22 დეკემბერი, კვირა, 2024

მკაცრი რეკომენდაციები სასკოლო ექსკურსიებისთვის

spot_img

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სასკოლო ექსკურსიების ახალ წესს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, ექსკურსიის ორგანიზატორი/ხელმძღვანელი პასუხისმგებელია, მგზავრობის პროცესში და ექსკურსიის ლოკაციაზე, მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე, რისთვისაც იგი გამოითხოვს და სკოლის დირექტორს, ექსკურსიამდე არანაკლებ 10 დღით ადრე, წარუდგენს ტრანსპორტის გამართულობის დამადასტურებელ დოკუმენტს, მძღოლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და შესაბამისი კატეგორიის ავტომანქანის მართვის უფლების დამადასტურებელი მოწმობის ასლს, ინფორმაციას ექსკურსიის მიზნების, დაგეგმილი აქტივობების, მონაწილე პირების (მათ შორის, მცირეწლოვნების), პასუხისმგებელი პირების, ექსკურსიის თარიღისა და ლოკაციის შესახებ.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა განაცხადა, რომ სამინისტრომ მასშტაბურად იმუშავა ამ საკითხთან დაკავშირებით: ვიდრე ამ რეკომენდაციებს მივცემდით სკოლებს, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთანაც გავიარეთ კონსულტაციები, რამდენად შესაძლებელი იყო, დაგვეგეგმა ეს ექსკურსიები. როცა უსაფრთხოებაზე ვსაუბრობთ, მხოლოდ ფიზიკური უსაფრთხოება არ არის, იყო პანდემიის თემაც. ეს შესაბამის კომპეტენტურ ადამიანებთან და რგოლებთან ერთად გავლილი რეკომენდაციების მთელი ნუსხაა. აუცილებელია ტრანსპორტის ტექნიკური გამართულობის შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა, პასუხისმგებლობას იღებს სკოლა, მისი ხელმძღვანელობა და ადმინისტრაცია. მნიშვნელოვანი გახლავთ, რომ ექსკურსიების დაგეგმვის დროს იყოს მშობლის თანხმობა ან მშობელი თან ახლდეს აუცილებლად მოსწავლეს და ა.შ. ამ მიმართულებით ძალიან მკაცრი რეკომენდაციების ქვეშ ვაძლევთ სკოლებს საშუალებას, რომ განახორციელონ ექსკურსიები“.

ახალი რეგულაციების თანახმად:

♦ სკოლის დირექტორი განიხილავს წარდგენილ ინფორმაციას/დოკუმენტებს და პერსონალური პასუხისმგებლობით იღებს გადაწყვეტილებას, ექსკურსიის განხორციელების ან განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ.

♦ მოსწავლეთა უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ექსკურსია უნდა განხორციელდეს მხოლოდ ერთ დღეში, ღამისთევის გარეშე, ლოკაციის შერჩევა უნდა მოხდეს ისე, რომ მანძილი სკოლიდან ლოკაციამდე არ აღემატებოდეს  150 კმ-ს. მნიშვნელოვანია, ექსკურსიის დროს, არასრულწლოვნები არ მოხვდნენ მდინარისა და წყალსაცავების მიმდებარე ტერიტორიაზე, მეწყერსაშიშ და სხვა დაუცველ ტერიტორიებზე.

♦ ექსკურსიის ორგანიზატორი ვალდებულია, ჰქონდეს მოსწავლის მშობლის წერილობითი თანხმობა ექსკურსიაში მოსწავლის მონაწილეობის შესახებ, თუ მოსწავლის წარმომადგენელი არ ახლავს მას ექსკურსიაზე, ხოლო ექსკურსიაში მონაწილე სრულწლოვან პირთა შორის უნდა იყოს, სულ მცირე, ერთი ქმედუნარიანი პირი, რომელსაც პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის უნარ-ჩვევები აქვს.

ამის გარდა, ექსკურსიის ხელმძღვანელს  სრულყოფილად  უნდა ჰქონდეს მონაწილე მოსწავლეებისა და მშობლების მონაცემები, მათ შორის, ინფორმაცია მონაწილე მოსწავლის სპეციალური საჭიროებების შესახებ.

„სასკოლო ექსკურსიების ორგანიზების პროცესში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები მოქმედებენ „საგზაო მოძრაობის შესახებ” საქართველოს კანონისა და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთა ექსკურსიების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 31 მაისის №719 ბრძანების შესაბამისად.

აღნიშნული წესის თანახმად:

♦ მოსწავლეების, მშობლებისა და მასწავლებლების ექსკურსიაზე ტრასპორტირება უნდა განხორციელდეს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით, ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ, იმ სატრანსპორტო საშუალებით, რომელსაც გავლილი აქვს ტექდათვალიერება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

♦ სატრანსპორტო საშუალებას უნდა მართავდეს შესაბამისი გამოცდილებისა და სათანადო კატეგორიის მართვის მოწმობის მქონე მძღოლი.

♦ სატრანსპორტო საშუალებაში უნდა იყოს განთავსებული პირველადი სამედიცინო დახმარების ჩანთა.

♦ მოსწავლეთა ტრანსპორტირებისას, მათი კვების მიზნით, საკვები პროდუქტების ტრანსპორტირება უნდა ხორციელდებოდეს სანიტარიული პირობების დაცვით.

♦ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვანთათვის ტრანსპორტირება უზრუნველყოფილი უნდა იყოს მათი საჭიროებების გათვალისწინებით.

სამინისტრო სკოლებს აფრთხილებს, რომ ახალი კორონავირუსით (Covid 19) გამოწვეული პანდემიის პირობებში ნებისმიერი აქტივობის ჩატარებისას დაცული უნდა იქნეს, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, კანონმდებლობით დადგენილი ყველა რეგულაცია. გარდა კოვიდ რეგულაციების დაცვის აუცილებლობისა, სასკოლო ექსკურსიებში უნდა შეიზღუდოს სხვა ნებისმიერი რესპირატორული დაავადების ნიშნების მქონე პირთა მონაწილეობა.

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები