ინტერვიუ ნინო უძილაურთან, USAID განათლების გუნდის ხელმძღვანელთან
✔️ქალბატონო ნინო, USAID-ის პროექტები სასკოლო განათლებაში საკმაოდ ხელშესახებიც გახდა და საზოგადოების თვალსაწიერშიც მოექცა. თუ შეიძლება, გვიამბეთ განათლების მიმართულებით მიმდინარე პროექტების შესახებ, რომელსაც მხარს უჭერს USAID
🔘 განათლების ხელშეწყობა USAID-ისთვის მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. გვაქვს მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განათლების ყველა დონეზე. ესენია: სამოქალაქო განათლების პროექტი, რომლის მიზანია მაღალი მოქალაქეობრივი შეგნების, სამოქალაქო პროცესებში ჩართული ახალგაზრდების აღზრდა; მეორე — საბაზისო განათლების პროექტი, რომელიც მათემატიკის, წიგნიერების და კრიტიკული აზროვნების გაუმჯობესებას ემსახურება I-IV კლასების ბავშვებში; მესამე — პროფესიული განათლების პროექტი სახელად „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“, რომლის ფარგლებშიც, კერძო სექტორთან ერთად, იმ უნარებისა და პროფესიების ხელშეწყობა ხდება, რომლებიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია როგორც ბიზნესის, ასევე ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის.
უმაღლესი განათლების საფეხურზე, USAID ხელს უწყობს იურიდიული განათლების ხარისხის გაუმჯობესებას უნივერსიტეტებთან აქტიური თანამშრომლობით. ეს პროექტი სამართლის უზენაესობის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. პროგრამა თანამშრომლობს როგორც საჯარო, ასევე კერძო უნივერსიტეტებთან, რომლის ფარგლებშიც, ხდება პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება, რაც აუცილებელია იურისტის პროფესიისთვის; სასწავლო სასამართლო პროცესების მოწყობა, უნივერსიტეტების საჭიროებების კვლევა და შედეგების საფუძველზე, მათთვის ტექნიკური დახმარების შეთავაზება, იურიდიული რესურსების განვითარების ხელშეწყობა, სილაბუსების დახვეწა-განვითარება და სხვა. ასევე, პროგრამის ფარგლებში, შეიქმნა არაერთი სახელმძღვანელო, მაგალითად, აკადემიური წერის, იურიდიული ეთიკის. ინერგება იმიტირებული სასამართლოების პრაქტიკა და აქტიურად ხდება სკოლებთან თანამშრომლობა, რომ მოსწავლეებმა მეტი გაიგონ ამ პროფესიის შესახებ. პროგრამა ასევე მუშაობს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან იურიდიული განათლების სტანდარტების დახვეწასა და გაუმჯობესებაზე.
ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე პროექტები იყოს შედეგიანი და დადებითად აისახოს მოსწავლეთა მიღწევებზე, ასევე მოხდეს იმ უნარების განვითარება, რომელიც აუცილებელია წარმატებით დასაქმებისთვის.
✔️ახალ პროექტებზეც რომ გვითხრათ, რა იგეგმება სამომავლოდ განათლების მიმართულებით?
🔘 ვიწყებთ ახალ პროექტს, რომელიც ამ ეტაპზე გამოცხადებული გვაქვს დაინტერესებული მხარეებისთვის. პროექტის მიზანია მასწავლებლის მომზადების პროგრამების ხარისხის გაუმჯობესება უმაღლეს სასწავლებლებში, სკოლის დირექტორების პროფესიული უნარების განვითარება და განათლების დეცენტრალიზაციის ხელშეწყობა საგანმანათლებლო რესურსცენტრების გაძლიერებით. რესურსცენტრები ძალიან მნიშნველოვანი რგოლი და დასაყრდენია სკოლებისთვის.
✔️რეალურად, გამოიწვევს თუ არა ეს რესურსცენტრების ფუნქციის გაფართოებას?
🔘 ამ ეტაპზე ზუსტად ვერ გეტყვით ეს როგორ მოხდება, რადგან ჯერ პროექტი არ დაწყებულა. ახალი პროექტი შესაბამისობაშია განათლების სამინისტროს მიერ დამტკიცებულ სტრატეგიასთან, სადაც წერია, რომ უნდა შეიქმნას სასკოლო რაიონული მართვის მოდელის დანერგვის გეგმა და ამის შესაბამისად, ახალი როლებისა და პასუხისმგებლობების მქონე სასკოლო უბნები რესურსცენტრების დონეზე. განათლების სამინისტროსთან აქტიური თანამშრომლობით, შემუშავდება გეგმა, რათა სკოლების დახმარება-განვითარება, ადგილობრივ დონეზე, უფრო ეფექტურად მოხდეს. როგორც იცით, სამინისტრომ დირექტორების ახალი სტანდარტი დაამტკიცა, ახლა დირექტორების შერჩევის პროცესი მიმდინარეობს და შეიძლება ბევრი ახალი სახეც ვიხილოთ სისტემაში. თუმცა, აუცილებელია როგორც არსებული, ასევე ახალი კადრების უწყვეტი პროფესიული განვითარების ხელშეწყობა. იყო სკოლის დირექტორი, ნიშნავს იყო საგანმანათლებლო ლიდერი, რაც რთული და საპასუხისმგებლო საქმიანობაა.
✔️ ქალბატონო ნინო, USAID-ის პროგრამების განხორციელებისას, ბოლო დროს, განსაკუთრებულად აქტიურად ჩანს ბიზნეს სექტორი — რა როლი აქვს ბიზნესის ჩართულობას ამ პროცესებში?
🔘 USAID-ის მიმდინარე პროექტებში კერძო სექტორის როლი ძალიან დიდია. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ბიზნესის დაინტერესება განათლების სფეროთი ძალიან მზარდია. როგორც დიდი, ასევე მცირე ბიზნესებისგან ვხედავთ არაერთ დაფინანსებულ პროექტსა და პროგრამას. ეს ეხება არა მარტო ინფრასტრუქტურულ პროექტებს, არამედ საგანმანათლებლო რესურსებს, სპორტულ-გამაჯანსაღებელ ინვენტარს, სტიპენდიებს, სხვადასხვა წამახალისებელ ღონისძიებებს პედაგოგებისთვის, ტრენინგებს მოსწავლეებისთვის და ა.შ.
ამ ეტაპზე, კერძო სექტორის ჩართულობა ყველაზე მაღალი პროფესიული განათლების დონეზეა. ბუნებრივია, რაც უფრო ვითარდება ბიზნესი, მით უფრო მეტად ჩნდება გარკვეული უნარების დეფიციტი და საჭიროება და შესაბამისად, კერძო სექტორის ჩართულობა და თანამონაწილეობაც მატულობს, რომ ეს დეფიციტი აღმოიფხვრას. მისასალმებელია, რომ ბევრი ბიზნესი აქტიურად თანამშრომლობს პროფესიულ კოლეჯებთან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უფრო გაიზარდოს კერძო სექტორის ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაშიც, ვინაიდან სწორედ სკოლაა იმ ფუნდამენტური ცოდნისა და უნარების საფუძველი, რისი დაშენება და განვითარებაც უკვე განათლების ზედა საფეხურებზე უნდა მოხდეს. USAID-ის სამოქალაქო პროექტის ფარგლებში ხდება სკოლების და ბიზნესის ერთმანეთთან დაკავშირება. ყველა რეგიონში ეწყობა სკოლა-ბიზნეს ფორუმი, რომლის ფარგლებში, კერძო სექტორს შესაძლებლობა ეძლევა, გაეცნოს მოსწავლეების მიერ შემუშავებულ პროექტებს, რომელთა მიზანია სასკოლო გარემოს გაუმჯობესება. ფორუმზე მოსწავლეებს საშუალება აქვთ, იპოვონ მსგავსი საკითხებით დაინტერესებული კომპანიები, რომლებიც ჩაერთვებიან ამ პროექტების განხორციელებაში. ამავდროულად, კომპანიები მოსწავლეებს სტაჟირების შესაძლებლობებს სთავაზობენ, რაც მათ პროფესიული ორიენტაციის ჩამოყალიბებაში ეხმარება. ჩვენ უკვე რამდენიმე წარმატებული მაგალითი გვაქვს მსგავსი პროექტების დაფინანსების, რაც მოსწავლეებისთვის დიდი მოტივაცია აღმოჩნდა. სკოლა-ბიზნესის ფორუმი, ყოველწლიურად, საქართველოს 11 რეგიონში ჩატარდება.
✔️ ქალბატონო ნინო, ახალი პროექტების შერჩევისას, ვინ ადგენს პრიორიტეტებს — რა მიმართულებას სჭირდება დახმარება თქვენი მხრიდან?
🔘 ეს კომპლექსური პროცესია, რომელიც კვლევის, სხვადასხვა მონაცემების გამოყენების და კონსულტაციების პროცესის საფუძველზე ყალიბდება. ვეცნობით სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივი კვლევის შედეგებს, ასევე ვესაუბრებით საჭიროებებზე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მასწავლებლებს, დირექტორებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს. გარდა ამისა, ვესაუბრებით განათლების სექტორში მოქმედ დონორებს, რომ ჩვენი საქმიანობა იყოს კოორდინირებული და ეფექტური. ეს კოორდინაცია ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ამ მიმართულებით საჭიროება დიდია და ჩვენი მხრიდან პრიორიტებები სწორად უნდა განისაზღვროს და გამოიკვეთოს. როგორც გითხარით, USAID-ისთვის განათლების ყველა დონე პრიორიტეტულია. წიგნიერება, მათემატიკა, კრიტიკული აზროვნება, სამოქალაქო განათლება, პროფესიული განათლება, მასწავლებლის მომზადების პროგრამები, იურიდიული განათლება და მრავალი სხვა — ეს ის მიმართულებებია, რომელზეც USAID წლებია აქტიურად მუშაობს.
ესაუბრა ლალი ჯელაძე