კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით, ონლაინ პლატფორმა ზუმის საშუალებით, ჩატარდა 5-თვიანი მუშაობის შემაჯამებელი კონფერენცია. მონაწილეობდნენ: დასავლეთ საქართველოს — იმერეთის, სამეგრელოს, გურიისა და აჭარის ათი სამიზნე მუნიციპალიტეტი (ქუთაისი, წყალტუბო, ხონი, თერჯოლა, სენაკი, ფოთი, ზუგდიდი, ლანჩხუთი, ოზურგეთი, ქობულეთი), საგანმანათლებლო რესურსცენტრები, მერიის ახალგაზრდული დეპარტამენტები, სკოლის ადმინისტრაცია და პროექტში ჩართული მოსწავლეები. ღონისძიების თემა — „კონფლიქტის მართვა და ძალადობის პრევენცია“ იყო, რომელიც ფონდი „სოხუმის“ ახალგაზრდული მიმართულების პროექტის ასისტენტებმა მოამზადეს.
ფონდი „სოხუმი“ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ახალგაზრდებთან მუშაობას. ამიტომ, იმ რაიონებში, სადაც ფონდი აქტიურად მუშაობს, უკვე რამდენიმე წელია, ჩამოყალიბდა ახალგაზრდული სასკოლო კლუბები, რომლებიც დაკომპლექტებულია ენერგიული, აქტიური, ინიციატივიანი გოგო-ბიჭებით. კლუბის წევრები ყოველთვიურად იკრიბებიან და საინფორმაციო შეხვედრებზე უამრავ აქტუალურ საკითხზე მსჯელობენ: ძალადობის პრევენცია, ტოლერანტობა, ბულინგის წინააღმდეგ ბრძოლა, ეთიკა და ესთეტიკა, პიროვნული კულტურა, ტრეფიკინგი, სქესობრივი აღზრდა, კონფლიქტის მართვა და ძალადობის პრევენცია… შეხვედრებზე ხშირად იკვეთება კონკრეტული ინიციატივები. ახალგაზრდული კლუბები ატარებენ საინფორმაციო შეხვედრებს, ვორკშოპებს, დისკუსიებს, აქციებს, თემატურ კონკურსებს, ნახატების გამოფენებს. ახალგაზრდებთან მუშობის მხარდამჭერია საერთაშორისო ორგანიზაცია „პური მსოფლიოსათვის“ (Brot fტr die Welt),
„ახალგაზრდებთან მუშაობას დიდი მნიშვნელობა აქვს მათი ინფორმირებულობისთვის. არაფორმალური განათლება მოსწავლეებს აძლევს საწყის ბაზას პიროვნული განვითარებისა და განათლებისათვის, მათ უვითარდებათ ლიდერული თვისებები, გულწრფელობის, დისკუსიის, მოსმენის კულტურის, მიზანდასახულობისა და დროის სწორი გადანაწილების უნარ-ჩვევები“ — ნინო ჭაბუკიანი, ტრენერი.
ახალგაზრდული მიმართულების კონფლიქტოლოგის, ლარისა (ლელა) შენგელიას აზრით, კონფლიქტების მართვის სწავლება სკოლებში, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხია: „პროექტის BROT (Brot fტr die Welt) ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება ახალგაზრდებთან მუშაობაა, რომელიც მიმდინარეობს დასავლეთ საქართველოს 4 რეგიონში — იმერეთის, სამეგრელოს, გურიისა და აჭარის მუნიციპალიტეტებში. შერჩეული სკოლების ახალგაზრდებთან (VII-IX კლასები), 5 თვის განმავლობაში, თვეში ერთხელ, 1, 5 საათის ხანგრძლივობით, ტარდება ვორკშოპები. ამისათვის შემუშავებულია სპეციალური მეთოდოლოგია ფონდი „სოხუმის“ პარტნიორი ორგანიზაციის მიერ. ყოველი შეხვედრა კონფლიქტის თემას ეხება — „რა არის კონფლიქტი, მისი მხარეები, გაჩენის მიზეზები, კონფლიქტის ესკალაცია, კონფლიქტის შესაძლო შედეგები, კონფლიქტურ სიტუაციაში ქცევის სტილი, მისი მშვიდობიანად მოგვარების უნარები“. ეს ის თემებია, რასაც მონაწილეები 5 თვის განმავლობაში სწავლობენ.
ჩვენი შეხვედრების მიზანია: მოზარდები იყვნენ მეგობრულები, ჰუმანურები, ტოლერანტულები, დაინახონ კავშირი კონფლიქტსა და ძალადობას შორის, გაიგონ, რომ ძალადობას ყოველთვის წინ უსწრებს კონფლიქტი, რომ ძალადობა დანაშაულია და კანონით ისჯება, ისწავლონ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება და დროულად შეჩერება. თვიდან თვემდე მონაწილეები პროექტის ასისტენტისგან იღებენ საშინაო დავალებებს, ატარებენ საინფორმაციო შეხვედრებს და სიამოვნებით უზიარებენ დანარჩენ მოსწავლეებს შეძენილ უნარებს, წერენ ესსეებს, ხატავენ, ამზადებენ ვიდეორგოლებს კონფლიქტის თემაზე. ხუთ თვეში ერთხელ ტარდება შემაჯამებელი შეხვედრა, სადაც მონაწილეები აკეთებენ პრეზენტაციებს, ყვებიან ცვლილებებსა და პროექტის გავლენაზე. გამორჩეულ და აქტიურ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები“.
ვაჟებთან მუშაობის კომპონენტი ფონდ „სოხუმში“ 2018 წლის თებერვალში გამოჩნდა. მას შემდეგ, უკვე მესამე წელია, დასავლეთ საქართველოს ცხრა ქალაქში აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა, ეს ქალაქებია: ქუთაისი, თერჯოლა, ზუგდიდი, ფოთი, სენაკი, ოზურგეთი, ლანჩხუთი, წყალტუბო. ვაჟებთან მუშაობის კომპონენტი არა მარტო რეგიონისთვის, არამედ საქართველოსთვისაც სიახლეს წარმოადგენდა. შეხვედრებს მხოლოდ ვაჟები ესწრებიან, ისინი ღიად საუბრობენ გენდერულ სტერეოტიპებზე, საზოგადოებაში არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე. აღსანიშნავია, რომ სამწლიანი მუშაობის პერიოდში ფონდმა შეძლო სამოც სკოლასთან და 800-მდე ვაჟთან შეხვედრა, მათი ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება.
ფონდი „სოხუმის“ ტრენერი ბექა ფოცხვერია, ვაჟებთან მუშაობისას, შეხვედრის ჩატარების ისეთ მეთოდებს იყენებდა, როგორიცაა: ჯგუფური მუშაობა, როლური თამაშები, დებატკლუბები, ვიდეორგოლების ჩვენება. „ვაჟებთან მუშაობა მნიშვნელოვანია ძალადობისა და გენდერთან დაკავშირებული პრობლემების პრევენციის კუთხით, რადგანაც მუშაობის დროს იცვლება მათი დამოკიდებულებები, ვაჟები უფრო პასუხისმგებლიანები და ტოლერანტულები ხდებიან“ — ამბობს ბექა ფოცხვერია.
კონფერენციაში 64 მოსწავლე მონაწილეობდა. მათ წარმოადგინეს პრეზენტაციები თემაზე — „კონფლიქტის მართვა და ძალადობის პრევენცია“; ისაუბრეს კონფლიქტის გამომწვევი მიზეზების, წყაროების, ტიპების, მართვისა და შედეგების შესახებ, მოლაპარაკების გზებზე, კონფლიქტის სახეების, მართვის მეთოდების, კონფლიქტის ანალიზისა და ეფექტიანად მოგვარების შესახებ.
მოამზადა მაკა ყიფიანმა