ნოდარ ბასილაძე
პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი
პედაგოგიკა, აღზრდის ხელოვნება, რაც დრო გადის, მით უფრო მეტი ადამიანის ინტერესის საგანი ხდება. და ეს არცაა გასაკვირი, რადგან მეცნიერულ-ტექნიკური რევოლუციის ეპოქაში კიდევ უფრო გართულდა ბავშვის აღზრდა. იგი, სკოლასთან ერთად, თითოეული სააღმზრდელო დაწესებულების, ოჯახისა და მთელი საზოგადოებრიობის ერთ-ერთ ძირითად ამოცანად და საპატიო მოვალეობად იქცა. ამიტომაც გასაგებია ყოველი პედაგოგიური ნააზრევის უდიდესი რეზონანსი.
ამ მხრივ განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს გამოჩენილი პოლონელი პედაგოგის, თვალსაჩინო მწერლის, ბავშვთა გულისხმიერი ექიმისა და საზოგადო მოღვაწის — იანუშ კორჩაკის პედაგოგიკური მემკვიდრეობა. მასში მკითხველები პოულობენ კეთილ, ბრძნულ რჩევა-დარიგებებს, თეორიულ განზოგადებებს, იძენენ ცხოვრებისეულ გამოცდილებას. ამიტომაცაა, რომ კორჩაკის მღელვარე ცხოვრება, მრავალმხრივი ნიჭი, ნოვატორული პედაგოგიური მოღვაწეობა და თეორიული მემკვიდრეობა საყოველთაო ინტერესს იწვევს არა მარტო პოლონეთში, რომლის მოქალაქეც იგი იყო, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. ი. კორჩაკის წიგნები და სტატიები თარგმნილია მსოფლიოს ხალხთა მრავალ ენაზე. უკანასკნელ წლებში მასზე იწერება ნარკვევები და წიგნები, იქმნება პიესები, კინოფილმები და ლეგენდები.
ლეგენდას კი 1942 წლის 5 აგვისტოს დაედო სათავე. იანუშ კორჩაკი ობოლთა სახლის აღმზრდელი იყო ვარშავის გეტოში. ბავშვთა სახლის ორასი აღსაზრდელი ფაშისტებმა ტრებლინკის ღუმელების „გასახურებლად“ გასწირეს. სიკვდილთან პირისპირ შესახვედრად მიმავალ ბავშვებს წინ იანუშ კორჩაკი მიუძღოდა. ბავშვები მშვიდად, ხელიხელჩაკიდებული მიემართებოდნენ ვაგონებისკენ. მატარებლის უფროსმა იცნო იგი და უთხრა:
– „პატარა ჯეკის გაკოტრება“ თქვენ დაწერეთ?
– დიახ.
– კარგი წიგნია, ბავშვობაში წამიკითხავს… თქვენ თავისუფალი ხართ.
– ბავშვები?
– ბავშვები გაემგზავრებიან, თქვენ კი შეგიძლიათ დარჩეთ.
– ცდებით. მე სინდისით არ ვვაჭრობ, ყველა როდია არამზადა, – უპასუხა კორჩაკმა და ყველაზე პატარა ბავშვით ხელში გაუდგა სიკვდილისა და არდავიწყების გზას. ამშვიდებდა მათ, ზრუნავდა, რათა პატარების გულში არ დაბუდებულიყო სიკვდილის მოლოდინით გამოწვეული საშინელება. ამ საბედისწერო ჟამს მან არ ინდომა იმათი მიტოვება, ვისთანაც ერთად და ვისთვისაც იღვწოდა.
იანუშ კორჩაკი სამწერლო ფსევდონიმია. ეს ფსევდონიმი მან აირჩია პოლონელი მწერლის, კრაშევსკის, ერთ-ერთი ნაწარმოების გმირის, იანუშ კორჩაკის, სახელის მიხედვით. მისი ნამდვილი სახელი და გვარი კი ჰენრიკ გოლდშმიდტია. იგი დაიბადა 1878 წლის 22 ივლისს, ქალაქ ვარშავაში, ცნობილი ადვოკატის ოჯახში. თერთმეტი წლის იყო ჰენრიკი, როცა მამა გარდაეცვალა და მთელი ოჯახის სიმძიმე მას დააწვა. დედა და პატარა და რომ ერჩინა, ჯერ კიდევ მოსწავლეობის წლებში, ხელი მიჰყო რეპეტიტორობას. სწორედ ამ პერიოდში შეუყვარდა მას ბავშვები და მათთან მუშაობა, გაუჩნდა სურვილი, მთელი თავისი ძალა და ენერგია, ცოდნა და გამოცდილება გამოეყენებინა მოზარდი თაობის აღზრდის, მათი ცხოვრების პირობების გაუმჯობესების კეთილშობილურ საქმეში. ერთ-ერთ დღიურში იგი წერდა: „მე… ვალდებული ვარ ვიზრუნო ქვეყნისათვის, ხალხისათვის. ქვეყნისათვის ზრუნვა ნიშნავს არსებული წყობილების გარდაქმნას, ქვეყნის გარდაქმნა კი – მოზარდი თაობის აღზრდის მოწოდების სიმაღლეზე დაყენებას“.
გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ი. კორჩაკი ვარშავის სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტი ხდება. მთელი გატაცებით ეწაფება სამედიცინო ლიტერატურას, ამავე დროს განაგრძობს რეპეტიტორობას და იწყებს მწერლობას. მისი პირველი ნაწარმოებია „ქუჩის ბიჭები“, რომელშიც ავტორი მოგვითხრობს უპატრონო და უსახლკარო ბავშვებზე, მცირეწლოვან დამნაშავეებზე. 1898 წელს იგი წერს დრამას ოთხ მოქმედებად, რომელიც „ვარშავის კურიერის“ ფურცლებზე დაიბეჭდა და მკითხველთა ფართო საზოგადოების ყურადღება მიიქცია. ამავე წელს მას გადაეცა პირველი პრემია წიგნისთვის „რომელი გზით“.
1903 წელს ი. კორჩაკმა ინსტიტუტი დაამთავრა და პედიატრი — ბავშვთა ექიმი გახდა. ერთი წლის შემდეგ კი ჯარში გაიწვიეს და შორეულ აღმოსავლეთში გაგზავნეს, სადაც რუსეთ-იაპონიის ომი მიმდინარეობდა. აქ კორჩაკი რუსეთის არმიის სამხედრო ექიმი იყო, მაგრამ თავის საყვარელ საქმეს მაინც არ ივიწყებდა – წერდა და აქვეყნებდა წერილებს ბავშვებზე და ბავშვებისთვის. სწორედ ამ წლებში დაწერა მან წიგნი „როგორ უნდა გვიყვარდეს ბავშვები“, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ნაწარმოებად ითვლება მწერლის პედაგოგიკურ მემკვიდრეობაში.
ვარშავაში დაბრუნების შემდეგ ი. კორჩაკი, ერთხანს, ბავშვთა საავადმყოფოში პედიატრად მუშაობდა, ამასთან, აქვეყნებდა სტატიებს სამედიცინო ჟურნალ-გაზეთებში, მაგრამ მალე სამუდამოდ მიატოვა ექიმობა და მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება ობოლ ბავშვთა აღზრდის საქმეს შესწირა. 1911 წელს, მისი ინიციატივითა და აქტიური მონაწილეობით, ლამაზ ადგილას, ბუნების წიაღში, მდიდარი ფილანტროპების სახსრებით, აშენდა „ობოლთა სახლი“, სადაც ბავშვები ცხოვრობდნენ და სწავლობდნენ. „ობოლთა სახლის“ დირექტორი და სულისჩამდგმელი იყო „მოხუცი დოქტორი“ – იანუშ კორჩაკი.
„ობოლთა სახლის“ გარდა, ი. კორჩაკმა, 1919 წელს, უპატრონო ბავშვებისთვის შექმნა ინტერნატი „ჩვენი სახლი“, რომელიც პროფკავშირების ხარჯზე არსებობდა და კორჩაკის მიერ შემუშავებული პრინციპებით მუშაობდა. „ობოლთა სახლის“ თანამშრომლებიდან ყველაზე მეტად გამოირჩეოდა სტეფანია ვილჩინსკაია, გამოცდილი პედაგოგი და მაღალი სულის ადამიანი. მისი ლამაზი სიცოცხლეც ფაშისტების მიერ მოწყობილ სიკვდილის ბანაკში – ტრებლინკის გაზის კამერაში ჩაიფერფლა. ბავშვთა ინტერნატში „ჩვენი სახლი“ ი. კორჩაკის თანაშემწე, თანამოაზრე და ერთგული მეგობარი იყო შესანიშნავი პედაგოგი მარია ფალსკაია, რომელიც კორჩაკმა, პირველი იმპერიალისტური ომის დროს, კიევში არსებულ პოლონელ უპატრონო ბავშვთა სახლში მუშაობის დროს გაიცნო.
1926 წელს, ვარშავაში, ი. კორჩაკის რედაქციით, გამოდიოდა საბავშვო გაზეთი, რომელიც მოგვიანებით გაზეთ „ჩვენი მიმოხილვის“ ყოველკვირეულ დამატებად იქცა. გაზეთი იცავდა ბავშვთა ინტერესებს და თავიდან ბოლომდე მათი აქტიური მონაწილეობით იქმნებოდა. შრომის საზღაურად პატარები ჰონორარსაც იღებდნენ.
ი. კორჩაკს საკუთარი ოჯახი არ ჰყავდა. მას ბავშვები უყვარდა და მათზე ზრუნვა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თავის მთავარ მიზნად გაიხადა. მისი საქმეები, ფიქრი და ოცნება, სული და გული ბავშვებს ეკუთვნოდა. იგი მთელი სიცოცხლე იმაზე ზრუნავდა, რომ ბავშვებისთვის დაკარგული ღიმილი დაებრუნებინა, მათ გულებში სითბო, სიკეთე, ცოდნის, შრომისა და ადამიანების სიყვარული გაეღვივებინა. მისი ოთახი ბერის საკანს მოგაგონებდათ, იხსენებენ მისი თანამედროვეები. იგი მოთავსებული იყო სამსართულიანი „ობოლთა სახლის“ სხვენზე, აღსაზრდელთა საძინებელი ოთახის თავზე. აქ გაატარა „მოხუცმა დოქტორმა“ ოცი წელი.
იანუშ კორჩაკი, თავის მრავალფეროვან, ჟანრობრივად განსხვავებულ ნაწარმოებებში, ერთ ძირითად მაგისტრალურ ხაზს მიჰყვება – თავგამოდებით იცავს ბავშვთა უფლებებს, ინტერესებსა და ადამიანურ ღირსებებს, ცდილობს აქციოს უუფლებო და ცხოვრების მიერ დაჩაგრული ბავშვები ქვეყნისა და ხალხისათვის სასახელო ადამიანებად.
ი. კორჩაკის ნაწარმოებთაგან ყველაზე მეტად გამოირჩევა მოთხრობა-ზღაპარი „მეფე მათიუშ პირველი“. მასში ნათლადაა ასახული ბავშვის ფსიქიკური სამყარო, მისი დამოკიდებილება ადამიანებისა და ბუნებისადმი, მისწრაფება სიმართლისა და მაღალი ადამიანური მიზნებისაკენ. მათიუში ბოროტების წინააღმდეგ დაუღალავი მებრძოლი და სიმართლის, პატიოსნების, უანგარო სიკეთის განსახიერებაა. „ყველაზე დიდი ბედნიერებაა იცხოვრო, იშრომო, იბრძოლო ქვეყნის სიკეთისათვის“, – აი, მათიუშის ცხოვრების კრედო.
წიგნს არნახული წარმატება ხვდა წილად. უფროსებიც და ბავშვებიც ერთნაირი ინტერესით კითხულობდნენ „მათიუშს“. იგი მრავალ ენაზე და მათ შორის, 1979 წელს, ქართულ ენაზეც ითარგმნა და გამოიცა. ინსცენირებულმა „მათიუშმა“ ყოფილი საბჭოთა კავშირისა და საზღვარგარეთის არა ერთი თეატრის სცენა მოიარა. დიდი წარმატებებით იდგმებოდა იგი თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრშიც.
ი. კორჩაკის პედაგოგიკური ნაწარმოებებიდან აღსანიშნავია „როგორ უნდა გვიყვარდეს ბავშვები“. ეს წიგნი ავტორმა პირველი იმპერიალისტური ომის წლებში, სამხედრო ექიმად მუშაობის დროს დაწერა, როგორც თვითონ ამბობს, „ზარბაზნების ქუხილსა და ტყვიების წვიმაში“.
ზემოთ აღნიშნული ნაწარმოების გარდა, ი. კორჩაკმა აღზრდის საკითხებს მიუძღვნა ნაშრომები: „როცა კვლავ პატარა გავხდები“, „სასკოლო გაზეთის შესახებ“, „სააღმზრდელო მომენტები“, „ბავშვის უფლება – პატივს სცემდე მას“, „ცხოვრების წესები“, „სახუმარო პედაგოგიკა“ და მრავალი სხვა.
ი. კორჩაკი დიდი ფსიქოლოგი და ჰუმანისტი პედაგოგი იყო. მას უზომოდ უყვარდა ბავშვები. ყველა თავის წიგნსა და სტატიაში იგი ბავშვთა უფლებებისა და ინტერესების მხურვალე დამცველად გვევლინება, ამხელს სიყალბესა და უსამართლობას, რომელიც იმდროინდელ საზოგადოებაში სულს უხუთავდა ბავშვს. მისი აზრით, „ბავშვიც ადამიანია, მართალია, მოზრდილისგან განსხვავებული შესაძლებლობებით, მაგრამ ადამიანი“, რომელიც ყურადღებიანმა პედაგოგმა უნდა შეისწავლოს და პატივისცემითა და ნდობით მოეკიდოს მას. თვითონ კორჩაკი ზედმიწევნით იცავდა ამ პრინციპს. იგი ბავშვთა ფსიქიკის შეცნობის დიდი ოსტატი და მათი გულის მესაიდუმლე იყო. წიგნში „ბავშვის უფლება – პატივს სცემდე მას“ ი. კორჩაკი აღნიშნავს, რომ აღზრდაში ადგილი არ უნდა ჰქონდეს იძულებას, ბავშვს უფლება აქვს, დარჩეს ისეთად, როგორიც არის. პედაგოგი არ უნდა ცდილობდეს ყველა ბავშვის გათანაბრებას, „ერთ თარგზე მოჭრას“. მან კარგად უნდა იცოდეს თითოეული აღსაზრდელის თავისებურებანი, მათი გულისაკენ მიმავალი გზები, რათა განეწყოს იმ სიმის ხმაზე, რომელიც ყველა ბავშვს საკუთარი აქვს და განსხვავებულად ჟღერს. მაგრამ ეს არც ისე ადვილია, რადგან რამდენი ბავშვიცაა, იმდენი განსხვავებული ინდივიდუალობაა. აღსაზრდელთა კოლექტივში შეხვდებით ძლიერი ხასიათისა და ნებისყოფის, ნათელი გონების ბავშვებს და, მათთან ერთად, უნებისყოფო, მშიშარა და მორცხვებსაც, ასევე ე.წ. პედაგოგიურად თავმიშვებულ და ძნელად აღსაზრდელებს. მიუხედავად იმისა, რომ მათ ბევრი საერთო აქვთ, ისინი მაინც დიდად განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ამიტომ სასწავლო-აღმზრდელობით მუშაობაში აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული ბავშვის ინდივიდუალური თავისებურებანი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ საქმეში წარმატებების მიღწევაზე ლაპარაკი ზედმეტია.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, პედაგოგი დღენიადაგ უნდა იხედებოდეს თითოეული აღსაზრდელის სულში და დაწვრილებით სწავლობდეს მათ ნიჭს, უნარს, ხასიათს, მიზნებსა და მისწრაფებებს. ამის გარეშე იგი ვერ დაეუფლება ბავშვისადმი ინდივიდუალური მიდგომის ტექნიკას, ვერ გამონახავს მისი „გულის გასაღებს“, „სამკურნალო საშუალებებს“.
თანამედროვეთა გადმოცემით, ი. კორჩაკს შემოღებული ჰქონდა სპეციალური დღიური, რომელშიც თავს უყრიდა ბავშვებზე დაკვირვების მასალებს. ღამით კი, დასვენების მაგიერ, საწერ მაგიდას უჯდა და, ბავშვებზე სისტემატური დაკვირვების შედეგად მიღებულ შთაბეჭდილებებზე დაყრდნობით, ქმნიდა ახალ მხატვრულ, პუბლიცისტურ თუ პედაგოგიკურ ნაწარმოებებს (1920-1930 წლებში მან 10 წიგნი გამოსცა).
ი. კორჩაკი მოითხოვდა ბავშვის ყოველმხრივ შესწავლას, სხვადასხვა დროსა და ვითარებაში: თამაშში, შრომაში, ამხანაგებთან ურთიერთობაში და სხვ. საამისოდ იგი იყენებდა, ასევე, ამხანაგური სასამართლოს მასალებს, წერილობით დოკუმენტებს, მასწავლებლებთან გასაუბრებით მიღებულ შთაბეჭდილებებსა და ა.შ., რადგან ღრმად იყო დარწმუნებული, რომ „შეიცნო ადამიანი — ეს ნიშნავს, უწინარეს ყოვლისა, შეისწავლო იგი ათასი გზითა და საშუალებით“.
ი. კორჩაკისთვის ზოგადი, აბსტრაქტული ბავშვი არ არსებობს. მისი სამართლიანი მტკიცებით, რამდენი ბავშვიცაა, იმდენი განსხვავებული ხასიათია: ასი ბავშვი – ასი ინდივიდუალური თავისებურება, „ძალის, ცოდნის, ტემპერამენტისა და ხასიათის ასი სხვადასხვა დონე“, რომელთაც კარგად შესწავლა და გათვალისწინება სჭირდება. მაგრამ, სამწუხაროდ, აღნიშნავს იგი, „ჩვენ არ ვიცნობთ ბავშვს, კიდევ უფრო უარესი – ვიცნობთ ცრურწმენებით“. ამიტომ ადგილი აქვს აღმზრდელსა და აღსაზრდელებს შორის ხშირ შეხლა-შემოხლას.
ი. კორჩაკს აღზრდის მიზნად ბავშვთა სულიერი ძალების ჰარმონიული განვითარება მიაჩნდა, რაშიც გადამწყვეტ როლს სიკეთის, სილამაზისა და თავისუფლებისადმი პატივისცემის აღზრდას ანიჭებდა. მისი აზრით, ბავშვს პატარაობიდანვე უნდა ვასწავლოთ სიკეთე, სხვებზე ზრუნვა, სხვათათვის სიხარულის მინიჭება და ამით საკუთარი სიხარულის განცდა, რასაც ვერავითარი სხვა სიხარული ვერ შეედრება. წიგნში „ცხოვრების წესები“ ი. კორჩაკი წერს: „მე ხშირად მიფიქრია იმაზე, რას ნიშნავს „იყო კეთილი?“ ჩემი აზრით, კეთილი ადამიანი – ეს ისეთი ადამიანია, რომელსაც წარმოდგენის უნარი ქვს და ესმის, ვის რა უჭირს, შეუძლია გაიგოს, ვინ რას გრძნობს“.
ი. კორჩაკი არ ეთანხმება იმ პედაგოგებს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ბავშვებს უნდა ვასწავლოთ მხოლოდ სიკეთე, ადამიანის სიყვარული და პატივისცემა, ხოლო რაც შეეხება საზოგადოების წევრთა შორის სიძულვილს, შურს, ბოროტებასა და ცხოვრების სხვა მანკიერ მხარეებს, ისინი მათ თვალს უნდა მოვარიდოთ. ი. კორჩაკის აზრით, ბავშვებმა, სიყვარულთან ერთად, უნდა იცოდნენ სიძულვილიც, რამეთუ ჭეშმარიტი სიყვარული სიძულვილის გარეშე არ არსებობს. პატარებს უნდა გავაცნოთ ცხოვრება ისე, როგორც სინამდვილეში არის, თავისი შუქ-ჩრდილებით, ყოველგვარი დაფარვისა და შელამაზების გარეშე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი დაემსგავსებიან სათბურში გამოყვანილ ყვავილებს, რომლებიც, როგორც კი მზე დახედავს, მაშინვე ჭკნებიან.
1945 წლის იანვრის დამდეგს იანუშ კორჩაკის გმირობა გაიმეორა ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორმა და არქიმანდრიტმა, ეროვნებით ქართველმა, გრიგოლ რომანოზის ძე ფერაძემ, რომელმაც თავისი ლამაზი სიცოცხლე ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკის გაზის კამერაში დაასრულა. კამერაში იგი თავისი სურვილით შევიდა, ერთ-ერთი მრავალშვილიანი ებრაელი მამის ნაცვლად, რომელთან ერთადაც საკანში იჯდა. – შენ დიდი ოჯახი გაქვს: ცოლი, ხუთი შვილი, – უთხრა გრიგოლ ფერაძემ მას, – ომი დასასრულს უახლოვდება, მაშასადამე, სიცოცხლე უნდა გაიხანგრძლივო, რათა შეხვდე ცოლ-შვილს, უნდა იცოცხლო მათთვის, მე კი შენს ნაცვლად მოვკვდები მათი მომავლისათვის.
გაზის კამერაში ნებაყოფლობით შესვლიდან ხუთი წუთის შემდეგ, გრიგოლ ფერაძის ფერფლიც შეერია პოლონელებისა და ებრაელების, რუსებისა და უკრაინელების, ბელორუსებისა და ბულგარელების, ინგლისელებისა და ფრანგების – ოსვენციმში დაღუპულ სამ მილიონზე მეტი ადამიანის – ფერფლს.
მაინც ვინ იყო გრიგოლ ფერაძე?
იგი იყო მრავალმხრივი ნიჭის ადამიანი – პოეტი და ფილოსოფოსი, თეოლოგი და ლინგვისტი, ეთნოგრაფი და პუბლიცისტი, ისტორიკოსი და კრიტიკოსი, არქეოლოგი და პედაგოგი.
დაიბადა 1899 წლის 18, ძველი სტილით, 31 აგვისტოს, გურჯაანის მაზრის სოფელ ბაკურციხეში, სხვა ვერსიით, გორის მაზრის სოფელ საქაშეთში. მამამისი რომანოზი იმ დროისათვის საკმაოდ განათლებული კაცი ყოფილა. დაუმთავრებია გორის სემინარია, სადაც ვაჟა-ფშაველასთან ერთად უსწავლია და მასთან ახლო ურთიერთობა ჰქონია. იქნებ ამანაც განაპირობა ის, რომ პატარა გრიგოლმა, ჯერ კიდევ დაწყებით კლასებში, ლექსების წერას მიჰყო ხელი, რასაც იგი შემდეგ თბილისის სასულიერო სემინარიაშიც განაგრძობდა. ლექსებს გრიგოლი აქვეყნებდა ჟურნალებში „ჯეჯილსა“ და „ნაკადულში“.
თბილისის სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ, გრიგოლ ფერაძე ერთხანს მასწავლებლად მუშაობს სოფლებში – ხანდაკსა და მანავში, მაგრამ მალე პედაგოგიურ მოღვაწეობას თავს ანებებს და ისევ დედაქალაქში ბრუნდება. აქ იგი სოციალ-დემოკრატების წრეში ტრიალებდა და მათ იდეებს იზიარებდა, აქტიურად იბრძოდა მცირერიცხოვანი ერების მიმართ ძალადობის პოლიტიკის წინააღმდეგ. ამ პერიოდში გრიგოლი გაეცნო და დაუახლოვდა მასზე ასაკით ბევრად უფროსს, დიდ მეცნიერ ნიკო მარს. მისი რჩევით, გრიგოლმა სწავლა განაგრძო ახლად გახსნილ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე, 1921 წელს კი კორნელი კეკელიძემ და ივანე ჯავახიშვილმა, სრულფასოვანი თეოლოგიური განათლების მისაღებად, არტურ ლაისტის დახმარებით, გერმანიაში გაგზავნეს. აქ იგი ბერლინის უნივერსიტეტში თეოლოგიასა და აღმოსავლურ ენებს ეუფლებოდა, შემდეგ კი ბონის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე გადავიდა და 1926 წელს დაასრულა. ამავე წელს, მას ნაშრომისთვის „მონაზვნობის დასაწყისი საქართველოში“ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი მიენიჭა და პრივატ-დოცენტი გახდა.
ამასობაში საქართველოში საბჭოთა ხელისუფლება დამყარდა და უცხოეთში მყოფ ქართველებს სამშობლოში დაბრუნების იმედი გადაეწურათ. გრიგოლი ინგლისში გაემგზავრა და იქ სამეცნიერო მუშაობას შეუდგა. ეცნობოდა ბრიტანეთის მუზეუმსა და ოქსფორდის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დაცულ უძველეს ხელნაწერებსა და მასალებს. მალე იგი ბონში მიიწვიეს, რათა ლექციები წაეკითხა ქართულ და სომხურ ლიტერატურაზე.
მოკლე ხანში 12-ზე მეტი ენა შეისწავლა. გერმანული და პოლონური ენების გარდა, სრულყოფილად ფლობდა ფრანგულ, ინგლისურ, ძველ და ახალ ბერძნულ, ლათინურ, ებრაულ, სომხურ, სპარსულ, არაბულ, სირიულ, რუსულ, ძველსლავურ და სხვა ენებს. ამიტომაც იყო, რომ მას ლექციების წასაკითხად იწვევდნენ ავსტრიის, გერმანიის, ინგლისის, საფრანგეთის, საბერძნეთის, იტალიის, ბულგარეთის, რუმინეთის ქალაქებში, ძველი ქართული და ძველი სომხური ლიტერატურის საკითხებზე, ასევე ამ ქვეყნების ისტორიაზე. მისი ლექციები ყველგან და ყოველთვის მოწონებით სარგებლობდა, მათ დადებითად აფასებდა პრესა.
1932 წლიდან გრ. ფერაძე ოქსფორდის უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს ქართული ეკლესიის ისტორიის საკითხებზე, ხელმძღვანელობდა ვარშავის უნივერსიტეტის პატროლოგიის კათედრას მართლმადიდებლური თეორიის საკითხებზე. საზღვარგარეთ მან მრავალი მონოგრაფია, სტატია და გამოკვლევა გამოაქვეყნა ქართველოლოგიის დარგში, რომელთა შორის აღსანიშნავია: „ეპისტოლე წმინდისა დიონისიოსი ბრძენმთავრისაი და ათონელთა ეპისკოპოსისაი“, „ბესარიონ გაბაშვილის გამოუქვეყნებელი ლექსები უორდროპის კოლექციიდან“, „ძველი ქართული ლიტერატურის პრობლემები, „ძველი ქრისტიანული ლიტერატურა ქართულ თარგმანებში“, „ბიბლიის ქართული თარგმანის საკითხისათვის“, „ძველი საეკლესიო ელემენტების გავლენა ბალკანეთის ხალხების კულტურაზე“ და მრავალი სხვა. საზღვარგარეთ იგი ფართო პროპაგანდას უწევდა ქართულ ლიტერატურას, განსაკუთრებით კი გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედებას, ვისაც თანამედროვეობის უდიდეს პოეტად თვლიდა.
გრიგოლ ფერაძის დიდი დამსახურებაა ბერძნული საპატრიარქოს ბიბლიოთეკაში 162 ძველქართული ხელნაწერის აღმოჩენა-დამუშავება. მან მიაკვლია გრიგოლ ბაკურიანის ძის პეტრიწონის აკადემიის ტიპიკონს, ათონზე შეიძინა 15 ქართული ხელნაწერი, ხოლო პოლონეთის მართლმადიდებლურ მონასტრებში გამოავლინა საქართველოს ადრეული და შუასაუკუნეების ისტორიასთან დაკავშირებული დიდძალი პალეოგრაფიული და არქეოლოგიური მასალა. იგი იყო დამაარსებელი და რედაქტორი ჟურნალებისა „ჯვარი ვაზისა“ და „პატროლოჟინისა“ (პოლონურ ენაზე). მან ძველბერძნულიდან თარგმნა „ქებათა ქება“, ქართულიდან ინგლისურად კი – კორნელი კეკელიძის გამოცემა „შობის განჩინება“, გამოკვლევა „უცხოური ავტორები ძველ ქართულ მწერლობაში“ და სხვა.
საზღვარგარეთ გრ. ფერაძეს მტკიცე მეგობრობა აკავშირებდა ისეთ თვალსაჩინო მეცნიერებსა და მწერლებთან, როგორებიც იყვნენ: პეტერსი, გერჰარდტი, ბაუმშტარკი, ელუარი, მეჩისლავ იასტრონი, აგრეთვე ქართველი ემიგრანტები – ექვთიმე თაყაიშვილი, მიხეილ თარხნიშვილი, მიხაკო წერეთელი, რაფაელ ივანიცკი – ინგილო, ზურაბ ავალიშვილი, გიორგი გვაზავა, კალისტრატე სალია და სხვები.
გრიგოლ ფერაძემ დიდი დახმარება გაუწია ექვთიმე თაყაიშვილს საქართველოდან გატანილი ეროვნული განძის შენახვასა და გადარჩენაში. მეორე მსოფლიო ომის დროს ფაშისტებმა, როცა თითქმის მთელი ევროპა დაიპყრეს, შეიტყვეს, რომ საფრანგეთის ერთ-ერთ ბანკში საქართველოს დიდი ქონება ინახებოდა. ამ ქონების შესაფასებლად მათ გრიგოლ ფერაძე მიიწვიეს, როგორც ცნობილი მეცნიერი და ექსპერტი. მამა გრიგოლმა, დიდი რისკის ფასად, ფაშისტებს განუცხადა, რომ ეს ქონება არავითარ ღირებულებას არ წარმოადგენდა. ის მხოლოდ ქართველებისთვისაა ძვირფასი, როგორც ეროვნული შემოქმედებაო. ფაშისტები ენდნენ გამოჩენილ მეცნიერს და განძზე ფიქრს თავი ანებეს.
მეორე მსოგლიო ომმა გრიგოლ ფერაძეს პოლონეთში მოუსწრო. ამ დროს იგი იყო ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორი და არქიმანდრიტი. ფაშისტებმა გრიგოლი დააპატიმრეს მათ წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიური მონაწილეობისათვის. ვარშავის უნივერსიტეტის შენობაზე მიმაგრებულ მემორიალურ დაფაზე, გერმანელი ფაშისტების წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული პროფესორ-მასწავლებლების გვარებთან ერთად, გრიგოლ ფერაძის გვარიცაა ამოტვიფრული.
გრიგოლ ფერაძე ქართველი საზოგადოებისათვის თითქმის სრულიად უცნობია, რადგან ყოფილ საბჭოთა კავშირში ყოველნაირად ცდილობდნენ მისი სახელის დისკრედიტაციასა და მიჩქმალვას. იმის გამო, რომ იგი საზღვარგარეთ ცხოვრობდა და მოღვაწეობდა, ლამის ქვეყნის მოღალატედ იყო გამოცხადებული. არადა, მას ეროვნული, ქართული საქმის გარდა, არაფერი უკეთებია. ამაზე მეტყველებენ მისი ნაშრომები.
იმისათვის, რომ უკეთ გაეცნოს ქართველი მკითხველი გრიგოლ ფერაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობას, საჭიროა მასზე შეიქმნას კინოფილმები, სპექტაკლები და მასმედიის საშუალებით ფართოდ გაშუქდეს მისი ცხოვრება და სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობა. ეს იქნება ჩვენი მომავალი თაობის ჭეშმარიტ მამულიშვილებად აღზრდის საუკეთესო საშუალება.
ამავე თემაზე საუბრისას არ შეიძლება არ გავიხსენოთ ისევ ქართველი პროფესორი იოსებ ჟორდანია, რომელმაც თვითმფრინავის კატასტროფის დროს თავისი მაშველი რგოლი ერთ უბილეთო უცხოელ გოგონას დაუთმო, თვითონ კი ცურვა არ იცოდა და ატლანტიკის ოკეანეში დაასრულა სიცოცხლე.
ასეთი მაგალითები საკმაოა, საჭიროა მხოლოდ მათი მოძიება და მოხერხებულად გამოყენება მოზარდი თაობის ჭეშმარიტ მამულიშვილებად ჩამოყალიბების საქმეში.