გასული კვირის ხუთშაბათს პირიქითა ხევსურეთში არსებული ერთადერთი სკოლა-პანსიონი დაიწვა. შენობა, ძირითადად, ხის მასალისგან იყო აშენებული, რის გამოც ცეცხლის ჩაქრობა ვერ მოხერხდა და ახლად რებილიტირებული სკოლა-პანსიონი ხანძრისგან მთლიანად განადგურდა. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა, შენობიდან მოსწავლეებისა და სკოლის პერსონალის გამოყვანა დროულად მოხერხდა. ხანძარმა 8 მოსწავლისა და 6 მასწავლებლის ჩვეული სასწავლო რეჟიმი დაარღვია.
ბუნებრივია, პანსიონში, მოსწავლეთა სიმცირის გამო, ყველა კლასი არ ფუნქციონირებს (მხოლოდ III, VII, IX, X, XI და XII კლასებია). წელს არც პირველკლასელთა მიღება ჰქონიათ, მომავალ წელს კი მათ რიცხვს კიდევ ორი მოსწავლე გამოაკლდება, რადგან სკოლას 2 მეთორმეტეკლასელი ჰყავს. რაც შეეხება მასწავლებლებს, ექვსიდან ოთხი, პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ ფარგლებში ისტორიას, ინგლისურს, გეოგრაფიასა და ქართულს ასწავლის. დღემდე ვაკანტურია მათემატიკისა და ფიზიკის მასწავლებლის ადგილი, რადგან პედაგოგი, რომელიც შატილელ ბავშვებს, ამავე პროგრამით, ოთხი წლის განმავლობაში ასწავლიდა ფიზიკა-მათემატიკას, წელს სხვა სკოლაში გადავიდა. ამ მოცემულობის მიუხედავად, სასწავლო წელი 8 მოსწავლისთვის განსაკუთრებული სიხარულით დაიწყო, რადგან სკოლა-პანსიონის შენობას, მიმდინარე წლის ზაფხულში, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა, სარეაბილიტაციო სამუშაოები მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან დაფინანსდა და პროექტის ღირებულება 160 000 ლარს აღემატებოდა. სამწუხაროა, რომ განახლებულ სკოლის შენობაში მოსწავლეებს ძალიან მცირე დროით მოუწიათ სიარული. დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მაყვალა დაიაური განიცდის, რომ სკოლის შენობაზე საუბარი წარსულ დროში უწევს: „სკოლის შენობა სრულყოფილად იყო რეაბილიტირებული, ყოველმხრივ გამართული ცენტრალური გათბობით თუ სასწავლო რესურსით, ინტერნეტით და კომპიუტერული ტექნიკით. დასანანია, რომ საუკეთესო პირობები, რომელიც ჩვენს მოსწავლეებს ჰქონდათ, გაცამტვერდა და მთლიანად ფერფლად იქცა. კომპიუტერული ტექნიკაც სულ ახალი შემოტანილი გვქონდა, რომელიც ნინო ზაუტაშვილის დამსახურებით მივიღეთ. ძალიან გვწყდება გული, ყველაფერი რომ დაიწვა და მხოლოდ მოგონებად იქცა.“
ბუნებრივია, მომხდარმა ბავშვების განწყობაზე იმოქმედა, თუმცა, როგორც სკოლის დირექტორი ამბობს, მომავლის იმედმა ცუდი განწყობა მალევე დაჩრდილა და ახლა მოლოდინში არიან, როდის დაიწყება ახალი სკოლის მშენებლობა, არც ერთი მოსწავლე სხვაგან გადასვლას არ ფიქრობს და ელიან პრემიერ-მინისტრის დანაპირების შესრულებას. ხანძრის შემდეგ გიორგი გახარიამ, რამდენიმე წუთში, გაავრცელა ინფორმაცია, რომ შატილში, დამწვარი სკოლა-პანსიონის სანაცვლოდ, ახალი სკოლა აშენდება: „პროექტს მთის განვითარების ფონდი დააფინანსებს. სამშენებლო სამუშაოები, კლიმატური პირობების შესაბამისად, შეძლებისდაგვარად, მოკლე ვადაში დაიწყება, რის შემდეგაც შატილს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი სკოლა ექნება. სკოლის აშენებამდე, სასწავლო პროცესი არ შეფერხდება, მოსწავლეები სწავლას, დროებით, ალტერნატიულ შენობაში გააგრძელებენ.“
„ხანძარი რომ გაჩნდა, ბავშვები შენობაში იმყოფებოდნენ, სადილის დრო ჰქონდათ, – გვიყვება მაყვალა დაიაური, – საბედნიეროდ, ყველა უვნებელი გადარჩა. ჩვენმა მასწავლებლებმა, როგორც კი დაკვამლიანება შენიშნეს, მაშინვე დაატოვებინეს ბავშვებს შენობა. ისინი ახლა სწავლას დროებით გამოყოფილ ფართში აგრძელებენ და არ აშინებთ პირობები, რომელიც მათთვის სახელდახელოდ შეიქმნა. თუმცა, ბუნებრივია, ძალიან სწყდებათ გული, რომ ძალიან ცოტა ხანს მოუწიათ ასეთ გამართულ სკოლაში სიარული. ვერ წარმოიდგენთ, რა გახარებულები და ამაყები იყვნენ, ასეთი კარგი სკოლა რომ დახვდათ სექტემბერში.“
ორშაბათიდან სკოლა-პანსიონმა სასწავლო პროცესი ალტერნატიულ შენობაში გააგრძელა, 5 მოსწავლე კი, რომელიც პანსიონურ ცხოვრებაზეა დამოკიდებული, დასაძინებლად, ორ ოჯახში გადანაწილდა, მათგან ორი – დირექტორის სახლში, სამი მოსწავლე კი პროგრამის მონაწილე მასწავლებლის, ნატო კობერიძის ნაქირავებ სახლში იცხოვრებს.
დუშეთის რესურსცენტრის ხელმძღვანელი დავით ოსეფაშვილი, ჩვენთან საუბრისას, ამბობს, რომ ხანძრის მიზეზი უცნობია. სავალალოა, რომ შენობა რამდენიმე წუთში ჩაიფერფლა, ინფრასტრუქტურა სრულად განადგურდა, არადა, ასეთი სკოლების არსებობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ასეთი მცირე დასახლებების, თითქმის დაცლილი სოფლების გადასარჩენად. ხშირ შემთხვევაში, სწორედ სკოლაა ის მთავარი მიზეზი, რის გამოც ვინარჩუნებთ დასახლებას, როგორც გეოგრაფიულ ადგილს. შატილის შემთხვევაშიც ასეა, ფაქტობრივად, სწორედ სკოლის ხარჯზეა შენარჩუნებული სოფელი. მისი აზრით, უმთავრესი ხელშემწყობი ფაქტორი „მთის კანონია“, რომელმაც მაღალმთიან მცირემოსახლეობიან სოფლებში, მეტ-ნაკლებად შეაჩერა მიგრაციის პროცესი.
დავით ოსეფაშვილი: „მიხარია, რომ ძალიან მოკლე დროში ვიპოვეთ გამოსავალი და შევძელით სასწავლო პროცესის გაგრძელება. დიდი მადლობა მინდა ვთქვა პრემიერ-მინისტრის მისამართით, მყისიერი განცხადება მოჰყვა ტრაგედიას. სულ რამდენიმე წუთი იყო გასული, მის პირად გვერდზე დაიდო განცხადება, რომ შატილს აუშენებენ ახალი ევროპული სტანდარტის სკოლას. ძალიან სწრაფად დამიკავშირდნენ სამინისტროს ინფრასტრუქტურის სააგენტოს ხელმძღვანელები და მთხოვეს, მიმეწოდებინა ჩამონათვალი, რა იყო საჭირო ბავშვებისთვის. ფაქტობრივად, პარასკევს და შაბათს ყველაფრის ორგანიზება მოხერხდა. გუბერნატორთან, შალვა კერესელიძესთან ერთად, გადაწყდა, რომ მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული გარემონტებული შენობა სკოლას დროებით სარგებლობაში გადაეცემოდა. ორშაბათს სასწავლო პროცესი უკვე ალტერნატიულ ფართში განახლდა, რომელიც ექვსი ოთახისგან შედგება. სამინისტროს ინფრასტრუქტურის სამმართველომ, პარასკევს და შაბათს, მოსწავლეებისთვის საჭირო რესურსი ჩამოიტანა – წიგნები, რვეულები, საკანცელარიო ნივთები, მერხები, სკამები, დაფები, კომპიუტერები, ბიბლიოთეკის ნაწილი, რაც აუცილებლად დასჭირდებათ სასწავლო პროცესის დროს. კვირა დღეს ყველაფერი დავალაგეთ და მოვაწყვეთ ისე, რომ ორშაბათიდან სასწავლო პროცესი შეუფერხებლად გაგრძელებულიყო. ეს ყველაფერი ერთობლივად შევძელით, რაც პირველ რიგში, ვფიქრობ, სწორი კომუნიკაციისა და დროული რეაგირების შედეგია. ყველას დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, ვინც ამ პროცესში ჩაერთო — სამინისტროს, გუბერნატორს, მუნიციპალიტეტის მერიას, საკრებულოს. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა ამას, რადგან, შედეგი სახეზეა და შატილელი მოსწავლეები შეუფერხებლად აგრძელებენ სწავლას.“
რაც შეეხება ხუთი მოსწავლის საცხოვრებელ პირობებს, რესურსცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ისინი, დროებით, ორ ოჯახში გადანაწილდნენ, მაგრამ მალე მათ გადასვლასაც უზრუნველყოფენ ალტერნატიულ ფართში. „შევთანხმდით, რომ აუცილებლად დავამონტაჟებთ ცენტრალურ გათბობას. ხანძარს მხოლოდ საქვაბე გადაურჩა, ახლა მას დროებით შენობაში გადავიტანთ და გათბობის პრობლემასაც მოვხსნით. ამის შემდეგ კი, ბავშვებსაც გადავიყვანთ საცხოვრებლად ალტერნატიულ ფართში, ვიდრე ახალი სკოლა აშენდება.
წასვლაზე არავინ ფიქრობს, არც მოსწავლე და არც მასწავლებელი. პირიქით, როცა სავარაუდო ვარიანტად განვიხილეთ, დროებით, მათი ბარისახოს სკოლა-პანსიონში ჩამოყვანა, კატეგორიული უარი მივიღეთ მშობლებისგან, მოსწავლეებისგან და მასწავლებლებისგან. ერთსულოვნად გამოთქვეს დროებით გამოყოფილ შენობაში დარჩენის სურვილი. ამბობენ, რომ დაელოდებიან ახალ სკოლას. ასე რომ, შატილიდან წასვლას არავინ აპირებს, მით უმეტეს პრემიერის განცხადების შემდეგ. იმედია, მალე შევძლებთ მოსწავლეების ახალი სკოლის შენობაში დაბრუნებას.“
ასეთივე განწყობით ელოდება მშენებლობის დაწყებას სკოლის დირექტორიც – „პრემიერი დაგვპირდა, რომ სკოლა მალე აშენდება, სახელმწიფოც და მთელი საზოგადოებაც მხარში გვიდგას, გულთან ახლოს მიიტანეს ჩვენი გასაჭირი. ყველა გვეხმარება – შემოაქვთ მერხები, დაფები, პროდუქტი… გვეხმარებიან როგორც კერძო ინიციატივით, ისე მთავრობა. იმედი გვაქვს, ყველაფერი კარგად იქნება და დანაპირებიც შესრულდება. მალე აშენდება ახალი სკოლის შენობა, თუ აქაურმა კლიმატმა შეუწყო ხელი. მოგეხსენებათ, აქ მალე ზამთრდება, ამის გამო, არ ვიცი მოესწრება თუ არა წელსვე სკოლის აშენება.“ – ამბობს მაყვალა დაიაური.
იმედია, სტიქიისგან გაწირულ სკოლას მკაცრი ზამთარი მაინც აღარ გაწირავს. შატილის სკოლა-პანსიონის მოსწავლეები და მათი მასწავლებლები კი, თავიანთი შემართებით, სოფელს ხანძრის ნაკვალევისგან იხსნიან. ამის მაგალითი არაერთხელ გვაჩვენეს, ამ ადამიანების დიდი ძალისხმევის შედეგია სკოლა-პანსიონის შენარჩუნება, თუნდაც ძალიან მცირე კონტინგენტით. პატარა შატილელი ქომაგებისთვის კი, ამ მონაპოვარის დაცვა უმნიშვნელოვანესია, მათთვის უცვლელია მორალური კანონიც, რომ მთას ხალისით არავინ ტოვებს, მით უფრო, განსაცდელის ჟამს.
მოამზადა ლალი ჯელაძე