ლია გოგოხია
უწინ, ჩემს ბავშვობაში, „ომობანას“ როცა ვთამაშობდით, ის კლავდა მოწინააღმდეგეს, ვინც პირველი იტყოდა ბახ, ბახ… შემდეგ მიდიოდა დაუსრულებელი კამათი: „არა მე მოგკალი, არა შენ, შენი ტყვია ამცდა“ და ასე შემდეგ. დამარცხებულ გუნდს შევძახებდით: „ძირს იარაღი!“ …ჩვენი თამაშის შემყურე ბაბუა გამოენთებოდა და გვემუდარებოდა: „არ ითამაშოთ ბავშვებო, ომობანა!“ ყურსაც არ ვიბერტყავდით, არც გვესმოდა ბაბუას შფოთვის მიზეზი… მერე ნელ-ნელა წიგნები შემოგვაპარეს: „ანა ფრანკის დღიური“, ჰემინგუეის „მშვიდობით, იარაღო!“, ნიკა აგიაშვილის „ჭაბუკებად დარჩნენ მარად“, მირზა გელოვანის პოეზია. მაინც ვერ გავიაზრეთ. სიკვდილი მხოლოდ წიგნსა და ფილმებში გვეგონა და არა სინამდვილეში. რამდენიმე საათით დავსევდიანდებოდით და ეს იყო და ეს. ნოდარ დუმბაძის „მე ვხედავ მზეს“ კი როგორც იუმორისტულ რომანს, ისე ვკითხულობდით: „ომის დაწყება ყველაზე ადრე სოფლის კოოპერატივს დაეტყო, დახლიდან ჯერ შაქარი გაქრა, მერე თვითონ დახლიდარი ლასა…“ თუმცა ყველაფერი გაცილებით რთულადაა, როცა ვიზრდებით, ნამდვილ ომში აღმოვჩნდებით და ნამდვილ იარაღს ვიღებთ ხელში… 1993 წელს აფხაზეთში მცხოვრები ხალხისთვის ყველაფერი ერთბაშად შეიცვალა. ერთი კუთხის შვილები სხვადასხვა მხარეს მიმოგვფანტა. ასე აღმოჩნდა აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის ერთი ნაწილი წყნეთში. ბავშვებმა მაინც გამონახეს საერთო ენა და დამეგობრდნენ ერთი ასაკის ბიჭები და გოგონები: მათე, გრიშა, გიო, შაკო, ზურა, გოგა, ნათია, ნინო, მანჩო… და თავიანთი ბავშვური ფანტაზიით შექმნეს ახალი სამყარო და გაჩნდა ჰუმანიტარული ყუთებისაგან დამზადებული, ტყეში ჩადგმული შტაბები, ასევე ჰუმანიტარული შაქრისგან დამზადებული, ტყეში დაკრეფილი შინდით შეფერილი „მამალოს“ კანფეტები… წყნეთის დალოცვილი ტყის ნობათი — სოკო საუზმეზე, სადილად და ვახშმად… გირჩის ბურთით მოგებული ფეხბურთის ჩემპიონატი, წყნეთში მცხოვრებ მდიდართა აგარაკების განათებულ ღობეზე მიყუდებული ბავშვები და ამავე შუქის ფონზე დამზადებული გაკვეთილები, იქვე წაკითხული კლასგარეშე ლიტერატურა: „უფლისწული და მათხოვარი“, კვირაში ერთხელ ჩართული მეცხრე ბლოკის განათება და შუქის მოსვლით დაბნეული, მაგიდის ქვეშ ჩამალული ბავშვების ყიჟინა, აქაოდა, მზე ამოვიდა, ძალიან ახლოსაა და დაგვწვავსო, თოვლის ბაბუასთან მიწერილი ერთობლივი წერილი: „თოვლის ბაბუა, პულტიანი მანქანა მოგვიტანე თუ ფული გაქვს…“ სასკოლო ღონისძიებებზე ნათხოვარი პიჯაკით გამოსვლა და სცენის კულისებში პიჯაკის მოლოდინში დგომა: „შენ რომ ლექსს იტყვი, მერე მე მათხოვე შენი პიჯაკი“… 7 კილომეტრიდან მოტანილი წყალი, გზადაგზა დამსხვრეული ბოცები, ბოთლები, სათლები… დამდნარი თოვლისგან დამზადებული „კოქტეილი“, ინფექციური დაავადება — მუნი და რაც მთავარია, 28 წლის განმავლობაში მიკერებული სამუდამო იარლიყი — „დევნილები“ თუ „ლტოლვილები“, რა ვიცი, ვის როგორც „გაუხარდება“… თითქოს ყველაფერი დალაგდა, მაგრამ შემდეგ 2008 წელი წამოგვეწია, ბავშვებიც გაიზარდნენ და ამჯერად სხვა, უფრო მწვავე პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ. ამ პრობლემასაც მირზა გელოვანის წერილით იცნობდნენ: „ჰოდა, აი, „გამაწესეს“, ანუ ნომერი დამაკრეს და წამართვეს საკუთარი გვარი და სახელი, რომ თუ ვინიცობაა, ნომრით გამომიცნონ. მე იგი სიკვდილის ანგელოზივით მძულს. რადგან სიკვდილის მერე კი არა, სიცოცხლეშიც არავინ მიცნობდა მე. რამდენჯერ მოვხვდი ქალაქის სამხრეთ სადგურში, რომელიც მუდამ სავსეა ქართველებით. მოდიან მზით დამწვარი ბიჭები და როცა ეშელონი ჩამოდგება, გუგუნებენ გაყინული ვაგონები: „ვაიმე ჩემო, ვაიმე ჩემო ვენახო“… მე, ერთი უბრალო ჯარისკაცი, არ ვფიქრობ ჩემზე. მე მათზე ვფიქრობ, მჭადით დაზრდილ შავტუხა ბიჭებზე და მენანება მათი უვაჟკაცოდ დატოვებული ოჯახები და მინდა მთელი ძალით ვიყვირო, რომ დაუბრუნონ ისინი საქართველოს მიწას, დაუბრუნონ ისინი და დაე, პირველმა ტყვიამ მიმსხვერპლოს მე. მოკლე ხანში შემასწავლეს საომარი ხელოვნება, თუ როგორ უფრო ადვილად შეიძლება მოკვლა მტრისა. აღმოჩნდა, რომ ეს ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე ფიქრი სინტაქსზე. საინტერესოა, იბრძოლო იქ, სადაც შენს მამა-პაპას არ უბრძოლია არასოდეს. მე აღარ ვიცი — რა იქნა მირზა გელოვანი, რომელსაც ჰქონდა უდიდესი ოცნება და რწმენა გამარჯვებისა“ — ასე იწერებოდა ფრონტიდან ქართველი პოეტი, მირზა გელოვანი, რომლის პოეზია ომისა და სიყვარულის, მონატრებისა და დაბრუნების, ჯარისკაცის ფარაჯაში შენახული იების ულამაზესი ასახვაა.
მირზა გელოვანი ომიდან არ დაბრუნებულა. არ დაბრუნებულა, რადგან გამოუცდელი იყო… 2008 წელს, ჩემი მოსწავლეებისთვის, ასევე 18 წლის ბიჭებისთვისაც გამოცხადდა მობილიზაცია. ერთადერთი, რისი უზრუნველყოფა მაშინდელმა მთავრობამ შეძლო, იყო ე.წ. „სიკვდილის მედალიონი“ ჯარისკაცების იდენტიფიცირებისთვის, საბრძოლო ავტომატი და კიდევ კომპასი… შემდეგ ბავშვები მიყვებოდნენ: „მასწ, არც იარაღის მოხმარება ვიცოდით და მით უმეტეს, არც კომპასისაო, სადღაც ტყეში დავიკარგეთ და გზა ძლივს ვიპოვეთო“. არ იფიქროთ, რომ მივტირი სსრკ-ს (სსრკ-ში დაბადებული ვარ), მაგრამ სკოლაში სამხედროს გაკვეთილებს (სამხედრო მომზადება) გვიტარებდნენ (მასწავლებელი — მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, გალელი იროდიონ მიქაია), კალაშნიკოვის იარაღის დაშლა-აწყობას გვასწავლიდნენ, თავის დაცვას განგაშის დროს, როგორ არ უნდა ავყოლოდით „პანიკას“ და ასევე, როგორ გაგვეწია პირველადი სამედიცინო დახმარება დაჭრილისთვის. დღეს მოსწავლეს (იქნება თუ არა ომი, ამაზე არ არის ლაპარაკი), უნდა ჰქონდეს წარმოდგენა, თუ რას ნიშნავს სახელმწიფოსთვის შეიარაღებული ძალები, რა არის სახელმწიფოსთვის ეს მიმართულება, რა სახის დანიშნულება აქვს შეიარაღებულ ძალებს ქვეყნის თავდაცვის უნარიანობაში და იმავდროულად, რა დანიშნულება შეიძლება ჰქონდეს ამ მიმართულებით თითოეულ მოქალაქეს. დღეს ეს ასე წარმომიდგენია. მაგალითად, გოგონებს შეიძლება ჩაუტარდეთ პირველადი სამედიცინო დახმარების გაკვეთილები, რომლებიც ცხოვრებაში ნებისმიერ დროს გამოადგებათ არა მხოლოდ გოგონებს, ბიჭებსაც. მოსწავლეებს უნდა გავაცნოთ იარაღის ნიმუშები. მოვუყვეთ ბრძოლების ისტორიებიც. ასევე, კარგი იქნებოდა სამოქალაქო თავდაცვის კურსის გაცნობა, როგორ მოიქცნენ სხვადასხვა შემთხვევაში, საჰაერო თავდასხმის დროს, როგორ უზრუნველყონ საკუთარი უსაფრთხოება, თავიანთი ახლობლების, იქნება ეს შენობასა თუ ველზე. დიახ, ბავშვებს ნუ გავიმეტებთ სასიკვდილოდ. უპირველეს ყოვლისა, ის მაინც ვასწავლოთ, თავი როგორ გადაირჩინონ. არმია და საზოგადოება არ უნდა იყოს ერთმანეთისგან დაშორებული. შესამუშავებელია სასწრაფოდ საგანგებო სილაბუსი თავდაცვისა და ჯანდაცვის სპეციალისტებთან ერთად. აუცილებელია, განათლების სამინისტრომ იგრძნოს ვითარების დრამატულობა და ყველაფერი გააკეთოს, რომ ბავშვები ყოველმხრივ მომზადებულები დახვდნენ ნებისმიერ მოულოდნელობას! უფროსების მიერ დაგეგმილ და განხორციელებულ ომებს ეწირებიან ყველაზე დაუცველი, უმანკო, მეოცნებე და გულუბრყვილო ადამიანები — ბავშვები, რადგან ოსკარ უაილდის „ბედნიერი უფლისწულივით“ ვზრდით: „ჩვენ გვიყვებოდნენ ლამაზ ზღაპრებს ჩვენი დედები სიყვარულზე, რაინდობაზე, ერთგულებაზე. ჩვენ ვიძინებდით და მშვენიერ სიზმრებს ვხედავდით და გვიან მივხვდით, რომ გვატყუებდნენ. ტრიალ მინდორზე კი გაუხედნავ კვიცებს დაღავდნენ კაცები… რატომ გვატყუებთ, თავიდანვე გვითხარით ღლაპებს, რამდენი ჭირია, რამდენი ცოდვაა და გვეცოდინება, როგორ მოვიქცეთ… შევიძენთ აბჯარს ხორკლიანს და ტკივილგაუმტარს, თავებს დავიზღვევთ სიყვარულის ავი სენისგან.გავხდებით ოდნავ დამცინავი სქელი კაცები… მინდორზე გავალთ, როცა ჩვენი ჯერიც დადგება და ჩვენც დავდაღავთ ჯერ უხედნავ მხიარულ კვიცებს“.
ომს სახე არ აქვს, მაგრამ სწორედ მათ ნორჩ და ლამაზ სახეებზე ჩნდება სამუდამო დაღი… ომს უფროსები იწყებენ და ეწირებიან ბავშვები. უფროსებო, თუ იწყებთ ომს, „ომობანასთვის მოამზადეთ“ ბავშვები.