გასული სასწავლო სემესტრიდან ქვეყნის სამოცდახუთი საჯარო სკოლის I-IV კლასებში „ახალი სკოლის მოდელი“ დაინერგა. მიმდინარე სემესტრში პროექტში კიდევ 100 საჯარო სკოლა ჩაერთო. დაგეგმილია, რომ 2024 წლამდე, პროექტმა ქვეყნის ყველა საჯარო სკოლა მოიცვას. მოდელი იანვრიდან სამოცდახუთივე სკოლის V-X კლასებშიც დაინერგება.
ნუგზარ მიროტაძე
ჭიათურის რესურსცენტრის უფროსი:
ქალაქ ჭიათურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე 43 საჯარო და ერთი კერძო სკოლა ფუნქციონირებს.
2020-2021 სასწავლო წლის დასაწყისში ყველა სკოლამ წარმატებით გაიარა შრომის ზედამხედველობის ინსპექციის შემოწმება და სრულად მომზადებული შეხვდა ახალ გამოწვევებს. ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში უსაფრთხოდ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი.
მოგეხსენებათ, „ახალი სკოლის მოდელი“ ზოგადი განათლების რეფორმის ნაწილია. ამ პროექტის ფარგლებში სასკოლო ცხოვრებაში გაჩნდა ახალი რგოლი — მხარდამჭერთა ჯგუფი, რომელიც პედაგოგებს, სკოლის ბაზაზე, რამდენიმე მიმართულებით უწევს კონსულტაციას — სასკოლო სასწავლო გეგმის განვითარება და დანერგვა, სკოლის მართვის ეფექტური მიდგომის განვითარება, სწავლის პროცესში ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრირება.
ჩვენმა რესურსცენტრმა ხელი შეუწყო ყველა საჯარო სკოლას აღნიშნულ მოდელში ჩართვის თვალსაზრისით. „ახალი სკოლის მოდელში“ ჩართული სკოლების ქოუჩები ონლაინ ტრენინგებს უტარებდნენ და უწევდნენ კონსულტაციებს დაინტერესებულ პედაგოგებს (მათი სურვილის შემთხვევაში). ატარებდნენ „ახალი სკოლის მოდელის“ კურსს, ამუშავებდნენ კომპლექსურ დავალებებს, რომლებმაც დიდი როლი სწორედ პანდემიის დროს შემუშავებული შეზღუდვებისა და რეგულაციების პირობებში შეასრულეს. პროექტში ჩართვა მნიშვნელოვანია იმითაც, რომ „ახალი სკოლის მოდელი“ სკოლას იაზრებს, როგორც ერთ მთლიან ორგანიზაციას, სადაც სკოლის დირექტორი, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ერთი გუნდის წევრებად აღიქვამენ თავს და ერთობლივად მუშაობენ სკოლის განვითარებისათვის. მასწავლებლებმა და სკოლამ უნდა შეძლონ მოსწავლეებზე, მათ მოთხოვნებსა და საჭიროებებზე ორიენტირებული ისეთი სასკოლო სასწავლო გეგმის შემუშავება, რომელიც რეალურად იქნება მოსწავლის განვითარების გზა.
გოჩა შუბითიძე
სსიპ ქალაქ ჭიათურის №1 საჯარო სკოლის დირექტორი:
ჩვენი სკოლა, გასული სასწავლო წლიდან, ჩართულია „ახალი სკოლის მოდელის“ პროექტში. მიგვაჩნია, რომ ეს პროექტი წინ გადადგმული ნაბიჯია სწავლა-სწავლების პროცესში. ახალი მიდგომები უზრუნველყოფს მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას მოსწავლეებში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კომპლექსური დავალებები, რომლებმაც დიდი როლი სწორედ შეზღუდვებისა და რეგულაციების პირობებში შეასრულეს. კომპლექსური დავალებები შეზღუდულ დროში (ნახევარსაათიანი გაკვეთილები) და დისტანციურად, მაღალი შედეგების მიღწევის საშუალებას იძლევა. ამ დროს, ძირითადი აქცენტი სწორედ მოსწავლეზეა, მას ეძლევა დამოუკიდებელი და შემოქმედებითი აზროვნების საშუალება, სწავლობს ნასწავლის გამოყენებას. სწორედ ეს მიგვაჩნია ამ პროექტის მთავარ დამსახურებად.
ცირა ბრეგვაძე
ჭიათურის მეორე საჯარო სკოლის დირექტორი:
„ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში სასკოლო ცხოვრებაში გაჩნდა ახალი რგოლი — მხარდამჭერთა ჯგუფი, რომელიც სკოლის ბაზაზე პედაგოგებს რამდენიმე მიმართულებით უწევს კონსულტაციას — სასკოლო სასწავლო გეგმის განვითარება და დანერგვა, სკოლის მართვის ეფექტური მიდგომის განვითარება, სწავლის პროცესში ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრირება.
„ახალი სკოლის მოდელის“ მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს სკოლებში ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვას. მხარდამჭერი ჯგუფის ჩართულობით სკოლა ქმნის სასკოლო სასწავლო გეგმას (კურიკულუმს) I-IV კლასების ყველა საგნისთვის. პედაგოგების ჩართულობით ამ გეგმის მომზადების პროცესს კურიკულუმის ექსპერტი წარმართავს. გასულ სასწავლო წელს ჩვენი სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგები მონაწილეობდნენ ონლაინ ტრენინგებში, ამ აქტივობამ მასწავლებლები მოამზადა იმისათვის, რომ პროექტის დანერგვას აქტიურად შეუწყონ ხელი. პედაგოგები თანამშრომლობდნენ პირველ საჯარო სკოლასთან და აქტიურად იყვნენ ჩართული სასკოლო გეგმებისა და მატრიცების შედგენაში.
„ახალი სკოლის მოდელის“ მიხედვით, სასწავლო გეგმაზე მუშაობისას მასწავლებლის მიზანია, მოსწავლემ სიღრმისეულად გაიაზროს ესა თუ ის ცნება, შეუქმნას მას არა ზოგადი წარმოდგენა ამა თუ იმ თემასთან დაკავშირებით, არამედ დაეხმაროს შინაარსის სიღრმისეულ გააზრებაში. შესაბამისად, მასწავლებელს რეკომენდაცია ეძლევა, დაუთმოს ერთი ცნების დამუშავებას იმდენი დრო, რამდენსაც, კლასის საჭიროებებიდან გამომდინარე, თავად ჩათვლის საჭიროდ, არ არის ვალდებული, მიჰყვეს სახელმძღვანელოს ქვეთავებს და ყოველი ახალი გაკვეთილი ახალი მასალის ახსნას დაუთმოს.
ეს არ არის მარტივი პროცესი, სისტემატური მუშაობაა საჭირო. სხვადასხვა რესურსი სჭირდება პედაგოგს — ინტელექტუალური, მატერიალური, ტექნოლოგიური — კომპიუტერული და ინტერნეტუზრუნველყოფა. ეს არის ერთ-ერთი გამოწვევა— რამდენად შეძლებს და მოახერხებს ყველა მასწავლებელი ამ პროცესში სიღრმისეულად, პროფესიონალურად და არა ფორმალურად მონაწილეობას, არსებული რესურსების გათვალისწინებით.
მიმაჩნია, რომ მეორე საჯარო სკოლა მზადაა გაუმკლავდეს ამ გამოწვევას და ჩაერთოს აღნიშნულ პროექტში.
ნინო სულიაშვილი-არაბული
სოფელ გამარჯვების საჯარო სკოლის დირექტორი:
ჩვენს სკოლაში, 2019-2020 სასწავლო წელს — დაწყებით და 2020-2021 სასწავლო წელს — საბაზო საფეხურზე, ხორციელდება პროექტი „ახალი სკოლის მოდელი“. მოდელის ფარგლებში, სკოლაში შეიქმნა 2 კლუბი, სამოქალაქო განათლების „მზის სხივი“ და „ეკო კლუბი“, გააქტიურდა კლუბური მუშაობა, თუმცა პანდემიამ ხელი შეგვიშალა პროექტის დასრულებაში. მასწავლებლებმა ისწავლეს და დახვეწეს კომპლექსური დავალების შედგენა, დაიხვეწა შეფასების სისტემები, როგორც განმავითარებელი, ისე განმსაზღვრელი. სკოლა სრულად რეაბილიტირებულია და აღიჭურვა კომპიუტერული ტექნიკით. ტექნოლოგიების ექსპერტების დახმარებით მასწავლებლებს და მოსწავლეებს გაუადვილდათ TEAMS-ში მუშაობა, რაც ძალიან აქტუალური გახდა მე-2 სემესტრის განმავლობაში.
2020-2021 სასწავლო წლის დაწყებიდან ჩემი, როგორც სკოლის დირექტორის, რეკომენდაციით მასწავლებლებმა, რომლებმაც კარგად დახვეწეს ელექტრონული ტექნოლოგიები, ჩაატარეს ტრენინგები სხვა მასწავლებლებისათვის. დღეის მდგომარეობით, სკოლა მზადაა თავისუფლად იმუშაოს ელექტრონულ ჟურნალებში, TEAMS-ში და გამოიყენოს სხვა ტექნოლოგიებიც.
თამარ ნებიერიძე
სოფელ ზემო ქედის №2 საჯარო სკოლის დირექტორი:
2019-2020 სასწავლო წელს ჩვენი სკოლა მოხვდა საპილოტე სკოლების სიაში — კერძოდ „ახალი სკოლის მოდელის“ პროექტში. თავდაპირველად, ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი იყო თუმცა, კარგად გვქონდა გაცნობიერებული, რომ ეს არ იქნებოდა მარტივი პროცესი, რადგან სისტემატური მუშაობაა საჭირო. I სემესტრის განმავლობაში აქტიურად ვესწრებოდით ტრენინგებს და პარალელურად, ვმუშაობდით მატრიცებზე (კომპლექსური დავალების). მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ პროექტი მიმართული იყო სკოლის, როგორც ერთიანი გუნდის განვითარებაზე. ვგეგმავდით საკუთარი საგნის კურიკულუმს სახელმძღვანელოზე დაყრდნობით და ვუზიარებდით კოლეგებს. ტექნოლოგიების გამოყენებით გავიღრმავეთ ცოდნა სხვადასხვა პროგრამით რესურსის შექმნაზე.
პროექტი ძალიან მოგვწონს, კარგად გააზრებული და მართლაც მოსწავლეზე ორიენტირებული გაკვეთილები და თემები იგეგმება. განსაკუთრებით მოგვეწონა ის, რომ 21-ე საუკუნის მოქალაქისთვის ცოდნის შეძენა მხოლოდ ნიშნის მიღებისა და გამოცდების ჩაბარებისთვის არაა საკმარისი. ორიენტირი არა ნიშანზე და ტესტირებაზე უნდა ჰქონდეს მოსწავლეს, არამედ შეძენილი ცოდნის ცხოვრებაში შესაბამისად გამოყენება უნდა შეძლოს. მეორე სემესტრში პანდემიამ ხელი შეგვიშალა და პროექტმა სხვადასხვა საინტერესო რესურსებით და ვიდეოგაკვეთილებით ონლაინ რეჟიმში გადაინაცვლა.
პროექტი გრძელდება. მთავარია სულით და გულით, ერთობლივი ძალისხმევით ვაკეთოთ საქმე, რადგან როგორც ვიცით , განათლება მოითხოვს სიახლეებსა და ცვლილებებს. იმედია, ჩვენი პროფესიული წარმატებაც შედეგს გამოიღებს, რადგან: „მაშინ იხარებს მწიდნავი, ოდეს მიითვლის მტევნებსა“.
ეთერ დავითაშვილი
დედოფლისწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი:
„ახალი სკოლის მოდელი“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში 2019-2020 სასწავლო წელს დაიწყო და სამ (ქალაქ დედოფლისწყაროს №1, სოფელ ზემო ქედის №2 და გამარჯვების) საჯარო სკოლაში მიმდინარეობს. გასულ წელს ინტერვენცია დაიწყო პირველ-მეოთხე კლასებში, ახალი სასწავლო წლიდან კი პროექტი მეხუთე-მეცხრე კლასებში განხორციელდება.
თითოეულ სკოლაში, მთელი სემესტრის განმავლობაში, შედის საგნობრივ ექსპერტთა ჯგუფი (ტექნოლოგიების ექსპერტი, ლიდერობის ექსპერტი, ასისტენტი) და სასკოლო საზოგადოების წევრებთან ერთად ზრუნავს სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებასა და სასკოლო კულტურის გარდაქმნაზე. ამ პროექტის, ისევე როგორც სკოლაში მივლენილი ექსპერტების მიზანი, ეროვნული სასწავლო გეგმის საკლასო ოთახში დანერგვაა.
„ახალი სკოლის მოდელი“ მასწავლებლებს სთავაზობს სამუშაო ინსტრუმენტებს, რომელიც მათ სხვადასხვა პრინციპების გააზრებასა და სასკოლო კურიკულუმების განვითარებაში ეხმარება. შექმნილი სასკოლო კურიკულუმები მოსწავლეების ინტერესებსა და შესაძლებლობებზეა მორგებული.
ნინო გვარამაძე
გარდაბნის რესურსცენტრის უფროსი:
„ახალი სკოლის მოდელი“ მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროექტია, რომელიც გულისხმობს სკოლებში სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებას, ასევე სკოლის სახით ისეთი სივრცის შექმნას, რომელიც კარგი პიროვნებისა და მოქალაქის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. გარდაბნის მუნიციპალიტეტში, მიმდინარე სასწავლო წელს, პროექტში ჩართულია ოთხი საჯარო სკოლა: სსიპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფის №2 საჯარო სკოლა, სსიპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალის №1 საჯარო სკოლა, სსიპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალის №2 საჯარო სკოლა და სსიპ ლევან დევდარიანის სახელობის ქალაქ გარდაბნის №1 საჯარო სკოლა.
პროექტის ფარგლებში შერჩეულია მხარდამჭერი გუნდის წევრები, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით იმუშავებენ სკოლებში, ესენია: საგნობრივი ექსპერტები, ტექნოლოგიების ექსპერტი, საგანმანათლებლო ლიდერობის ექსპერტი, ინკლუზიური განათლების ექსპერტი და ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის კოორდინატორი. სკოლაში, ასევე, უნდა შეიქმნას საკოორდინაციო ჯგუფი, რომლის წევრიც, სკოლის წარმომადგენლებთან ერთად, იქნება სამინისტროდან წარგზავნილი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის კოორდინატორი და ასევე სკოლის დირექტორი. რესურსცენტრი კოორდინირებულად მუშაობს ყველა აღნიშნული მხარდამჭერი გუნდის წევრთან, ჩართულ სკოლებთან და აქტიურად მონაწილეობს დაგეგმილი სამუშაო შეხვედრების ორგანიზებაში.
რაც შეეხება ახალი სასწავლო წლის დაწყებას, გარდაბნის მუნიციპალიტეტში არსებული ოცდათხუთმეტივე სკოლამ სასწავლო პროცესი დაიწყო კოვიდ-19-თან დაკავშირებული რეკომენდაციების შესაბამისად. ასევე, სასწავლო წლის დაწყებამდე, ყველა სკოლამ გაიარა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული ინსპექტირება და მიიღო დადებითი შეფასება.
მოამზადა მაკა ყიფიანმა