მეტიც, მათი როლი ისეთივე მნიშვნელოვანი გახდა სასწავლო პროცესში, როგორც მასწავლებლის, განსაკუთრებით, დაწყებითი საფეხურისა და სსსმ მოსწავლეთა მშობლების. შეიძლება ითქვას, მშობელთა უმეტესობა, ყოველდღიურ რეჟიმში, სასწავლო პროცესის უშუალო მონაწილეა. როგორია მათი თვალით დანახული დისტანციური გაკვეთილები და რა გამოსავალს ხედავენ შექმნილი ვითარებიდან – ამ თემაზე რამდენიმე მშობელს ვთხოვეთ კომენტარი.

✔🟪 მელანო მეტრეველი: პირველ რიგში, ძალიან ვწუხვარ და თანავუგრძნობ მშობლებს, რომელთა შვილებიც კოვიდ ინფიცირებულები არიან და კლინიკაში იმყოფებიან, ყველას ვუსურვებ მალე გამოჯანმრთელებას. თუმცა, ეს არგუმენტი არ გამოდგება იმისთვის, რომ სკოლები დაიხუროს. უპირობოდ იმის მომხრე ვარ, რომ სწავლა საკლასო ოთახებში გაგრძელდეს და თუ რატომ, ამას ბევრი მიზეზი აქვს. ჩემზე ფრთხილი დედა არ მეგულება, მაგრამ არ მინდა, ჩემი შვილი რობოტი გაიზარდოს, მინდა ადამიანური ურთიერთობებით იცხოვროს და არა ეკრანთან მიჯაჭვულ უემოციო ადამიანად ჩამოყალიბდეს. აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ, რომ ბავშვისთვის, ამ ასაკში, თანატოლებთან ურთიერთობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

არა – ონლაინ სწავლას, არა იმიტომ, რომ ბავშვი სრულფასოვან განათლებას ვერ მიიღებს, თუმცა, ესეც შეიძლება იყოს ვინმესთვის უკმაყოფილების მიზეზი (ჩვენს სკოლაში მართლა იდეალურადაა ყველაფერი, დისტანციური გაკვეთილების მიმართულებით) იმიტომ, რომ ვერ მიიღებს მთავარს – ურთიერთობებს თავისი კარგით და ცუდით და ეს ჩემთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე 10-იანები. სამწუხაროდ, ჩვენმა სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო ბავშვების უსაფრთხოდ სკოლებში დაბრუნება, უმეტესმა ქვეყნებმა კი, ეს შეძლეს. სხვათა შორის, ევროპის ქვეყნების და ამერიკის მოსახლეობის ნახევარიც არაა აცრილი, მაგრამ ყველგან დაიწყო სწავლა სკოლებში, რადგან მათ უსაფრთხო სასწავლო გარემო შექმნეს.

რაც შეეხება, ზოგადად, ონლაინ სწავლების ხარვეზებს, შეიძლება ხარვეზად ჩავთვალოთ დღეში შვიდი გაკვეთილის ჩატარება. ჩემს შვილს მხედველობის პრობლემა აქვს და ძალიან რთულია, დილის ცხრა საათიდან ოთხის ხუთ წუთამდე, ეკრანთან ჯდომა, 5 და 10-წუთიანი შესვენებებით.

და კიდევ ერთს დავამატებ, თუ რესტორნებში, გასართობ ცენტრებსა და სხვა უამრავ ადგილებში „არ გადადის კორონა“ და არაა საშიში, მაინცდამაინც სკოლები და უნივერსიტეტები წარმოადგენს საფრთხეს? სკოლების დახურვა ყველაზე ბოლოს უნდა განიხილებოდეს. ის კი ვიცი, თუ სწავლა უნდა ბავშვს, ყველანაირ ფორმატში შეძლებს ამას, მაგრამ დიდი სხვაობაა ეკრანს მიღმა მჯდომი მასწავლებლის მიერ ჩატარებულ გაკვეთილსა და პირისპირ კლასში ჩატარებულ გაკვეთილებს შორის. სამწუხაროდ, ეს პროცესები აუცილებლად ცუდად აისახება მომავალი თაობის განათლებაზე. გახსენით სკოლები!

✔🟪 მაია ბოხუა: დისტანციურ სწავლებას, რა თქმა უნდა, ახლავს პრობლემები. ჩემი თვალით დანახული პრობლემების ჩამონათვალი კი საკმაოდ გრძელია:

  1. ბუქებს არა აქვს საკმარისი ტექნიკური რესურსი იმისთვის, რომ უხარვეზოდ ჩაერთონ თიმსის მითინგზე – იჭედება, შეუძლებელია მიკროფონის დროულად ჩართვა-გამორთვა, ხშირად შავდება ეკრანი, აგდებს გაკვეთილიდან და ა.შ.;
  2. ცოცხალი კონტაქტის გარეშე ბავშვს არა აქვს გაკვეთილზე ყოფნის განცდა და ხშირად ეფანტება გონება, ვერ უსმენს ყურადღებით, „გახალტურების“ მეტი საშუალება აქვს და იყენებს ამ საშუალებებს (თიშავს კამერას, მიკროფონს, ინტერნეტს და ა.შ.);
  3. მუდმივად საჭიროა გვერდით უფროსი, რომელიც შეასრულებს იმ ფუნქციას, რასაც სკოლაში მასწავლებელი ასრულებს: ბავშვმა რომ არ ილაპარაკოს, უსმინოს მასწავლებელს, არ ადგეს, არ გავიდეს გაკვეთილიდან და ა.შ. და როდესაც მშობელი თვითონ მუშაობს, ეს გაუკონტროლებელი რჩება;
  4. როდესაც ოჯახში 2, 3 და მეტი სკოლის მოსწავლეა, არ არის საკმარისი ოთახები, რომ ყველამ იზოლირებულად შეძლოს გაკვეთილზე დასწრება და ერთმანეთს ხელი არ შეუშალონ. ასევე, საჭიროა მაღალსიჩქარიანი ინტერნეტ კავშირი, რომ „გაუძლოს“ ერთდროულად ბევრი ბავშვის ონლაინ ჩართვებს. მე პირადად მხოლოდ მობილური ინტერნეტი მაქვს და მიწევს რამდენიმე ტელეფონზე ინტერნეტ პაკეტების ყიდვა, რომ ბავშვებმა გაკვეთილებზე დასწრება შეძლონ, რაც საკმაოდ დიდი ხარჯია;
  5. დავალებების მოგროვება და გაგზავნა დამატებითი დატვირთვაა მშობლისთვის. ზოგი მასწავლებელი თიმსის დავალებების სექციაში დებს დავალებას, ზოგი – პირდაპირ ჯგუფის სექციაში, ზოგი – ფეისბუქჯგუფში. გადავდივარ აპლიკაციიდან აპლიკაციაში, ჯგუფიდან ჯგუფში, რომ ყველა ბავშვის დავალება ვიპოვო, ვისი სადაა გაფანტული. თან ზოგი მასწავლებელი ადრე დებს, ზოგი გვიან და მთელი დღე ამ დავალებებს დავსდევთ მშობლები. ბოლოს ერთმანეთთან ვარკვევთ, რაიმე დავალება ხომ არ გამოგვრჩა. დაბოლოს უკვე შესრულებულ დავალებებს უნდა გადავუღოთ ფოტოები და ავტვირთოთ, ზოგი – თიმსში, ზოგი – მესინჯერში და ა.შ.;
  6. რაც შეეხება თვითონ გაკვეთილის პროცესს: გაკვეთილი ნახევარი საათი გრძელდება, აქედან, მინიმუმ, 5-10 წუთი (ზოგჯერ უფრო მეტი) ტექნკურ საკითხებზე იკარგება (ყველა შემოვიდა? ვიღაცას მითინგის ლინკი არა აქვს, ვერ ხედავს, მასწავლებელს უწევს ბავშვების სათითაოდ მოწვევა და ა.შ.) საბოლოოდ, როცა ტექნიკური საკითხები მოგვარდება და ჯგუფი შეიკრიბება, გაკვეთილის დასრულდებამდე 20 წუთია დარჩენილი. ამ 20 წუთში, ფაქტობრივად, ბავშვების გამოკითხვა ვერ ხერხდება და მასწავლებელი პირდაპირ ახალი მასალის ახსნას იწყებს, რომ დროში ჩაეტიოს. ბავშვებს აქვთ გარანტია, რომ გაკვეთილს მაინც არავინ გამოკითხავს და შესაბამისად, მოტივაციაც არ აქვთ, რომ გაკვეთილი ისწავლონ. არ ვგულისხმობ იშვიათ გამონაკლისებს, ვინც ხალისით სწავლობს;
  7. ერთი დიდი პრობლემა კიდევ ისაა, რომ დღეში, 6-7 სრულფასოვანი გაკვეთილის ნაცვლად, უტარდებათ სამი 20-20 წუთიანი გაკვეთილი (ვიცი, რომ ნახევარსაათიანია, მაგრამ წინა პუნქტის გათვალისწინებით ვწერ 20 წუთს). საინტერესოა, ან პროგრამა როგორ უნდა მოასწრონ, ან საერთოდ რა უნდა ისწავლონ ამ პირობებში? კვირაში ერთხელ რომ ექნება ფიზიკა და გეოგრაფია, კვირაში ორჯერ – მათემატიკა, ორჯერ – ქართული… მივიღებთ ტოტალურად გაუნათლებელ 1, 2 და 100 ბავშვს კი არა, მთელ თაობას.

ამის გარდა, პრობლემაა ფანჯრები გაკვეთილებს შორის, მაგალითად, ხანდახან ერთი გაკვეთილი რომ 9 საათზე აქვს, მეორე – პირველზე და მესამე – 3-ზე. ამ ქაოსში, ხშირად დაგვვიწყებია რომელიმე გაკვეთილზე შესვლა. ბავშვს რომ 2 საათი აქვს, გარბის სათამაშოდ, მერე უკან გაკვეთილებზე მიბრუნებას დამატებითი ძალისხმევა სჭირდება და ა.შ.

დაწყებით კლასებში მაქვს ასეთი პრობლემა: ძალიან რთულია მასწავლებელმა მოშორებულად და ინტერნეტით აკონტროლოს ბავშვების აქტიურობა, ზედმეტად აქტიური ბავშვები გააჩუმოს და პასიურები წინ წამოსწიოს. რამდენჯერაც არ უნდა გამოურთოს მიკროფონი, მაინც რთავენ და გაკვეთილზე სულ 4-5 ბავშვის ხმა ისმის. ანუ დროის დიდი ნაწილი იხარჯება შენიშვნებში: „გამორთეთ მიკროფონი“, „ვისაც ვეკითხები, მხოლოდ იმან მიპასუხოს“, „ყველა ერთად ნუ ლაპარაკობთ“. აქტიური ბავშვების გაჩუმება დისტანციურად შეუძლებელია, მაინც ყვირიან და ამაში ძალიან ბევრი დრო იკარგება. ცოტა პასიური ბავშვები ძალიან იჩაგრებიან.  დისციპლინის დამყარება კლასში უფრო ადვილია, ყოველ შემთხვევაში, ჩვენთან ეს პრობლემა არსებობს, ზოგ კლასში, შეიძლება, სხვანაირი ბავშვები არიან და სხვა სიტუაციაა.

✔🟪 ნინო ომანაძე: მესამე სასწავლო წელს შევხვდით ონლაინ რეჟიმში და კიდევ მეტად ხელშესახები და ამოსაცნობი გახდა ამ მეთოდით სწავლების ხარვეზები. დღის წესრიგში დადგა ორი უმნიშვნელოვანესი საკითხის შედარება –  ჯანმრთელობა თუ სწავლების სასკოლო სივრცეში აღდგენა? დღეს მე ვირჩევ მეორეს და იცით, რატომ? ჯანმრთელობის პრობლემა ონლაინ სწავლების პირობებშიც გარდაუვალია, თან უფრო მწვავე –  მენტალური ჯანმრთელობის. სკოლას, თანატოლებს, სოციუმს მოწყვეტილი ბავშვები ვერც აკადემიურ განათლებას იღებენ და ვერც სოციალურ უნარებს ივითარებენ.

ჩვენ შემთხვევაში, ბარბარემ მეოთხე კლასი ისე დაამთავრა, მხოლოდ ქართულში, თხრობის ნაწილში ჰქონდა ინდივიდუალური გეგმა. ამ ზაფხულს ხელახლა შევაფასებინე და აღმოჩნდა, რომ მას უკვე, მათემატიკის გარდა, ყველა საგანში დასჭირდება ისგ. მეც ვამჩნევ, რომ გვაქვს ჩამორჩენა და აუცილებელია დროული ჩარევა. თუკი 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი სასკოლო სივრცეში განახლდება, ბარბარეს აუცილებლად წავიყვან.

ასევე, ვიცი, რა პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ სხვა სსსმ ბავშვებიც, უმეტესმა მათგანმა ონლაინ ფორმატში ჩართვაც ვერ მოახერხა და საერთოდ, პროცესის მიღმა აღმოჩნდა. სამინისტროს პოზიცია, რომ ონლაინ სწავლებამ გაამართლა, რეალობას მოწყვეტილია. გავა დრო და ჩვენ მივიღებთ კოვიდისგან დაკარგულ თაობას. ამას წინათ სამინისტროს წარმომადგენელს ვუსმინე  და საკმაოდ გაბრაზებულმა გამოაცხადა: ვინც კატეგორიულად უარყოფს ონლაინ სწავლების სიკეთეს, იქნებ უკეთესი მეთოდი შემოგვთავაზოსო. მსგავსი ფორმატების გასამართად ჩემი და სხვა მშობლების რჩევები შეიძლება ყურადსაღები იყოს, მაგრამ პროგრამის გამართვა და ხარვეზების აღმოფხვრა სამინისტროს პრეროგატივაა, ამისთვის არსებობენ საექსპერტო წრეები, რომლებსაც საკმაოდ სოლიდური ანაზღაურებაც აქვთ და ცოტა არ იყოს ცინიკურად მეჩვენება ჩვენკენ ხელის გამოშვერა.

✔🟪 ხატია მიმინოშვილი:  პრობლემაა ინტერნეტის სიჩქარე, რომელიც მრავალშვილიან ოჯახში ვერ ნაწილდება და მოგეხსენებათ, ძველ სახლებში საკმაოდ სქელი კედლებია, ამიტომ, თუ კარს ხურავ, wi-fi არ „სწვდება“, კარს გააღებ და ხმაური აწუხებს ყველას, თან, სამწუხაროდ, ოთხივეს თავისი ოთახი არ აქვს, გაკვეთილები კი ყველას ერთ დროს აქვთ. მრავალშვილიანი ოჯახები კი მრავალწევრიანიცაა და მათი აქეთ-იქით სიარული უფანტავს გონებას. ჩვენ შემთხვევაში, ბევრად უფრო პრაქტიკული აღმოჩნდა „ტელესკოლა“ და ამას ვიყენებთ. წელს, რაც სწავლა დაიწყო, ონლაინ არც ერთი შვილი არ ჩართულა. დავალებებს იგებენ და რასაც როგორ ახერხებენ დამოუკიდებლად ასრულებენ.

✔🟪 ანა წურწუმია-ზურაბაშვილი: სირთულეები რამდენიმე ტიპისაა:

1) ტექნიკური – ქვეყანაში პრაქტიკულად არაა უწყვეტი და სტაბილური ინტერნეტი. ტექნიკური მხარეა ისიც, რომ ბავშვი მობილურით არ უნდა შედიოდეს გაკვეთილზე და უწევს;

2) შინაარსს რაც შეეხება: მასწავლებელს უწევს კლასის გაყოფა, რადგან შეუძლებელია 20 ბავშვს  ნახევარ საათში ჩაუტაროს გაკვეთილი. როცა წერა-კითხვის სწავლის ეტაპზე არიან ბავშვები, რვეულში წერას ვერ სწავლობენ. შემცირებულია გაკვეთილების რაოდენობა და საათები. ახლა 4 ოქტომბერს სწავლის დაწყების იმედი რომ აქვთ, ძალიან „აშვებული“ მიდგომაა, პრაქტიკულად არაფერი ისწავლება იმის მოლოდინით, რომ კლასში აანაზღაურებენ;

3) შემოდის მშობლის განზომილება და პირდაპირ ვიტყვი, რომ სრულგანაკვეთიანი სამუშაოს პატრონს არ მცალია ვიჯდე გაკვეთილებზე. გაკვეთილებზე რომც არ ვიჯდე, შუალედები ისეთია, რომ „შევიდა“ ბავშვი გაკვეთილებზე და თავს მიხედავსო – ეს წარმოუდგენელია. ზოგ გაკვეთილს შორის შუალედი 1 საათია, ზოგჯერ – 10 წუთი და ამ დროის მენეჯმენტი მშობლის პრობლემაა. შემდეგ მოდის დავალებების დაწერის ეტაპი, რომელიც მე უნდა გადავუგზავნო მასწავლებელს. ისიც გასათვალისწინებელია, დაბალი კლასის მოსწავლეები, განსაკუთრებით პირველკლასელები, კომპიუტერულ ტექნოლოგიებს არ სწავლობენ. ეს ცვლილებაც კი არ დაუშვა სამინისტრომ სასწავლო გეგმაში, უბრალოდ შეუშვეს ზუმში ან თიმსში და როგორ აქვთ განვითარებული კომპიუტერული უნარ-ჩვევები მათ ან მშობლებს, ამას არავინ კითხულობს.

✔🟪 თამუნა ცაგარელი: გამოწვევები ნამდვილად ახლავს ონლაინ სწავლებას. ცხადია, ყველაფრის ჩამოთვლას არ ვაპირებ, მხოლოდ განსაკუთრებულ პრობლემებზე გეტყვით – ჩემი აზრით, ბუქებს უნდა ჰქონდეს თანდართული ლექსიკონები; როცა სწავლა კლასში იწყება, ონლაინზე დარჩენილ ბავშვებს, სასურველია, გაკვეთილებს თავიანთი პედაგოგები უტარებდნენ; 20 წუთიც ცოტაა გაკვეთილისთვის, ახსნა და გამოკითხვა ვერ ეტევა ამ დროში. წარმოიდგინეთ, აქტიური ბავშვები არ აცდიან იმათ, ვისაც მოფიქრება სჭირდება. მასწავლებელიც ვერ ელოდება და, ფაქტობრივად, ბავშვი თამაშგარე მდგომარეობაშია, ანუ პროცესში ვერ ერთვება. მე მარტოხელა დედა ვარ და ამის გამო, სამსახური დავკარგე. გვერდით უნდა ვეჯდე და მივუთითო რა და როგორ გააკეთოს; მასწავლებლებიც დაბნეულები არიან – ახსნან მასალა, თუ იმის შიშში იყვნენ, ვინმე არ გამორჩეთ, რომ შემდეგ მშობლის პრეტენზია არ მოისმინონ.

როცა პირისპირ სწავლება იწყება, ნაწილი ონლაინ სწავლებას ირჩევს. დისტანციური გაკვეთილების ჯგუფი კი, სხვადასხვა პარალელური კლასის მოსწავლეებისგან შედგება, ამიტომაც მათ გაკვეთილს სხვა პედაგოგი უტარებთ. მივესალმებოდი, თავისივე კლასის პედაგოგი რომ უტარებდეს გაკვეთილს, რადგან ბავშვს გაუცხოება აღარ ექნება მასწავლებელთან. მე რომ ჩემი ბიჭი ონლაინზე დავტოვო, საერთოდ გაჩუმდება და სხვა პედაგოგებთან ხმას აღარ ამოიღებს.

მოამზადა ლალი ჯელაძემ

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები