ინგა ფხაკაძე
სსიპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის №1 საჯარო სკოლის ბუნებისმეტყველებისადა ბიოლოგიის მასწავლებელი
სკოლა, რომელშიც ბუნებისმეტყველებასა და ბიოლოგიას ვასწავლი, ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში, მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესშია. დაწყებითი საფეხურის ერთ-ერთ კლასში სწავლა-სწავლების დაბალი მოტივაცია გამოიკვეთა, საჭირო იყო დამედგინა: რა გახდა ბუნებისმეტყველების სწავლების პროცესში ნაკლები მოტივაციის მიზეზი? სწავლების როგორი ტიპი მოსწონდათ მოსწავლეებს? იღებდნენ თუ არა მყისიერ განმავითარებელ უკუკავშირს? რა ტიპის აქტივობები იყო მეტად სასურველი მოსწავლეთათვის?
მოტივაცია შინაგანი პროცესია, რომელიც მოსწავლეს ქმედებისკენ უბიძგებს. ჩემი, როგორც მკვლევარი მასწავლებლის, მოვალეობაა, ორიენტირებული ვიყო მოსწავლეების მოტივაციის ზრდაზე, დავანახო მათ დავალების/აქტივობის მიზანი, საჭიროება, კავშირი გაკვეთილზე მიმდინარე პროცესებსა და გაკვეთილის/სკოლის გარეთ მიმდინარე ყოფით, ცხოვრებისეულ მოვლენებს/პროცესებს შორის.
მოსწავლეების შინაგანი მოტივაციის ამაღლებისთვის გამოვიყენე ყველაზე აპრობირებული საშუალება – კომპლექსური დავალებებით სწავლება და პროცესში მოსწავლეთა უწყვეტი, ეფექტური განმავითარებელი შეფასება. კომპლექსური დავალების განხორციელებამდე, ვაკვირდებოდი მოსწავლეებს, შევისწავლე მათი მოლოდინები და დამოკიდებულებები, გავესაუბრე მშობლებს, კოლეგებს. გამოიკვეთა შემდეგი გარემოებები: მოსწავლეებს ჰქონდათ სხვა საგნებში კომპლექსურ დავალებებზე მუშაობისა და პროდუქტის შექმნის გამოცდილება, მათთვის მოსახერხებელი იყო გაკვეთილზე შესრულებული აქტივობები, თუმცა, განმავითარებელ უკუკავშირს იშვიათად ღებულობდნენ. მშობლების ნაწილმა იცოდა კომპლექსური დავალებების შესახებ. აღნიშნეს, რომ მათთვის ეს რთული პროცესია, უწევთ დიდი ძალისხმევისა და დროის დახარჯვა. კოლეგები შევთანხმდით, რომ მოტივაციის ამაღლების ეფექტური გზაა კომპლექსური დავალებებით სწავლება, მისი საშუალებით ხდება ეროვნული სასწავლო გეგმის ხუთი ძირითადი საგანმანათლებლო პრინციპის პრაქტიკაში რეალიზება,ხოლო მოსწავლეთა უნარების გაუმჯობესების აღწერა – სოლოტაქსონომიის იერარქიული მოდელით.
კომპლექსურ დავალებებზე მუშაობის დაწყებისას, კლასს ვაცნობდი, გრძელვადიანი მიზნების საფუძველზე, შუალედურ სასწავლო მიზნებს, დავალების პირობასა და ფორმას. მოსწავლეებთან ერთად ვამუშავებდი შეფასების კრიტერიუმებს და გაკვეთილზე, ძირითადად, აქტივობებს ვახორციელებდით. ვინაიდან კომპლექსური დავალება შედეგზე ორიენტირებული დინამიური პროცესია, ამიტომ, აქტივობების განხორციელების სხვადასხვა ეტაპზე, ვაკვირდებოდი მოსწავლეებს, ვაკეთებდი ჩანაწერებს, ვადგენდი თითოეულის განვითარების დინამიკას, ძლიერ და სუსტ მხარეებს და მყისიერი უკუკავშირით ხელს ვუწყობდი წინსვლაში. შემთხვევით შერჩევის პრინციპით, კლასის მონაცემები, სამი მოსწავლის მიღწევების საფუძველზე, განვაზოგადე ფუნქციურ-კომპონენტური უნარების (შემოქმედებითობა და კრიტიკული აზროვნება) და სამიზნე ცოდნის მიხედვით (იხ. დანართი-1 და დანართი-2).
მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისთვის, ეტაპობრივად, გამოვიყენე ინტერვენციის ფორმები:
- გრძელვადიანი სამიზნე ცნებებისა და საფეხურის საკვანძო შეკითხვების დამუშავება კომპლექსური დავალების (შუალედური მიზანი) აქტივობების საშუალებით;
- მრავალფეროვანი სტრატეგიების გამოყენება (მაგ. მეთოდი „სწავლა კეთებით“);
- განმავითარებელი შეფასების რეგულარულად მიწოდება მოსწავლეებისთვის;
- მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინება დიფერენცირებული სწავლების პრინციპებით;
- მოსწავლეებისთვის შესრულებადი ამოცანების დასახვა;
- რეალისტური, მოსწავლეთა ინტერესებზე დაფუძნებული თემატიკა;
- მოსწავლეებისთვის არჩევანის უფლების მინიჭება და მხარდაჭერაზე დაფუძნებული ურთიერთობა.
კომპლექსურ დავალებებზე მუშაობის დროს, გაუმჯობესდა მოსწავლეთა ფუნქციურ-კომპონენტური უნარები და მათი გამომუშავება არ მომხდარა იზოლირებულად, არამედ თავად უწევდათ მათი სინერგიული გამოყენება კონსტრუქტივიზმის პრინციპებით დაგეგმილ და განხორციელებულ პროცესში.
სამიზნე ცოდნის (დეკლარატიული, პროცედურული, პირობისეული) მიხედვით, მოსწავლეთა პროგრესის დიაგნოსტირებამ აჩვენა, რომ მათ, შუალედურ მიზნებზე ორიენტირებული მიმდინარე განმავითარებელი უკუკავშირისა და თანამშრომლობითი მუშაობის დროს, შედეგები გააუმჯობესეს. აზრთა გაცვლა-გამოცვლის პროცესში ის მოსწავლეებიც გააქტიურდნენ, რომლებიც მოუმზადებელი მოდიოდნენ გაკვეთილზე ან გამოირჩეოდნენ დაბალი მოტივაციით.
რა სარგებელი მიიღეს მოსწავლეებმა? – ფუნქციურ-კომპონენტური უნარების გაუმჯობესებამ მათ საშუალება მისცა, კარგად გაეაზრებინათ საკითხი, შესამჩნევად მოიმატა მოსწავლეთა მოტივაციამ, რაც აისახა კომპლექსური დავალების აქტივობების შესრულების, პროდუქტის შექმნისა და გასიტყვება-პრეზენტაციის დროს. ასეთი მიდგომით მოკლევადიანი და საშუალოვადიანი მიზნების მიღწევა გაადვილდა. მოსწავლეები მოსაზრებებს მკაფიოდ აყალიბებენ და პატივს სცემენ ერთმანეთის აზრს. ინერტული მოსწავლეები გააქტიურდნენ და თავის დამკვიდრებას შეეცადნენ. კომპლექსურმა დავალებამ საინტერესო გახადა სწავლა.
მშობლები აღნიშნავენ, რომ მათი შვილები საგნების სწავლას იწყებენ ბუნებისმეტყველებით და გაკვეთილზე შესრულებულ აქტივობებს დადებითად აფასებენ, თავს იწონებენ ცოდნისა და უნარების ამაღლებით. სიხარულით ამბობენ, რომ მასწავლებლი ყოველთვის უჭერთ მხარს და ხშირად აფასებს პოზიტიურად.
კოლეგებმა აღნიშნეს, რომ აუცილებელია სკოლაში წარმატებული პრაქტიკის დანერგვა-გაზიარება. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო მათი უკუკავშირი „კრიტიკული მეგობრის“ პოზიციიდან , რაც დამეხმარა კვლევის საბოლოო რედაქციის ჩამოყალიბებაში. მივიღე საინტერესო რჩევები, კერძოდ: მომავალ სასწავლო წელსაც გავაგრძელო ინტერვენციების განხორციელება და დავნერგო მსგავსი ან უფრო ეფექტიანი აქტივობები ყველა იმ კლასში, სადაც მოტივაციის ამაღლების ხელშეწყობის საჭიროებას შევამჩნევ.