თანამედროვე სამყაროში გარემოს დაბინძურება ერთ-ერთი ყველაზე მწვავე გამოწვევაა, რომლის განუყოფელ ნაწილს მძიმე მეტალებით გამოწვეული საფრთხეები წარმოადგენს. ამ თემაზე ცნობიერების ამაღლება და მისი სიღრმისეული შესწავლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მომავალი თაობების ჯანმრთელობისა და პლანეტის მდგრადი განვითარებისთვის. ქალაქ თბილისის №108 საჯარო სკოლის XIდ კლასში, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და ევროკავშირის მხარდაჭერით, ჩემ მიერ ჩატარებულმა საკონკურსო გაკვეთილმა აჩვენა, თუ როგორ შეიძლება, ქიმიის, ბიოლოგიის, მედიისა და ეკოლოგიის ინტეგრირებით, მოსწავლეებში ამ უმნიშვნელოვანესი პრობლემისადმი ინტერესის გაღვივება და კრიტიკული აზროვნების განვითარება.

ლუსანა ლომაია
ქიმიის დოქტორი, თბილისის №108 საჯარო სკოლის ქიმიისა და ბიოლოგიის მენტორი მასწავლებელი
მძიმე მეტალების საფრთხეები და მათი გავრცელება
მძიმე მეტალები, როგორიცაა კადმიუმი (Cd), ვერცხლისწყალი (Hg), ტყვია (Pb) და დარიშხანი (As), უკიდურესად ტოქსიკურია ცოცხალი ორგანიზმებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მეტალი (მაგალითად, სპილენძი Cu, რკინა Fe, თუთია Zn) მცირე დოზით აუცილებელია ორგანიზმისთვის. ისინი ხვდებიან გარემოში როგორც ბუნებრივი, ისე ანთროპოგენური (ადამიანის საქმიანობით გამოწვეული) წყაროებიდან და აბინძურებენ ნიადაგს, წყალსა და ჰაერს.
მძიმე მეტალების დაგროვების ორი ძირითადი მექანიზმი არსებობს:
♦ ბიოაკუმულაცია – ორგანიზმში ტოქსიკური ნივთიერების კონცენტრაციის ზრდა, გარემოდან მისი ნელი გამოყოფის გამო.
♦ ბიომაგნიფიკაცია – ტოქსიკური ნივთიერების კონცენტრაციის ზრდა კვებით ჯაჭვში ყოველ მომდევნო საფეხურზე.
მძიმე მეტალებით მწვავე ინტოქსიკაცია იწვევს მრავალ სიმპტომს, მათ შორის ცნობიერების დათრგუნვას, გულისრევას, ღებინებას, მუცლის ტკივილს, ანემიას, თირკმლისა და ღვიძლის დაზიანებას, ასევე ფილტვისა და ნერვული სისტემის დაზიანებას. ისტორიული მაგალითია მინამატას დაავადება, რომელიც ვერცხლისწყლით დაბინძურებამ გამოიწვია და წარმოაჩინა კომპანიების პასუხისმგებლობისა და ინფორმაციის სანდოობის კრიტიკული მნიშვნელობა.
გაკვეთილის გეგმა და აქტივობები
(https://drive.google.com/file/d/1wpXI2AIJOJvSxnNRUYi_lXaGNDK5K0eU/view?usp=sharing)
40-წუთიანი გაკვეთილი ჩატარდა „შებრუნებული გაკვეთილის“ მეთოდით. მოსწავლეებს წინასწარ მიეწოდათ ელექტრონული მისამართები ვიდეომასალებისა და სტატიების გასაცნობად, მათ შორის, მინამატას დაავადების შესახებ. ინგლისურენოვანი წყაროები მოსწავლეებმა ქართულად თარგმნეს.
- https://youtu.be/mdTwWzKFlHE?si=XZEFfZJlqMoLqBwS (ინგლისურენოვანი)
- https://youtu.be/QiDnyPKJ6Hg?si=lwhSaCrdeQnjT3Rf-მინამატას დაავადება.
- https://synevo.ge/product/cadmium
- საეჭვო ნივთიერებები ტუჩსაცხში – ავერსი
- The best heavy metal detox supplements, plus advice from experts (ინგლისურენოვანი)
- სტატია -დეტოქსის ღრმა ანალიზი..docx
გაკვეთილის ძირითადი აქტივობები:
https://drive.google.com/file/d/1Tbxmw0J0xr0YCIsifN4_1EVKFSKq_9k1/view?usp=sharing
- მინი-ლექცია „მეტალის გზა თეფშამდე“ – მოსწავლეებმა გაიგეს მძიმე მეტალების თვისებები, ბიოაკუმულაცია და ბიომაგნიფიკაცია.
- წყაროების ანალიზი და დისკუსია – განხილულ იქნა მეცნიერებისა და მედიის კონტრასტული როლები, მინამატას დაავადების მაგალითზე. მოსწავლეებმა იმსჯელეს ინფორმაციის სანდოობაზე, მონაცემთა გაყალბებასა და კომპანიების პასუხისმგებლობაზე. ასევე, განიხილეს ქიმიური საფრთხეები კოსმეტიკასა და ჰიგიენურ პროდუქტებში.
- ექსპერიმენტები:
◊ ექსპერიმენტი 1 — ელემენტის/ბატარეის ზემოქმედება წყლის სისუფთავის ხარისხზე. TDS აპარატით დადგინდა, რომ ონკანის წყლის სისუფთავე 150 ერთეული იყო, ხოლო ელემენტით დაბინძურებული ხსნარის – 977. ამან მოსწავლეებს დაანახა, თუ როგორ აბინძურებს ელემენტების შიგთავსი წყალს, რაც ხაზს უსვამს გამოყენებული ელემენტების სწორი უტილიზაციის აუცილებლობას.
◊ ექსპერიმენტი 2 – კვერცხის ცილა და მძიმე მეტალი. მოსწავლეებმა, დეტექტივის ბარათების გამოყენებით, ამოიცნეს სპილენძის იონის თვისებითი რეაქცია ალბუმინზე, რაც ცილის დენატურაციით გამოიხატა. ამან დაადასტურა მძიმე მეტალების საფრთხე ორგანიზმისთვის და გააჩინა ინტერესი უფრო ღრმა კვლევების მიმართ.








- კროსვორდი და ციფრული ინსტრუმენტები – აქტივობა, რომელიც მიზნად ისახავდა ახალი მასალის განმტკიცებას და მოსწავლეების მოტივირებას.
- მასმედიაში გავრცელებული მასალის ანალიზი: მოსწავლეებმა იმსჯელეს ინფორმაციის სანდოობაზე, ვიზუალურ მანიპულაციაზე და მარკეტინგულ ხრიკებზე, რამაც მათი კრიტიკული აზროვნება გაააქტიურა.



შედეგები და რეფლექსია
გაკვეთილმა წარმატებით ჩაიარა და ხელი შეუწყო როგორც საგნობრივი ცოდნის გაღრმავებას, ისე კვლევაზე დაფუძნებული სწავლებისა და ინტეგრირებული მიდგომების განვითარებას. მოსწავლეებმა შეიმუშავეს მძიმე მეტალებისგან თავდაცვის წესები და გამოკითხვებიც ჩაატარეს ოჯახებში ცნობიერების დასადგენად. აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა, მეორე გაკვეთილისთვის, ქუჩიდან, 80 ცალი ელემენტი მოიტანეს, რითაც 3200 კვადრატული მეტრი ნიადაგი დაიცვეს დაბინძურებისგან.
მასწავლებლის მიზანი – არა მხოლოდ ცოდნის მიწოდება, არამედ ეკოლოგიური მგრძნობელობის გაღვივება – სრულად შესრულდა. გაკვეთილი პოზიტიურად შეაფასა სკოლის დირექტორმა, რომელმაც აღნიშნა გაკვეთილის მრავალფეროვნება, დინამიურობა და მოსწავლეთა მაღალი ჩართულობა. გაფორმდა მემორანდუმი, სპეციფიკური ნარჩენების მართვის კომპანია Wasteless-სა და სკოლას შორის, რომლის თანახმად, გამოყენებული ბატარეებისა და ელექტრონარჩენებისთვის, სკოლაში სპეციალური ყუთები განათავსეს. ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება მოსწავლეებში გარემოსდაცვითი განათლებისა და მდგრადი განვითარების მიმართულებით.



ეს გაკვეთილი შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება განათლების სისტემაში მეცნიერების, ეკოლოგიური ეთიკის, კვლევისა და ციფრული ანალიზის ინტეგრირებით ჩამოყალიბდეს ცნობიერი და პასუხისმგებლობით აღსავსე მოქალაქე, რომელიც მზად არის, აქტიურად ჩაერთოს გარემოსდაცვითი პრობლემების გადაჭრაში.










