7-13 თებერვალს მთელი მსოფლიო ბავშვთა ფსიქიკური ჯანმრთელობის კვირეულს აღნიშნავს, რომლის მიზანია ამ ასაკის ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. „გავიზარდოთ ერთად“ – ეს 2022 წლის კვირეულის მთავარი თემა იყო.
როგორია ბავშვთა ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა საქართველოში? – ამ კითხვაზე, მტკიცებულებებზე დაყრდნობით, პასუხის პოვნა გაგიჭირდებათ, ვერც სანდო სტატისტიკას იპოვით, თუმცა, ამის დასადგენად, 2019 წლიდან, მასშტაბური კვლევა დაიწყო, რომლის მხარდამჭერიც შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდია. ორეტაპიანი კვლევა მოიცავს ბავშვების სკრინინგსა და დიაგნოსტიკას.
ვიდრე უშუალოდ კვლევის დეტალებზე გადავალთ, მცირე ინფორმაციას მოგაწოდებთ 7 იანვარს, მთავრობის სხდომაზე, დამტკიცებულ „ფსიქიკური ჯანმრთელობის სტრატეგიის შესახებ“, რომელიც 2022-2030 წლებში უნდა განხორციელდეს, ანუ რას გეგმავს სახელმწიფო, ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართულებით, მომავალი 10 წლის განმავლობაში. უპირველესად, ხაზს გავუსვამ სტრატეგიის ჩანაწერის იმ მონაკვეთს, სადაც ვკითხულობთ, რომ ბავშვების ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების დროული იდენტიფიცირება მნიშვნელოვანია, რადგან ამ პრობლემებს შეუძლია, გავლენა იქონიოს ბავშვის განვითარებაზე, საგანმანათლებლო მიღწევებსა და ცხოვრების პროდუქტიულობაზე. ამავე სტრატეგიის მიხედვით, დღეს, ქვეყანაში არსებული ბავშვებისა და მოზარდების ამბულატორიული სერვისების რაოდენობა მწირია და მათ საჭიროებებს ვერ აკმაყოფილებს. ასევე ხაზგასმით არის ნათქვამი, რომ ქვეყანაში ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობათა პრევენციის სერვისები ნაკლებადაა დანერგილი.
✔️რას გეგმავს სახელმწიფო მომავალი ათი წლის განმავლობაში
დოკუმენტში აღწერილი ღონიძიებების მიხედვით, მომავალი 10 წლის განმავლობაში, ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს პრობლემების გადასაჭრელად უნდა გადამზადდნენ ფსიქიატრები, სპეციალიზებული ექთნები, კლინიკური ფსიქოლოგები, სოციალური მუშაკები, ადიქტოლოგები და სპეციალური პედაგოგები. საქართველოს იმ ქალაქებში, სადაც მოსახლეობის რაოდენობა 20 000-სს აღემატება, უნდა შეიქმნას ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრები, სადაც ბავშვები და მოზარდები, კვირაში რამდენიმე დღე, ივლიან ფსიქოთერაპიის, ჯგუფური თერაპიის, სპეციალური სწავლებისა და განათლების მიღების მიზნით. ამის გარდა, ბათუმსა და საქართველოს ერთ ან ორ დიდ რეგიონში, შეიქმნება 3-4-საწოლიანი მწვავე, ე.წ. კრიზისული სტაციონარული განყოფილებები ბავშვებისთვის, სასურველია, ისეთ ზოგადი პროფილის საავადმყოფოში, რომელსაც პედიატრიული მომსახურება ან სხვა ამბულატორიული რესურსები აქვს.
ორგანული მიზეზებით გამოწვეული შეზღუდული ინტელექტუალური შესაძლებლობების მქონე პირების ოჯახში დარჩენის მიზნით, ამოქმედდება პერსონალური ასისტენტის სერვისი; ასევე შეიქმნება სპეციალური მცირე ზომის საცხოვრისები, რომლებიც სოციალური/ჯანდაცვის პროგრამებით დაფინანსდება. გაგრძელდება ინკლუზიური განათლებისა და სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისა და მოზარდების ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში სწავლის ხელშეწყობა – სპეციალური პედაგოგის მეშვეობით ან მათ გარეშე. თანდათანობით მოხდება სპეციალიზებული სკოლების ინტეგრაცია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში.
მოზარდები, რომლებიც ფსიქიკურ აშლილობას მკურნალობენ და ადიქციის პრობლემა აქვთ, ნარკოლოგისა და ადიქციის სხვა სპეციალისტების კონსულტაციასა და საჭირო სერვისებს მკურნალი ფსიქიატრისა და, ზოგადად, მულტიდისციპლინური გუნდის შეფასების საფუძველზე მიიღებენ. გუნდური მუშაობა და ჩამოყალიბებული ადიქციის აუცილებელი მკურნალობის ხარჯი ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება.
იმ ქალაქებში, დაბებსა თუ დასახლებულ პუნქტებში, სადაც მოსახლეობის რაოდენობა 5000-ს აღემატება, შეიქმნება ბავშვთა და მოზარდთა საკონსულტაციო ცენტრები და სამსახურები, რომლებიც მათ გაუწევს მომსახურებას – მოთხოვნისთანავე, ნებისმიერ დროს, უშუალოდ ან/და ტელემედიცინის სერვისების დახმარებით. გაფართოვდება აუტისტური სპექტრის აშლილობების მქონე ბავშვთა სპეციფიკური საჭიროების შეფასება და საჭიროებებზე მორგებული ზრუნვის სისტემა.
აქვე შეგახსენებთ, 2019 წლის მონაცემებით, საქართველოში, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე 3217 ბავშვია რეგისტრირებული, რაც საერთაშორისო მონაცემებთან შედარებით დაბალი მაჩვენებელია, სავარუდოდ კი, საქართველოში შემთხვევების უმრავლესობა აღურიცხავია. ზოგადად, საერთაშორისო მონაცემებით, ბავშვთა და მოზარდთა, სულ მცირე, 17,6%-ს აწუხებს ფსიქიკური აშლილობები და დადგენილია, რომ მოზარდების 20% შეიძლება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებს განიცდიდეს.
ახლა კი უშუალოდ კვლევის შესახებ, რომელიც, თავისი მასშტაბურობით და არსით, ჩვენი ქვეყნისთვის უპრეცედენტოა. რატომ გადაწყდა ამ კვლევის ჩატარება და რა ტენდენციები იკვეთება მუშაობის პროცესში, რამდენად მნიშვნელოვანია, ქვეყანას ჰქონდეს კვლევაზე დამყარებული მონაცემები ბავშვთა ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ – შევეცადეთ, ამ კითხვებზე პასუხები მიგვეღო კვლევის ხელმძღვანელებისგან: მაია გაბუნია (ბავშვთა ნევროლოგი, მედიცინის დოქტორი, ბავშვთა ასაკის შეზღუდულ შესაძლებლობათა აკადემიის თავმჯდომარე, მენტალური ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელი) და მედეა ზირაქაშვილი (ბავშვთა ფსიქიატრი, ნევროლოგი).
კვლევის შესახებ:
კვლევის პირველი ეტაპი ბავშვების სკრინინგს გულისხმობს, მეორე ეტაპი – დიაგნოსტიკას. კვლევაში მონაწილე პირებმა ორი სახის კითხვარი შეავსეს – ერთი შეეხებოდა,ზოგადად, ფსიქიკურ ჯანმრთელობას, მეორე კი – აუტისტურ სპექტრს.
სკრინინგის ეტაპზე, კვლევაში მონაწილეობდნენ თბილისის, ქუთაისის, ზუგდიდის, ბათუმისა და თელავის 211 საჯარო სკოლის მესამეკლასელები (8-9 წლის ასაკის), ჯამში 16 654 ბავშვი. ამ დროისთვის კვლევის მეორე ეტაპი ხორციელდება, სადაც ბავშვები, შემთხვევითი შერჩევით, ფასდებიან უფრო ღრმად, დეტალურად, თითოეულ მათგანს 7 სხვადასხვა კვლევა უტარდება. კვლევის შედეგები ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ქვეყნისთვის, რადგან გვეცოდინება 8-დან 10 წლამდე ასაკის ბავშვების ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები.
მაია გაბუნია: ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების 50% ბავშვობაში იწყება, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ რა მდგომარეობა გვაქვს ამ ასაკში. ძალიან საინტერესო იყო სწორედ კვლევის დაგეგმვის პროცესი. ჩვენ რუსთაველის ფონდის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გავიმარჯვეთ და უნდა ჩაგვეტარებინა აუტიზმის მქონე ბავშვების ეპიდემიოლოგიური კვლევა, რომელიც დაადგენდა აუტიზმის შემთხვევების სიხშირეს ბავშვებში. თუმცა, გაგვიმართლა იმაში, რომ გვყავდა არაჩვეულებივი უცხოელი ექსპერტები, რომლებიც დაგეგმვის პროცესიდანვე ჩაერთნენ ჩვენს კვლევაში. ესენი იყვნენ კალიფორნიის სან-ფრანცისკოს უნივერსიტეტის პროფესორები — ბატონი ბენეტ ლევენტალი და ქალბატონები, იანგ შინ კიმი და სომერ ბიშოპი. ეს ადამიანები ძალიან მნიშვნელოვანი, მსოფლიო მასშტაბის და დიდი გამოცდილების მქონე მკვლევრები არიან. მაგალითად, სომერ ბიშოპი აუტიზმის სადიაგნოსტიკო ინსტრუმენტის, ADOS-ის ერთ-ერთი ავტორია.
კვლევის მასშტაბურობიდან გამომდინარე, ამ ადამიანების ინიციატივით, გადაწყდა, აუტიზმთან ერთად, ბავშვთა ფსიქიკური ჯანმრთელობაც შეგვესწავლა. რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი ეს საკითხი? აღმოჩნდა, რომ ზრდასრულობის ასაკში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების 50% ბავშვობაში იწყება. შესაბამისად, მათი დროულად აღმოჩენის და სწორად მართვის შემთხვევაში მნიშვნელოვნად მცირდება პრობლემები ზრდასრულობის ასაკში.
✔️ტაბუდადებული თემა
მაია გაბუნია: საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები რაღაცნაირად მიჩუმათებულია. ჩემი აზრით, ეს საბჭოთა კავშირის გავლენის ბრალია, სადაც ამაზე არ საუბრობდნენ. არადა ფიზიკური ჯანმრთელობა არ არსებობს ფსიქიკური ჯანმრთელობის გარეშე. სამწუხაროდ, ფსიქიკური დაავადებების სტატისტიკა საქართველოში, ფაქტობრივად, არ არსებობს. რაც არსებობს, ისიც არასრულია. როდესაც სტატისტიკით დავინტერესდი, თუ რა სიხშირით გვაქვს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები 15 წლამდე ასაკის ბავშვებში, აღმოჩნდა, რომ მხოლოდ 0,4%-ია. საერთაშორისო სტატისტიკით კი, 10%-დან 20%-მდეა. როგორც ხედავთ, განსხვავება ძალიან დიდია, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ შემთხვევების ამოცნობა არ ხდება. მშობელი ვერ ხვდება, რომ ბავშვს პრობლემა აქვს და არ მიდის სპეციალისტთან.
კიდევ ერთი პრობლემაა ის, რომ სიტყვა ფსიქიატრის ხსენებაც კი ნეგატიურ რეაქციას იწვევს. თუ მშობელი ამბობს, რომ ბავშვი ფსიქიატრთან მიიყვანა, გარშემომყოფები ისე იქცევიან, თითქოს ქვეყანა დაიქცა. არადა მცირეწლოვანი, თუნდაც 1.5 ან 2 წლის ბავშვი უნდა მიიყვანო ფსიქიატრთან, თუ მას აქვს, მაგალითად, კომუნიკაციის, ენის და მეტყველების ან გონებრივი განვითარების პრობლემა, ან თუ არის ემოციური, ან ქცევითი დარღვევა შეინიშნება. დიახ, აქ საჭიროა ფსიქიატრი. ეს არც საგანგაშოა და არც სასირცხვილო, ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს 0.4%-იანი სტატისტიკა დაკავშირებულია იმასთან, რომ ეს თემა ტაბუდადებულია.
შევხედოთ ჩვენს საზოგადოებას, როგორი აგრესიულები ვართ, როგორ ვერ ვმართავთ ემოციებს, როგორ გვიჭირს საკუთარი თავის კონტროლი… ალბათ, ეს ყველაფერი ბავშვობიდან მოდის, ამიტომ მგონია, რომ ძალიან კარგ საქმეს ვაკეთებთ და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან შრომატევადი სამუშაოა, ეს ამად ღირს.
დავუბრუნდეთ ჩვენ კვლევას. კვლევის მხოლოდ პირველი ეტაპი მოიცავდა ბავშვების სკრინინგს, საერთო ჯამში, 210 საჯარო სკოლის 16 000-ზე მეტი მოსწავლის სკრინინგი ჩატარდა, რაც ძალიან დიდი რიცხვია.
✔️რა ტიპის კვლევაა და რა სირთულეებთან იყო დაკავშრებული ამ ტიპის კვლევის განხორციელება
მედეა ზირაქაშვილი: ეს ძალიან მასშტაბური, 16 ათას ბავშვთან ჩატარებული კვლევაა. ზოგადად, კვლევებს შორის, ეპიდემიოლოგიური კვლევები ყველაზე რთულად ჩასატარებელია. განსაკუთრებით რთულია ეს საქართველოში, სადაც სირთულე ბევრი რამითაა გამოწვეული, ერთ-ერთი ფინანსური კომპონენტია, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია. კვლევის პირველი ეტაპის ჩატარება სერიოზული ადამიანური რესურსის მობილიზების ხარჯზე შევძელით.
პრობლემებიდან, ასევე, აღსანიშნავია მოსახლეობის დაბალი განათლება ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებთან დაკავშირებით. კვლევის მეორე ეტაპზე იმავე სირთულეებს ვაწყდებოდით — მშობლები უბრალოდ აღარ გვთანხმდებოდნენ კვლევების გაგრძელებაზე, თან პანდემიაც დაგვემთხვა, რამაც კვლევის პროცესი ძალიან გაგვირთულა.
თვითონ კვლევის შესახებ კი გეტყვით, რომ პირველ, სკრინინგის, ეტაპზე 4 მკვლევარი შევდიოდით სკოლებში, პირადად ვხვდებოდით სკოლის დირექტორებს, რომლებსაც დიდი კეთილგანწყობა ნამდვილად არ გამოუვლენიათ. ისინი ცდილობდნენ იმ სირთულეების პრევენციას, რაც შეიძლებოდა შექმნილიყო მშობლებთან, რადგან როდესაც მშობლები იგებდნენ, რომ მიმდინარეობდა სკრინინგი, ბავშვების ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, უარს ამბობდნენ ჩართულობაზე.
შემდეგ ვხვდებოდით კლასების დამრიგებლებს, რომლებიც მშობლებთან შუამავლები უნდა ყოფილიყვნენ. მასწავლებლებს დაურიგდათ სპეციალური კითხვარები, სადაც შეტანილი იყო კითხვები ფსიქიკური ჯანმრთელობის, მათ შორის, აუტიზმის სპექტრის აშლილობების შესახებაც.
მიუხედავად იმისა, რომ განათლების სამინისტრომ პრაქტიკულად მწვანე შუქი აგვინთო, გვქონდა ეთიკის კომისიის დასკვნა, თუ არ იქნებოდა სკოლის დირექტორის ნება, უბრალოდ ვერ შევძლებდით კონკრეტულ სკოლაში კვლევის ჩატარებას. თუ დირექტორი სკოლაში კითხვარების შეტანის ნებას არ მოგვცემდა, შესაბამისად, ამ სკოლის მოსწავლეებზე ჩვენ არანაირი მონაცემი არ გვექნებოდა. ყველაზე რთული იყო მონაცემების შეგროვება ისე, რომ კითხვარები არ დაკარგულიყო.
მეორე მნიშვნელოვანი ეტაპი უშუალოდ დიაგნოსტიკას მოიცავდა. ჩვენ გვყავდა საკონტროლო ჯგუფი, ასევე ჯგუფები, რომლებშიც შედიოდნენ როგორც მაღალი რისკ-ჯგუფებიდან შერჩეული, ასევე უფრო ნაკლები რისკის ქვეშ მყოფი ბავშვები.
სკრინინგის ეტაპზე ვიკვლევდით მესამეკლასელებს, დიაგნოსტიკის ეტაპზე ეს ბავშვები, უკვე, ზოგი მეოთხე და ზოგი მეხუთე კლასში იყვნენ, რაც ნიშნავდა, რომ საკვლევი ჯგუფის ასაკობრივი ჩარჩო გაფართოვდა 8-11 წელზე.
რასაკვირველია, სირთულეები გრძელდებოდა ბავშვების ჩართულობის კუთხით, მშობლებისგან გვქონდა ძალიან ბევრი უარი, არ გვთანხმდებოდნენ შეფასების პროცესზე მიუხედავად იმისა, რომ მათ შვილებს ძალიან კვალიფიციური დახმარების მიღება შეეძლოთ სრულიად უფასოდ.
✔️სად აღმოაჩინა კვლევამ ყველაზე მეტი რისკ-ჯგუფის ბავშვი
მაია გაბუნია: თავდაპირველად კვლევის რეგიონებში ჩატარება არ იგეგმებოდა, თუმცა აქაც გაგვიმართლა, რადგან ჩაერთო ორი დონორი: ჩეხეთის „კარიტასი საქართველოში“ და ფონდი „ღია საზოგადოება — საქართველო“, რომლებმაც ტექნიკური მხარდაჭერა გაგვიწიეს. შედეგად, ოთხ დიდ რეგიონულ ქალაქში: ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდსა და თელავშიც ჩატარდა კვლევა და ამ რეგიონების მონაცემებიც გვაქვს, რაც ძალიან კარგია, რადგან რეგიონში მცხოვრები ბავშვი, შესაძლოა, თბილისელი ბავშვისაგან განსხვავებული ყოფილიყო და ასეც აღმოჩნდა, განსხვავება არსებობს. ძალიან საინტერესო შედეგები მივიღეთ. აღსანიშნავია, რომ ჩვენს კითხვარს ავსებდა მშობელიც და მასწავლებელიც. შემიძლია გითხრათ, რომ თელავში მასწავლებელი ბევრად უფრო პოზიტიურ მონაცემებს გვაწვდიდა, ვიდრე დანარჩენ ქალაქებში. ყველაზე მეტი რისკ-ჯგუფის ბავშვი, როგორც მასწავლებლის, ასევე მშობლის შეფასებით, ბათუმში აღმოჩნდა. ვერ გეტყვით რატომ, მაგრამ ასეა… ჯერჯერობით, ვერ ვიტყვით, ბავშვების რა %-ში გვხვდება პრობლემები, თუმცა ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ 5-დან 1 ბავშვი რისკ-ჯგუფს მიეკუთვნება. ასეთი შემთხვევები გაცილებით მეტია ზუგდიდსა და ბათუმში, შედარებით ნაკლები — თელავში. როცა კვლევა დასრულდება, ბევრი რამ შემდეგ უფრო ნათელი გახდება.
♦♦♦
საბოლოო შედეგებზე სტატიას კვლევის დასრულების შემდეგ შემოგთავაზებთ.
ლალი ჯელაძე