ლია მუკბანიანი
სსიპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალას საჯარო სკოლის ქართული, როგორც მეორე ენის კონსულტანტ-მასწავლებელი
1998 წელს დავამთავრე პედაგოგიური უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტი და იმ წელსვე დავიწყე მუშაობა არაქართულენოვან სკოლაში. პედაგოგიური გზა, დასაწყისიდან დღემდე, არ იყო მარტივად გასავლელი. იყო ბევრი იმედგაცრუება, დამარცხება, უნდობლობა, მაგრამ იყო პატარ-პატარა წარმატებებიც, რამაც საბოლოოდ დამარწმუნა, რომ თუ ბოლომდე დაიხარჯები, იმედს არ დაკარგავ, იბრძოლებ, აუცილებლად მიაღწევ დასახულ მიზანს და შედეგსაც მიიღებ.
მახსოვს ჩემი პირველი დღე და პირველი გაკვეთილი, რომელიც ამ სკოლაში ჩავატარე. მაშინ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი. უნივერსიტეტის აუდიტორიიდან პირდაპირ საკლასო ოთახში აღმოვჩნდი სრულიად უცხო გარემოში. სკოლის დირექტორმა მე-11 კლასამდე მიმაცილა და „ღმერთმა ხელი მოგიმართოსო“ — მითხრა. ეს ფრაზა მაშინ გზის დასაწყისის დალოცვად ჩავთვალე, თუმცა აღმოჩნდა, რომ იმ კლასში შესვლა არავის უნდოდა და არც დირექტორს ჰქონდა იმის იმედი, რომ თავს გავართმევდი.
შევედი კლასში და ფეხზე წამომდგარი 18 ახალგაზრდა ზემოდან დამყურებდა (ყველა ბიჭი). დიდი ენთუზიაზმით ველოდი პირველ სამუშაო დღეს, თუმცა არც მიფიქრია დამამთავრებელ კლასში, თითქმის 3-4 წლით უმცროს ახალგაზრდებთან თუ მომიწევდა პირველი ნაბიჯის გადადგმა. და აი ასე ვიდექი გაოგნებული, ალბათ შეშინებულიც კლასში და არ ვიცოდი რა მექნა. იმ წუთებს უნდა გადაეწყვიტა ჩემი მომავალი, ან უნდა ამეყვანა ჯერ საკუთარი თავი ხელში და შემდეგ კლასი, ან სამუდამოდ უარი მეთქვა მასწავლებლობაზე, რაც ჩემთვის მძიმედ მისაღები გადაწყვეტილება იქნებოდა. გავიფიქრე, ან ახლა ან არასდროს-მეთქი და დავიწყე. არ მახსოვს (არც გაკვეთილის შემდეგ მახსოვდა) როგორ დავიწყე, რაზე ვესაუბრე, არ ვიცი როგორ დავამყარე კომუნიკაცია, მე მათი არ მესმოდა, მათ კი, ფაქტობრივად, ქართული არ იცოდნენ. კომუნიკაციის მთავარი იარაღი სასაუბრო ენაა, მაგრამ იქ, სადაც ერთმანეთის ენა არ ესმით ადამიანებს, საჭიროა რაღაც უხილავი ძალა და ენერგია, საკუთარი პროფესიის, საგნის, შრომისა და მოსწავლეების სიყვარულის გაერთიანება, რომ შენი ირწმუნონ. გაკვეთილის დასრულებას განაჩენივით მოველოდი, 45-მა წუთმა სწრაფად გაირბინა, მოულოდნელად გავიგონე ჩემთვის ჯადოსნური სიტყვა — „მადლობა მასწავლებელო“ და მივხვდი, ჩვენ შორის ის უხილავი ძაფი გაება, რომელიც აუცილებლად დიდი ნდობისა და საუკეთესო თანამშრომლობის საწყისი იქნებოდა. დაიმედებულმა დავტოვე საკლასო ოთახი, მაგრამ სამასწავლებლოში ვიგრძენი, რომ მთელი სხეული მიცახცახებდა.
იმ დღიდან კიდევ ბევრჯერ დავრწმუნდი, რომ პროფესიის არჩევისას არ შევმცდარვარ. მასწავლებლობა უდიდესი პასუხისმგებლობაა. საოცარი შეგრძნებაა, როცა მოსწავლეების ანთებულ თვალებში სიყვარულს, პატივისცემას, მადლიერებას ხედავ.
პასუხისმგებლობა ათმაგდება, როცა მოსწავლე შენში საყრდენსა და საიმედო ადამიანს ხედავს. როცა იგი არა მხოლოდ საგნის, არამედ ცხოვრების მასწავლებლადაც გთვლის.
მე მასწავლებელი ვარ, ვინც საკლასო ოთახში უდიდესი ენერგიით ვივსები, ვისაც შემიძლია მოსწავლეებს სიხარულის შეგრძნების უნარი ვაჩუქო. ბედნიერი ვარ, კონკურსებისა და პროექტების წარმატებით დასრულების შემდეგ, როცა ვხედავ მადლიერ, საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულ მოსწავლეებს.
საკუთარი თავის რეალიზებისა და მეტი კარგი საქმის კეთების ახალი შესაძლებლობები მომცა არაქართულენოვანი სკოლების პროფესიული მხარდაჭერის პროგრამამ. უფრო აქტიურად დავიწყე კოლეგებთან და თემთან თანამშრომლობა. ამ პროგრამაში 2016 წლიდან ვარ ჩართული. ვიცნობდი ბევრ წარმატებულ კონსულტანტ-მასწავლებელს, თვალს ვადევნებდი მათ საქმიანობას, მომწონდა მათი მიდგომები. პროექტმა დამანახა, რას ნიშნავს იყო ძლიერი, წარმატებული, ნოვატორი გუნდის წევრი. თავდაუზოგავად იბრძოდე არაქართულ თემში მათი უფლებების დასაცავად, კოლეგების პროფესიული განვითარებისა და ქართულ საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის ისე, რომ ბრძოლის მთავარი იარაღი პროფესიის, ენის, ქვეყნის და, უბრალოდ, ადამიანის სიყვარული იყოს. მე ეს გამოვცადე…
ადამიანები, რომელთა წინაპრები საუკუნეების წინ დასახლდნენ საქრთველოში, თავს ჩვენი ქვეყნის სრულუფლებიან წევრებად უნდა გრძნობდნენ. ამისათვის კი მთავარი სახელმწიფო ენის ცოდნაა. ამიტომ თითოეულ ჩვენგანს გაცნობიერებული გვაქვს ჩვენი მისია, ვალდებულება და მოვალეობა. ჩვენ უნდა გავდოთ ხიდი თითოეულ ადამიანსა და სახელმწიფოს შორის.
ყარაჯალას საჯარო სკოლა ჩემი მეორე ოჯახია, ამ ოჯახმა თბილად მიმიღო. მეც მათთან ერთად გავიზარდე და განვვითარდი პროფესიულად, ბევრი რამ ვისწავლე . გადავაფასე ღირებულებები. აქ საოცარი გარემოა — თბილი და ურთიერთანამშრომლობითი. ნდობის ხარისხი იმდენად მაღალია, რომ ჩემი კოლეგები ფიქრობენ, მე ყველაფერი ვიცი და შემიძლია მათი დახმარება. მადლობას მიხდიან იმისთვის, რომ ვარსებობ და მათთან ვარ. ასეთი დამოკიდებულება მეტ პასუხისმგებლობას მაკისრებს. აქ არ არსებობს ეთნიკური ნიშნით კოლეგის განსხვავება, აქ ყველა „ჩვენ“ ვართ და ერთად ვეჭიდებით ყოველ სიახლესა და გამოწვევას. როცა რაიმეს ვაკეთებ, ადმინისტრაციიდან დაწყებული მშობლებით დამთავრებული, ყველა ცდილობს დამეხმაროს, გვერდით დამიდგეს. ასეთი ერთიანობა და მხარდაჭერა უფრო გმატებს მოტივაციას და გინდა ბოლომდე დაიხარჯო საუკეთესო შედეგის მისაღებად.
ვისურვებდი, ისეთი მეგობრული, ერთმანეთის მიღებასა და პატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობა, როგორიც ჩვენს სკოლაშია, სუფევდეს საქართველოს ყველა მოქალაქეს შორის, განურჩევლად ეთნიკური ნიშნისა, რადგან ჩვენ ყველამ ერთად უნდა ავაშენოთ ტოლერანტულ, ჰუმანურ და დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული საქართველო.