ანა მესხი (1851-1919)
მესხების გვარმა XIX საუკუნის საქართველოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში, კერძოდ კი, მისი კულტურული, სახელოვნებო სფეროს განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა. ამჯერად სიმონ მესხისა და მაგდალინა მარჯანიშვილის (კოტე მარჯანიშვილის მამიდა) მრავალშვილიან ოჯახს ვგულისხმობთ, რომელში აღზრდილებიც ერთგულად ემსახურნენ თავიანთ ქვეყანას იმ რთულ და საინტერესო ეპოქაში. მათ წარუშლელი კვალი დატოვეს ქართული თეატრის, ჟურნალისტიკის, მთარგმნელობითი საქმის ისტორიაში. „უცნაური ოჯახია! ყოველ წევრს შინაგანი დემონი მიიზიდავდა კულტურული საქმიანობისაკენ… მესხის ოჯახი ქართული კულტურის მთელი ხომლია, რომლის ყოველი სანთელი, მეტ-ნაკლების სიძლიერით, მაგრამ ერთგვარის ურყევობით იწვოდა მრავალი წელი“. ეს გამოჩენილი ქართველი მწერლის, ნიკო ლორთქიფანიძის სიტყვებია.
ჩვენი რუბრიკა ამ ოჯახის ერთ-ერთი წევრის, სიმონ მესხისა და მაგდა მარჯანიშვილის მეხუთე შვილის, ანა მესხის შესახებ გიამბობთ. დაიბადა იგი 1851 წელს სოფ. რიონში (ქუთაისი). პირველდაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო. რაკი, ხელმოკლეობის გამო, ქუთაისში ვერ გაემგზავრა სასწავლებლად, ანას განათლებაზე მისმა უფროსმა დამ, პელაგიამ იზრუნა. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს დედის, მაგდანას როლიც. იმ დროს ქართული ენის ცოდნის საზომად „ვეფხისტყაოსანი“ ითვლებოდა, მაგდანამ კი პოემა ზეპირად იცოდა. ბუნებრივია, შვილების, მათ შორის ანას, ინტერესიც „ვეფხისტყაოსნის“ მიმართ. როგორც თანამედროვეები აღნიშნავენ, მან მხოლოდ ზეპირად კი არ შეისწავლა პოემა, მთელ რიგ ტაეპებთან მიმართებით საკუთარ სიღრმისეულ, არგუმენტირებულ აზრსაც გამოთქვამდა. როცა XIX საუკუნის ოთხმოციანი წლების დამდეგს, საქართველოში მიხაი ზიჩი ჩამოვიდა ლერმონტოვის „დემონის“ ილუსტრაციების დასახატად, „ვეფხისტყაოსნის“ ახალი გამოცემა მზადდებოდა გიორგი ქართველიშვილის დაფინანსებით. მისი ინიციატივითა და მოწინავე ქართველი საზოგადოების მხარდაჭერით, ისარგებლეს ზიჩის თბილისში სტუმრობით და „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციები დაუკვეთეს. ზიჩი დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდა შეთავაზებას — შეისწავლა პოემა, საქართველოს ისტორია, ყოფა-ცხოვრება, თბილისში უჩვენა ცალკეული ცოცხალი სურათები „ვეფხისტყაოსნიდან“; 1884 წელს ორჯერ იგივე გაიმეორა ქუთაისში, „სამეფო სახლის“ ეზოში. რუსთაველის სახე პოეტმა მამია გურიელმა განასახიერა, ტარიელის — გიორგი შერვაშიძემ, თინათინის — ნინო წერეთელმა. ჩვენებას წინ უძღოდა აკაკი წერეთლის ლექცია „ვეფხისტყაოსანზე“. მეტად შრომატევადი სამუშაო გასწია მაშინ ახალი გამოცემისათვის კომისიამ ივანე მაჩაბლის თაოსნობით, რომელიც „მოქართულე პირებისაგან“ იყო დაკომპლექტებული. მათ შორის იყო ანა მესხიც, რომელიც „ვეფხისტყაოსნის“ ფუნდამენტურ მცოდნედ ითვლებოდა და რომელმაც, როგორც დავით მესხი (ანას ძმა — მთარგმნელი, ჟურნალისტი, დრამატურგი) აღნიშნავს, „რამდენიმე დამაჯერებელი, მახვილი შენიშვნა მისცა კომისიას“.
კომისიაში მუშაობის პარალელურად, ანამ მწერლობაშიც მოსინჯა კალამი — მისი სტატიები ქვეყნდებოდა „დროებაში“, რომლის რედაქტორიც მისი ძმა — ცნობილი საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, ჟურნალისტი — სერგეი მესხი იყო; ანა გახლდათ ყოველთვიური სალიტერატურო ჟურნალის — „ქართული ბიბლიოთეკა“ — რედკოლეგიის წევრი; ქუთათურ ქალთა მიერ გამოცემულ ჟურნალში დაიბეჭდა მის მიერ თარგმნილი ეტტი პირსის რომანი „არა, დამნაშავე არაა…“, მანვე თარგმნა ვასილ ველიჩკოს თხზულება „პირველი ბუზი“, რომელიც შემდეგ ორმოქმედებიან კომედიად გადააკეთა ვალერიან გუნიამ და დაიდგა სახელწოდებით „გამარჯვებულებს არ სჯიან“. სპექტაკლში მონაწილეობდნენ: ეფემია მესხი, ელისაბედ ჩერქეზიშვილი, ვალერიან გუნია, ვასო აბაშიძე და სხვები. ანა მესხის თარგმანები დაიბეჭდა წიგნში „მოთხრობანი ქართველი ქალებისაგან ნათარგმნი“.
უნდა აღინიშნოს, რომ სცენისადმი სიყვარული ანას ბავშვობიდანვე გამოჰყვა. ის იყო პირველი ქართველი ქალი, რომელიც 1870 წლიდან ირიცხებოდა აკაკი წერეთლის თაოსნობით ჩამოყალიბებულ სცენისმოყვარეთა დასში. მესხების ოჯახს თეატრის დაარსება დიდ ეროვნულ საქმედ მიაჩნდა. მისი უფროსი „თერგდალეული“ ძმების დამსახურებითა და გავლენით, ანა იმ ქართველ ქალთა გუნდის წარმომადგენელია, რომლებიც მოწინავე იდეების დამკვიდრებისათვის იღვწოდნენ და ხშირად თავსაც სწირავდნენ. 1875 წლიდან ანა ქუთაისში, მუდმივ თეატრალურ დასში ირიცხება, სადაც 1 წლის განმავლობაში 12 სპექტაკლი დაიდგა. როგორც თეატრის დიდი გულშემატკივარი, ანა მესხი წერილით მიმართავს იმ დროის კიდევ ერთ გამორჩეულ ქართველ საზოგადო მოღვაწეს, მწერალს, მთარგმნელსა და პუბლიცისტს, კირილე ლორთქიფანიძეს თეატრალური კომიტეტის შექმნის მოთხოვნით, რომელიც იმხანად მოკარნახედაც ირიცხებოდა დასში: „ქუთაისის ქართულმა ტრუპმა გადაწყვიტა კომიტეტის დაარსება, რომლის წევრებათ აგირჩიათ თქვენ, ივანე მესხი, მოსე ქიქოძე, ნიკოლოზ ყიფიანი და დიმიტრი ნაზაროვი. უმორჩლესად გთხოვთ, მიიღოთ შემდეგი შრომა თქვენს თავზე: პიესების ამორჩევა, ქართული რეპერტუარის გაუმჯობესება და მათი რეჟისორებისათვის გადაცემა და ტრუპში უთანხმოებების მოგვარება“.
ანა მესხის კიდევ ერთი ინტერესის სფერო იყო ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშთა შეგროვება. მის მიერ მოძიებული მრავალი ხალხური ლექსი, თქმულება თუ ანდაზა გამოქვეყნდა გაზეთ „დროებაში“, სცენიდანაც ცდილობდა ამ ნიმუშების აუდიტორიისთვის გაცნობას, რადგან მიაჩნდა, რომ მათი თანამედროვეობისა თუ მომავალი თაობებისათვის გადაცემა აუცილებელი კომპონენტი იყო ერის სულიერი ცხოვრების, მისი წარსულის სრულყოფილად აღქმისა და გააზრებისათვის. ღირსეული მეუღლე, დედა, საზოგადო მოღვაწე, მწერლობის მოტრფიალე, მთარგმნელი, მსახიობი ანა მესხი ბრწყინავდა ყველგან არა მხოლოდ გარეგნობით, არამედ სულიერადაც. იგი მთელი არსებით გულწრფელად კვალავდა იმ უვალ გზას, რომელზედაც, მის შემდეგ, ბედნიერ და თავისუფალ ქართველებს უნდა გაევლოთ.
ასე შეაფასა ანა მესხის ღვაწლი, მისი გარდაცვალების შემდეგ, მადლიერმა ქართველმა ხალხმა.
მასალა მომზადებულია ლელა გაფრინდაშვილის საავტორო პროექტის მიხედვით – „განმანათლებლობა საქართველოში: იდეები და მოღვაწეები“