რუბრიკის „ქართველი სტუდენტები უცხოეთში“ სტუმარია
თამთა ბიბილაშვილი,
სეულის ჰანიანგის უნივერსიტეტის (Hanyang University) სტუდენტი
მოსწავლეობის პერიოდი — მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული გაკვეთილები
მოსწავლეობის პერიოდი თბილისის 182-ე სკოლაში გავატარე. ეს წლები ჩემთვის ადვილი არ ყოფილა, დაწყებითი კლასები გამორჩეულად სასიამოვნოდ მახსენდება, უზომოდ თბილი და ყურადღებიანი დამრიგებელი მყავდა, ცოტა მოგვიანებით, კლასების რეფორმირებას ბევრი გაუგებრობა მოჰყვა, ამას თან დაერთო არასასიამოვნო ოჯახური პრობლემები. საბოლოოდ, ბოლო ექვსმა წელმა სკოლაზე განსაკუთრებულად კარგი მოგონებები არ დამიტოვა, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული გაკვეთილები მასწავლა, პირველ რიგში, საკუთარი თავისთვის ბრძოლა. ჩემთვის სკოლა, უფრო მეტად, პრობლემებს და მათთან გამკლავებას უკავშირდება.
დავდიოდი საკმაოდ ცნობილ ცეკვის სტუდიაში, სადაც ბევრი კონცერტი და შეჯიბრი გვქონდა, არაერთ მათგანში ვიკავებდით პირველ ადგილს და მახსოვს ტელეგადაცემა „ნიჭიერშიც“ მივიღეთ მონაწილეობა. სკოლის ბოლო წლებში განსაკუთრებულად აქტიური გავხდი სასკოლო და მოსწავლეთა ოლიმპიადებში, კლასგარეშე აქტივობებსა და ღონისძიებებში. გამიჩნდა სურვილი, მიმეღწია რაც შეიძლება მეტისთვის და ვაღწევდი კიდეც. მიღებული მაქვს ბევრი სერტიფიკატი და ჯილდო სხვადასხვა კონკურსებსა და აქტივობებში.
სკოლის პერიოდს, ერთმნიშვნელოვნად, უდიდესი წვლილი მიუძღვის მოსწავლის განვითარებასა და მისი, როგორც პიროვნების ჩამოყალიბებაში. იყვნენ მასწავლებლები, რომლებისგანაც დიდ ცოდნას ვიღებდით და მათი დაფასება, ვფიქრობ, აუცილებელია. იყო საგნები, რომლებსაც განსაკუთრებული ინტერესით ვსწავლობდი, ძირითადად, უცხო ენები. ალბათ, ამან განაპირობა მომავალში უცხო ენების მიმართულებით სწავლის გაგრძელების სურვილი.
პროფესიის არჩევანი
ბაკალავრიატის საფეხური დავასრულე ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, განხრით — ინგლისური ენის ფილოლოგია. პროფესიის არჩევანი კი განაპირობა ჩემმა სურვილმა და ინტერესმა უცხო ენებისადმი. ჯერ კიდევ სკოლაში სწავლის პერიოდში დავდიოდი უცხო ენების ცენტრში, სადაც გავიცანი უზომოდ საინტერესო და მცოდნე პედაგოგი. მისმა პროფესიონალიზმმა და საქმისადმი თავდადებამ მნიშვნელოვან საკითხებზე დამაფიქრა და გადავწყვიტე, უფრო ღრმად და საფუძვლიანად შემესწავლა ინგლისური ენა. მიმაჩნია, რომ ენას დიდი ძალა აქვს. ჩემი ოჯახის წევრებს არაერთხელ უთქვამთ ჩემთვის, რაც უფრო მეტი ენა იცი, მით მეტი ადამიანი ხარ. ეს არა მხოლოდ ადამიანის პროფესიას, არამედ, ზოგადად ცხოვრებას მიესადაგება. მეტად იხსნები და ეცნობი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებს, საზოგადოებას, მათ კულტურას, უამრავ ინფორმაციასთან გაქვს წვდომა.
რატომ კორეა
ალბათ, ეს ჩემთვის ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვაა და ყოველთვის, როდესაც მეკითხებიან: „რატომ კორეა?“, პასუხი, ერთდროულად, მარტივიცაა და რთულიც. ყველაფერი კორეული ენისა და კულტურისადმი ჩემი ინტერესით დაიწყო. ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში, ინტერნეტში, სრულიად შემთხვევით, ეს მშვენიერი სამყარო აღმოვაჩინე, კორეული სერიალებისა და კორეული პოპულარული მუსიკის მეშვეობით. კორეის მიმზიდველობა ბევრ ფაქტორს უკავშირდება და ცალ-ცალკე აღებულ სფეროებში, შესაბამისად, სხვადასხვაა. კორეული სერიალები საინტერესო სიუჟეტებით გამოირჩევა, მათში ჩადებული იდეოლოგიითა და საზოგადოების კულტურულ-ტრადიციული ღირებულებებით; კორეული სიმღერები, თუკი ყველაზე გავრცელებული სახეობით — K-pop-ით ვიმსჯელებთ — რიტმით, საცეკვაო შესრულებით, საინტერესო ქორეოგრაფიითა და სინქრონით; მუსიკალური კლიპები, თავის მხრივ — ფერადოვნებით და ა.შ. სერიალებს ხშირად სუბტიტრებით ვუყურებდი. ერთ დღესაც გადავწყვიტე, კორეული ენა ისე მესწავლა, რომ სუბტიტრების გარეშე გამეგო რაზე საუბრობდნენ და მღეროდნენ. სწორედ ამიტომ ავირჩიე კორეა და კორეული ენა. თავდაპირველად, ენის შესწავლა ინტერნეტის საშუალებით დავიწყე, შემდეგ თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში შევედი კორეული ენის კურსებზე. ორწლიანი კურსის გავლის შემდეგ, სწავლა უცხო ენების ცენტრში გავაგრძელე. ამ პერიოდში, საქართველოში, კორეასთან დაკავშირებულ ყველა ღონისძიებას ვესწრებოდი და ვმონაწილეობდი. ნელ-ნელა კორეისადმი ინტერესი უფრო და უფრო გამიღრმავდა და, სწორედ ენის ცენტრში სწავლის პერიოდში, გადავწყვიტე, განცხადება შემეტანა კორეის სახელმწიფო დაფინანსების სტიპენდიის პროგრამაზე და სწავლა მაგისტრატურის საფეხურზე გამეგრძელებინა.
ამჟამად, ვსწავლობ სეულში, ჰანიანგის უნივერსიტეტში (Hanyang University), რომელიც რეიტინგით კორეის 10 საუკეთესო უნივერსიტეტის ჩამონათვალშია. ჩემი სპეციალობა კორეული ენის სწავლებაა, რაც, კორეული ენის ძირფესვიან შესწავლასთან ერთად, ასევე, მოიცავს კორეის ეკონომიკას, პოლიტიკას, საზოგადოებრივ და კულტურულ საკითხებს. შესაბამისად, იმის გარდა, რომ ვსწავლობ კორეული ენის საფუძვლებს, სტრუქტურას, სწავლების მეთოდებს, ვეცნობი ქვეყნის ეკონომიკურ, სოციალურ-პოლიტიკურ და ისტორიულ მხარეს, რაც მნიშვნელოვანია კორეული ენის პროფესიონალისთვის.
ჰანიანგის უნივერსიტეტის ისტორია
ჰანიანგის კერძო უნივერსიტეტი, 1939 წელს დაარსდა. მისი მთავარი საუნივერსიტეტო ტერიტორია სეულში (Seoul campus) მდებარეობს, მეორე განყოფილება — ქალაქ ანსანში (ERICA campus). ჰანიანგის უნივერსიტეტი, თავდაპირველად, დაარსდა როგორც ქვეყნის პირველი საინჟინრო ინსტიტუტი, თუმცა, დროთა განმავლობაში, სწავლების სფეროთა არეალი გაფართოვდა. უნივერსიტეტის 330 000 კურსდამთავრებულს შორის არიან არა მხოლოდ ინჟინრები, არამედ სხვადასხვა სფეროს პროფესიონალები. 2018 წელს ჰანიანგი დასახელდა რიგით პირველ უნივერსიტეტად, რომლის კურსდამთავრებულებიც სხვადასხვა კომერციულ კომპანიათა მთავარი აღმასრულებელი ხელმძღვანელები გახდნენ; ხოლო 2019 წელს, რიგით 150-ე, მსოფლიოს უნივერსიტეტთა სიაში შვიდა. უნივერსიტეტში, ყოველწლიურად, 7400 უცხოელი სტუდენტი სწავლობს. ჰანიანგის 820 პარტნიორ უნივერსიტეტს შორის, 88 ქვეყანაში, შედის: მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, კემბრიჯის უნივერსიტეტი, ცინგჰუას უნივერსიტეტი და სხვ.
აკადემიური მიღწევები — სტიპენდიები და გრანტები
სტიპენდიები სტუდენტებისთვის მრავალ ქვეყანაში არსებობს, შესაბამისად, მოთხოვნები და პირობები სხვადასხვაა. მე კორეის სახელმწიფო დაფინანსება (KGSP) ავიღე, რომლის მიზანია, მისცეს უცხოელ სტუდენტებს შესაძლებლობა, სწავლა მაგისტრატურასა და დოქტორანტურის პროგრამებზე კორეის რესპუბლიკაში გააგრძელონ. სტიპენდია მოიცავს, ყოველთვიურად, 1 000 000 ვონს, რაც 921 დოლარის ექვივალენტია. სტიპენდიის შესახებ ინფორმაციის გავრცელება, ძირითადად, სხვადასხვა ქვეყნებში კორეის საელჩოს მეშვეობით ხდება. კონკურსანტების შერჩევა რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობს. წარმატებულ კონკურსანტებს სტიპენდია უნაზღაურებს: თვითმფრინავის ბილეთის საფასურს, დასაბინავებლად, პირველად, 200 000 ვონს (185 დოლარს), ყოველთვიურ სტიპენდიას — 921 დოლარს, სამედიცინო დაზღვევას — 20 000 ვონის (18 დოლარი) ოდენობით ყოველთვიურად, კორეული ენის კურსების საფასურს, მაგისტრატურაზე ან დოქტორანტურაზე სწავლის საფასურს, ასევე, არის ფულადი წახალისებები, მაგალითად, სტუდენტები, რომლებიც მეხუთე დონეს აიღებენ კორეული ენის ტესტში (TOPIK) დამატებით მიიღებენ 100 000 ვონს (92 დოლარს). ამ ყველაფერთან ერთად, არის მოთხოვნები, რომლებიც ზუსტად უნდა შეასრულონ სტიპენდიანტებმა, მაგალითად, ყოველ სემესტრში დააგროვონ, არანაკლებ, 80 საშუალო ქულა (GPA), მკაცრად შეასრულონ სტიპენდიის კოორდინატორის მითითებები და ა.შ. კერძოდ სტიპენდიის ოდენობაზე თუ ვისაუბრებთ, ის საკმარისად ითვლება კორეაში საცხოვრებლად, თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ საცხოვრებლის საფასური იმ თანხიდან იქვითება, რომელსაც ყოველთვიურად იღებს სტიპენდიანტი. მიუხედავად ამისა, თუ სტუდენტი დარჩენილ თანხას ჭკვიანურად გადაანაწილებს, შეძლებს დაიკმაყოფილოს ცხოვრებისეული მოთხოვნები.
მსგავსება და განსხვავება ქართულ და კორეულ უნივერსიტეტებს შორის
კორეული და ქართული სასწავლებლები ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავდება. პირველ რიგში, თვალშისაცემია ის, რომ საუნივერსიტეტო ტერიტორია ყოველთვის გამოყოფილია, ლოკალურადაა განთავსებული. ზოგიერთი მათგანი ისეთი დიდია, რომ უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ავტობუსით გადაადგილებაა საჭირო. სწავლის დაწყება სწორედ პანდემიის პერიოდში მომიწია, შესაბამისად, არცთუ ისე ადვილია, ზუსტად გიპასუხოთ ქართული და კორეული განათლების სისტემების შედარებასთან დაკავშირებით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით სასწავლო პლატფორმის შეცვლის გამო. თუმცა, მინდა აუცილებლად აღვნიშნო, რომ კორეელები ძალიან შრომისმოყვარეები არიან, დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ განათლებას და ბევრს მუშაობენ იმისთვის, რომ, საბოლოოდ, წარმატებული მომავალი შეიქმნან. გასათვალისწინებელია, ასევე, დიდი კონკურენცია კორეაში, რაც, სტიმულის გარდა, ზეწოლას ახდენს ახალგაზრდებზე, იმუშაონ და ისწავლონ ორჯერ უფრო მეტად, რომ წარმატების მისაღწევად მეტი შესაძლებლობა გაუჩნდეთ.
კორეელი მოსწავლეები დილიდან ღამის 12 საათამდე სწავლობენ, სკოლის შემდეგ კერძო სასწავლებლებში მიდიან, მრავალ ღონისძიებაში მონაწილეობენ, რაც მათი პირადი დახასიათებისთვისაა საჭირო, შემდგომში ქვეყნის წამყვან უნივერსიტეტებში მოსახვედრად. კონკურენციაა უნივერსიტეტებს შორისაც, ცდილობენ, რაც შეიძლება უკეთესი სასწავლო პირობები შესთავაზონ სტუდენტებს, კვალიფიციური კორეელი და უცხოელი მოწვეული ლექტორები, კვლევის ლაბორატორიები, კომპიუტერული ტექნოლოგიები და საჭირო ინფრასტრუქტურა. უნივერსიტეტი არ იშურებს ძალებს, ხერხებს, აქტივობებს, ღონისძიებებს, კურსებს, რომლებიც ეხმარება სტუდენტებს. ასევე, პროფესიის მიხედვით, სტუდენტებს კარიერულ წინსვლასა და სამუშაოს დაწყებას უადვილებენ, ამისთვისაც ცალკე კურსები არსებობს. სწორედ ჩამოთვლილი მიზეზების გამო, ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტები, ე.წ. SKY უნივერსიტეტები, ითვლება საკმაოდ პრესტიჟულად.
ქართულ და კორეულ საგანმანათლებლო სისტემებს შორის მსგავსებაც არის და განსხვავებაც. კონკურენციის თემა, რა თქმა უნდა, საქართველოში ისე მწვავედ არ დგას, როგორც კორეაში. ამის გამო, კორეელი მოსწავლეები თავისი დროის უმეტესობას სწავლაში და სკოლის შემდეგ მოსამზადებელ ცენტრებში ან ინდივიდუალურად სწავლაში ატარებენ, რაც მნიშვნელოვნად განასხვავებთ ქართველი მოსწავლეებისგან. უნივერსიტეტში მისაღები გამოცდების დროს, აბიტურიენტებს სრულ მხარდაჭერას უცხადებს და მშვიდ გარემოს უქმნის კორეული საზოგადოება — მაქსიმალურად იზღუდება სამანქანო მოძრაობა საგამოცდო ცენტრებთან და ყველას სიწყნარისკენ მოუწოდებენ, რომ აბიტურიენტებმა გამოცდაზე უფრო მეტად მოახდინონ კონცენტრირება. უცხოური, ისევე როგორც ქართული სასწავლებლები სხვადასხვა უნივერსიტეტებთან გაცვლითი პროგრამებისა და კურსების საშუალებით თანამშრომლობენ, რაც ნებისმიერ სტუდენტს, ნაწილობრივ, უადვილებს უცხოეთში სწავლის შანსის მოპოვებას.
საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა
ბიბლიოთეკაც, ისევე როგორც ბევრი სხვა დაწესებულება კორეაში, გამარტივებული და სტუდენტის მოთხოვნებთან მაქსიმალურად შეფარდებულია. შესვლა სტუდენტური ბარათით ხდება, კომპიუტერული მომსახურება სტუდენტს უადვილებს სასურველი წიგნის მოძიებას, გამოტანას ან დაბრუნებას. ჰანიანგის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა ექვსსართულიანია და, დამატებით, მიწისქვეშა 3 სართული აქვს. სართულები თემატურადაა დაყოფილი. მრავალი საკითხავი დარბაზია, სადაც შეგიძლია კომფორტულად წაიკითხო სასურველი წიგნი ან იმეცადინო. წიგნებიდან გვერდების კოპირება და წიგნების გამოტანაც შესაძლებელია.
ამფითეატრი — ყველზე მნიშვნელოვანი საუნივერსიტეტო სივრცე
უნივერსიტეტში სწავლის დაწყებამდე, კორეაში, სხვა ქალაქში, გვანგჯუში ვცხოვრობდი. ჰანიანგის უნივერსიტეტს სეულში ჩამოსვლის დროს ვესტუმრე, რომ დამეთვალიერებინა, როგორ უნივერსიტეტში ვისწავლიდი. ჩემი ყურადღება მიიპყრო იმან, რომ უნივერსიტეტი გორაკიან ადგილასაა განლაგებული, სადაც ბევრი კიბე და აღმართ-დაღმართია. საინტერესოა, რომ სასწავლებელში, მთავარ შესასვლელთან, მეტროსადგურია, სახელწოდებით — „ჰანიანგის უნივერსიტეტი“, სტუდენტებს მისვლა რომ გაუადვილდეთ.
ჩემთვის ყველაზე საინტერესო სივრცე უნივერსიტეტის ამფითეატრი და მისი მიმდებარე ტერიტორიაა, ასევე სასწავლებლის მეორე შესასვლელი და მრავალი კაფე-რესტორანი, სასადილო და გასართობი ადგილი, სადაც ხშირად დადიან სტუდენტები. თუმცა, ბოლო პერიოდში, პანდემიის გამო, ეს ადგილები ან დაკეტილია, ან სამუშაო საათებია შეზღუდული.
პანდემია — შეცვლილი ყოველდღიურობა და სასწავლო პროცესი
ისევე როგორც ყველას, ჩვენც მოგვიწია სწავლების ონლაინ რეჟიმზე ადაპტირება. აქამდე რთულად წარმოსადგენი სასწავლო პროცესიც კი დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. უმრავლესობა თვლის, რომ აუდიტორიაში სასწავლო პროცესის ჩატარება გაცილებით გასაგები და ეფექტური იყო. მეც ვემხრობი ამ პოზიციას. ჩემთვის, როგორც უცხოელი სტუდენტისთვის, საზღვარგარეთ სწავლის სრული გამოცდილების მისაღებად, რა თქმა უნდა, სასურველი იქნებოდა სწავლების ტრადიციული ფორმა. პროფესორებიც, გრძელვადიანი გამოცდილებიდან გამომდინარე, უკეთ და ეფექტურად იყენებენ აუდიტორიაში სწავლების პროცესს, მეტი ინტერაქცია ხდება სტუდენტ-ლექტორსა და თვითონ სტუდენტებს შორის, ასევე, ნაკლებად იქმნება ლექციაზე კონცენტრაციის პრობლემა. პანდემიამ ჩვენი ცხოვრება და სწავლის პროცესი მნიშვნელოვნად შეცვალა. ძირითადი დროის გატარება საცხოვრებელში მიწევს და, დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, საჭიროა ნორმების დაცვა, მათთან ადაპტირება. მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ლექტორები და მასწავლებლები ცდილობენ, შეისწავლონ და ეფექტურად გამოიყენონ ყველა საშუალება, რასაც მათ ინტერნეტ სივრცე და კომპიუტერი სთავაზობს. მიუხედავად ამისა, მრავალი სხვა პრობლემა ჩნდება. ვფიქრობ, სანამ პანდემია არ დასრულდება, სახიფათოა აუდიტორიაში დაბრუნება. სწავლების ონლაინ რეჟიმს კი, ჯერ კიდევ, გათავისება და დახვეწა სჭირდება, მაგრამ შეუძლებელი არაფერია.
გამოცდილების გაზიარება მომავალი სტუდენტებისთვის
დღეს, სულ უფრო და უფრო იზრდება საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველთა რაოდენობა. უცხოეთში სწავლა არ ნიშნავს მხოლოდ ცხოვრებაში რაღაც პუნქტის შესრულებას, არამედ გაცილებით მეტს. ეს არის ახალ საზოგადოებასთან კონტაქტის და მრავალი ახალი გამოცდილების დაგროვების უდიდესი შანსი, რომელიც, ვფიქრობ, ყველა სტუდენტმა უნდა გამოიყენოს, თუ ამის შესაძლებლობა და სურვილი არსებობს. არის რიგი შემთხვევები, როდესაც სტუდენტები მიდიან საზღვარგარეთ, შემდეგ მერყეობენ, ზუსტად არ იციან რა და როგორ ისწავლონ ან ამას გვიან აანალიზებენ. პირველ რიგში, საჭიროა, სტუდენტმა ზუსტად განსაზღვროს თავისი შესაძლებლობები და ინტერესები, შემდეგ მოიძიოს სხვადასხვა მასალა უნივერსიტეტებსა და მათ მიერ შეთავაზებულ პროგრამებზე, ამისთვის ინტერნეტში საკმაოდ ვრცელი მასალაა. გარდა ამისა, სასურველი იქნებოდა, თუ სტუდენტი წინასწარ გაესაუბრება პროფესორებს ან უნივერსიტეტის წარმომადგენელს, დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად. საზღვარგარეთ სწავლა და ცხოვრება ყველასთვის ადვილი არაა, სტუდენტები წინასწარ უნდა გაეცნონ საგნების არჩევის პროცესს, ყველა უნივერსიტეტსა და ფაკულტეტს სხვადასხვა მოთხოვნები აქვს. ენის ბარიერი, ჩემ შემთხვევაში, პრობლემას არ წარმოადგენდა, სასურველია, სტუდენტმა რაციონალურად განსაზღვროს თავისი შესაძლებლობები და, საჭიროების შემთხვევაში, გაიღრმავოს ცოდნა იმ ენისა და იმ ქვეყნის კულტურის, სადაც წასვლას აპირებს.
კორეის სახელმწიფო დაფინანსების მქონე სტუდენტებს ეძლევათ შანსი, ერთი წლის განმავლობაში, შეისწავლონ ან კიდევ უფრო გაიღრმაონ ცოდნა კორეულ ენაში. ვფიქრობ, გარკვეულ ადმინისტრაციულ საკითხებთან დაკავშირებით, განსხვავებები ყოველთვის არსებობს და გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, საჭიროა ადმინისტრაციასთან კონსულტაცია და კომუნიკაცია. რა თქმა უნდა, ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და თავისუფალია მომავალი პროფესიის არჩევანში. კორეის შემთხვევაში, არიან სტუდენტები, რომლებიც კორეული ენის უფრო ღრმად შესასწავლად და მომავალში ამ ცოდნის სხვადასხვა სფეროში გამოყენების მიზნით ჩამოდიან, ასევე სტუდენტები, რომლებიც ბიზნესის, კომპიუტერული მეცნიერებების, ხელოვნების სხვადასხვა სფეროს თუ ეკონომიკურ-პოლიტიკური პროფესიებით ინტერესდებიან.
კორეული სტუდენტური ცხოვრება
კორეაში ცხოვრება საკმაოდ დინამიური და ცოცხალია. აქ ახალგაზრდებისთვის, და არა მხოლოდ მათთვის, ძალიან ბევრი გასართობი და მოსანახულებლად საინტერესო ადგილია. სტუდენტები, საღამოებს და თავისუფალ დროს, ხშირად მეგობრებთან ერთად ატარებენ. მათთვის მრავალფეროვანი არჩევანია — ყველაზე პოპულარული კარაოკე ბარები, შოპინგ ცენტრები, საკონცერტო წარმოდგენები, კორეული სამზარეულოს გემრიელი რესტორნები და სხვადასხვა გასართობი დაწესებულებები. თუმცა, პანდემიამ მრავალი ასეთი ცენტრი დახურა. უკანასკნელი მონაცემებით, კორეაში აკრძალულია რაიმე სახის ღონისძიება და ხუთ ადამიანზე მეტის შეკრება; რესტორნები, საღამოს 9 საათის შემდეგ, მხოლოდ მიტანის სერვისით მუშაობენ, კაფეების უმრავლესობაში, რომლებიც ახალგაზრდებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს, გაჩერება არ შეიძლება, შესაბამისად, ასეთ ვითარებაში, ახალგაზრდებს არცთუ ისე დიდი არჩევანი აქვთ გართობის თვალსაზრისით.
კორეელი სტუდენტებისთვის პრიორიტეტული, რასაკვირველია, სწავლაა. უმრავლესობა დიდ დროს ისევ სწავლას უთმობს, მაგრამ იმავდროულად იციან, როგორ განიტვირთონ გადაღლილი კვირის ბოლოს. ჩემთვის ყოველთვის შთამბეჭდავია, როგორ ახერხებს კორეელი საზოგადოება თავდაუზოგავად მუშაობას და შემდეგ, ყოველი კვირის ბოლოს, საინტერესოდ განტვირთვას, იქნება ეს მეგობრების გარემოცვაში თუ ინდივიდუალურად, საკუთარი ინტერესების გაღრმავებით. ჩემ შემთხვევაში, თავისუფალ დროს პირად განათლებას ვუძღვნი. ვცდილობ, ინტერნეტის მეშვეობით, მოვიძიო საინტერესო ინფორმაცია და კურსები, რომლებიც მომავლისთვის საინტერესო პერსპექტივებს გამიხსნის, ასევე, დაკავებული ვარ ჩემი ჰობით და ახლო მომავალში საინტერესო გეგმების განხორციელებაზე ფიქრით.
კორეული წეს-ჩვეულებები
კორეული წეს-ჩვეულებები საკმაოდ მრავლისმომცველი თემაა. მახსოვს, საქართველოში ყოფნის დროს, ამ თემით კონფერენციაშიც მივიღე მონაწილეობა და შემდგომ, სტატიაც დავწერე. საქართველო და კორეა ერთმანეთისგან ძალიან შორს მდებარე ქვეყნებია, თუმცა, ბევრ განსხვავებასთან ერთად, მსგავსებაც არსებობს, მაგალითად, უფროსებისა და საკუთარი ტრადიციების დიდი პატივისცემა, ხალხთა გულთბილობა და სტუმართმოყვარეობა. კორეაში ჩამოსვლამდე, დიდი ხნით ადრეც, ბევრი რამ ვიცოდი კორეული ტრადიციების შესახებ, თუმცა, რადგან კორეული ტრადიციები კონფუციანიზმს ეფუძნება, ზოგიერთი ტრადიცია და წეს-ჩვეულება უცხოელმა სტუმარმა შეიძლება გაითვალისწინოს, მაგრამ მაინც გაუგებარი იყოს მისთვის. კორეელი საზოგადოება დიდ პატივს სცემს უფროს თაობას, როგორც უკვე აღვნიშნე და ხშირ შემთხვევაში, თუკი რამდენიმე თაობა ერთად სადილობს, ჯერ უფროსებმა უნდა დაიწყონ სადილი, შემდეგ — დანარჩენებმა. იგივე წესი ვრცელდება, როდესაც კორეული კომპანიიდან თანამშრომლები მიდიან სასადილოდ — პოზიციით უფროსს ენიჭება პრივილეგია. არსებობს გარკვეული ეტიკეტი, რომელიც უფროსებთან სადილის ან სასმელის დალევის დროს უნდა გაითვალისწინოთ, როგორიცაა სასმელის დალევის დროს თავის მიტრიალებით დალევა. ნივთების მიცემა-გამორთმევის დროს, ორი ხელით მიწოდება პატივისცემის ნიშნად ითვლება, შესაბამისად, თანამშრომლებთან ან უფროს თაობასთან ერთად სადილის დროსაც მოდუნება არ შეიძლება. ზემოთ ჩამოთვლილი და მრავალი სხვა ნიუანსის ცოდნა აუცილებელია.
მომავლის გეგმები
მომავალი ძალიან არაერთფეროვანი და არაპროგნოზირებადი ფენომენია. ყველაფერი შეიძლება მოხდეს და ნებისმიერი მდგომარეობისთვის მზადყოფნაა საჭირო. დარწმუნებული ვარ, საზღვარგარეთ მიღებული ცოდნა დიდ როლს ითამაშებს საქართველოში დასაქმებაში, მით უმეტეს, ჩემი პროფესიისთვის, როგორც კორეული ენისა და კულტურის პროფესიონალსა და მომავალ პედაგოგს, კორეელ საზოგადოებასთან ინტერაქცია და საინტერესო გამოცდილების დაგროვება მნიშვნელოვნად დამეხმარება კარიერულ წინსვლაში. რასაკვირველია, ვისურვებდი, მომავალში, საზღვარგარეთ მიღებული ცოდნის მაქსიმალურად გამოყენება და სხვა დაინტერესებული ადამიანებისთვის გაზიარება შევძლო. ვფიქრობ, ჩემი მიზანი სამომავლოდ სწორედ ეს იქნება.
შორიდან დანახული სამშობლო, რომელიც ულამაზესია…
საზღვარგარეთ ცხოვრება, როგორც ერთი შეხედვით ჩანს, ადვილი არ არის. ნებისმიერი ადამიანი, მარტო უცხო ქვეყანაში, ბევრ დაბრკოლებას და შეიძლება პრობლემასაც გადაეყაროს. მინდა აუცილებლად აღვნიშნო, რომ ჩემი ოჯახი უაღრესად ტრადიციულია და ქართულ წეს-ჩვეულებებს ყოველთვის დიდი პატივისცემით ვეკიდებოდით. ბაბუაჩემი პატივსაცემი პიროვნება და უაღრესად პატრიოტი სამხედრო პოლკოვნიკია და როგორც სამხედრო ოჯახში აღზრდილს, სამშობლოს სიყვარული, ქართული წეს-ჩვეულებებისა და ტრადიციების გათვალისწინება, სადაც უნდა ვიყო, ჩემს გულში, ყოველთვის დიდ ადგილს იკავებს. საზღვარგარეთ ყოფნისას უფრო მეტად ვფიქრობ და მენატრება ჩემი ოჯახი და სამშობლო, ყოველთვის ვინტერესდები და ვეცნობი ჩემს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. შორიდან დანახული ჩემი სამშობლო, ულამაზესი მხარე, სადაც დავიბადე, გავიზარდე და სადაც ჩემი ფესვებია, ყოველთვის თბილად მახსენდება. განსაკუთრებით ერთი ეპიზოდი მახსენდება, როდესაც კორეაში ახალი ჩამოსული ვიყავი, მეგობრებთან ერთად, გვანჯუში, პირველად ავედით მთაზე და გადავწყვიტეთ, იქიდან ყველას რაღაც დაგვეყვირა, მე მთის ყველაზე მაღალი წერტილიდან „საქართველო“ დავიძახე, რომ კორეაშიც მაღალი მთიდან გაჟღერებულიყო კორეისთვის ასე უცნობი და ჩემი საყვარელი სამშობლოს სახელი.