ხათუნა ლოჩოშვილი
ნანა კოხრეიძე
სსიპ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის აკაკი წერეთლის სახ. სოფელ მეორე სვირის №1 საჯარო სკოლის მასწავლებლები
შესავალი, პრობლემის შერჩევა
წინამდებარე კვლევა ჩავატარეთ სსიპ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის აკაკი წერეთლის სახელობის სოფელ მეორე სვირის №1 საჯარო სკოლის მე-5 და მე-6 კლასებში. აღნიშნულ კლასებში ვასწავლით მათემატიკას.
ასაკის მატებასთან ერთად, იზრდება სასწავლო მასალის მოცულობა, შემოდის ახალი მათემატიკური ცნებები, ტერმინები. გაგება-გააზრება ითხოვს მათემატიკური მოდელირების უნარის ქონას. მშობლები ვერ ეხმარებიან შვილებს დავალებების შესრულებაში, მოსწავლეები მარტო ვერ უმკლავდებიან დავალებების შესრულებას. თან ამ დროს სხვა ინტერესები უჩნდებათ, ნაკლებად აინტერესებთ საგაკვეთილო პროცესი, რაც წარმოშობს ახალ პრობლემებს და შესაბამისად, აისახება სწავლის ხარისხზე.
მოტივაცია მოსწავლის ცნობისმოყვარეობისათვის აუცილებელი პირობაა და ხელს უწყობს განათლების, ცოდნის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულებების ჩამოყალიბებას.
მოსწავლის მოტივაციას განსაზღვრავს ბევრი შინაგანი და გარეგანი ფაქტორი. სამწუხაროდ, ყველა მოსწავლე არ არის შინაგანად მაღალმოტივირებული. მოტივირებული მოსწავლე კი წარმატებული გაკვეთილის ჩატარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი განმაპირობებელი ფაქტორია. მასწავლებლის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, სისტემატურად იმუშაოს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისათვის, გამოიყენოს სხვადასხვა სტრატეგია, ხერხები, შეუქმნას პოზიტიური სასწავლო გარემო, გაითვალისწინოს მოსწავლეთა ასაკი, კონკრეტული მოსწავლის ხასიათი და მუშაობის სტილის თავისებურებები. მოსწავლის სწავლის და კოგნიტური განვითარების ხელშესაწყობად მნიშვნელოვანია მასწავლებელმა წაახალისოს, განამტკიცოს მოსწავლის განვითარებაზე ორიენტირებული ქცევა, შექმნას ისეთი სასწავლო გარემო, რომელშიც შეცდომა, წარუმატებლობა და სირთულე აღიქმება, როგორც მოსწავლის სწავლისა და განვითარების თანმდევი ფაქტორი. მასწავლებელი უნდა ეცადოს, ყველა მოსწავლის გონება მიმართოს პასიურობიდან აქტიურობისკენ, ახალი იდეების აღმოჩენის, ახალი მოვლენებისა და ფაქტების შემეცნებისკენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქმე გვექნება დაბალ აკადემიურ მოსწრებასთან.
საკვლევად შევარჩიეთ საკითხი „მოტივაციის ზრდის ხელშეწყობა დაწყებითი საფეხურის მეორე ქვესაფეხურზე“. კვლევა რომ სწორი მიმართულებით წაგვეყვანა, საჭირო იყო მთავარი კითხვის დასმა, რომელზე პასუხის ძიება იქნებოდა კვლევის მთავარი ამოცანა. მთავარი კითხვა კი ასეთია: როგორ უზრუნველვყოთ მოსწავლეების მოტივაციის ამაღლება და ყველა მოსწავლის ჩართვა სასწავლო პროცესში.
ჩვენი აზრით, ამ კვლევის შედეგები მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი პროფესიული ზრდისთვის, ჩვენი კლასებისათვის და არანაკლებ მნიშვნელოვანი სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებლებისათვის. კერძოდ:
სარგებელი მოსწავლეებისთვის:
♦ გაიზრდება მოსწავლეთა მოტივაცია, შესაბამისად, საგაკვეთილო პროცესში მათი ჩართულობა და გაუმჯობესდება აკადემიური მოსწრებაც.
სარგებელი მასწავლებლისთვის:
♦ დავადგენთ მოსწავლეთა საჭიროებებს და ვიმოქმედებთ შესაბამისად; შევძლებთ მოსწავლეთა დაინტერესებას და მოტივაციის ამაღლებას; დავნერგავთ მრავალფეროვან მეთოდებს და აქტივობებს მოსწავლეებში მათი მოტივაციის ამაღლების მიზნით; დაგვეხმარება საგაკვეთილო პროცესის ეფექტურად დაგეგმვაში.
სარგებელი კოლეგებისთვის:
♦ სწავლა-სწავლების პროცესში მრავალფეროვანი და ეფექტური მეთოდების გამოყენების აუცილებლობის დანახვა; ურთიერთსწავლების უნარ-ჩვევების განვითარება; ერთობლივად დაგეგმილი გაკვეთილები, „კრიტიკული მეგობრის“ პრაქტიკის გამოყენება; სხვისი გამოცდილების საკუთარ პედაგოგიურ პრაქტიკაში დანერგვა.
კვლევის მიზანი
კვლევის უმთავრესი მიზანია: იმ ფაქტორების დადგენა, რაც ხელს უწყობს მოსწავლის მოტივაციის ამაღლებას უმცროსკლასელებში. ასევე, საკვლევი პრობლემის სწორად იდენტიფიცირება; პრობლემების გამომწვევი მიზეზების დადგენა; მისი სიღრმისეული შესწავლა; მათი გაანალიზების საფუძველზე ისეთი აქტივობების განხორციელება, რომლებიც აამაღლებს მოსწავლეთა მოტივაციას, გაზრდის მათ თვითშეფასებას, რასაც შედეგად მოჰყვება მოსწავლეების გააქტიურება გაკვეთილებზე და გაიზრდება მათი სწავლის ხარისხი. ჩამოვაყალიბოთ დასკვნები და რეკომენდაციები და გავუზიაროთ კვლევის შედეგები კოლეგებს.
საკვლევი კითხვები
კვლევის დაწყებისას და მიმდინარეობისას საკვლევი კითხვები ერთ-ერთი კარგი მაორგანიზებელია შედეგის მისაღწევად. გამოცდილ კოლეგებთან კონსულტაციების საფუძველზე გამოვკვეთეთ საკვლევი კითხვები:
- რა მნიშვნელობა აქვს მოსწავლეთა მოთხოვნილებების დადგენას სწავლის მოტივაციისთვის?
- რა ფაქტორები ახდენს გავლენას მოსწავლეთა დემოტივაციაზე?
- რა შესაძლო ინტერვენციების დაგეგმვა-განხორციელებაა საჭირო მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლების ხელშესაწყობად?
ლიტერატურის მიმოხილვა
მოტივაცია არის იმპულსი, შინაგანი პროცესი, რომელიც ადამიანს ქმედებისკენ უბიძგებს და ამ ქმედებებს გარკვეული მიზნის მიღწევისაკენ მიმართავს. დიმიტრი უზნაძე მოტივს „ქცევის ფსიქოლოგიურ საფუძველს“ უწოდებდა. მოტივს აქვს სამგვარი ფუნქცია: აღძრავს ქცევას, აძლევს მას მიმართულებას და უზრუნველყოფს მის შესრულებას. ცნობილია, რომ არა მარტო სწავლას, არამედ ნებისმიერ აქტივობას მოტივაცია უდევს საფუძვლად. მოტივაცია გულისხმობს ისეთი ფაქტორებისა და სიტუაციის შექმნას, რომელიც მოსწავლეს სწავლის ხალისსა და უნარს შემატებს.სწავლა-სწავლება ყველაზე ეფექტურია მაშინ, როდესაც იგი მოსწავლის ინტერესებისკენ არის მიმართული. მასწავლებლის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, მოსწავლეებს გაუღვიძოს ცნობისმოყვარეობა შესასწავლი საკითხის მიმართ. ცნობისმოყვარეობა შინაგანი მოტივაციის განმაპირობებელი ფაქტორია და, ამდენად, მნიშვნელოვან როლს ასრულებს სწავლა-სწავლების პროცესში. ის გონებას მიმართავს პასიურობიდან აქტიურობისკენ, ახალი იდეების აღმოჩენის, ახალი მოვლენებისა და ფაქტების შემეცნებისკენ.
საკვლევი საკითხის გამოკვეთისთანავე დავიწყეთ იმ ლიტერატურის გაცნობა, რომელიც კვლევის წარმოებაში დაგვეხმარებოდა. გარდა ზგემ-ისა და ესგ-ის საფუძვლიანი შესწავლისა, განვიხილეთ სწავლა-სწავლების მეთოდოლოგიის შესახებ ლიტერატურა, ბლუმისა და სოლო ტაქსონომიები, განათლების სამინისტროს მიერ გამოცემული რეკომენდირებული ლიტერატურა, გაზეთ „ახალ განათლებაში“ და სხვა მედიასაშუალებებში გამოქვეყნებული მასალები.
მეთოდოლოგია
პრობლემის შესწავლისა და მისი გამომწვევი მიზეზების დასადგენად გამოვიყენეთ კვლევის როგორც თვისებრივი, ისე რაოდენობრივი მეთოდები, რადგან „კვლევის თვისებრივი მეთოდები მიზნად ისახავს საკვლევი საგნის სიღრმისეულ, ხარისხობრივ შესწავლას, ხოლო რაოდენობრივი მეთოდები ადგენს პრობლემის რაოდენობრივი გავრცელების სურათს“ (მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის გზამკვლევი, მე-2 ნაწილი, გვ.68). კერძოდ, თვისებრივი კვლევის მეთოდებიდან შევარჩიეთ დაკვირვება (გამოვიყენეთ ჩართული დაკვირვება, რომელიც, თავის მხრივ, მოიცავს, ფოკუსირებულ დაკვირვებასა და შერჩევით დაკვირვებას), ფოკუსჯგუფი. რაოდენობრივი კვლევის მეთოდებიდან კი შევარჩიეთ ანკეტირება და ზეპირი ინტერვიუ.
კონკრეტულად გამოვიყენეთ: გასაუბრება პედაგოგებთან; მოსწავლეთა ანკეტური გამოკითხვა; მშობელთა ანკეტური გამოკითხვა; პედაგოგთა ანკეტური გამოკითხვა; ფოკუსირებული დაკვირვება გაკვეთილებზე.
♦ მოსწავლეთა მოტივაციის ანალიზისას გამოვიყენეთ რაოდენობრივი კვლევის მეთოდი და დავადგინეთ, რომ მე-5-6 კლასებში მოსწავლეები უფრო დაბალმოტივირებულები არიან, ვიდრე დაწყებითი საფეხურის პირველ ქვე საფეხურზე;
♦ შვილების სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობის სიხშირისა და აქტიურობის შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად გამოვიყენეთ როგორც რაოდენობრივი, ისე თვისებრივი კვლევის მეთოდები: რაოდენობრივი კვლევის მეთოდით გავარკვიეთ, რამდენი მშობელია ჩართული შვილის სასკოლო ცხოვრებაში. თვისებრივი კვლევის მეთოდით – დიალოგით მოვიპოვეთ ინფორმაცია, რამდენად ეფექტიანად არიან მშობლები ჩართული შვილების სწავლა-სწავლების პროცესში;
♦ პედაგოგიური პრაქტიკის ურთიერთგაზიარების მიზნით გამოვიყენეთ რაოდენობრივი კვლევის მეთოდი – გამოკითხვა და თვისებრივი კვლევის მეთოდი – ჩაღრმავებული ინტერვიუ. გავარკვიეთ, თუ რა მეთოდებს და სტრატეგიებს იყენებენ მოსწავლეებში საგნისადმი ინტერესის გაზრდისათვის და დაბალი მზაობის მოსწავლეებთან შედეგების გაუმჯობესებისათვის: დადგინდა, რომ საჭიროა არაერთგვაროვანი აქტივობებისა და კომპლექსურად შერჩეული სტრატეგიების გამოყენება.
ეფექტიანი ინტერვენციების განსასაზღვრად, წერილობით გამოვკითხეთ სკოლის ყველა მასწავლებელი წინასწარ შედგენილი კითხვარის გამოყენებით (დავსვით შემდეგი კითხვები:
- ახალი მასალის მიწოდებისა და მიღებული ცოდნის განმტკიცების მიზნით გეგმავთ და ახორციელებთ სხვადასხვა საკლასო აქტივობებს?
- ეხმარებით მოსწავლეებს არსებული ცოდნის ახალ ცოდნასთან დაკავშირებაში?
- იყენებთ ინფორმაციის მიწოდების სხვადასხვა ფორმას (მათ შორის, საინფორმაციო ტექნოლოგიებს, თვალსაჩინოებებს და ა.შ.)?
- იყენებთ ინფორმაციის ორგანიზების სხვადასხვა მეთოდებს (მათ შორის, გრაფიკულ მაორგანიზებლებს)?
- ამუშავებთ შინაარსს მრავალგვარად, რათა მასალა გახდეს უფრო ადვილად აღსაქმელი, საინტერესო და დასამახსოვრებელი მოსწავლეებისთვის?
- რა სირთულეებს აწყდებით თქვენს პედაგოგიურ მოღვაწეობაში მშობლების ჩართულობის თვალსაზრისით?
- რას მიიჩნევთ მშობლის წარმატებული ჩართულობის მაჩვენებლად?
გამოვკვეთეთ გაკვეთილებზე ფოკუსირებული დაკვირვების მიზანი:
მოსწავლეთა შესაძლებლობების, ინტერესების, დასწავლის ტიპაჟის, კრიტიკული აზროვნების და სხვა საკითხებზე დაკვირვება, რომლის საფუძველზეც დავგეგმავდით ინტერვენციებს მოტივაციის ამაღლების ხელშესაწყობად.
კვლევის გეგმა
კვლევის გეგმა გავთვალეთ ხუთ თვეზე. კვლევის გეგმაში წარმოდგენილი იყო შემდეგი პუნქტები:
♦ როგორი მოტივაცია ჰქონდათ მოსწავლეებს კვლევის დასაწყისსა და ბოლოს როგორი იყო დინამიკა;
♦ რამდენად ამართლებდა კვლევის პროცესი მოლოდინს;
♦ იღებდა თუ არა შედეგს ინტერვენციები, როგორი მაჩვენებელი იყო პროგრესირების თვალსაზრისით;
♦ იყო თუ არა უკეთესი შედეგები მოსწავლეებთან, მშობლებთან და კოლეგებთან თანამშრომლობის მერე;
♦ კომპლექსური დავალებებისა და განმავითარებელი შეფასების დინამიკისა და ხასიათის მაჩვენებლები;
♦ რამდენად ზრდიდა მოტივაციას არაფორმალური განათლება (კერძოდ, მათემატიკის კლუბის ჩამოყალიბება).
ფოკუსჯგუფი მშობლებთან
წინასწარ შევადგინეთ მშობელთა ანკეტირებისათვის კითხვარი. საგანგებოდ მოვიწვიეთ ისინი სკოლაში და ვთხოვეთ, რომ ყოფილიყვნენ გულწრფელნი ანკეტის შევსების დროს (დაცული იყო ანონიმურობის პრინციპი). ავუხსენით მათ, რომ აღნიშნული კვლევის შედეგები მნიშვნელოვანი იყო სკოლის მოსწავლეთა მოტივაციის გაუმჯობესებისათვის. მშობლებს შესაძლებლობა ჰქონდათ ყურადღებით წაეკითხათ და გულწრფელად შეევსოთ კითხვარი. კითხვარმა მოგვცა საშუალება, დაგვედგინა მშობლების დამოკიდებულება და მოსაზრებები აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში.
ანკეტირების შედეგების ანალიზისას გამოიკვეთა, რომ:
♦ მშობლები ნაწილობრივ ეხმარებიან შვილებს დავალებების მომზადებაში;
♦ მშობლებმა აღნიშნეს, რომ მათემატიკის მიმართ მოსწავლეთა ინტერესი შარშანდელთან შედარებით ნაკლებია;
♦ მშობლებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ მასწავლებლების მიერ გამოყენებული წახალისების ფორმები ხელს შეუწყობს მოსწავლის სწავლების ხარისხს;
♦ მშობელთა უმრავლესობამ მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების ერთ-ერთ სტრატეგიად არაფორმალური განათლება (კლუბური მუშაობა) მიიჩნია.
შეხვედრა მასწავლებლებთან
საკვლევი თემის არჩევის შემდეგ, რომელიც ჩვენი პედაგოგიური პრაქტიკის აქტუალურობიდან გამომდინარე შევარჩიეთ, იდეა გავუზიარეთ კოლეგებს. მათ საუბარში აღნიშნეს, რომ ეს საკითხი მათთვისაც მნიშვნელოვანი იყო, რადგან სწავლისადმი მაღალი მოტივაცია, მოსწავლის წარმატების ყველაზე დიდი გარანტია. გამოვიყენეთ ანკეტური გამოკითხვა და ინტერვიუ. ინტერვიუსათვის წინასწარ შევარჩიეთ კითხვარი. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმის გააზრება, თუ რას ფიქრობდნენ პედაგოგები ამ საკითხზე და მათი დაკვირვების შედეგად, რომელია ის ფაქტორები და აქტივობები, რომლებიც სწავლებაში მოსწავლეთა მეტ დაინტერესებას იწვევს.
მასწავლებლებთან გასაუბრებისა და ანკეტირების დროს გამოიკვეთა, რომ მშობლები არასაკმარის დროს უთმობენ შვილებს; დაბალ ინტერესს ავლენენ შვილების სასკოლო ცხოვრების მიმართ; უმრავლესობა ემიგრაციაშია, ხოლო მეურვეებს უჭირთ ბავშვების სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობა. მასწავლებელთა აზრით, მოსწავლეებში საგნისადმი ინტერესის გაზრდისთვის ერთ-ერთი საუკეთესო სტრატეგიაა არაერთგვაროვანი აქტივობების გამოყენება სასწავლო პროცესში.
ფოკუსჯგუფი მოსწავლეებთან
ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც მოსწავლეთა ფოკუსჯგუფია. სწორედ მოსწავლეები არიან სასკოლო თემის ის ნაწილი, რომელზეც ყველაზე მეტი დაკვირვებაა საჭირო. შევადგინეთ კითხვარი მოსწავლეთა ანკეტური გამოკითხვისათვის, გამოვიყენეთ დახურული ტიპის შეკითხვები, რომლებსაც თან ახლდა პასუხების შესაძლო ვარიანტები იმისათვის, რომ მოსწავლეთა პასუხები ყოფილიყო გულწრფელი, ზუსტი და სანდო, დავიცავით ანონიმურობის პრინციპი. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო მე-5 და მე-6 კლასების 53-მა მოსწავლემ. კითხვარი დაგვეხმარა გაგვერკვია, როგორი იყო მათი ინტერესები, როგორი გაკვეთილები მოსწონთ და რა დროს ერთვებიან სწავლებაში ხალისით. როგორია ბავშვსა და მშობელს შორის ურთიერთობა, არის თუ არა მათთვის საშინაო დავალება რთული და გაუგებარი და სხვ. ანკეტირების შედეგების გაანალიზების შედეგად გამოიკვეთა რამდენიმე საკითხი, რომლებიც უნდა გაგვეთვალისწინებინა ინტერვენციების დაგეგმვის დროს, კერძოდ:
♦ მოსწავლეებს უჭირთ ამოცანის პირობის გააზრება;
♦ დავალების შესრულების დროს მშობელთა ნაკლები ჩართულობა;
♦ მოსწავლეებს მოსწონთ ელექტრონული რესურსებით მუშაობა და მაღალი აქტივობით ერთვებიან სასწავლო პროცესში;
♦ კარგად რეაგირებენ გარეგან მოტივატორებზე;
♦ მოსწავლეებს მოსწონთ კეთებით სწავლება (ხატვა, გამოჭრა, ჩაწებება და სხვა).
მათემატიკის კლუბი „მე მიყვარს მათემატიკა“
პროექტის ფარგლებში ერთობლივად ჩამოვაყალიბეთ მათემატიკის კლუბი „მე მიყვარს მათემატიკა“, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს მოსწავლეების თანატოლებთან და უფროსებთან დადებით, კონსტრუქციულ ურთიერთობასა და გუნდურ მუშაობას.
განუვითარდეთ პასუხისმგებლობის გრძნობა, კრიტიკული აზროვნება, შეძლონ პრიორიტეტების გამოყოფა და მოამზადოს ისინი პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრისა და გადაწყვეტილებების მიღებისათვის. რაც მთავარია,გახდნენ უფრო მოტივირებულნი, ორგანიზებულნი, მიზანდასახულნი და აქტიურად ჩაერთონ სასკოლო ცხოვრებაში.
ეს ყველაფერი დაეხმარება მათ გახდნენ კრეატიულები, მოაზროვნეები და თავი იგრძნონ საზოგადოების სრულფასოვან წევრებად.
დიაგნოსტიკური პრეტესტი
კვლევის დროს გამოვიყენეთ დიაგნოსტიკური პრეტესტი, რომელშიც ვგულისხმობთ კომპლექსურ დავალებას, რომელიც ჩვენი საგაკვეთილო პროცესის პროდუქტია. ვთვლით, რომ კომპლექსური დავალება უნდა აღძრავდეს ცნობისმოყვარეობას. ცნობისმოყვარეობის აღძვრაში ვგულისხმობთ, რომ მოსწავლეს უნდა ჰქონდეს პროდუქტის შექმნის მოტივაცია და მისი უკეთესობისკენ ცვლის სურვილი. მოსწავლეებს აქვთ უამრავი იდეა, რომელთა განხორციელებისთვის კარგი შესაძლებლობაა კომპლექსური დავალება.
ხშირია შემთხვევა, როცა ბავშვები თავიანთ ნაშრომებს დამატებით ეფექტებს ანიჭებენ ილუსტრაციებით, ფოტომასალების დამატებით და ა.შ. ბუნებრივია, ნებისმიერი ნაშრომისთვის, მატერიალურ თუ ციფრულ ფორმატში შექმნისას, ღირებულია ესთეტიკური მხარე, რაც დადებით ემოციებს აღძრავს. მოტივაციის ამაღლებისათვის ჩატარებულმა პრეტესტმა აჩვენა დადებითი შედეგი. აქვე დავძენთ, რომ შედეგები არ ყოფილა კითხვა-პასუხი, არც ე.წ. „დახურული ტესტები“, არამედ ყურადღება გამახვილდა კომპლექსურ დავალებაზე, როგორც პროდუქტზე.
წყვილებისა და ჯგუფური გაერთიანების შემთხვევაში, მოსწავლეები ერთმანეთს უზიარებენ აზრებს, მსჯელობენ და უთითებენ ერთმანეთს. აზრთა გაცვლა-გამოცვლის მომენტში ის მოსწავლეებიც სწავლობენ, რომლებიც მოუმზადებელი მოვიდნენ გაკვეთილზე, ან ზოგადად გამოირჩევიან დაბალი მოტივაციით. პრეტესტმა აჩვენა, რომ გუნდურ მუშაობას მეტი ეფექტი აქვს, ვიდრე ინდივიდუალურს.
აქტივობებზე წყვილებში და ჯგუფური მუშაობისას აუცილებლად ყურადღება უნდა მიგვექცია შემდეგზე: თანაბრად გადანაწილებულიყო გუნდში პასუხისმგებლობა; ერთმანეთთან შეთანხმების საფუძველზე გადაწყვეტილება მიეღოთ კონსტრუქციულად; არ დარღვეულიყო კომუნიკაციისა და თანამშრომლობის პრინციპები; პატივისცემა გამოეხატათ ერთმანეთის მიმართ და ყოფილიყვნენ ორიენტირებული ურთიერთსწავლებაზე.
თანამშრომლობითმა სწავლებამ დადებითი შედეგი გამოიღო. მოხდა მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების გაუმჯობესება,თვითშეფასების და ცნობიერების ამაღლება. ჩამოუყალიბდათ ერთმანეთის მიმართ პოზიტიური განწყობა, გამოუმუშავდათ შეთანხმებული მუშაობის და სოციალიზაციის უნარები.
კვლევის მიგნებები
სხვადასხვა აქტივობებზე მუშაობა თანამშრომლობის პრინციპით ეფექტიანი აღმოჩნდა და გაადვილდა კომპლექსური დავალებების შესრულება. კერძოდ:
♦ მოკლევადიანი და საშუალოვადიანი მიზნების მიღწევა გაადვილდათ;
♦ მოსწავლეები უკეთ ახერხებდნენ ამოცანის პირობის გააზრებას;
♦ ხდებოდა სხვადასხვა არგუმენტების მკაფიო და ღია ჩამოყალიბება, საკითხის კრიტიკულად განხილვა და სწორი ვერსიის დაფიქსირება;
♦ ყალიბდებოდა მკაფიო და ღია კომუნიკაცია;
♦ პატივს სცემდნენ ერთმანეთის აზრს;
♦ უვითარდებოდათ მოსმენის უნარი;
♦ მოსწავლეებმა დაიწყეს მოსაზრებების ჩამოყალიბება და ანალიზი;
♦ მოსწავლეები, რომლებიც ამ დრომდე ცდილობდნენ, ყოფილიყვნენ ინერტულები, გააქტიურდნენ და თავის დამკვიდრებას შეეცადნენ.
შესაძლო ინტერვენციები
ამრიგად, დაკვირვების შედეგად მიღებული ინფორმაცია გავუზიარე კოლეგებს, გავიარე კონსულტაციები მათთან, შევიმუშავეთ სამოქმედო გეგმა, უფრო სწორად აქტივობები, რომლების საშუალებითაც უზრუნველვყოფდით ყველა მოსწავლის დაინტერესებას სასწავლო პროცესის მიმართ. გადავწყვიტეთ:
- გაკვეთილები დაგვეგეგმა შემდეგი სტრატეგიების გათვალისწინებით:
♦ შევუქმნათ ბავშვებს სწავლებაზე ფოკუსირებული და მამოტივირებელი გარემო;
♦ ვაგრძნობინოთ თავი მოსწავლეს კომპეტენტურად;
♦ გავითვალისწინოთ მოსწავლეთა ინდივიდუალური ინტერესები;
♦ სასწავლო პროცესში ჩავრთოთ დიდაქტიკური თამაშები, კონსტრუქტივისტული მეთოდებით სწავლება;
♦ მივცეთ ბავშვს კონსტრუქციული უკუკავშრი სწავლის პროგრესის შესახებ;
♦ ჩავატაროთ გაკვეთილები მოსწავლეთა ინტერესებიდან გამომდინარე;
♦ აღვუძრათ მოსწავლეებს ცნობისმოყვარეობა: პრაქტიკული მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის მიწოდებით; ვარაუდის გამოთქმაზე ორიენტირებული კითხვების დასმით; ახალი, უცნობი ფაქტებით;
♦ ხშირად ჩავრთოთ სწავლებაში ტექნოლოგიები;
♦ გამოვიყენეთ G-PRIED-ის სარესურსო წიგნი (სქემები, დიაგრამები,თვალსაჩინოებები და სხვა).
- სწავლა-სწავლების პროცესში, განსაკუთრებით მოსწავლეებისთვის, ეფექტიანად ჩავთვალეთ განმავითარებელი შეფასების რეგულარულად მიწოდება;
- სასწავლო პროექტის განხორციელება მათემატიკაში (მათემატიკის კლუბის დაარსება).
განხორციელებული ინტერვენციები
გაანალიზებულ შედეგებზე დაყრდნობით, დავგეგმეთ შემდეგი ინტერვენციები, რომლებიც გააუმჯობესებდა აკადემიურ მოსწრებას და აამაღლებდა მოტივაციას. ესენია:
♦ ვიყენებდით ისეთ აქტივობებს, რომლებიც მათ გაუადვილებდა საკითხის აღქმასა და გაგებას. როგორც უფროსი მეგობარი, ვეხმარებოდით სასწავლო მიზნების გაცნობიერებაში, ამ მიზნით ვარჩევდით არა მხოლოდ აქტივობებს, არამედ მიზანმიმართულ რესურსებს, შეძლებისდაგვარად მათ საჭიროებებზე მორგებულს. 21-ე საუკუნე ტექნოლოგიების საუკუნეა. ამიტომ ისტ-ის ეფექტური გამოყენება უფრო მოტივირებულს ხდის მოსწავლეებს და ხელს უწყობს მრავალფეროვანი, დინამიური სასწავლო მასალის შექმნას;
♦ შინაგანი მოტივაციის ამაღლების მიზნით ვიყენებდით სიმულიაციებს, რადგან შემეცნებითი თამაშები აზროვნების მასტიმულირებელი აქტივობებია და ეხმარება მოსწავლეებს გააქტიურებაში და ჩართულობაში საგაკვეთილო პროცესის დროს. კოგნიტური სქემების ხშირი მიწოდება, წინარე ცოდნის ახალთან დაკავშირება, გამოცდილებით სწავლების სტრატეგიების დაუფლება მოსწავლეებში ხელს უწყობს მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას;
♦ ჩავატარეთ გაკვეთილები კომპლექსური დავალებებით, რომლებიც ხელს უწყობდა ცოდნის სიღრმისეულ ათვისებასა და პრაქტიკული უნარების გამომუშავებას;
♦ წარმატებული მოსწავლეები ეხმარებოდნენ სუსტ მოსწავლეებს და პერიოდულად ინფორმაციას გვაწვდიდნენ მათი შედეგების შესახებ;
♦ სისტემატურად და მყისიერად ვახდენდით მოსწავლეების აქტიურობის წახალისებას და საჯაროდ შექებას;
♦ მუდმივად მიმდინარეობდა შედეგების ერთობლივი გაანალიზება და თვითშეფასება, ასევე შემაჯამებელი დავალებების შეფასება;
♦ ახალი მასალის ახსნისას ვიყენებდით თვალსაჩინოებებს;
♦ ვიყენებდით არაფორმალურ აქტივობებს პროექტის ფარგლებში (მათემატიკის კლუბის „მე მიყვარს მათემატიკა“ ფუნქციონირება, წარმატებული პიროვნების მოწვევა და ჩართვა კლუბურ მუშაობაში).
შუალედური ტესტირების ანალიზი
მხოლოდ მასწავლებლის მიერ დაკვირვების საფუძველზე ძნელია ზუსტი დასკვნების გამოტანა, ამიტომ, ინტერვენციების ნაწილის განხორციელების შემდეგ, მე-5 და მე-6 კლასებში, ჩავატარეთ შუალედური ტესტირება, რომლითაც უნდა დაგვედგინა დინამიკა. მოსწავლეები ინტერესით ელოდნენ ტესტირების შედეგებს. კონტექსტის ანუ თემის მიხედვით მოვამზადეთ მორიგი კომპლექსური დავალებები, რომლებმაც აჩვენა, რომ შეიმჩნეოდა პროგრესი.
შუალედურმა ტესტირებამ აჩვენა, რომ სასწავლო პროცესი იყო ხალისიანი და მოსწავლეებისთვის მისაღები.
ინტერვენციების შეფასება
ჩვენ მიერ განხორციელებული ინტერვენციის მიზანი იყო დაგვედგინა, როგორ გაიზრდებოდა მოსწავლეთა მოტივაცია სხვადასხვა მრავალფეროვანი მეთოდების გამოყენებით. ინტერვენციის შედეგები დამაკმაყოფილებელი იყო, მოტივაციის ამაღლებაში შეიმჩნეოდა პროგრესი. ყველა მოსწავლე ცდილობდა გაკვეთილზე აქტიურობას. კვლევის პროცესში მიღებული ინფორმაციის, მონაცემების ანალიზისა და ჩატარებულ აქტივობებზე დაკვირვებით განვსაზღვრეთ მოსწავლეთა დამოკიდებულება სასწავლო პროცესის მიმართ (ვაკეთებდით ჩანაწერებს და ჩანიშვნებს). განსაკუთრებულ დაკვირვებას ვაწარმოებდით ნაკლებად მოტივირებულ მოსწავლეებზე. ამრიგად, ფოკუსჯგუფის შედეგების ანალიზისას გამოვლინდა, რომ ბავშვები ხალისით ერთვებიან ისეთ აქტივობებში, რომელიც მოითხოვს პრაქტიკულ მუშაობას, კეთებას, ხატვას, ვიდეორესურსებით მუშაობას, ხალისით ერთვებიან ასევე კლუბურ მუშაობაში.
პოსტტესტის ანალიზი
პოსტესტისთვის გამოკითხვა გამოვიყენეთ. მოსწავლეების გაკვეთილზე ჩართულობის თვალსაზრისით ცვლილებები ნამდვილად შეინიშნებოდა. მოსწავლეთა გამოკითხვამ აჩვენა,რომ მათი უმეტესობა ძალიან კმაყოფილია. გამოხატეს სურვილი,რომ მსგავსი ტიპის გაკვეთილები მომავალშიც ჩატარდეს, რადგან ხდებიან უფრო მეტად მოტივირებულები და უღვივდებათ ინტერესი არასტანდარტული გაკვეთილების მიმართ.
გასაუბრება მოსწავლეებთან, მშობლებთან და მასწავლებლებთან
ინტერვენციების შემდეგ გავესაუბრეთ მოსწავლეებს, მშობლებსა და კლასის სხვა საგნების მასწავლებლებს, რათა კიდევ ერთი შესაძლებლობა გამოგვეყენებინა კვლევის ეფექტიანობის დასადასტურებლად.
მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ უფრო საინტერესო გახდა გაკვეთილები; აუმაღლდათ თვითშეფასება; გახდნენ უფრო თავდაჯერებულები; დააგროვეს მეტი ცოდნა; საგაკვეთილო პროცესში ინოვაციური მეთოდების გამოყენებამ მრავალფეროვანი გახადა სწავლის პროცესი, შესაბამისად, გაკვეთილზე დრო „იხარჯებოდა“ სასიამოვნოდ.
მშობლებმა აღნიშნეს, რომ ბავშვები ხშირად ჰყვებიან გაკვეთილის, აქტივობების მსვლელობის შესახებ დადებითი კუთხით; ხალისიანად ასრულებენ დავალებებს; ყველაზე მეტად მოსწონთ არაფორმალური აქტივობები; ბავშვების თქმით, ხშირია პოზიტიური უკუკავშირი და შეფასება არ ხდება მაინცდამაინც ნიშნებით.
სხვა საგნების მასწავლებლებმა აღნიშნეს, რომ მოსწავლეები გახდნენ უფრო აქტიურები; იკლო დისციპლინის დარღვევის შემთხვევებმა; მოიმატა მოსწავლეთა ჩართულობამ.
რეკომენდაციები
ჩვენ მიერ განხორციელებული პრაქტიკული კვლევის საფუძველზე დავადგინეთ, რომ აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრას და მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას (მათ მაქსიმალურად ჩართვას სასწავლო პროცესში) ხელს უწყობს შემდეგი სტრატეგიების განხორციელება:
♦ სასწავლო პროცესის გამდიდრება დამატებითი, კლასგარეშე აქტივობებით, მრავალფეროვანი სასწავლო მასალებით და სწავლების ახალი მეთოდებით. ამით სასწავლო პროცესი მოსწავლეებისათვის უფრო სახალისო და საინტერესო იქნება;
♦ ჩავრთოთ მოსწავლეები კონკრეტულ თემასთან დაკავშირებული სავარჯიშოების, სიტუაციური ამოცანების მომზადების პროცესში. ეს არა მხოლოდ გაზრდის მათ მოტივაციას, არამედ მასალის ათვისებასაც შეუწყობს ხელს;
♦ გამოვიყენოთ განსხვავებული სირთულის დავალებები-შევთავაზოთ მათ ერთსა და იმავე თემაზე სხვადასხვა სირთულის დავალებები და აქტივობები. ეს შესაძლებლობას მოგვცემს გავითვალისწინოთ მოსწავლეთა ინდივიდუალური შესაძლებლობები და ამით ავამაღლოთ მათი მოტივაცია;
♦ შევქმნათ კლასში პოზიტიური გარემო, სადაც მოსწავლეებს კრიტიკისა და შეცდომების დაშვების შიში არ ექნებათ;
♦ მივაწოდოთ მოსწავლეებს დადებითი უკუკავშირი, შენიშვნა ვაქციოთ რჩევად, რომელსაც გაითვალისწინებენ. მივაწოდოთ მეტი პოზიტიური კომენტარი;
♦ ნუ გავაკრიტიკებთ მოსწავლეს საჯაროდ, რადგან საჯარო კრიტიკა ნეგატიურ გავლენას ახდენს მოსწავლის თვითშეფასებასა და მოტივაციაზე. ასევე, ამგვარი მიდგომა აქვეითებს მოსწავლის ნდობასა და პატივისცემას მასწავლებლის მიმართ. ვიყოთ მიუკერძოებლები და სამართლიანები;
♦ პატივი ვცეთ ბავშვის აზრს, მივცეთ მას არჩევანის საშუალება;
♦ გავუღვივოთ მოსწავლეებს ცნობისმოყვარეობა: პრაქტიკული მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის მიწოდებით; ვარაუდის გამოთქმაზე ორიენტირებული კითხვების დასმით;
♦ მნიშვნელოვანია სასწავლო პროცესში სწავლების თანამშრომლობითი მეთოდების გამოყენება, ვინაიდან მოზარდები, ხშირ შემთხვევაში, ერთმანეთისგან უკეთ სწავლობენ;
♦ კლასში ინტერაქტიული მეთოდების გამოყენება, მოსწავლეთა ნაშრომების პრეზენტაცია ფართო აუდიტორიის წინაშე, რაც მათდამი გაზრდის პატივისცემით დამოკიდებულებას. პატივისცემისა და პრესტიჟის მოთხოვნილება კი მოზარდთა სწავლის მოტივაციის მნიშვნელოვანი კომპონენტია;
♦ წავახალისოთ ისინი, რათა განუმტკიცდეთ თვითრწმენა;
♦ გაზიარდეს ყველა წარმატებული ნაბიჯი კოლეგებს შორის.
დასკვნა
პრაქტიკული კვლევის საფუძველზე, რომელიც მოიცავდა მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების ხელშეწყობას, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება მეტად შრომატევადი და ხანგრძლივი პროცესია, რომელიც შედეგს არ მოგვცემს ერთ-ორ გაკვეთილში. მას სჭირდება სისტემატიური მუშაობა, სხვადასხვა აქტივობებით, რესურსებით გაჯერებული, განსხვავებული, ახლებური, მოსწავლის ინტერესებზე მორგებული გაკვეთილები.
ჩატარებული ინტერვენციების შედეგად დავასკვენით, რომ: მოსწავლეებს აუმაღლდათ თვითშეფასება; შეიცვალა მოსწავლეთა დამოკიდებულება სწავლა-სწავლების პროცესის მიმართ; მოსწავლეებს მეტად მოსწონთ გაკვეთილები; მოსწავლეები უკეთესად სწავლობენ; გაუმჯობესდა მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის ურთიერთობები.
რეფლექსია
ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევის თემა იყო: „მოტივაციის ზრდის ხელშეწყობა მათემატიკაში დაწყებითი საფეხურის მეორე ქვესაფეხურზე“. კვლევის შედეგები მათემატიკის კათედრის სხდომაზე წარვადგინეთ პედაგოგებთან, მოკლე პრეზენტაციის სახით. საკითხის აქტუალურობის შესახებ პედაგოგები ინფორმირებული იყვნენ, ამიტომ გავაცანით პირდაპირ კვლევის შედეგები, ინტერვენციის პროცესი და საბოლოო დასკვნები. კვლევის წარდგენის დროს კოლეგების უკუკავშირი იყო პოზიტიური. მივიღეთ საინტერესო რჩევები, კერძოდ:
♦ კვლევის შედეგები და გამოცდილება გავუზიაროთ სხვა პედაგოგებს ყველა იმ შესაძლებლობით, რომელიც ხელმისაწვდომია (სოციალური ქსელი, ვან დრაივი, გუგლ დრაივი, მედია);
♦ გავაგრძელოთ ინტერვენციების განხორციელება მომავალ სასწავლო წელსაც ყველა იმ კლასში, სადაც მოტივაციის ამაღლების საჭიროებას შევამჩნევთ; დავნერგოთ მრავალფეროვანი, ეფექტიანი აქტივობები, რათა ამაღლდეს სწავლის ხარისხი;
♦ დავნერგოთ აქტიური სამუშაო შეხვედრები კათედრის წევრებთან, მიღებული გამოცდილება გავუზიაროთ კოლეგებს და მათგანაც მივიღოთ რეკომენდაციები;
♦ მომდევნო წელსაც გავაგრძელოთ არაფორმალური და თანამედროვე მეთოდებით სწავლება, რაც ხელს შეუწყობს მოტივაციის, აკადემიური მოსწრების ამაღლებას და მოსწავლეებში თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სწორად დაგეგმილ სასწავლო პროცესს მივყავართ შედეგამდე. ხოლო ეფექტიანობის ხარისხს ზრდის მასწავლებლებს შორის თანამშრომლობითი კულტურის გაზრდა და „კრიტიკული მეგობრის“ ინსტიტუტის გამოყენება.
ჩვენთვის მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელი იყო კოლეგების უკუკავშირი, რომელიც უფრო მეტად დაგვეხმარა კვლევის საბოლოო რედაქციის ჩამოყალიბებაში. კვლევის დროს გაწეული თანამშრომლობისთვის მადლობას ვუცხადებთ სსიპ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის აკაკი წერეთლის სახელობის სოფელ მეორე სვირის №1 საჯარო სკოლის ადმინისტრაციას, საგნობრივი კათედრის წევრებს, მოსწავლეებს, მოსწავლეთა მშობლებს კვლევის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში აქტიური ჩართულობისათვის; ესგ-ისა და ხარისხის განვითარების ექსპერტს როლანდ ხოჯანაშვილს; „ახალი განათლების“ რედაქციას, „მოტივირებულ პედაგოგთა კლუბს“ და ასევე სხვა იმ სოციალურ-პროფესიულ დაჯგუფებებს, რომლებმაც მხარი დაგვიჭირეს რეკომენდაციებითა და იდეებით.
გამოყენებული ლიტერატურა:
- ს. ლობჟანიძე – „როგორ წარვმართოთ პედაგოგიური კვლევები“, ინტერნეტგაზეთი „მასწავლებელი“. 2012 წლის 3 მაისი
- კვლევის მეთოდები განათლებაში – ლუის კოჰენი.pdf https://docs.google.com/a/iliauni.edu.ge/viewer?a=v&pid=sites&srcid=aWxpYXVuaS5lZHUu Z2V8YXVkaW8tbWFzYWxlYml8Z3g6NzJkNjFjYjcwZTkxODdmOQ
- გაკვეთილის პროცესის წარმართვაში მოსწავლეთა მონაწილეობის თეორიული და პრაქტიკული ასპექტები (29 აგვისტო, 2014) მანანა ბოჭორიშვილი http://mastsavlebeli.ge/?p=1915
4. მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
5.რობერტ ჯ. მარზანო, დებრა ჯ. ფიქერქინგი, ჯეინ ი. ფოლოქი – ეფექტური სწავლება სკოლაში. თბილისი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
- სატრენინგო მასალა – მოდული: სასწავლო პროცესის დაგეგმვა და მართვა.
- როგორ ავანაღლოთ მოსწავლეებში მოტივაცია
მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების სტრატეგიები – რჩევები მასწავლებლებს
https://edu.aris.ge/news/moswavleta-motivaciis-amaglebis-strategiebi-rchevebi-maswavleblebs.html
მოტივაცია წარმატების მნიშვნელოვანი ფაქტორი