ნაზიკ ექნოსიან
ახალციხის მუნიციპალიტეტის სსიპ სოფელ წყალთბილის საჯარო სკოლის ორენოვანი დამხმარე მასწავლებელი
◊ მე ვარ ნაზიკ ექნოსიანი. დავიბადე საქართველოს ულამაზეს და ისტორიულ მხარეში – სამცხე-ჯავახეთში. მამის მხრიდან, სოფელ სხვილისიდან ვარ, ხოლო დედისა – დიდი პამაჯიდან. ოჯახში ეთნიკურად სომხები ვცხოვრობთ. ჩვენი წინაპრები 1928-1930 წლებში ჩამოსახლდენ დასავლეთ სომხეთიდან.
◊ საბაზო განათლება სოფელ დიდი პამაჯის საბაზო სკოლაში მივიღე, საშუალო განათლება – ქალაქ ვალეს მესამე სომხურ სკოლაში. სკოლის დამთავრებისას, იმ წელსვე (2012), ჩავაბარე 4+1 პროგრამის გამოცდა (როგორც ცნობილია, პროგრამა განკუთვნილია არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებისთვის, სადაც ბარდება უნარების გამოცდა მშობლიურ ენაზე) და 100%-იანი დაფინანსებით ჩავირიცხე სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე.
მოსამზადებელი კურსიდან გადაწყვეტილი მქონდა, სწავლა ქართული ფილოლოგიის კუთხით გამეგრძელიბინა, უკეთ რომ მესწავლა ქართული ენა. უნივერსიტეტში ჩაბარების დროს ძალიან ბევრი სირთულის გადალახვა მომიწია, პირველი და ყველაზე მთავარი პრობლემა იყო სახელმწიფო ენის არცოდნა, ასევე, თემის შეხედულებები და კომენტარები – თუ ქართულს ისწავლი, გაქართველდები, გვარს შეიცვლი (ამ წლების მანძილზე, ამ კუთხით, შეხედულებები რადიკალურად შეცვლილია) და ა.შ. ამ ყველაფრის მიუხედავად, გავაგრძელე ჩემი საქმე და ვისწავლე ქართული ენა. ამ რთულ გზაზე ჩემ გვერდით იყვნენ ჩემი ლექტორები და კურსელები. ამ ადამიანების დიდი შრომისა და მუშაობის შედეგად, უკვე მე ვასწავლი ქართულ ენას სომხურენოვან ბავშვებსა და თემის წარმომადგენლებს.
◊ უნივერსიტეტის დამთავრების მერე, 2017 წელს, 3-თვიანი სტაჟირება გავიარე სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ახალქალაქის სასწავლო ცენტრში. თუ უნივერსიტეტმა მომცა ცოდნა როგორ უნდა ვასწავლო ბავშვებს სახელმწიფო ენა, სტაჟირების პერიოდში ეს ცოდნა გავიღრმავე, ასევე, ვისწავლე არა მარტო ბავშვებთან მუშაობა, არამედ სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებთან მუშაობაც.
სტაჟირების მერე, 2017 წლის სექტემბრიდან, ახალციხის მუნიციპალიტეტის სსიპ სოფელ წყალთბილის საჯარო სკოლაში დავიწყე მუშაობა, ორენოვან დამხმარე მასწავლებლად. სკოლაში მუშაობისას, თავიდან, ყველა ეჭვის თვალით მიყურებდა, რომ განათლების სამინისტროდან ვარ გაგზავნილი როგორც ზედამხედველი და ვამოწმებ ვინ როგორ მუშაობს, მაგრამ, ჩემი მუშაობისა და მათთან ურთიერთობის საფუძველზე, ეს დამოკიდებულება მალევე შეიცვალა მეგობრული და თბილი გარემოთი. ჩემი შრომით და კეთილი დამოკიდებულებით მალევე მოვიპოვე როგორც მასწავლებლების, ასევე მოსწავლეებისა და მათი მშობლების სიყვარული (როგორც ცნობილია, თითოეული მასწავლებლის შეფასება მისი მოსწავლის მოგონებებია). ამ კუთხით, შემიძლია ვთქვა, რომ ბედნიერი მასწავლებელი ვარ, რადგან ხშირად მირეკავენ ჩემი ყოფილი მოსწავლეები, ზოგი უბრალოდ მოკითხვის მიზნით, ზოგს რამე პრობლემა აწუხებს ან პრობლემის გადაჭრის გზებს ეძებს, ეს ჩემთვის უბედნიერესი დროა, რადგან მე მათთან სრულიად უცხო ადამიანი მივედი, დღეს კი მათი ახლო მეგობარი ვარ.
◊ ამ მოკლე დროში, ჩემს მოსწავლეებთან ერთად, მეც გავიზარდე. აქტიურად ვესწრები ტრენინგებს თუ სემინარებს, რომ სასწავლო პროცესი უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი გავხადო. სკოლაში ჩემი მოვალეობები, პირობითად, ორ ნაწილად იყოფა – როგორც ფორმალური განათლების კუთხით, ადგილობრივ მასწავლებელთან ერთად გაკვეთილების დაგეგმვა, ასევე არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, სხვადასხვა ღონისძიებისა თუ პროექტის დაგეგმვა და ჩატარება. ამ კუთხით, მინდა მადლობა გადავუხადო სკოლის დირექციასა და ადგილობრივ მასწავლებლებს, რადგან ყოველთვის მეხმარებიან თავიანთი რჩევებით, გამოცდილებით და ა.შ.
ჩემი საქმიანობის მიზანია არაქართულენოვანი საზოგადოების ინტეგრაცია და მეგობრული ურთიერთობის ჩამოყალიბება ქართულენოვან საზოგადოებასთან. ამავდროულად, ჩემი უმთავრესი მიზანია, რომ არაქართულენოვანი სკოლის მოსწავლე, სკოლის დამთავრების მერე, აღარ წავიდეს საზღვარგარეთ განათლების მისაღებად, არამედ ჩააბაროს საქართველოში, ისწავლოს სახელმწიფო ენა და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა.