მელანო კობახიძე
„ერთ ბავშვს, ერთ მასწავლებელს, ერთ წიგნს და ერთ კალამს შეუძლია შეცვალოს მსოფლიო“. ეს სიტყვები მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ყველაზე ახალგაზრდა ლაურეატს, მალალა იუსაფზაის ეკუთვნის. 14 წლის მამაცი პაკისტანელი გოგონას ამ შთამაგონებელმა ფრაზამ, ახალგაზრდა მასწავლებელს, მკითხველთა კლუბის ჩამოყალიბებისკენ მიბიძგა. ჩვენს ახალ რუბრიკაში სწორედ ლიტერატურულ კლუბ „კომორებში“ წაკითხულ და მომავალში წასაკითხ წიგნებს გირჩევთ, რომლებიც, იმედი მაქვს, მოსწავლეებისთვის საკუთარი თავისა და სამყაროს მრავალფეროვნების შეცნობის გზა გახდება, მასწავლებლებისა და მშობლებისთვის კი ბავშვებთან თუ მოზარდებთან მისასვლელ ხიდად იქცევა.
რუბრიკა „ახალი განათლების“ მკითხველთა კლუბი“ მინდა გავხსნა ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოდიაგნოსტისა და ფსიქოკონსულტანტის, ზანდა ჩეჩელაშვილის სადებიუტო წიგნით „მე ვარ“, რომელიც გამომცემლობა „ინტელექტმა“ ახლახან გამოსცა. ეს წიგნი შესანიშნავი რესურსი და დამხმარე სახელმძღვანელო იქნება მასწავლებლებისთვის, მოსწავლეებისა და მშობლებისთვის.
რაზეა ეს წიგნი?
როგორც მასწავლებელს, მწამს, რომ სამყარო ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებაზე დგას. ამის ნათელი მაგალითია წიგნი „მე ვარ“, რომელიც სასკოლო ასაკში სამ ყველაზე გავრცელებულ დიაგნოზზე გვიყვება. ესენია: დისლექსია, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი (ADHD) და ენის ბორძიკი.
ამ წიგნით საშუალება გვეძლევა გავიგოთ, რა არის დამახასიათებელი თითოეული ამ დიაგნოზისთვის ან როგორ შეიძლება მათი მართვა. წიგნი შესანიშნავი გზამკვლევია იმის გასაგებად, რას შეიძლება გრძნობდნენ ამ დიაგნოზების მატარებელი ბავშვები თუ მოზარდები და რა შეიძლება გააკეთონ მათ მხარდასაჭერად მასწავლებლებმა, მშობლებმა და თანაკლასელებმა.
რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა დაიწყოს დიაგნოზის სწორად დასმითა და მისთვის სახელის დარქმევით, ამიტომ წიგნზე საუბარი ჩვენც სწორედ ასე დავიწყოთ:
- დისლექსია, ანუ კითხვის უნარის დარღვევა მოსწავლეების 5-10%-ს, ანუ 100-იდან 5-10-ს აქვს. „დისლექსია თითოეულ ბავშვს თავისებურად უვლინდება. ზოგს ლექსების სწავლა უჭირს და ახალი სიტყვების დამახსოვრება ან გამეორება, ზოგი სიტყვას ვერ დამარცვლავს, ზოგი რითმებს ვერ იგებს, ზოგი ასოებსა და ციფრებს არასწორად, შებრუნებულად წერს. ზოგი ძალიან ნელა კითხულობს, ასო-ასო, მაგრამ სწორად. ზოგი სწრაფად კითხულობს, მაგრამ შეცდომით“.
- ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი (ADHD) ბავშვების, დაახლოებით, 5-7%-ში, ანუ, დაახლოებით, ყოველ მე-13 ბავშვში შეინიშნება. ყურადღების დეფიციტია, როცა ყველაფერზე, რაც ირგვლივ ხდება, ყურადღება გეფანტება, ყველაფერს ერთდროულად აკვირდები… მოსმენა არ გამოგდის კარგად და ბოლომდე, შუა გზაზე შეიძლება სხვა რამეზე დაიწყო ფიქრი და ვერ გაიგო, რა გითხრეს; შეიძლება, კითხვის დროსაც კარგად წაიკითხო, უშეცდომოდ, მაგრამ არ გესმოდეს, რა წაიკითხე.
- ენის ბორძიკი, იგივე მეტყველების დინების შეფერხება მსოფლიოში 70 მილიონ ადამიანს აქვს. შეიძლება, ამ სახელების ნაცვლად, გაიგონოთ ლოგონევროზი, რომელიც ამ სინდრომის საუკუნის წინანდელი სახელია, ასევე ენადაბმული ან ენაბლუ. მათგან არც ერთი ტერმინი არაა სწორი და მათ არავინ აღარ უნდა იყენებდეს. ამ დროს, „იცი, რა უნდა თქვა, როგორ უნდა თქვა, ძალიან ბევრიც გაქვს სათქმელი, მაგრამ ზოგჯერ არ გამოგდის. რაც მეტად ღელავ ან ნერვიულობ, ან ფიქრობ იმაზე, როგორ უნდა თქვა, უფრო ვერ ამბობ“.
ზანდა ჩეჩელაშვილმა, როგორც ფსიქოლოგმა, საკუთარ მრავალწლიან გამოცდილებას მოუყარა თავი და სამი მთავარი პერსონაჟის: ნინიას, კოსტასა და მაშოს დახმარებით, მასთან კონსულტაციაზე მისული უამრავი ბავშვი და მოზარდი აამეტყველა: „ამ წიგნში ჩვენ ვკითხულობთ უამრავი ბავშვის მდგომარეობას. მასში გახმოვანებულია მათი ემოციები, ფიქრები, სირთულეები და გახმოვანებულია ჩემი ბავშვების მონაყოლით და არა ჩემი ინტერპრეტაციით“.
სწორედ სადა, მარტივი, ბავშვებისთვის დამახასიათებელი ენით გვიამბობენ ნინია, კოსტა და მაშო, როგორია ცხოვრება ამ დიაგნოზებთან ერთად.
უმრავლეს შემთხვევაში, ყველაზე დიდი პრობლემა სწორედ ისაა, რომ არც მშობელმა, არც მასწავლებელმა, არც გარშემომყოფებმა და შესაბამისად, არც ბავშვებმა იციან, რასთან აქვთ საქმე. ამიტომ, დისლექსიის მატარებელი მოსწავლე ზარმაც, წიგნების მოძულედ მიიჩნევა; ჰიპერაქტივობის დიაგნოზის მქონე მოზარდი წესრიგის დამრღვევ, რთულად აღსაზრდელ პიროვნებად; ენის ბორძიკი კი განიხილება შემთხვევად, რომელმაც მხოლოდ ნერვიულობის ფონზე შეიძლება იჩინოს თავი.
ყველაფერი მაშინ იცვლება, როდესაც ნინია – ფსიქოლოგს, კოსტა – სპეცმასწავლებელს, ხოლო მაშო ფსიქოთერაპევტს ხვდება, ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ დასვან სწორი დიაგნოზი და ბავშვებს ცხოვრების გაუმჯობესებაში დაეხმარონ. „ყველას შეუძლია ისწავლოს, იმუშაოს, იყოს ის, ვინც უნდა, აირჩიოს ნებისმიერი პროფესია, ჰყავდეს მეგობრები. იყოს ბედნიერი“ – ეუბნება მაშოს ფსიქოთერაპევტი. ამ წიგნის ერთ-ერთ მთავარ მიზანს ეს სიტყვები ბრწყინვალედ გამოხატავს. დიახ! – არც ერთი დიაგნოზი არ არის განაჩენი.
წიგნზე საუბრისას აუცილებლად უნდა ვახსენოთ სოფო კირთაძის ილუსტრაციები, რომლებიც ერთგვარი კომიქსია, ანუ წიგნი წიგნში, და რომელიც ზუსტად გადმოსცემს ბავშვების ემოციებს, მიგვითითებს სპეციალისტების ჩართვის მნიშვნელობასა და დიაგნოზებისთვის სწორი სახელის მინიჭების აუცილებლობაზე. საინტერესოა ილუსტრატორისა და ავტორის ამგვარი გადაწყვეტაც: სამივე დიაგნოზის მატარებელი ბავშვი ერთ სკოლაში სწავლობს. ერთმანეთს ხშირად ხვდებიან სასკოლო ოთახებსა თუ დერეფნებში, ამხნევებენ და მხარს უჭერენ ერთმანეთს.
ვისთვისაა ეს წიგნი?
ეს წიგნი, უპირველეს ყოვლისა, იმ ბავშვებისთვისაა, რომლებსაც აქვთ დისლექსიის, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი ან ენის ბორძიკი, მაგრამ ასევე არის:
♦ „მშობლებისთვის, რომლებსაც ბევრი კითხვა აქვთ – სურთ გაერკვიონ შვილების ემოციურ მდგომარეობასა თუ სურვილებში; გაიგონ, როგორ ესაუბრონ ბავშვს ფსიქოლოგთან ვიზიტსა და დიაგნოზზე“;
♦ „პედაგოგებისთვის, რომლებიც გაეცნობიან სპეციფიკურ რეკომენდაციებსა და მინიშნებებს იმის შესახებ, თუ როგორ დავეხმაროთ ბავშვს გაკვეთილზე. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხშირად პედაგოგია მთავარი მოდელი იმისა, როგორ მოექცევიან ერთმანეთს ბავშვები“;
♦ „სპეციალური პედაგოგებისთვის, ფსიქოთერაპევტებისთვის, მეტყველების თერაპევტებისთვის, ნევროლოგებისთვის, რომელთაც შეუძლიათ, ბავშვებთან მუშაობისას, წიგნი გამოიყენონ დამხმარე მასალად თვითცნობიერების, თვითრეფლექსიის გაზრდისა და გამომუშავების პროცესში“.
ამასთანავე, მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ დიაგნოზის თვითნებურად დასმა დაუშვებელია და ყველა ეჭვი აუცილებლად შესაბამის სპეციალისტთან უნდა გადამოწმდეს.
ზანდა ჩეჩელაშვილის წიგნის კიდევ ერთი ღირსება ისაა, რომ ტექსტები სრულადაა მორგებული დისლექსიისა და ADHD-ის დიაგნოზის მქონე ბავშვებზე:
♦ დისლექსიის შემთხვევაში, ნინიას ისტორიაში გვხვდება ხაზგასმული სიტყვები, ასევე ფერადი და დიდი ასოები. სიტყვების ასე მონიშვნა კითხვის სირთულის გასაადვილებლადაა – თავიდან ხშირად გვხვდება, შემდეგ, გავარჯიშების ხარჯზე, თანდათან იკლებს და, ბოლო ნაწილში, დაღლისა და გამოფიტვის გათვალისწინებით, ისევ იმატებს.
♦ როცა ADHD სინდრომის მატარებელი კოსტა თავის ამბავს გვიამბობს, ტექსტში გვხვდება ხაზგასმული, დახრილად დაწერილი ფრაზები, ასევე ფერადი და დიდი ასოები სიტყვებში. ასეთი მონიშვნა კითხვისას კონცენტრაციის გასაუმჯობესებლადაა.
გამოცემის მიზანია, ბავშვებმა იგრძნონ, რომ ისინი მარტო არ არიან – ამ დიაგნოზების მატარებელი უამრავი ადამიანია ჩვენ გარშემო. წიგნში დაგხვდებათ ცარიელი ფურცლები, რომლებიც თავად მკითხველებმა უნდა შეავსონ. თითოეულ ასეთ ფურცელს წინ შეკითხვები უძღვის. მაგ., „იცოდი, რა იყო დისლექსია? ვინმეს ხომ არ იცნობ, ვისაც შეიძლება დისლექსია ჰქონდეს?“.
რას გვასწავლის ეს წიგნი?
დისლექსია, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი თუ ენის ბორძიკი არ ნიშნავს, რომ ბავშვი ტიპური განვითარების არ არის, – გვეუბნება ავტორი. დიახ, შეუძლებელია, ადამიანებს ყველაფერი გამოგვდიოდეს და თუ ვინმეს კითხვის უნარი აქვს დაქვეითებული, სამაგიეროდ, მე ხატვა არ შემიძლია, თქვენ კი შეიძლება მათემატიკური ამოცანების ამოხსნა არ შეგეძლოთ. აკი ამბობს კიდეც ნინია, კითხვა მიჭირს, მაგრამ, სამაგიეროდ, მათემატიკის საკონტროლოს ჩემგან იწერენო. ნინიას კიდევ ბევრი ნიჭი აქვს და აი, რა არის მისი ყველაზე დიდი სურვილი: „მინდა, ხედავდნენ და ხშირად ამბობდნენ, რა გამომდის კარგად. რისი კეთება შემიძლია. მინდა, დაინტერესდნენ ჩემი კომიქსებით, ნახატებით, ხელნაკეთი ნივთებით. მინდა, ისე დამინახონ, როგორც მე ვხედავ ჩემ თავს“.
„შენც ჩვეულებრივი ხარ, კოსტა. ყველას გვიჭირს რაღაც. მაგრამ ეგ ხომ არ ნიშნავს, რომ ჩვეულებრივები არ ვართ? ძალიან, ძალიან ჭკვიანი ხარ, ნიჭიერი, ცოცხალი და მხიარული. კარგად მღერი, კარგი ფეხბურთელი ხარ. კარგად სწავლობ. სხვა ძალიან ბევრი რამე გამოგდის“, – ეუბნება კოსტას ნოდო, სპეციალური მასწავლებელი.
როგორ დამეხმარები იმაში, რომ დისლექსიაზე, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომსა და ენის ბორძიკზე ბევრს მოვუყვეთ? გაქვს რამე იდეა? – საკუთარი ისტორიის მოყოლის შემდეგ გვეკითხებიან ნინია, კოსტა და მაშო.
მე თქვენ ამ წიგნზე მოგიყევით, ეს წიგნი კი თავად გიამბობთ იმის შესახებ, რომ მთავარი ბავშვებისა და მოზარდების მოსმენა, გაგება და მოვლენების სწორად შეფასებაა, რადგან, როგორც ავტორი აღნიშნავს, „ხშირად ერთი ბავშვი ახდენს გავლენას მთელ საზოგადოებაზე; მეორე მხრივ კი, საზოგადოების თითოეული წევრი პასუხისმგებელია მასზე“.
როცა ზანდა ჩეჩელაშვილის სადებიუტო წიგნს ვკითხულობდი, სულ თან მდევდა ლინდა მალალი ჰანთის წიგნზე ფიქრი, რომელსაც „თევზი ხეზე“ ჰქვია და რომლის მთავარ გმირს, ელის, ნინიას მსგავსად, დისლექსია აქვს. ვფიქრობ, სიმბოლური იქნება, თუ ზანდა ჩეჩელაშვილის წიგნზე საუბარს დავასრულებ მიძღვნის ტექსტით, რომელიც ლინდა მალალი ჰანთის წიგნს აქვს წამძღვარებული: ეს წიგნი ეძღვნებათ „მასწავლებლებს, რომლებიც მოსწავლეში, უპირველეს ყოვლისა, ბავშვს ხედავენ; რომლებიც გვახსენებენ, რომ თითოეული ჩვენგანი განსაკუთრებული ნიჭითაა დაჯილდოებული; რომლებიც ხელს გვიწყობენ, ვიყოთ გამორჩეული და არ ვეცადოთ, ერთმანეთს დავემსგავსოთ.
ბავშვებს, რომლებიც პოულობენ შინაგან ძალას, ნებისმიერ სირთულეს გაუმკლავდნენ.
თქვენ გმირები ხართ. ეს წიგნი თქვენთვისაა“.