ჩვენი გაზეთი უკვე წერდა საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მძიმე რეალობის შესახებ — ქვეყნის ერთადერთი უმაღლესი სპორტული სასწავლებელი, ფაქტობრივად, საკუთარი შენობის გარეშეა დარჩენილი და ხან ვინ შეიფარებს, ხან ვინ. ვაკეში მდებარე ძველი შენობა იმდენად ამორტიზებულია, სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ იქ სასწავლო პროცესის წარმართვა სტუდენტების და პროფესორ-მასწავლებლების სიცოცხლისთვის სახიფათოდ მიიჩნია. ამ პრობლემებისა და განადგურებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გამო სასწავლებელი ვერც აკრედიტაციას გადის, თუმცა ახალი სასწავლო წელი მაინც ძველ შენობაში დაიწყო, რადგან წასასვლელიც არსად აქვთ. ამაში დისტანციური რეჟიმიც დაეხმარა, ამასობაში კი მთავრობა მათთვის, თავადაც დევნილ, სოხუმის უნივერსიტეტში გარკვეულ ფართს არემონტებს…
ალბათ, იშვიათია, ქართულ რეალობაში ამდენად ტრაგიკული ბედის უმაღლესი სასწავლებელი მოიძებნოს: ჯერ იყო და, წინა ხელისუფლებამ საერთოდ გააუქმა მისი წინამორბედი სპორტის აკადემია და ილიას უნივერსიტეტის ერთ ფაკულტეტად გადააქცია, რამაც დიდი დარტყმა მიაყენა ქართულ სპორტს; საბედნიეროდ, ახალმა ხელისუფლებამ ეს შეცდომა გამოასწორა და უმაღლესი სასპორტო სასწავლებელი აღადგინა, თანაც — უფრო მაღალი სტატუსით, თუმცა ამით მის გაჭირვებას არ ეშველა… ძველ შენობაში დაბრუნებულებს იქაურობა ლამის საძირკვლამდე დაზიანებული დახვდათ (შენობაში წყალი იყო მიშვებული, რამაც საძირკველი სერიოზულად დააზიანა), ლაბორატორიები — განადგურებული, ბაზები კი — გაყიდული და მათ ადგილზე წამოჭიმული კორპუსები. დაგვეთანხმებით, ქვეყნის პრესტიჟია, ჯეროვნად უვლიდეს ერთადერთ უმაღლეს სპორტულ სასწავლებელს. მით უფრო, რომ ქართული სპორტი, თავისი წარმატებებით, ნამდვილად იმსახურებს ამას. დასამალი არავისთვისაა, რომ თანამედროვე მსოფლიოს სპორტი ერთი დიდი მეცნიერებაა, სადაც სასწავლო-სამეცნიერო პროცესი სწორედ ასეთ უმაღლეს სასწავლებლებში მიმდინარეობს.
საბედნიეროდ, მთავრობა ზრუნავს ამ ხარვეზის გამოსწორებაზე და 2021 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია უნივერსიტეტისთვის ახალი კორპუსის მშენებლობა დიღომში, „ოლიმპიური პარკის“ ტერიტორიაზე. რა ხდება ამ მხრივ და რა ეტაპზეა მშენებლობა, ამ თემებზე სასაუბროდ უკეთეს რესპონდენტს ვის ვნახავდით, თუ არა საქართველოს მეცნიერების, განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის უფროსს, ირაკლი დოლაბერიძეს, რომელიც ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო ამ უნივერსიტეტის აღსადგენად წარმოებულ ხანგრძლივ ბრძოლაში.
— ბატონო ირაკლი, რა ხდება სპორტის სასწავლო უნივერსიტეტთან დაკავშირებით — ისევ ძალაშია ახალი შენობის აშენების გეგმა თუ ეს ვარიანტიც შეიცვალა?
— არაფერი შეცვლილა და ეს გეგმა ისევ ძალაშია. ყველა თანხმდება და უპირველესად, საქართველოს მთავრობა და სპორტის სამინისტრო იმაზე, რომ ქვეყანაში თუნდაც ერთი ისეთი უმაღლესი აკადემიური სასპორტო სასწავლებელი უნდა არსებობდეს, როგორიცაა სპორტის უნივერსიტეტი. ჯერჯერობით, ორსაფეხურიანია, მაგრამ იმედი მაქვს, რომ სამსაფეხურიანი გახდება, რაც სწავლების ყველა საფეხურს — ბაკალავრიატს, მაგისტრატურასა და დოქტურანტურას გულისხმობს. მომავალი წლის ბიუჯეტში ჩადებულია თანხა და სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად (ჭიდაობის სასახლე, ყინულის სასახლე, სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი), სპორტის სასახლის მშენებლობას ითვალისწინებს, 2021 წელს, დიღომში მდებარე „ოლიმპიური პარკის“ ტერიტორიაზე, ე.წ. დიღმის ჭალებში. ზუსტად იქ, სადაც „თბილისი-2015“ მდებარეობს, ანუ ზაფხულის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის აშენებული სპორტული ობიექტები. ეს ერთგვარი სპორტული ქალაქი იქნება და უნივერსიტეტიც იმ ტერიტორიაზე აშენდება.
— თქვენ მიერ დასახელებული სხვა ობიექტების აშენებაც იქ იგეგმება თუ ქალაქის სხვა ტერიტორიაზე?
— ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, რადგან იქაურობა ერთგვარად სპორტული მომზადების ცენტრი იქნება, მიზანშეწონილია, რომ სხვა ობიექტებიც იმავე ტერიტორიაზე აშენდეს. მით უფრო, რომ ეს უნდა იყოს სანაკრებო ბაზები, რაც უნივერსიტეტსაც გამოადგება, რადგან სტუდენტები ამ ბაზებზე გაივლიან პრაქტიკას და იქვე ჩაატარებენ სტაჟირებას. ეს ძალიან ხელსაყრელი იქნება მათთვის, ვინც სასპორტო განათლების კუთხით დააპირებს კარიერის გაგრძელებას.
— ბაზები ყველასთვის საკმარისი იქნება — სასწავლო პროცესისთვის, სტუდენტებისთვის, მაღალი მიღწევების სპორტისთვის?
— იმ ბაზებზე უკეთესი, რომელიც დღეს სპორტის უნივერსიტეტს აქვს, ჯერჯერობით, საქართველოში არ იქნება. დღეს არსებული და მშენებარე ბაზები, პრაქტიკულად, მწვრთნელთა ფაკულტეტის ყველა სახეობას მოიცავს, ხოლო რაც შეეხება მენეჯმენტს, თეორიას, პედაგოგიურ მიმართულებას, ამისთვის გაცილებით ნაკლებია საჭირო. სპორტის იმ სახეობებისთვის, რაც დღეს იქ არსებობს (ტანვარჯიში, საცურაო სახეობები, რაგბი, ფეხბურთი, ფრენბურთი, მძლეოსნობა თუ სხვა) მოედნები, ამასთან ის დარბაზებიც, რომლებიც უნდა აშენდეს, სავსებით საკმარისი იქნება სასწავლო, საწვრთნელი და სამეცნიერო მუშაობის წარსამართავად.
— თუმცა, ეს ბაზები ხომ ცალკეული ფედერაციების კუთვნილებაა, ანუ დღეს ყველას პატრონი ჰყავს…
— ეს ბაზები სახელმწიფოს საკუთრებაა, მაგრამ ფედერაციების ბალანსზეც რომ გადავიდეს, ამაშიც ვერ ვხედავთ პრობლემას, რადგან სახელმწიფო და ფედერაციები ერთი ორგანიზმია, ერთ მიზანს ემსახურებიან. თავად ფედერაციები არიან დაინტერესებულნი, რომ ჰყავდეთ კვალიფიციური კადრები. ასე იყო ადრეც — ფალავანთა კლუბი თუ სხვა სპორტული ობიექტები, რომელსაც უნივერსიტეტი იყენებდა თავისი სტუდენტებისთვის, კათედრებიც ამ ბაზებზე იყო განლაგებული. ასე იქნება ახლაც — პრაქტიკული და საწვრთნელი პროცესი ამ არენებზე ჩატარდება, თეორიული მეცადინეობებისთვის კი ცალკე კორპუსი აშენდება, რომელიც აღჭურვილი იქნება სასწავლო-მეთოდური კაბინეტებით, სამედიცინო აუდიტორიებითა და ლაბორატორიებით.
— ამ ტერიტორიაზე მაღალი მიღწევების სპორტი და სასწავლო პროცესი ერთმანეთს ხელს არ შეუშლის?
— რა თქმა უნდა, არ შეუშლის. ასე იყო ადრეც და ახლაც ეს ყველაფერი შეთანხმებული, გეგმასა და დროში გაწერილია. პირიქით, ცალ-ცალკე რომ იყოს, უფრო პრობლემური იქნებოდა. მოგეხსენებათ, უმაღლეს სასპორტო სასწავლებელში სწავლას, ძირითადად, სპორტსმენები აგრძელებენ, ძალიან იშვიათი გამონაკლისია, რომ სხვა მიმართულების ხალხმა მოინდომოს სამწვრთნელო საქმიანობა. ამიტომ, სტუდენტებს, რომლებიც ისედაც პრაქტიკულად ვარჯიშობენ ფედერაციაში და ნაკრებებში არიან, შესაძლებლობა ეძლევათ, საწვრთნელ პროცესთან ერთად, ხელი არ შეეშალოთ უმაღლესი სასპორტო განათლების მიღებაში, რაც კარიერის დასრულების შემდეგ, პროფესიონალ მწვრთნელებად და სასპორტო კადრებად ჩამოყალიბებაში დაეხმარებათ.
— ალბათ, „ოლიმპიურ პარკში“ ინფრასტრუქტურის, კომუნიკაციების, უპირველესად კი სატრანსპორტო კომუნიკაციის მოწესრიგებაც იგეგმება, რადგან დღეს იქაურობა მოწყვეტილია ქალაქის უახლოეს ნაწილს და, ცოტა არ იყოს, ძნელად მისადგომია…
— რა თქმა უნდა, ეს მერიის კომპეტენციაა და მათზეა დამოკიდებული. იქ რომ სასწავლო დაწესებულება და სხვა ობიექტები განთავსდება, გაცილებით მეტი ყურადღება მიექცევა. საზოგადოებრივი ტრანსპორტიც ამოქმედდება, მით უფრო, რომ არც ისე შორსაა ქალაქიდან. ეს ტექნიკური საკითხებია და მოგვარებადია. როგორც კი ტერიტორია აშენდება და მოეწყობა, კომუნიკაციისა და გადაადგილების პრობლემა არ იარსებებს.
— ვაკეში სპორტის სასწავლო უნივერსიტეტის ძველი შენობა რომ გარემონტებულიყო, უფრო იაფი არ დაჯდებოდა, ვიდრე ახალი კორპუსის აშენება?
— ძველი შენობის გარემონტება გაცილებით იაფი დაჯდება, მაგრამ იქ ძველი ინფრასტრუქტურა, პრაქტიკულად, აღარ არსებობს. იმ ბაზაზე დარჩენილია მხოლოდ ერთი სტანდარტული მოედანი, რომელიც დიდი ბრძოლის შედეგად გადავარჩინეთ და შევინარჩუნეთ. ახლა ფეხბურთის ფედერაციას გადავეცით 50-წლიანი იჯარით, ფედერაციამ კი საერთაშორისო გრანტი მოიპოვა, რომლითაც უეფა-ს სტანდარტების შესაბამისი მოედანი გაკეთდება. მისი გამოყენების უფლება უნივერსიტეტსაც აქვს. სამწუხაროდ, სხვა სპორტული ობიექტები — მძლეოსნობის დარბაზი, სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის ცენტრი და სხვა იქ აღარ არსებობს. იქაურობა სამშენებლო სამუშაოების გარემოცვაშია, ერთი-ორი მოედნის ანაბარა კი ძნელია, კვალიფიციური მწვრთნელი მოამზადო. ამიტომ მიიღო სახელმწიფომ გადაწყვეტილება, რომ აშენდეს უკეთესი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასწავლო-სამეცნიერო ცენტრი თავისი სპორტული ინფრასტრუქტურით — საცურაო აუზით დაწყებული სათამაშო სახეობებით დამთავრებული. ჩვენთვის მთავარია, ქვეყანას ჰქონდეს დარგის უმაღლესი სასწავლებელი იქ, სადაც უკეთესი იქნება. ვფიქრობ, ახალი უნივერსიტეტის მშენებლობა, თავისი ინფრასტრუქტურითა და შინაარსობრივადაც ახალი მიდგომებით (ადამიანური რესურსებით დაწყებული და სპორტული ბაზებით დასრულებული), უკეთესი იქნება.
— მართალია, მაგრამ თავის დროზე, ვაკეში, ეს უნივერსიტეტი იმიტომ აშენდა და ის სპორტული ობიექტებიც მის ირგვლივ იმიტომ გაშენდა, რომ ხელსაყრელი ბუნებრივ-კლიმატური პირობები იყო — შედარებით მაღალი მდებარეობა, განსხვავებული ჰაერი, კუს ტბა, მთები და გორაკები, ყველაფერი, რაც ფიზიკურ მომზადებას სჭირდებოდა. დიღომში არის ეს ფაქტორები?
— გეთანხმებით და ამიტომაც იყო, რომ 2007 წლიდან, ერთი დღითაც არ შეგვიწყვეტია ბრძოლა. შევინარჩუნეთ კიდეც, მაგრამ, სამწუხაროდ, მიმდებარე ტერიტორია, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე იყო და არა უმაღლესი სასწავლებლის, გასხვისდა. ახლა დარჩენილია მხოლოდ ადმინისტრაციული შენობა და ის მოედანი, ზემოთ რომ ვახსენე. არც საცურაო აუზი და არც სხვა ობიექტები აღარაა უნივერსიტეტის განკარგულებაში. იმ აუზზე კომერციული ფასებია და ვერ სტუდენტები სარგებლობენ და ვერც პროფესორ-მასწავლებლები. ის სპორტული ობიექტები კი მოძველებულა. როცა იქ უმაღლესი სასწავლებელი გადავიდა — 1956 წელს, ქალაქის გარეუბანი იყო. როგორც ძველი თაობის წარმომადგენლები ამბობენ, ტრამვაი ახლანდელი IX საავადმყოფოს ტერიტორიაზე ბრუნდებოდა და ფეხით მიდიოდნენ მაშინდელ ფიზკულტურის ინსტიტუტში.
გეთანხმებით, რომ მაშინ იქ კომპლექსურად, კლიმატურად შეიქმნა სპორტული ქალაქი, თუმცა სამომავლოდ იგეგმება, რომ დიღმის ჭალებიც რეკრეაციული ზონა გახდეს, მასთან ერთად კი სპორტული დატვირთვაც მიეცეს. ვფიქრობ, ეს ოლიმპიური ქალაქი ძალიან კარგი ცენტრი იქნება, პატარა სპორტული ქალაქი, სადაც განთავსდება სპორტული ფედერაციები, სასპორტო დაწესებულებები, დარბაზები, სანაკრებო ბაზები, მათ შორის, უმაღლესი სასწავლებელი და კიდევ სხვა სპორტული ობიექტები თუ დამხმარე ნაგებობები, რაც უმაღლეს სასპორტო განათლებას სჭირდება — ლაბორატორიები და ა.შ. ვაკეში ამის შესაძლებლობა აღარაა, ირგვლივ რომ გაიხედოთ, კორპუსების ტყვეობაში მოქცეული ის პატარა ადგილი დარჩა, რომლის გადარჩენასაც, პირდაპირი გაგებით, თავი შევაკალით. საბედნიეროდ, გადავარჩინეთ კიდეც
— ალბათ, თავის დროზე, სახელმწიფომ დიდი შეცდომა დაუშვა იმ ადგილების გასხვისებით. მაგალითად, მძლეოსნობის მანეჟის ადგილას ახლა საცხოვრებელი კორპუსებია წამოჭიმული, საქართველოში კი, ლამის სარბენი ბილიკები, მძლეოსნობის სექტორები აღარ დარჩა.
— ეს შეცდომა კი არა, დანაშაული იყო. შეცდომის გამოსწორება შეიძლება, ამ დანაშაულის გამოსწორება კი შეუძლებელია: იქ არსებულ ბაზებს რეაბილიტაცია კი არ გაუკეთეს, არამედ დაანგრიეს და მათ ადგილზე კორპუსები ჩადგეს. ამით იქაურობას ფუნქცია დაუკარგეს. სპორტის აკადემია იყო დარჩენილი ერთადერთი ადგილი და კულტურისა და სპორტის მაშინდელმა მინისტრმა, გოკა გაბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე, მისი გაუქმების მოთხოვნა შეიტანა. ეს დანაშაული იყო, რაშიც ჩართული იყო მაშინდელი განათლების სამინისტრო, მაშინდელი ეკონომიკის მინისტრი, ქვეყნის იმდროინდელი პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი. ეს იყო დანაშაული ქართული სპორტის წინაშე. ასევე მოექცნენ დანარჩენ მიმდებარე ტერიტორიებსაც.
სხვათა შორის, მაშინ მათ იმასაც ვთავაზობდით, რომ თუნდაც სხვა ქალაქში გადაეტანათ ეს უმაღლესი სასწავლებელი, მაგალითად, ქუთაისში, როგორც პარლამენტი გადაიტანეს, რათა შესაძლებელი ყოფილიყო ამ დარგის სპეციალისტების მომზადება, მაგრამ მათ ნაბიჯის უკან გადადგმა არ იცოდნენ. როცა ხელისუფლება შეიცვალა, 2013 წლის 18 მარტს, მაშინდელი პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, აღდგა სპორტის უნივერსიტეტი, რომელიც მალე მაღალი დონის, საერთაშორისო სტანდარტების შესაფერისი უმაღლესი სასპორტო სასწავლებელი იქნება. მანამდე კი, გვაქვს მიღება და კურსდამთავრებულებიც გვყავს, ავტორიზაციაც გავიარეთ. ვფიქრობ, დაიწყება გაისად მშენებლობა და ქვეყანა უმაღლესი დონის სასპორტო სასწავლებელს მიიღებს როგორც ეს ყველა დარგს აქვს. ქართული სპორტი ამას ნამდვილად იმსახურებს და სჭირდება კიდეც, თორემ, სამწუხაროდ, თვალსაჩინოა საკადრო პრობლემები როგორც ხარისხის, ისე ფიზიკური მასწავლებლების კუთხით, აღარაფერს ვამბობ სპორტის მენეჯმენტზე.
— გადაჭრით შეიძლება იმის თქმა, რომ გაისად დაიწყება? სავარაუდოდ, როდის დასრულდება?
— ვადებს კონკრეტულად ვერ გეტყვით, მაგრამ მისი მშენებლობისთვის მომავალი წლის ბიუჯეტში თანხა ნამდვილად არის გათვალისწინებული, ამის თქმა გადაჭრით შემიძლია. ახალი პარლამენტი როცა შეიკრიბება, ბიუჯეტსაც დაამტკიცებენ და მშენებლობაც დაიწყება. თუმცა, მანამდე ტენდერი გამოცხადდება, რასაც სათანადო პროცედურები ითვალისწინებს.
როდის დამთავრდება, რა მოცულობის სამუშაოები ჩატარდება, ტენდერი როგორი იქნება და ა.შ., ამის შესახებ ვერაფერს გეტყვით, რადგან ამ საკითხებში კომპეტენტური არ ვარ. არა მგონია, მშენებლობას რამემ შეუშალოს ხელი.