საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ბაია კვიციანმა, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ნიკო თათულაშვილთან და მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის დირექტორ თამთა დემურიშვილთან ერთად, რუსთავის მე-16 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულები მოინახულა, რომელთაც პროფესიული გადამზადების მორიგი კურსი წარმატებით გაიარეს.
კურსდამთავრებულებს გადაეცათ სახელმწიფოს მიერ აღიარებული ორენოვანი სერტიფიკატი, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს, საპატიმრო დაწესებულების დატოვების შემდეგ, როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ არჩეული პროფესიით დასაქმდნენ.
ბაია კვიციანმა მსჯავრდებულებს კურსის წარმატებით დასრულება მიულოცა, მიღებული ცოდნის მომავალში ნაყოფიერად გამოყენება უსურვა და საუბრისას პროფესიული განათლების განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
ღონისძიებას პროექტში მონაწილე ყველა ორგანიზაციის წარმომადგენელი დაესწრო. ისინი მე-16 პენიტენციურ დაწესებულებაში მიმდინარე რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის სხვა პროექტებსაც გაეცნენ და ის მცირე საწარმოებიც დაათვალიერეს, სადაც პატიმრები არიან დასაქმებული.
აღსანიშნავია, რომ პროექტში ჩართულმა ოცმა მსჯავრდებულმა ქართული და ევროპული სამზარეულოს სხვადასხვა სახეობის კერძის მომზადება პროფესიულ დონეზე შეისწავლა. „კულინარიული ნაწარმის მომზადების ტექნოლოგიის შემსწავლელი კურსი“, მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის ინიციატივით, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და კოლეჯ „იკაროსის“ ხელშეწყობით, მაღალკვალიფიციური სპეციალისტებისა და შეფების ჩართულობით ჩატარდა.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში სასწავლო კურსებს მთელი წლის განმავლობაში ახორციელებს, რაც მსჯავრდებულებს, გათავისუფლების შემდეგ, დასაქმებასა და რესოციალიზაციაში უწყობს ხელს.