15-25 სექტემბერს გაიმართა გლობალური კვირეული დევიზით „იმოქმედე მდგრადი განვითარების მიზნებისათვის“. მეოთხე მიზანი ძალიან მნიშვნელოვან საკითხს – ხარისხიან განათლებას ეხება. ამ კონტექსტში განათლების კოალიციამ წარმოადგინა გაეროს სასურსათო პროგრამის (WFP) დოკუმენტი – როგორ უწყობს ხელს სასკოლო კვება მდგრადი განვითარების მიზნებს.
სასკოლო კვების სარგებლიანობის შესახებ არაერთი მტკიცებულება არსებობს, თუმცა, საკითხის მრავალმხრივობიდან გამომდინარე, მათი მიმოხილვა საკმაოდ რთულია. ნაშრომის მიზანია, ამ მტკიცებულებათა ანალიზით, გაირკვეს, რამდენად უწყობს ხელს სასკოლო კვება მდგრადი განვითარების სხვადასხვა მიზნის მიღწევას, მაგალითად: შიმშილის აღმოფხვრა (SDC2), ხარისხიანი განათლება (SDC4), გენდერული თანასწორობა (SDC5), ასევე სიღარიბის აღმოფხვრა, ღირსეული სამუშაო, ეკონომიკური ზრდა და უთანასწორობის შემცირება. აუცილებელია აღინიშნოს, რომ ეს არის უახლესი და უმაღლესი ხარისხის მტკიცებულება, რომელიც დამოუკიდებელ კვლევებს ეყრდნობა და გამოქვეყნებულია 2009 წლის შემდგომ საერთაშორისოდ რეცენზირებად ჟურნალებში.
ძირითადი ფაქტები სასკოლო კვების შესახებ⇓⇓
⇔ მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანას აქვს რაიმე სახის სასკოლო კვების პროგრამა;
⇔ სასკოლო კვების პროგრამები მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული სოციალური დაცვის სისტემაა;
⇔ დაახლოებით, 368 მილიონი ბავშვი, ყოველდღიურად, იღებს საჭმელს სკოლაში როგორც განვითარებად, ისე შეძლებულ ქვეყნებში;
⇔ გლობალური ინვესტიცია სასკოლო კვებაში შეადგენს, წელიწადში, 75 მილიარდ აშშ დოლარს;
⇔ შუადღის კვების სქემა ინდოეთში ყველაზე დიდი სასკოლო კვების პროგრამაა მსოფლიოში, რადგან იქ, ყოველდღიურად, 106 მილიონი ბავშვი იკვებება.
ძირითადი ფაქტები მსოფლიო სასურსათო პროგრამის სასკოლო კვების პროგრამების შესახებ⇓⇓
⇔ სასკოლო კვება მსოფლიო სასურსათო პროგრამის ნაწილია მისი დაარსებიდან (1961წ);
⇔ 2015 წელს 321 მლნ აშშ დოლარი დაიხარჯა 62 ქვეყანაში 17.4 მილიონი ბავშვის სასკოლო კვებით უზრუნველყოფისთვის;
⇔ ამავე წელს 10 ქვეყნის მთავრობას გაეწია ტექნიკური დახმარება, რითაც არაპირდაპირი სარგებელი მიიღო, დაახლოებით, 10-მა მილიონმა ბავშვმა.
შიმშილის აღმოფხვრის ხელშეწყობა⇓⇓
მსოფლიოში სასკოლო კვების პროგრამების 45 კვლევის მეტა-ანალიზმა აჩვენა, რომ როდესაც ბავშვები იღებენ სტანდარტულ კვებას – 401 კკალ დღეში, 200 დღის განმავლობაში/წელიწადში, ისინი, საშუალოდ, 0,37კგ-ზე მეტს და 0,54სმ-ს იმატებენ, ვიდრე მათი თანატოლები, რომლებიც არ არიან პროგრამაში ჩართულნი; ასევე მაღალი და ადეკვატურია ენერგიის, საკვები ნივთიერებებისა და მიკრონუტრიენტების მიღება, 10%-ით დაბალია ანემიის გავრცელებაც (განაში ჩატარებული კვლევა). რაც შეეხება ინდოეთს, რომელსაც ყველაზე დიდი სასკოლო კვების პროგრამა აქვს მსოფლიოში, შუადღის კვების სქემამ მნიშვნელოვანი დადებითი გავლენა იქონია ინდოელი ბავშვების სიმაღლეში ზრდაზე, წონაში მატებასა და, ზოგადად, ჯანმრთელობაზე (განსაკუთრებით ეხება მეტეოროლოგიური პირობებით დაზარალებული ოჯახების მოზარდებს).
დოკუმენტში ხაზგასმულია, რაოდენ მნიშვნელოვანია სასკოლო საკვების გამდიდრება დამატებითი მიკროელემენტებით. 11 ქვეყანაში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ფორტიფიცირებული სასკოლო კვება ან საჭმლის მიღება თანმიმდევრულად ამცირებს ანემიის გავრცელებას და აუმჯობესებს მიკროელემენტების მდგომარეობას (რკინა, ვიტამინი A, იოდი და ფოლიუმი), რიგ შემთხვევებში, გაუმჯობესდა სწავლის ხარისხი და შემცირდა ავადობა.
მეტა-ანალიზმა კიდევ ერთი სასიკეთო შედეგიც აჩვენა – სასკოლო კვების პროგრამების ჭიების საწინააღმდეგო კამპანიებთან შერწყმამ, რიგ შემთხვევებში, დადებითი გავლენა იქონია ინფიცირებულ ბავშვებზე. ასევე კარგი შედეგის მომტანია, როცა სასკოლო კვების პროგრამა მოიცავს სახლში წასაღები რაციონის განაწილებას. ბურკინა-ფასოში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ იმ სტუდენტების უმცროსი და-ძმები, რომლებსაც სახლში მიჰქონდათ საკვები, მნიშვნელოვნად იმატებდნენ წონაში, ვიდრე საკონტროლო ჯგუფის ბავშვები. და ეს შედეგი გაცილებით ეფექტური აღმოჩნდა, ვიდრე შინამეურნეობისათვის გაცემული ფულადი დახმარებისას მიღებული სარგებელი.
კვლევის ამ ნაწილშიც, შედეგები აჩვენებს, სასკოლო კვების პროგრამა ერთ-ერთი ეფექტური რგოლია იმ ჯაჭვისა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს, რომ ყველას ჰქონდეს ნოყიერი და საკმარისი საკვები, განსაკუთრებით ბავშვებს, დედებს და დაუცველ ადამიანებს.
წვლილის შეტანა განათლების მიზნების განხორციელებაში⇓⇓
აღნიშნული კვლევის შედეგები აჩვენებს:
⇔ სასკოლო კვების პროგრამები იმ მცირერიცხოვან საგანმანათლებლო ინტერვენციებს შორისაა, რომლებიც დადებით გავლენას ახდენენ როგორც დასწრების (ჩარიცხვა, დასწრება, დასრულება), ასევე აკადემიური მოსწრების კუთხით (ქულები კოგნიტურ, ენისა და მათემატიკის ტესტებში);
⇔ 10%-ით იზრდება დასწრება ისეთ სკოლებში, სადაც სასკოლო კვების პროგრამა არსებობს;
⇔ ბავშვები, რომლებიც იღებენ სასკოლო კვებას მთელი სასწავლო წლის განმავლობაში, სკოლაში 4-7 დღით მეტს დადიან, ვიდრე ბავშვები, რომლებიც არ იღებენ სასკოლო კვებას;
⇔ სასკოლო კვების პროგრამები ზრდის მოსწავლეთა შედეგებს კოგნიტურ, მათემატიკისა და ენის ტესტებში; მოსწავლეებს, რომლებიც სასკოლო კვებაში, დამატებით, რკინას იღებდნენ, სისხლში ჰემოგლობინის უფრო მაღალი დონე ჰქონდათ.
კვლევის შედეგებიდან გამომდინარე განისაზღვრა შესაბამისი სამიზნეები, კერძოდ:
⇔ 2030 წლისთვის ყველა გოგონასა და ბიჭისთვის სრულიად უფასო, თანასწორი და ხარისხიანი დაწყებითი და საშუალო განათლების მიღების უზრუნველყოფა, რაც მათ შესაბამის და ქმედით სასწავლო შედეგებს მოუტანს; ასევე, ადრეულ ასაკში განვითარების, ზრუნვისა და სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, რათა მზად იყვნენ დაწყებითი განათლებისთვის;
⇔ 2030 წლისთვის განათლებაში უთანასწორობის აღმოფხვრა და მოწყვლადი ადამიანებისთვის, მათ შორის შშმ პირებისთვის, პროფესიული სწავლების ყველა დონეზე თანაბარი წვდომის უზრუნველყოფა.
წვლილის შეტანა გენდერულ თანასწორობაში⇓⇓
კვლევის შედეგების მიხედვით, გოგონებს მეტი ბრძოლა უწევთ განათლებაზე ხელმისაწვდომობისთვის, ვიდრე ბიჭებს. მსოფლიოში ყოველი მეათე გოგონადან ერთი არ სწავლობს, ბიჭებთან კი ეს მაჩვენებელი თორმეტიდან ერთია. გარდა ამისა, მსოფლიოში არასაკმარისი კვების მქონე ადამიანების 60%-ს ქალები შეადგენენ, ამიტომ განსაკუთრებულია სასკოლო კვების პროგრამის იმ მოდელის გავლენა, რომელიც გულისხმობს სასკოლო კვებასაც და საკვების სახლში გატანასაც. პროგრამის დამსახურებით, გოგონების სკოლაში დასწრება 12%-ით გაიზარდა; ასევე ძლიერი კორელაცია გამოიკვეთა განათლების დონის ზრდასა და ბავშვთა ქორწინების შემცირებას შორის, ადრეულ ასაკში ქორწინებაში მყოფი გოგონების 60%-ს არ აქვს ფორმალური განათლება. რომ არა განათლების პრობლემა, ბავშვთა ქორწინება 64%-ით შემცირდებოდა… ამიტომაც ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ მიიჩნევა სწორედ ყოველგვარი მავნე პრაქტიკის, დისკრიმინაციის, ძალადობის ყველა ფორმის (ტრეფიკინგი, სექსუალური ან სხვა ტიპის ექსპლუატაცია) აღმოფხვრა.
სწორი შემუშავების შემთხვევაში, სასკოლო კვების პროგრამას პირდაპირი სარგებელი მოაქვს ბავშვებისთვის – აუმჯობესებს ჯანმრთელობისა და განათლების დონეს, – ნათქვამია კვლევის დასკვნით ნაწილში, რასაც პირდაპირი კავშირი აქვს სიღარიბისა და უთანასწორობის შემცირებასა და ეკონომიკურ განვითარებასთან. 139 ქვეყანაში ჩატარებული გამოკითხვების შედეგები აჩვენებს, რომ ყოველი დამატებითი წელი სწავლაში აისახება შემოსავლების 10%-იან ზრდაში. მსოფლიო სასურსათო პროგრამის მიხედვით, ყოველი $1-ის ინვესტიციას სასკოლო კვების პროგრამაში 3-10$-მდე ეკონომიკური სარგებელი მოაქვს გაუმჯობესებული ჯანმრთელობით, განათლებითა და პროდუქტიულობით; გარდა ამისა, სასკოლო კვების პროგრამებს შეუძლია შექმნას დასაქმების შესაძლებლობები და გააუმჯობესოს სკოლების მახლობლად მცხოვრები თემის საარსებო პირობები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სასკოლო კერძები ადგილობრივადაა მომზადებული.
♦ ♦ ♦
როგორც ვიცით, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასკოლო კვების პროგრამები არ ხორციელდება. ამ ბოლო ხანებში თემა ძალიან გააქტიურდა – გავრცელდა მშობელთა პეტიცია პროგრამის სკოლებში დანერგვის მოთხოვნით, ამ საკითხზე ხშირად საუბრობენ არასამთავრობო ორგანიზაციები, მოძრაობები, პოლიტიკური პარტიები… განათლების კოალიციის დირექტორი გიორგი ჭანტურია მიიჩნევს, რომ საკითხის გააქტიურება კარგი ტენდენციაა.
„სასკოლო კვების პროგრამები ქვეყნების 90%-ში მუშაობს სხვადასხვა ფორმით, ჩვენთან საერთოდ არ გვაქვს და არც გვქონია,თუმცა, წლების წინ, სახელმწიფომ დაიწყო ამ თემაზე მუშაობა. მაშინ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ამილახვარი იყო, განათლების მინისტრი – მიხეილ ჩხენკელი, ხოლო მოადგილე – ეკა დგებუაძე, რომელიც აქტიურად იყო ჩართული შეხვედრებსა თუ დისკუსიებში. პროგრამის განხორციელების აქტიური მხარდამჭერი იყო გაეროს ბავშვთა ფონდი (ხელმძღვანელი — ჰასან ხალილი). ინტერსექტორული საკოორდინაციო ჯგუფიც შეიქმნა, განათლების სამინისტრო წარადგენდა საკუთარ მოსაზრებებს კვების პროგრამების სკოლაში დანერგვის თაობაზე, ჩვენც ვიყავით აქტიურად ჩართული და კოალიციის მიერ შემუშავებული რამდენიმე ვერსიაც წარვადგინეთ… შემდეგ ეს პროცესი შეწყდა, ფორმალური მიზეზი არ დაუსახელებიათ.
ზაფხულში, განათლების მინისტრთან შეხვედრაზე, დეტალურად ვისაუბრეთ ამ საკითხზე, ვუთხარით ისიც, რომ განათლების კოალიცია გაწევრიანდა სასკოლო კვების გლობალურ კოალიციაში. ეს არის სამთავრობო გაერთიანება, რომელიც პანდემიის დროს შეიქმნა იმისთვის, რომ არათუ შეჩერებულიყო, არამედ კიდევ უფრო გაძლიერებულიყო სასკოლო კვების პროგრამა, რომელშიც 90 ქვეყნის მთავრობაა გაერთიანებული. ჩვენი გაწევრიანებით, შეგვიძლია, მრავალმხრივ დავეხმაროთ სახელმწიფოს საკითხის დაძვრისა და დანერგვის პროცესში, რადგან კოალიციის წევრი ქვეყნების მთავრობებს აქვთ დახმარების, გამოცდილების გაზიარების ვალდებულება. სხვათა შორის, ოქტომბერში დიდი მინისტერიალია დაგეგმილი პარიზში, რომელსაც პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უხელმძღვანელებს. წინადადებაც შევთავაზეთ მინისტრს პროგრამის საპილოტე სკოლებში დაწყების თაობაზე, მაგრამ, სამწუხაროდ, როგორც ჩანს, სახელმწიფოს მხრიდან მზაობა არ არის. ფაქტობრივად, მხოლოდ გადავადებაზე (2027 წლამდე) გაკეთდა აქცენტი, დიდი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მიზეზით,“ – გვითხრა გიორგი ჭანტურიამ.
კოალიცია და სხვა დაინტერესებული ორგანიზაციებიც, მათ შორის მოძრაობა „ხმა“, რომელიც ამ საკითხის წამოწევის ერთ-ერთი ინიციატორია, მშობელთა ორგანიზაცია აგრძელებენ მუშაობას საზოგადოების მობილიზებისთვის. კვლევის შედეგებიდან ჩანს, რომ პროგრამას მრავალი მიმართულებით შეუძლია სარგებლის მოტანა. ამიტომ, განათლების კოალიცია რეგიონებში სწავლობს ვითარებას, თემისგან იგებს ვინ შეიძლება ჩაერთოს პროცესში და პროგრამის რომელი ფორმა იქნება უფრო მისაღები და ეფექტური ამა თუ იმ რეგიონში, სოფელში…
იმ ფონზე, როცა ქვეყანაში ასე მაღალია სიღარიბის, უმუშევრობის მაჩვენებელი, სასკოლო კვების პროგრამების დანერგვა და განხორციელება გარღვევა იქნებოდა (როგორც კვლევის შედეგები აჩვენებს) სიღარიბის შემცირების, განათლების მიზნების განხორციელების, ეკონომიკური განვითარების, ჯანმრთელობის გაუმჯობესებისა და ბევრი სხვა მიმართულებით. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ოთხი წლით საკითხის გადავადება ვერც განათლების სფეროს და ვერც, ზოგადად, ქვეყნის ინტერესების სასარგებლო გადაწყვეტილებად ვერ ჩაითვლება, მით უმეტეს, რომ, განათლების კოალიციის გათვლებით, სასკოლო კვების პროგრამების დანერგვისთვის საჭირო თანხები არ არის იმ მოცულობის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტს გაუჭირდეს მისი დაფინანსება.