სკოლის დირექტორი
მიხეილ ჩიქოვანი
თბილისის №92 საჯარო სკოლის დირექტორი
♦ პირველ რიგში, გაგვეცანით, გვიამბეთ თქვენ შესახებ
◊ აპრილში გავხდი 52 წლის. დავიბადე 1973 წლის 28 აპრილს, სკოლა დავამთავრე 1990 წელს, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 1996 წელს წითელ დიპლომზე. სწავლა გავაგრძელე მეცნიერებათა აკადემიის პ. გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტში. 1998 წლიდან 2008 წლამდე, ლექციებს ვკითხულობდი ტექნიკურ უნივერსიტეტში. 2009 წელს დავიცავი საკანდიდატო დისერტაცია და ვარ ეკონომიკის დოქტორი. 2014 წლიდან თბილისის №92 საჯარო სკოლის დირექტორი ვარ. სკოლაში ვასწავლი მათემატიკას და ეკონომიკას.
მყავს მშობლები, დედა – მერი ჩიქოვანი, მოქმედი პედაგოგი, ძმა – კახა ჩიქოვანი, ქირურგი. მყავს მეუღლე და 10-11 წლის ქალ-ვაჟი.
♦ ხუთი საუკეთესო უნარი, რომელიც ყველა სკოლის დირექტორს უნდა ჰქონდეს სკოლის ეფექტურად მართვისთვის.
◊ სკოლის დირექტორი საგანმანათლებლო ლიდერია, რომელიც უნდა ზრუნავდეს სასწავლო პროცესის გაუმჯობესებაზე. ასევე უნდა შეეძლოს, შექმნას სასკოლო კულტურა, რომ მოსწავლე კრიტიკულად მოაზროვნე კონკურენტუნარიან მოქალაქედ ჩამოყალიბდეს. თვითონ კი, როგორც ლიდერი, მისაბაძ მაგალითს უნდა წარმოადგენდეს სასკოლო საზოგადოებისთვის. უნდა იყოს: პასუხისმგებლიანი, ნოვატორი, შრომისმოყვარე, მეგობრული და სამართლიანი.
♦ გაგვიზიარეთ სკოლის მართვის თქვენი მოდელი/პრაქტიკა – რა პრობლემებს აწყდებით ამ პროცესში ან რა გამოგდით წარმატებულად?
◊ სკოლის მართვის ჩემეული მოდელია სკოლაში უსაფრთხო, მოსწავლეთა და პედაგოგთა ინტერესებზე მაქსიმალურად მორგებულ გარემოს შექმნაზე ზრუნვა და თუ სასკოლო საზოგადოებიდან უმრავლესობა ფიქრობს, რომ ჩვენი სკოლა ამ გამოწვევას პასუხობს, ეს წარმატებაა. აუცილებლად უნდა დავასახელო ჩემი მოადგილე, ქალბატონი მზევი ცომაია, საქმეთა მმართველი თამთა აბესაძე, ბუღალტერი ეკატერინე მამესწარაშვილი და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორი ზაზა ბაიდარაშვილი, რადგან დირექტორი მარტო ვერ იქნება წარმატებული, ის დამოკიდებულია თავის გუნდზე, მასწავლებლებსა და მოსწავლეებზე. მხოლოდ მათთან ერთად მიაღწევს წარმატებებსაც და შეხვდება პრობლემებსაც. აი, კარგი მენეჯერი კი აუცილებლად უნდა იყოს, რომ სასკოლო საზოგადოების აყოლიება შეეძლოს.
♦ როგორ ხორციელდება სკოლის დირექტორისა და სამეურვეო საბჭოს თანამშრომლობა – რა როლი აქვს (უნდა ჰქონდეს) რეალურად სამეურვეო საბჭოს სკოლის მართვაში?
◊ სკოლის დირექტორსა და სამეურვეო საბჭოს შორის თანამშრომლობა, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში ხორციელდება. ბოლოს და ბოლოს, დირექტორს სამეურვეო საბჭო ირჩევს, მაგრამ ვისურვებდი, მშობელს, რომელსაც სკოლაში მოჰყავს შვილი, გააზრებული ჰქონდეს, რომ სკოლაში თვითმმართველობის უმაღლესი ორგანო სამეურვეო საბჭოა, რომლის მუშაობაში ჩართულობა მისი აუცილებელი მოვალეობაა.
♦ როგორია მშობელთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში. გთავაზობენ მშობლები რაიმე საინტერესო იდეებს სკოლის განვითარებისთვის?
◊ აუცილებლად უნდა ითქვას, რომ მშობლის ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში სრულიად განსხვავებულია ბავშვის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე. იზრდება ბავშვი და იკლებს ჩართულობა, ხშირად მშობლებს ჩართულობა კონტროლი ჰგონიათ. კონტროლი კი მხოლოდ დაწყებით კლასებში მუშაობს. თუ კონტროლი მაღალ კლასებშიც გრძელდება, ეს იწვევს აგრესიას და აჩენს ბზარებს. თუ „რა მიიღე?“ „რა ისწავლეთი?“ ჩანაცვლდება, მაშინ ბზარები და ინტერესები გამთლიანდება. ზოგადად, მშობელი შვილის აკადემიური მოსწრების მაკონტროლებელი კი არა, უფრო მეტად ინტერესების მქონე უნდა იყოს.
♦ ზრდის თუ არა დღევანდელი სკოლა აქტიურ მოქალაქეს, ამზადებს თუ არა მას მომავალი ცხოვრებისთვის?
◊ ახლა ილიას სიტყვები გამახსენდა „ზნე-ხასიათის წვრთნა უდიდესი, უაღრესი საგანია სკოლისა, რადგანაც გაადამიანება კაცისა თავი და ბოლოა ყოველგვარი წვრთნისა, ზრდისა და განათლებისა“. ვცდილობთ, გავზარდოთ აქტიური, მოქალაქე, რომელიც ცხოვრებისთვის იქნება მზად. მაგრამ ამ საქმეში მარტო ნუ დაგვტოვებთ, ოჯახი ძალიან მნიშვნელოვანია.
♦ სკოლის დირექტორის პროფესიული ზრდის ხელშეწყობა ჯერ კიდევ დაპაუზებულია… თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ეს კომპონენტი?
◊ მნიშვნელოვანია დირექტორს ჰქონდეს უნარი, მუდმივად სწავლობდეს და ვითარდებოდეს. ამ კუთხით განათლების სამინისტრო ხელს გვიწყობს, მაგრამ კიდევ უფრო კარგი იქნება მრავალფეროვანი ტრენინგები, მიუხედავად გამოცდილებისა, დროც იცვლება და მიდგომებიც.
♦ სკოლების ავტორიზაციის პროცესი დაიწყო. პირველი ეტაპი თვითშეფასებას ეხება. რა საჭიროებები გამოიკვეთა თქვენს სკოლაში?
◊ ავტორიზაცია საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების პროცედურაა, რომლის ფარგლებშიც, მოწმდება დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების, მატერიალური და ადამიანური რესურსების შესაბამისობა სახელმწიფოს მიერ დადგენილ სტანდარტებთან. ჩვენი სკოლა ავტორიზაციას ჯერ არ გადის, მიუხედავად იმისა, რომ ყოველ წელს ვატარებთ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, ვცვლით ტექნიკას, ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი.
♦ არის თუ არა რაიმე სირთულე კადრების დაკომპლექტებასთან დაკავშირებით და რა არის თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მასწავლებლების შერჩევისას?
◊ დავიწყებ იმით, რომ ვფიქრობ, დირექტორი თავად უნდა იყოს მასწავლებელიც, კარგად რომ ესმოდეს სკოლის მაჯისცემა. თუ დირექტორი თვითონ არ ატარებს გაკვეთილებს, არ იყენებს სხვადასხვა მეთოდს და აქტივობას, სხვას როგორ უნდა მოსთხოვოს. ჩვენ ყოველ წელს ვატარებთ კონკურსს და ვიღებთ ახალ მასწავლებლებს. ბედნიერი ვარ, რომ, ძალიან გამოცდილ და მრავალწლიანი სტაჟის მქონე პედაგოგებთან ერთად, გვყავს ახალგაზრდა, 21-25 წლის პედაგოგები, სკოლას სჭირდება ახალი სისხლი, ჩვენ ბევრს ვსწავლობთ ერთმანეთისგან.
♦ რა პრობლემების წინაშე დგას დღეს სკოლა?
◊ ამ ბოლო წლებში ძალიან ბევრი პრობლემა მოგვარდა როგორც თბილისის, ასევე საქართველოს მასშტაბით, მაგრამ გასაკეთებელი მაინც ბევრია. მოსაგვარებელია სკოლების ინფრასტრუქტურის მატერიალურ-ტექნიკური მდგომარეობა, აუცილებელია თანამედროვე სკოლების ყველა საკლასო ოთახის ტექნიკური აღჭურვა. ჩემი აზრით, მოვიდა დრო, რომ ე.წ. კატის გამოცდები ჩანაცვლდეს რაღაც ახლით როგორც დაწყებით, ასევე საბაზო და საშუალო საფეხურზე. სასურველია, კიდევ უფრო დაფასდეს და პრივილეგირებული გახდეს მასწავლებლის პროფესია, რადგანაც დღეს მაღალკვალიფიციური პედაგოგის დიდი ნაკლებობაა.
კარგი იქნება თუ სახელმწიფო დაგვეხმარება იმაში, რომ მოსწავლეებმა გაითავისონ, უფლებების გარდა, მათ მოვალეობებიც და ვალდებულებებიც აკისრიათ.
♦ რა გეგმები გაქვთ თქვენი სკოლის გასაუმჯობესებლად? როგორ წარმოგიდგენიათ ის, ვთქვათ, 5 წლის შემდეგ?
◊ გვაქვს თვითშეფასების კითხვარი, გვაქვს 6-წლიანი განვითარების გეგმა, სადაც გაწერილია ჩვენი სკოლის ინფრასტუქტურული განვითარების გეგმა, ტექნიკური აღჭურვა, უამრავი იდეა გვაქვს პროექტებისთვის, ასევე ვეცდებით, რომ სასკოლო ცხოვრებაში გაფართოვდეს არაფორმალური განათლება.
♦ რა სტრატეგიებს იყენებთ მოსწავლეთა მიღწევების გასაუმჯობესებლად?
◊ მოსწავლეთა შედეგების გასაუმჯობესებლად ვაღიარებთ წარმატებას და ვაცნობიერებთ წარუმატებლობას. მზად ვართ გამოწვევებისთვის (ვაყალიბებთ ძლიერ კავშირებს მასწავლებლებს შორის, ვქმნით სიახლოვეს საერთო მიზნების მისაღწევად).
მე და ჩემი მოადგილე ხშირად ვესაუბრებით მოსწავლეებს, ვუსმენთ რა აწუხებთ და მათთან ერთად განვიხილავთ სასკოლო საკითხებს. ხელს ვუწყობთ საერთო ღირებულებების რწმენის და გრძნობების განვითარებას მოსწავლეებში. უამრავი კვლევის შედეგებით დადასტურდა, რომ ყველაზე ძლიერი კომპონენტი, რაც მიღწევების ზრდას უწყობს ხელს, არის უკუკავშირი.
♦ როგორ უზრუნველყოფთ, რომ მრავალფეროვნება, თანასწორობა და ინკლუზია ინტეგრირებული იყოს სკოლის პოლიტიკასა და პრაქტიკაში?
◊ ძალიან მნიშვნელოვანია ჰუმანურობა, საქმის სიყვარული, კარგი მენეჯერიც უნდა იყო, კარგი მასწავლებელიც, კარგი შემფასებელიც და კარგი დამფასებელიც. დიდი მნიშვნელობა აქვს გქონდეს უნარი, აღიარო თითოეული მოსწავლის და პედაგოგის შრომა. მნიშვნელოვანია, რომ დირექტორმა სკოლა ნებისმიერი მოსწავლისა და თანამშრომლის შესაძლებლობების განვითარების ასპარეზად აქციოს. ამ შემთხვევაში იქნება სკოლაში მრავალფეროვნება, თანასწორობა და ინკლუზია ინტეგრირებული.
სკოლის მართვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ორიენტირი მოსწავლეების ინტერესი უნდა იყოს.
♦ არაფორმალური განათლების როლი – ინიციატივა ან პროგრამა, რომელიც წარმატებით განახორციელეთ მოსწავლეების სწავლაში ჩართულობის გასაუმჯობესებლად?
◊ არაფორმალური განათლება ფორმალური განათლების მიღმა ცოდნის დაგროვებაა და ავსებს ფორმალურ განათლებას. მიუხედავად მოსწავლეთა აკადემიური მოსწრებისა და სოციალური სტატუსისა, ყველას შეუძლია ჩაერთოს არაფორმალურ განათლებაში, მისთვის საინტერესო აქტივობებში. ჩვენ, ყოველი ახალი სასწავლო წლიდან, ვახორციელებთ სასკოლო პროექტს, ესგ-ს პრიორიტეტული თემებიდან. წელს ასეთი პროექტი გვაქვს – „კონფლიქტების მართვა“, რომელშიც ჩართულია ყველა კლასი და ყველა მასწავლებელი. თემა, ძირითადად, არაფორმალური განათლების ფარგლებში მუშავდება. წლის ბოლოს ბავშვები საინტერესო პრეზენტაციებს, სპექტაკლებს, გამოფენებს გვთავაზობენ. აი, მე დიდი მოლოდინი მაქვს წელსაც – კონფლიქტების მართვის განხრით, ბიოლოგიაში, მუშავდება მინი-პროექტი „საშიში სილამაზე“, ხომ საინტერესოა?!..
ესაუბრა მაკა ყიფიანი