საბედნიეროდ, ქართულ სპორტს ვარსკვლავები არ აკლია, თუმცა ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძე ამ კოჰორტაშიც კი გამორჩეულია. მისი კარიერა იმდენად ხვავრიელი და უხვმედლიანია, რომ, ალბათ, მთელ საქართველოში მისი ტიტულები ზეპირად მხოლოდ მან და დედამისმა იციან. დედამ, ვინც პირველი სპორტული ნაბიჯებიდან დაწყებული, დღემდე აგროვებს, სადაც კი რამე დაწერილა მასზე.
სალუქვაძის ტიტულების ზუსტად ჩამოთვლის პრეტენზია არც გვაქვს, თუმცა შევეცდებით, ყველაზე მთავარი მიღწევები მაინც გავიხსენოთ საერთაშორისო თუ საშინაო არენაზე… სამივე სინჯის ოლიმპიური მედლის მფლობელის ანგარიშზე, ყოფილი საკავშირო ნაკრების შემადგენლობაში, პირადსა თუ გუნდურში (ორივე დისციპლინაში პნევმატურსა და სპორტულში), მსოფლიო ჩემპიონატების 9 მედალია – 6 ოქრო, 2 ვერცხლი, 1 ბრინჯაო. ევროპის ჩემპიონი, მხოლოდ პირადში, 7-ჯერაა, სულ კი მის ყულაბაში 17 ევროპული მედალია, რასაც ევროპული თამაშების ერთი ჯილდოც ემატება. მსოფლიოს თასებზე 48 მედალი მოიპოვა, აქედან 17 – ოქროსი! 9-ჯერ მოიპოვა მსოფლიოს სუპერთასი (ცალკეულ ეტაპებზე, პირველ-მეორე ადგილებზე გასულები გადიან სუპერფინალში და იბრძვიან სუპერთასისთვის) და ამაშიც რეკორდსმენია – უახლოეს მიმდევრებს 7-7 ტროფეი აქვთ და თან მათ კარგა ხნის წინ დაანებეს თავი აქტიურ სპორტს. ამასთან, 19-ჯერ დაამყარა მსოფლიო რეკორდი (უმეტესად, საკუთარს აუმჯობესებდა). მის კარიერაში ხშირად ყოფილა მაქსიმალური შედეგი – 100-დან 100 ქულა, ზოგიერთი ასეთი რეკორდი კი სამუდამოდ დარჩა ისტორიაში, რადგან ის დისციპლინა შეიცვალა. თუმცა, მას ერთი უხნესი რეკორდი მაინც ეკუთვნის – 1989 წელს, ზაგრებში, ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, სპორტული პისტოლეტიდან სროლაში ნაჩვენები 593 ქულა დღემდე ახალგაზრდების ევროპის მოქმედი რეკორდია, რადგან მისი გაუმჯობესება ვერავინ შეძლო.
ცხადია, საერთაშორისო რეკორდების გვერდით არის ქართული რეკორდებიც: პირველი ქართველია, ვინც სამივე სინჯის ოლიმპიური მედალი მოიპოვა (თუმცა, თვითონ კი ამბობს, მერჩივნა, სამივე ჯილდო ოქროსი ყოფილიყოო), პირველი ქართველია, ვინც ყველაზე მეტ – 9 ოლიმპიადაზე გამოვიდა…
ბოლო ორ თამაშზე ნინო სალუქვაძე მსოფლიოს სპორტული საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. ჯერ იყო და 2016 წელს, უნგრეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე, რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის საგზური მისმა შვილმა, ცოტნე მაჭავარიანმა მოიპოვა. მაშინ უბედნიერესი იყო არა მხოლოდ სალუქვაძე, არამედ მისი მწვრთნელი მამა – ვახტანგ სალუქვაძე, რადგან შვილთან ერთად უკვე შვილიშვილსაც მოაპოვებინა საგზური და სავსებით გასაგებია, მხცოვანი მწვრთნელი უნგრულ სასროლეთზე რომ ტიროდა. ერთი ოჯახის 3 თაობა ოლიმპიადაზე: ბაბუა, შვილი და შვილიშვილი – ესეც ხომ იშვიათი ამბავია! საბოლოოდ, ვახტანგ სალუქვაძე ბრაზილიაში ოლიმპიადაზე ვერ წავიდა – ვერც ოჯახმა და ვერც ზემდგომთ ვერ გაბედეს, ამხელა გზაზე გაეშვათ 80 წელს გადაცილებული მოხუცი, თუმცა ის თამაშები ორმაგად ჩაეთვალა აქტივში, იქ ჩასულმა ნინომ და ცოტნემ კი ახალი მიღწევის შესახებ შეიტყვეს: თურმე, ეს პირველი შემთხვევა ყოფილა ოლიმპიადის ისტორიაში, როცა დედა და ვაჟიშვილი ერთად გამოდიოდნენ თამაშებში!
ამას ტოკიოს ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ციკლი და სალუქვაძის მეცხრე ლიცენზია მოჰყვა, რამაც ასევე დაიქუხა მთელ მსოფლიოში. საკუთრივ სროლის სამყარო, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი თუ სხვა მმართველი უწყებები, ვისაც პირადად აქვს შეხება ლიცენზიებთან, ცალკე იყოს და თამაშების დღეებში ამ ფაქტს ლეგენდარული ესპანელი კალათბურთელი პაუ გასოლიც კი გამოეხმაურა, რომელიც პირადად არ იცნობს ნინო სალუქვაძეს: „მეცხრე ოლიმპიადა, 36 წელიწადი დიდ სპორტში“ – დაწერა მან თავის ტვიტერზე.
მეცხრე საგზურით სალუქვაძემ, ოლიმპიადებში მონაწილეობის მხრივ, სროლის სამყაროს რეკორდი გაიმეორა – ამდენ თამაშებში გამოსულა ასევე პისტოლეტით მსროლელი ლატვიელი ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონი აფანას კუზმინსი. თუმცა, მასთან შედარებით, სალუქვაძეს ერთი უპირატესობა მაინც აქვს – 90-ივე საგზური თავისით მოიპოვა, კუზმინსს კი 2012 წელს ლონდონში, ე.წ. ველური ბარათი უძღვნეს, ანუ საერთაშორისო ფედერაციამ თავისი კვოტა დაუთმო. იმ თამაშებზე წარუმატებლად გამოსვლის შემდეგ ლატვიელმა თავიც დაანება სპორტს, თუმცა სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ მას პოლიტიკური მოტივებით გამოატოვებინეს 1984 წლის ლოს ანჟელესის თამაშები, რომელსაც ყოფილმა საბჭოთა კავშირმა და მისმა მოკავშირეებმა ბოიკოტი გამოუცხადეს.
ვინ იცის, ეს მიღწევები და ამხელა სპორტული ბიოგრაფია იქნებოდა თუ არა, ერთ დღეს დედას რომ არ ერჩია მამისთვის ცელქი გოგოს სასროლეთზე წაყვანა. ალბათ, მამა – ყოფილი საბჭოთა კავშირისა და ხალხთა სპარტაკიადის ჩემპიონი, ყოფილი საბჭოთა კავშირის ახალგაზრდული ნაკრების სამწვრთნელო შტაბის წევრი ვახტანგ სალუქვაძე თავისითაც წაიყვანდა ტირში სავარჯიშოდ, თუმცა ფაქტია, რომ ოჯახში ამის შესახებ პირველად დედამ ისაუბრა. ეს კია, მაშინ ის სპორტულ დიდებაზე არ ფიქრობდა, დედას გაცილებით უფრო მარტივი და პრაგმატული მიზანი ამოძრავებდა – როგორმე რაღაცით დაეკავებინა ცელქი გოგო.
ბავშვობაში მართლაც გამორჩეული იყო – ანცი, მოძრავი, სპორტული ბავშვი. მართალია, „საგოგოო“ ხელსაქმეც უყვარდა, მაგალითად – ქარგვა, ხოლო მინიატურული ნივთების შეგროვება დღემდე ჰობად მოსდევს, მაგრამ დროის დიდ ნაწილს მაინც უფრო ეზოში, ბიჭებთან და ბურთის დევნაში ატარებდა. სკოლაში კარგად სწავლობდა და ბეჯითი მოსწავლეც იყო… ზოგადად, განათლებას თავიდანვე ელტვოდა, რადგან კარგად იცოდა მისი მნიშვნელობა და ახალგაზრდებს ახლაც გამუდმებით ესაუბრება ამაზე. მოგვიანებით, პროფესიაც საინტერესო აირჩია – სპორტის ფსიქოლოგია და რაც მთავარია, სკოლასა თუ უმაღლესში სწავლისას, ვარჯიშისა და სწავლის ერთმანეთთან შეთავსებას ახერხებდა. იმ დროს კი, როცა დედამ მამას სპორტზე მიყვანა ურჩია, კალათბურთში, მოსწავლეთა შორის გოგონებში, თბილისის ჩემპიონობაც მოესწრო…
თუმცა, დღეს ეს რა მოსატანია იმასთან შედარებით, საბოლოოდ რისი ჩემპიონობაც შეძლო. როგორც ვახტანგ სალუქვაძე ამბობს, ის „ზღაპრული ამირანივით“ იზრდებოდა და იმაზე გაცილებით ადრე დაიწყო დიდი შედეგების ჩვენება, ვიდრე ამას ელოდნენ. ამიტომ, დასაწყისში, ხშირად იყო ხოლმე ბჭობა მწვრთნელთა საბჭოში – შედეგების მიუხედავად, ეს პატარა და გამოუცდელი გოგო თუ მაინც უფრო გამოცდილები წაეყვანათ. საბოლოოდ ისე ხდებოდა, რომ ეს პატარა და გამოუცდელი მიჰყავდათ, რადგან ოფიციალურ შეჯიბრებაზეც გამორჩეულად კარგი შედეგი ჰქონდა და ვარჯიშებზეც სტაბილურად ისროდა. მიჰყავდათ და ამართლებდა კიდეც იმედებს, თუმცა კარიერულ კიბეს რაც უფრო მაღლა მიუყვებოდა, ეს წინააღმდეგობაც იზრდებოდა. მაგალითად, მამის ფაქტორის მიუხედავად, ახალგაზრდულ ნაკრებში ხშირად დამდგარა არჩევანი რუსსა და მას შორის. საბედნიეროდ, აქაც შედეგები იყო გადამწყვეტი და უმეტესად მაინც ის მიჰყავდათ, რასაც ახალი მიღწევები მოჰყვებოდა ხოლმე. ისე კი, როცა 1988 წელს, სეულში, 19 წლისა, ოლიმპიური ჩემპიონი გახდა, უფრო ახალგაზრდას თანატოლთა ტურნირებში რა შედეგები ექნებოდა! არადა, მანამდე – 1986 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოც მოიპოვა.
სეული მის კარიერაში გამორჩეული თამაშებია, თუმცა არა მხოლოდ იმის გამო, რომ პირველი ოლიმპიადაა – იქ ორივე დისციპლინაში მოიპოვა მედალი: სპორტული პისტოლეტიდან სროლაში გაიმარჯვა, ხოლო პნევმატურში მეორეზე გავიდა. მის კარიერაში 2008 წლის პეკინის ოლიმპიადაც გამორჩეულია: ჩვენი ქვეყნისთვის ურთულეს – აგვისტოს ომის პერიოდში მან, ქალმა შეძლო და გააკეთა ის, რაც ვერ შეძლეს ვაჟებმა – ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და როგორც ჩვენგან ერთ-ერთმა პირველმა გამომსვლელმა, კარგი სტიმული მისცა სხვებს, თავად კი ამბობს, რომ ეს მისთვის ყველაზე რთული თამაშები იყო, რადგან საქვეყნო გასაჭირის გარდა, პირადულზეც წუხდა: კარგად იცოდა, აფხაზეთის ომგამოვლილი მეუღლე სახლში არ დარჩებოდა, ამას კი ისიც დაემატა, რომ მაინცდამაინც იმ დღეს ჩამოვიდნენ ბრიტანეთიდან თბილისში მისი შვილები — ცოტნე და ნინო, რომლებიც იქ სწავლობდნენ… იოლად წარმოიდგენთ სამშობლოდან ასე შორს, პეკინში მყოფი დედისა და მეუღლის განცდებს… 1996 წლის ატლანტას ოლიმპიადა კი გამორჩეული იმითაა, რომ უმედლოდ დარჩენის გამო იტირა – ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა სროლის სამყარომ ატირებული სალუქვაძე იხილა…
ამასობაში ევროპამაც დაიწყო თავისი თამაშების გამართვა. ჯერ მხოლოდ ორი ასეთი ღონისძიება გაიმართა და მეორეზე, მინსკში, 2019 წელს, ცოტნესთან ერთად, კიდევ ერთი სასწაული შემოგვთავაზა – ბრინჯაოს მედალი მოიპოვა 50-მეტრიან დისტანციაზე, რომელიც ვაჟთა დისციპლინაა და მას არასოდეს უასპარეზია, თან მინსკში ძველი საბჭოური იარაღით ისროლა, რომელიც მასზე უფროსია!
დიდ სპორტსმენს მამისგან დაჰყვა კომუნიკაბელურობა, უკონფლიქტობა და მშვიდი ხასიათი. ამიტომ მათ გამოჩენას ყველგან დიდი სიხარულით ხვდებიან. მართალია, 91 წლის ვახტანგ სალუქვაძე უკვე შეჯიბრებებზე ვეღარ დადის, მაგრამ სოციალურ ქსელებში მისდამი დიდ მოწიწებას გამოხატავდნენ, თავად ნინოს კი ძველებურად პატივისცემით ხვდებიან მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. არასოდეს ყოფილა შემთხვევა, თვით ყოფილ საკავშირო ნაკრებშიც კი, იმ უდიდესი კონკურენციის პირობებში, მას თანაგუნდელებთან ან კონკურენტებთან თუნდაც ეკამათოს, პირიქით – მუდამ სხვათა მომრიგებლად რჩებოდა. დღესაც, მოსწავლეებსა თუ თანაგუნდელებს, რომლებიც მისი შვილების თანატოლები არიან, სულ უმეორებს, რომ მთავარი გუნდურობაა, ერთად დგომის გარეშე ვერაფერს მიაღწევენ, თუმცა მათ სხვა კარგ თვისებებსაც უნერგავს. მაგალითად, ხშირად უმეორებს, რომ ცხოვრებაში მთავარია, კარგ მოქალაქეებად აღიზარდონ და ისწავლონ რაც შეიძლება მეტი, რათა ქვეყანასაც მეტად გამოადგნენ. თავის დროზე, როდესაც მარტო ვარჯიშობდა მთელ ქვეყანაში და საქართველოში ის აცოცხლებდა სპორტის ამ სახეობას; როცა ტურნირებზე მარტო დადიოდა, ხოლო დარბაზში უცხოეთის ტირებში კასეტაზე ჩაწერილი გასროლის ხმები ჰქონდა ჩართული, როგორმე მაინც რომ შეექმნა საშეჯიბრო ატმოსფერო (აქ სიჩუმეში ვარჯიშს მიჩვეულს, უცხოეთში დისკომფორტს უქმნიდა შეჯიბრების ხმაური და სროლები), ამბობდა, ჩემი ქვეყნისთვის მინდა, თორემ მე უკვე ყველაფერს მივაღწიეო.
დღეს ცოტა ძნელი წარმოსადგენია, რომ ამ დონის სპორტსმენს ისეთ ცუდ პირობებში უწევდა ვარჯიში, ზემოთ რომ ვახსენეთ. არადა, მაშინ მართლაც არ იყო ფული ფედერაციებში, ვერ აფინანსებდნენ ტურნირებზე წასასვლელად, ქვეყანაში კი არ მუშაობდა ტირები და სულ 1-2 მსროლელი იყო დარჩენილი. საბედნიეროდ, დღეს მთლად ასეთი ცუდი პირობები აღარაა, თავადაც დააარსა ტირი და დიდი წვლილი შეაქვს სროლის სახეობის განვითარებაში, მაგრამ მაინც წარმოუდგენელი სირთულეებია, რომელთა მოგვარებასაც არა და არ ადგება საშველი: გაუმართავი კანონმდებლობის გამო, დღემდე ვერ ახერხებს უცხოური ფირმის მიერ, ჯერ კიდევ რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის წინ, ნაჩუქარი იარაღის საზღვარზე გადმოტანას, ქვეყანაში არ არსებობს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ტირი და ამიტომ საერთაშორისო ტურნირებზე ჩამოსვლის მსურველთა უდიდეს ნაწილს, რამდენიმე ძველი მეგობრის გარდა, უარით ისტუმრებს… სამწუხაროდ, პრობლემები სხვაც ბევრია.
ახლა სალუქვაძის წინაშე ახალი ამოცანაა – დაეწიოს კანადელ ცხენოსან იან მილარს, რომელმაც 10 ოლიმპიადაზე იასპარეზა. მართალია, ტოკიოს თამაშების დღეებში, სპორტიდან წასვლის შესახებ კი გამოაცხადა, მაინც არსებობს იმედი, რომ განაახლებს კარიერას – ბოლო პერიოდში, როცა ჟურნალისტები ამ თემაზე ვეკითხებით, ამბობს, რომ ჯერ ისვენებს, ვარჯიშის განახლებას კი კატეგორიულად არ გამორიცხავს. მართალია, ძალიან დატვირთული გრაფიკით ცხოვრობს – არის საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი, სროლის სახეობათა ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, აქვს საკუთარი ტირი და კლუბი, სადაც უკვე აღიზარდნენ ეროვნული ნაკრების წევრები, ცოტა ხნის წინ სპორტის მეზეუმის დირექტორადაც დაინიშნა, რომელიც ახლა იქმნება – ექსპონატები კი არსებობს, ოღონდ – დასაწყობებული, მაგრამ შენობისთვის ადგილი ახლახან გამოიყო და იმასაც ბევრი ყურადღება სჭირდება; წლების წინ ისიც მითხრა, ქაღალდომანია ძალიან მიშლის ხელს ვარჯიშშიო (იგულისხმა ხელმძღვანელი პოსტები, სადაც საბუთების წარმოებას ბევრი დრო მიაქვს), თუმცა მაინც ვიმედოვნებთ, რომ მე-10 ოლიმპიადა საკმარისი ცდუნება აღმოჩნდება სპორტში დასაბრუნებლად. თავის დროზე ხომ, 10 ოლიმპიადა მამამაც დაუსახა მიჯნად: ნინო, მე ამას ვერ მოვესწრები, მაგრამ, იცოდე, 10 ოლიმპიადაზე უნდა გამოხვიდეო, – უთხრა წლების წინ, ჯერ კიდევ კარიერის დასაწყისში მდგარს. საბედნიეროდ, ვახტანგ სალუქვაძეც ესწრება ამ დროს და თან მე-10 თამაშებამდეც რაღა დარჩა!