ნათელა მაღლაკელიძე
პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, ილიას უნივერსიტეტის განათლების სკოლის მოწვეული პროფესორი
როდესაც განათლების რეფორმაზე ვსაუბრობთ, ძირითადად მხედველობაში გვაქვს სასკოლო განათლება. არადა რეფორმა შეეხო უმაღლეს საგანმანათლებლო-სასწავლო პროცესსაც, კერძოდ, პედაგოგის მომზადებას. რეფორმა რომ აუცილებელი იყო, დღეს ამაზე არავინ დავობს, მაგრამ საინტერესოა, როგორია ამ რეფორმის შედეგები დღეს, რეფორმის დაწყებიდან 16 წლის შემდეგ.
2006 წელს, ფაქტობრივად, გაუქმდა ერთადერთი პედაგოგიური უმაღლესი სასწავლებელი — თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი, რომელიც ამზადებდა 5-წლიან დიპლომირებულ მასწავლებლებს. მათ უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე ენიჭებოდათ პედაგოგის სტატუსი და მაშინვე შეეძლოთ პედაგოგიური მოღვაწეობის დაწყება. პედაგოგიური უნივერსიტეტის გაუქმების შემდეგ პედაგოგის მომზადება იტვირთეს ცალკეულმა უნივერსიტეტებმა, ზოგან შეიქმნა პედაგოგიური ფაკულტეტი, ზოგან ცალკეული მიმართულებისა თუ სკოლის სახით ჩამოყალიბდა. ადრინდელი ხუთწლიანი დიპლომირებული პედაგოგის ნაცვლად, ისინი მომავალ მასწავლებელს ამზადებდნენ ბაკალავრიატისა (4 წელი) და მაგისტრატურის (2 წელი) დონეზე. ბაკალავრიატის (240კრედიტის) ფარგლებში მზადდებოდა დაწყებითი სკოლის პედაგოგი, რომელსაც უფლება ჰქონდა I-IVკლასებში ესწავლებინა სამი საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა, ბუნებისმცოდნეობა და მათემატიკა; ბაკალავრიატის დონეზევე შეიქმნა ე.წ. „მაინორ“ პროგრამები, განათლების მიმართულებით, მათთვის, ვინც საგნის დაუფლებასთან ერთად გადაწყვეტდა, ყოფილიყო ამ საგნის მასწავლებელი საბაზო და საშუალო საფეხურზე. სასერტიფიკატო გამოცდების ჩაბარების შემდეგ მათ უფლება ეძლეოდათ, დაეწყოთ პედაგოგიური საქმიანობა.
რაც შეეხება სამაგისტრო ხარისხს, მისი მოპოვება ბაკალავრებს შეეძლოთ მაგისტრატურაში 120-კრედიტიანი პროგრამის გავლის შემდეგ. ამა თუ იმ საგნის სწავლებაში კვლევითი სამაგისტრო ნაშრომის დაცვის შემდეგ მათ განათლების მაგისტრის წოდება ენიჭებოდათ და ფაქტობრივად მზად იყვნენ, ეს საგანი საბაზო და საშუალო საფეხურზე ესწავლებინათ. თუმცა მაგისტრის ხარისხი მათ არ ათავისუფლებდა სასერტიფიკატო გამოცდის ჩაბარებისაგან.
რა ვითარებაა დღეს? ფაქტობრივად, მზადდება მხოლოდ დაწყებითი (პირველი-მეოთხე) კლასების პედაგოგი. მათთვის შეიქმნა 5-წლიანი 300-კრედიტიანი პროგრამა. ამ პროგრამის გავლის შემდეგ სტუდენტს ენიჭება განათლების მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხი და სათანადო საგნობრივი გამოცდის ჩაბარების შემდეგ შეუძლია დაწყებით კლასებში პედაგოგიური საქმიანობის დაწყება.
საბაზო და საშუალო საფეხურზე კი საგნის მასწავლებლები ფაქტობრივად აღარ მზადდებიან — გაუქმდა ბაკალავრიატის 60-კრედიტიანი „მაინორ“ პროგრამები, ასევე გაუქმდა საგნის მასწავლებლებისთვის მაგისტრატურის საფეხური. საგნის მასწავლებლობის მსურველთათვის შეიქმნა გადამზადების 60-კრედიტიანი პროგრამები, რომლებიც მხოლოდ პედაგოგიური ციკლის დისციპლინების სწავლებაზეა ორიენტირებული. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პიროვნებას, რომელსაც აქვს საბაკლავრო განათლება ნებისმიერი მიმართულებით (არა აქვს მნიშვნელობა ის ექიმია, სამართალმცოდნე, ინჟინერი, ბიზნეს-ადმინისტრატორი თუ სოციოლოგი…), სურვილისამებრ, მასწავლებლის კომპეტენციის დასადასტურებლად, შეუძლია ჩააბაროს საგნის გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკაში, ქიმიაში, ისტორიაში… გადალახოს მინიმალური ბარიერი, გაიაროს ეს 60-კრედიტიანი პროგრამა და მიიღოს უფროსი მასწავლებლის სტატუსი. ასე ხდება სოციოლოგი თუ ინჟინერი საბაზო და საშუალო საფეხურის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.
ვინც იცნობს ეროვნულ სასწავლო გეგმას, ასევე მასწავლებლის მომზადების საგნობრივ სტანდარტებს, დამეთანხმება, რომ მხოლოდ მინიმალური ბარიერის გადალახვა საგნის მასწავლებლის მოსამზადებლად ნამდვილად არ არის საკმარისი. მასწავლებელი აბიტურიენტი არ არის, რომ საგნის ცოდნა მინიმალური ბარიერის დონეზე მოვთხოვოთ. აქ გაცილებით ღრმა საგნობრივი კომპეტენციებია საჭირო. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 60-კრედიტიანი გადამზადების პროგრამა მხოლოდ პედაგოგიური დისციპლინების სწავლებას ითვალისწინებს. საგნობრივ კომპეტენციებზე აქ ყურადღება აღარ მახვილდება. უფრო მეტიც — გასაუბრებაზეც კი ვერ ვამოწმებთ მათ ცოდნას შესაბამის საგანში.
ჩვენი აზრით, აუცილებელია, შეიქმნას 300-კრედიტიანი პროგრამები საბაზო და საშუალო საფეხურის საგნის მასწავლებლებისთვისაც. თავად მინისტრმაც აღნიშნა, რომ პედაგოგიური უნივერსიტეტის გაუქმება არ იყო სწორი. პედაგოგის მომზადება სწორედ უმაღლესმა პედაგოგიურმა სასწავლებელმა უნდა იტვირთოს და არა ე.წ. „მაიონორ“ და 60-კრედიტიანმა გადამზადების პროგრამებმა.
არის სხვა პრობლემებიც. კარგია, რომ სახელმწიფო აფინანსებს მასწავლებლის მომზადების პროგრამას, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პედაგოგიური მიმართულებით ჩავრიცხოთ ყველა ის აბიტურიენტი, რომლებმაც ძლივძლივობით გადალახეს მინიმალური ბარიერი, პედაგოგიური მიმართულება მხოლოდ სახელმწიფო დაფინანსების გამო აირჩიეს და არა აქვთ არანაირი მოტივაცია პროფესიის დასაუფლებლად. საგნობრივ კომპეტენციებს ისინი ხშირად დაწყებითი კლასების მოსწავლეთა დონეზეც ვერ ფლობენ. ამაზე ადრეც არაერთხელ მისაუბრია თქვენი გაზეთის მეშვეობით.
და კიდევ ერთი, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ განათლების მესვეურებმა — ალბათ დროა, შეიქმნას ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებლის, მომზადების პროგრამა. სახელმწიფო ენის სწავლების თვალსაზრისით მაინცდამაინც სახარბიელო მდგომარეობა არ გვაქვს, ამისი ერთ-ერთი მიზეზი სახელმწიფო ენის მასწავლებელთა დაბალი ენობრივი კომპეტენციებია.
არსებობს სხვა პასუხგაუცემელი კითხვებიც, კერძოდ: მასწავლებლის მომზადების დღევანდელი პროცესი, ასევე პედაგოგის კარიერული წინსვლა რამდენად აისახა მასწავლებლის პრაქტიკულ საქმიანობაზე, სასკოლო განათლებაზე, რამდენად გაუმჯობესდა სწავლა/სწავლების ხარისხი, როგორია მოსწავლეების, კურსდამთავრებულების ცოდნისა და უნარ-ჩვევების დონე… ეს და მრავალი კითხვა ჩნდება ამ საკითხთან დაკავშირებით. ალბათ დროა, მასწავლებელი დაგროვილი კრედიტებითა და ჩაბარებული გამოცდებით კი არ შევაფასოთ, არამედ მისი მუშაობის შედეგებით. მასწავლებლის მუშაობის შედეგი კი მოსწავლეა. სწორედ ის არის მისი მოღვაწეობის ინდიკატორი.