21 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024

მრავალფეროვანი და თავგადასავლებით სავსე არდადეგები

spot_img

ისევე, როგორც ზრდასრული ადამიანებისთვის, ბავშვებისთვისაც ზაფხული წლის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი პერიოდია, სწორედ ამ დროს იწყება . საზაფხულო არდადეგებს ბავშვები სიხარულით ელიან, რადგან აქვთ უფრო მეტი თამაშისა და გართობის დრო.

რა თქმა უნდა, დასვენება ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ყურადღება იმასაც უნდა მივაქციოთ, რომ „თავისუფლების“ რამდენიმე თვე ბავშვებმა ნაყოფიერად გაატარონ, სასარგებლო და საინტერესო აქტივობებსაც დაუთმონ დრო.

მინდა გავუზიარო ბავშვებს და მშობლებს რამდენიმე რჩევა:

„დასვენება და ძალების აღდგენა“

ბავშვებისთვის დასვენება და სასწავლო წლის შემდეგ ძალების აღდგენა ძალიან მნიშვნელოვანია. კარგი იქნება, თუ მათ, გარემოს შეცვლასთან ერთად, ბუნაბაში დიდი დროის გატარების საშუალებას მივცემთ. ზღვაზე, მთაში გატარებული დრო ბავშვებს მისცემს უფრო მეტი კომუნიკაციის, სენსორული ინტეგრაციისა და სოციალური თამაშის შესაძლებლობას.

„მეტი ფიზიკური აქტივობა“

დასვენებასთან ერთად, ბავშვების ფიზიკურ აქტივობაზე ზრუნვაც მნიშვნელოვანია. უმჯობესი იქნება, თუ ისინი მოტორული აქტივობებით, სპორტით დაკავდებიან. ასევე სასურველია, ბავშვებს სოფელში ყოფნისას, ასაკის გათვალისწინებით, ჰქონდეთ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში უფროსებთან ერთად თანამონაწილეობის შესაძლებლობა.

„შემეცნებითი თამაშები“

ბავშვებს ძალიან უყვართ მრავალფეროვანი თამაშები, რაც სხვადასხვა უნარების განვითარებას უწყობს ხელს. სასურველია, გარკვეული დროით თანატოლებთან, და-ძმებთან ერთად, წყვილში და ჯგუფში თამაშები. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებთან უფრო მეტად მნიშვნელოვანია მშობლებლის ჩართულობა აქტივობებში, როგორიცაა: „სიტყვების გამოცნობა“, „თავსატეხების ამოხსნა“, „გამოიცანი რა შეიცვალა“, „რომელია ზედმეტი“ და სხვა. ყველა მშობლისთვის სასიხარულოა შვილის წარმატება, მისი შესაძლებლობებისა და საჭიროებების გათვალისწინებით, რაშიც გარკვეული როლი არდადეგების პერიოდში შეძენილ გამოცდილებას აქვს.

„საინტერესო წიგნები“

დასვენების, თამაშისა და პიკნიკის პარალელურად, აუცილებელია წიგნების კითხვა. საკითხავი წიგნების შეთავაზებასთან ერთად, მშობლის მხრიდან, სასურველია წიგნის კითხვის მაგალითის მიცემა. ბავშვები უკეთ ასრულებენ მიბაძვით, ვიდრე დაძალებით. კარგი იქნება, თუ ბავშვები წიგნებს მშობლებთან ერთად შეარჩევენ, მიიღებენ რეკომენდაციას მასწავლებლისგან. გასათვალისწინებელია, რომ უფროსი აძლევს რჩევას, ხოლო ბავშვი აკეთებს არჩევანს და იღებს გადაწყვეტილებას. წიგნის კითხვის შემდეგ, უნდა მოხდეს პერსონაჟებისა და შინაარსის ირგვლივ საუბარი, კითხვა-პასუხი, აზრის გამოხატვა, გათამაშება. ყოველივე ამისგან ბავშვი სიამოვნებას უნდა იღებდეს. ასევე მნიშვნელოვანია დამწყები მკითხველის მცდელობის წახალისება უფროსის მხრიდან.

„დაგეგმვა“

ყველა ბავშვისთვის სასიამოვნოა, როდესაც არდადეგების პერიოდი, ფერადი დღეები მათთან ერთად იგეგმება. მათი მდიდარი ფანტაზია და განწყობა ყოველდღიურობას ქმნის სახალისოს და საინტერესოს, რაც უზრუნველყოფს ბავშვის მოტივაციის გაზრდას, თავდაჯერებულობას და ინიციატივის გამოვლენას.

დაბოლოს, ყველას ვუსურვებ ბედნიერ, ნაყოფიერ, მრავალფეროვან და თავგადასავლებით დატვირთულ ზაფხულის არდადეგებს.

ირინა ფიროსმანაშვილი  – წამყვანი  სპეციალური მასწავლებელი

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები