სოფიო დავითაშვილი
სსიპ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფ. მარაბდის ცხრა ძმა ხერხეულიძის სახელობის საჯარო სკოლის გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი
თემში განსხვავებული შეხედულებების, ინტერესების, მოთხოვნილებებისა და ღირებულებების მქონე ადამიანები ცხოვრობენ, თუმცა მათ საერთო საზრუნავი აერთიანებთ. პიროვნული ზრდისთვის ადამიანს მუდმივად ესაჭიროება ურთიერთობა სოციალურ ჯგუფებთან, პიროვნებისა და სოციუმის ჰარმონიული ურთიერთობისთვის ასევე აუცილებელია ასერტულობის დაცვა.
მოგითხრობთ თუ როგორ განვახორციელე ერთი კომპლექსური დავალება კლასში. საკითხი იყო „მრავალფეროვნება ჩემ გარშემო“, რომელიც ბუნებრივად ესადაგებოდა იმ გარემოს, რომელშიც მუშაობა მიწევს – სსიპ ცხრა ძმა ხერხეულიძის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მარაბდის საჯარო სკოლაში. სასკოლო თემში განსხვავებული ეთნიკური წარმომავლობის ბავშვები სწავლობენ. ვასწავლი გეოგრაფიასა და მოქალაქეობას. კომპლექსური დავალების პროდუქტი იყო საჯარო სიტყვის დაწერა „ტოლერანტობა ჩემს თემში“.
კომპლექსური დავალების განხორციელების ეტაპებზე გამოვიყენე თანამედროვე მეთოდები, რომლითაც ხელი შეეწყო კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას; ასევე, კრიტიკული აზროვნებისთვის – ედუარდ ბონოს აზროვნების ექვსი ქუდი, რომელიც ასევე ხელს შეუწყობს მრავალფეროვნებისა და განსხვავებულობის მიმღებლობის გააზრებას:
♦ ყვითელი ქუდი – ყვითელი ფერი მზისა და ოპტიმიზმის გამომხატველია. ამ ფერის ქვეშ ვცდილობთ, მოვიპოვოთ ღირსება და საუკეთესო წინადადებები, პერსპექტივები და შესაძლო მოგება; ვცდილობთ, გამოვავლინოთ ფარული შესაძლებლობები.
♦ შავი ქუდი – შავი ფერი მოგვაგონებს მოსამართლის მანტიას და გამოხატავს სიფრთხილეს, კრიტიკულ განწყობას. იგი გვიჩვენებს რისკების არასაკმარისობას და მიგვითითებს, რატომ ვერ განხორციელდება ესა თუ ის დეტალი.
♦ მწვანე ქუდი – მწვანე ფერი მცენარეებს მოგვაგონებს, ზრდას, ენერგიას, ცხოვრებას. ეს შემოქმედებითი რეჟიმია, იდეების გენერაციაა, არასტანდარტული და ალტერნატიული შეხედულებებია.
◊ თეთრი ქუდი – თეთრი ფერი ქაღალდზე სავარაუდო აზრების გადატანაში გვეხმარება. ამ დროს, ფოკუსირებას ვახდენთ იმ ინფორმაციაზე, ფაქტებსა და ციფრებზე, რომელსაც ვფლობთ ანდა რომელიც აუცილებელია გადაწყვეტილების მისაღებად. ვიხურავთ რა თეთრ ქუდს, ამით ხაზს ვუსვამთ, რომ ჩვენ ველით სრულ ინფორმაციასა და ფაქტებს.
♦ ლურჯი ქუდი – გამოიყენება განხილვის დასაწყისში, ამოცანის დასახვისას და შედეგების განსაზღვრისას (რისი მიღება გვინდა შედეგად). ის თავად აზროვნების პროცესზე დაკვირვების, მისი მართვის რეჟიმია (მიზნების ფორმულირება, შედეგების შეჯამება და ა.შ.).
მეთოდის მიხედვით, აუცილებელია „აზროვნების დანაწევრება“, რაც ნიშნავს ფიქრს მხოლოდ ერთი მიმართულებით – ფაქტის განცალკევებას ემოციისგან, მოსაზრების განცალკევებას ახალი იდეისაგან და ა.შ. მეთოდის მთავარი მიზანია, ყველა მოსწავლის ცოდნა და გამოცდილება გამოყენებულ იქნეს ექვსივე მიმართულებით.
კომპლექსურ დავალებაზე მუშაობისას მოსწავლეებს პასუხები ჰქონდათ შემდეგ კითხვებზე:
⇔ რა ეროვნებისა და/თუ რელიგიის ადამიანები ცხოვრობენ თემში? შენს ქვეყანაში?
⇔ რა განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ მათ თემის განვითარებაში?
⇔ რატომ არის საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ადამიანთა განსხვავებულობა?
⇔ როგორ თანამშრომლობ შენს თემში მცხოვრებ განსხვავებულ კულტურათა წარმომადგენლებთან?
⇔ რატომ უარესდება საზოგადოებრივი ურთიერთობები თემში პიროვნული ღირსების შელახვის შემთხვევაში?
⇔ რას ნიშნავს ტოლერანტული კულტურა და რატომ არის მნიშვნელოვანი თემში მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის მისი დამკვიდრება?
⇔ როგორ უნდა ვითანამშრომლოთ ჩვენს თემში მცხოვრებ განსხვავებული შეხედულებების/წარმოშობის ადამიანებთან?
განსახილველი შემთხვევა იყო: თემის წარმომადგენელი მიწვეულია სათემო ფორუმზე, როგორც დელეგატი. საჯარო სიტყვის დასაწერად უნდა მოიკვლიოს თემში რელიგიური, ეთნიკური და სხვა ნიშნით განსხვავებული ადამიანების თანამშრომლობისა და თანაცხოვრების პრაქტიკული (პოზიტიური ან ნეგატიური) მაგალითი/მაგალითები.
საჯარო სიტყვაში უნდა წარმოეჩინათ, რატომ არის მნიშვნელოვანი თემში მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის ტოლერანტობის კულტურის დამკვიდრება?
მოსწავლეებმა განიხილეს მასწავლებლის მიერ მითითებული რესურსები, იმსჯელეს, გამოიტანეს დასკვნები და შექმნეს კომპლექსური დავალების პროდუქტები.
კომპლექსურ დავალებაზე მუშაობისას მოსწავლეები ერთმანეთთან თანამშრომლობდნენ, ვცდილობდი, ჯგუფური აქტივობების წილი უფრო მეტი ყოფილიყო. კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის შედეგად მათთვის უფრო მეტად აშკარა გახდა ტოლერანტობის მნიშვნელობა, უფრო მეტად გააცნობიერეს განსხვავებული ეთნიკური წარმომავლობის, ტრადიციებისა და შეხედულებების ადამიანებთან თანამშრომლობის, თანაცხოვრებისა და თანაარსებობის მნიშვნელობა.