შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ქართული ენისა და ლიტერატურის ჯგუფის ხელმძღვანელის ნანა ლოლაძის წინასაგამოცდო რეკომენდაციები აბიტურიენტებს
◊ გამოცდაზე სწორად გაანაწილეთ დრო, რათა აუჩქარებლად შეძლოთ თითოეულ დავალებაზე მუშაობა.
◊ ტექსტის რედაქტირების დავალების შესრულებისას ჯერ ყურადღებით უნდა წაიკითხოთ მოცემული ტექსტი და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყოთ შეცდომებისა და ხარვეზების გასწორება. ნუ შეცვლით ცალკეულ სიტყვებსა და კონსტრუქციებს კონტექსტის გააზრების გარეშე.
◊ გულდასმით გაეცანით ტესტის მეორე ნაწილში შემოთავაზებულ ტექსტებსა და დავალებების პირობებს და ამის შემდეგ აირჩიეთ ტექსტი, რომლის მიხედვითაც უნდა უპასუხოთ წაკითხულის გააზრების კითხვებს და შეასრულოთ წერითი დავალება.
◊ წერითი დავალება არ გასწორდება, თუ თქვენი მსჯელობა შემოიფარგლება ოთხი-ხუთი წინადადებით, ხოლო თუ მისი მოცულობა არ აღემატება 150 სიტყვას, არ შეფასდება ენობრივი თვალსაზრისით (VIII, IX და X კრიტერიუმების მიხედვით).
◊ დავალებები შესრულებული უნდა იყოს გასაგები (გარკვეული) ხელწერით. კალიგრაფიის გამო ქულა არ დაგაკლდებათ, მაგრამ ის მონაკვეთები, რომელთა ამოკითხვაც გაძნელდება, შეფასებისას მხედველობაში არ იქნება მიღებული.
◊ დაიტოვეთ საკმარისი დრო პასუხების ფურცელზე თქვენი ნამუშევრის მშვიდად გადასატანად.
გისურვებთ წარმატებას!