ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმატებული ელჩი, სტუდენტი მონიკა ბუცხრიკიძე მენეჯმენტის პროგრამის მეორე კურსზე სწავლობს. იგი წარმოშობით აფხაზეთიდანაა, რამდენიმე ათეული წელია მისი ოჯახი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს. გოგონამ ხარაგაულის №3 საჯარო სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა, სკოლის წარჩინებით დასრულების შემდეგ კი სწავლა KIU-ს მენეჯმენტის პროგრამაზე განაგრძო.
„2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული შედეგისა (50%-იანი სახელმწიფო გრანტი) და ოქროს მედლის დამსახურებით, KIU-ში მოვიპოვე სწავლისა (100%) და კამპუსში ცხოვრების დაფინანსება, ასევე ყოველთვიური სტიპენდია. მაღალი აკადემიური მოსწრების გამო, უკვე მეორე წელია ვინარჩუნებ აღნიშნულ გრანტებს. KIU-ში ჩაბარება რამდენიმე განსხვავებულმა ფაქტორმა გადამაწყვეტინა. მენეჯმენტის ფაკულტეტი ჩემთვის ასოცირდებოდა და ასოცირდება ულევ შესაძლებლობასთან. ასევე მაინორი პროგრამის არჩევის საშუალება ერთ-ერთ მთავარ ბონუსად მიმაჩნია, მომხიბლა მენეჯმენტის კონცენტრაციებმაც. უნივერისტეტის ქუთაისში გახსნა ხომ უპირობოდ გამიხარდა, ასე უფრო ახლოს ვიქნებოდი ოჯახთან“, – აცხადებს სტუდენტი.
ბავშვობაში დაინტერესებული იყო სამართალით, გავლილი აქვს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ტრენინგები. ძალიან უყვარს წერა. ქმნის ჩანახატებს, აქვს საკუთარი ბლოგიც. იზიდავს მუსიკა და ხელოვნება.
„მენეჯმენტი საშუალებას მაძლევს ვაკეთო ყველაფერი, რაც სიამოვნებას მანიჭებს. ადამიანებთან კომუნიკაცია, პროექტებზე მუშაობა, ივენთების დაგეგმვა – ეს ყველაფერი მაქსიმალურ კომფორტს მიქმნის. ამასთანავე, ვფიქრობ, ჩემი პროფესია საკმაოდ აქტუალური და მოთხოვნადია დღესდღეობით. მუდმივად ვვითარდები და არ ვარ კონკრეტულ ჩარჩოებში მოქცეული. პროფესიის არჩევისას გააზრებული მქონდა, რომ მენეჯმენტი დამეხმარებოდა არ ჩამოვშორებოდი ინტერესის სფეროებს. მაგალითად, შემიძლია ხელოვნება და მარკეტინგი ერთმანეთს დავუკავშირო“, – აღნიშნავს მონიკა.
ბუნებით ლიდერი გოგო სკოლის პერიოდში აქტიურად იყო ჩართული საგანმანათლებლო და სოციალურ ღონისძიებებში. ის გახლდათ ხარაგაულის ახალგაზრდული საკრებულოს ორი მოწვევის წევრი და თავმჯდომარის მოადგილე. ახალგაზრდა ჟურნალისტთა სკოლის სტუდენტი. ქმნიდა სტატიებს და ამზადებდა სიუჟეტებს. 4 წლის მანძილზე იყო სკოლის „რა? სად? როდის?“ კლუბის წევრი. მონაწილეობდა გეოგრაფიის, ისტორიის, მათემატიკის, ინგლისურისა და ქართული ენის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადებში. მე-9 კლასის წარმატებით დასრულებისათვის საჩუქრად მიღებული აქვს ლეპტოპი. სკოლა კი როგორც უკვე გითხარით, დამთავრებული აქვს ოქროს მედალზე.
მისი აქტიურობა შემდგომ უნივერსიტეტშიც გაგრძელდა.
„პირველივე კურსზე ყოფნისას მონაწილეობა მივიღე სულხან-საბა ორბელიანის უნივერისტეტის ბიზნეს ქეისების კონკურსში. ერთი სემესტრის განმავლობაში ვიყავი საქართველოს სტუდენტური პარლამენტის წევრი. გავიარე GITA-ს საზაფხულო კურსი, რომელიც KIU-ში ხორციელდებოდა. კურსის ფარგლებში, თანატოლებთან ერთად შევქმენი სტარტაპ იდეა და მოვახდინე პროექტის პრეზენტაცია. ვმონაწილეობდი „ჰარვარდის ბიზნეს სკოლის ქეისების“ კონკურსში, რომელშიც როგორც წესი, მაგისტრები იღებენ მონაწილეობას. ამ კონკურსმა ძალიან დიდი გამოცდილება მომცა. ამჟამად KIU USAID-თან თანამშრომლობით ახორციელებს პროექტს, რომელიც მოიცავს ბიზნეს კომპანიებისთვის ICT SOLUTION-ების შექმნას. ერთი თვის მანძილზე ვიყავი სამენეჯერო კვლევითი გუნდის წევრი და ვმუშაობდი საქართველოში მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების მონაცემთა ბაზების კვლევაზე. ასევე უნივერსიტეტისგან დამოუკიდებლად მონაწილეობა მივიღე USAID YES-ის პროგრამაში, რომელიც ახალგაზრდა მეწარმეთა ტრენინგებს მოიცავს“, – აცხადებს სტუდენტი
როგორც თავად ამბობს, ამ ეტაპზე მისთვის ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო პროექტი – DISRUPT CAMP 2022-ია. მას „Philip Morris International“ ახორციელებს. აღნიშნულ პროექტში ჯამში სამი ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობენ. 1 000 მონაწილიდან 60 ფინალისტი შეირჩა, მათ შორის ერთ-ერთი მონიკაა. ამ პროექტში ჩართვა მხოლოდ მეოთხე კურსის ან მაგისტრატურის სტუდენტებს შეუძლიათ, თუმცა მონიკას გამოცდილება და CV ძალიან დაეხმარა ყველა ეტაპის წარმატებით გადალახვაში. ამჟამად მოლდოველ და სომხ თანაგუნდელებთან ერთად პროექტზე მუშაობას იწყებს. გამარჯვების შემთხვევაში შესაძლებლობა ექნება, ჰარვარდში სამთვიანი კურსი გაიაროს.
გასულ წელს ჩართული იყო KIU-ს მენტორობის პროგრამაში. პროექტის ფარგლებში მენტორმა ბევრი საინტერესო ინფორმაცია გაუზიარა სტრატეგიული კომუნიკაციის, მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის, ღონისძიებებისა და PR კამპანიის დაგეგმვა-განხორციელების შესახებ. სტუდენტის თქმით, დღეს საკმაოდ კარგად იყენებს მიღებულ ცოდნას.
„მოგეხსენებათ, KIU-ს ელჩი ვარ. ელჩი არის უნივერსიტეტის წარმატებული და აქტიური სტუდენტი, რომელსაც შეუძლია თანატოლებთან ერთად დაგეგმოს და განახორციელოს სხვადასხვა სახის საინტერესო აქტივობა. ეს სტატუსი ჩემთვის დიდ შესაძლებლობასთან, პასუხისმგებლობასთან ასოცირდება. მუდმივად ვფიქრობ ახალი და კრეატიული პროექტების შექმნაზე, რათა საუნივერსიტეტო ცხოვრება კიდევ უფრო ხალისიანი და მიმზიდველი გახდეს. ელჩი ერთგვარი სახეა უნივერსიტეტის, ამიტომ პასუხისმგებლობით ვეკიდები თითოეულ აქტივობას. განსაკუთრებით საინტერესოა ღია კარის დღეებზე აბიტურიენტებთან შეხვედრა და მათთვის სტუდენტური ცხოვრებისა და უნივერსიტეტის შესახებ ინფორმაციის გაზიარება. ზოგადად, მიმაჩნია, რომ KIU შესაძლებლობებით აღსავსე ადგილია. ვფიქრობ, უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ მექნება საკმარისი ცოდნა, რათა დავსაქმდე კარგ კომპანიაში. ბუნებით მაქსიმალისტი ვარ. ვცდილობ, რომ არც ერთი შესაძლებლობა არ გავუშვა ხელიდან. წინ სტაჟირების პროგრამა მელოდება, იმედი მაქვს, რომ მას საზღვარგარეთ გავივლი“, – აღნიშნავს სტუდენტი.
ზაფხულზე CELA-ს სტაჟირების პროგრამის გავლა სურს. როგორც თავად ამბობს, საბოლოო მიმართულებად მარკეტინგს, სტრატეგიას, ლიდერობას აირჩევს. ეს სფერო ყველაზე ახლოსაა მის პიროვნებასთან. ასევე მუშაობს სტარტაპ პროექტის შექმნაზე.