23 ნოემბერი, შაბათი, 2024

მაქსიმალური 70 ქულა 1101-მა აბიტურიენტმა მიიღო – უცხოური ენების ჯგუფი პირველადი შედეგების შესახებ

spot_img
როგორ შეაფასებდით უცხოური ენის გამოცდის პირველად შედეგებს? რომელ ენაში აჩვენეს უკეთესი შედეგი და რამდენმა აბიტურიენტმა მიიღო უმაღლესი შეფასება? 
უცხოური ენების გამოცდის პირველადი შედეგები ძალიან კარგია. მაქსიმალური 70 ქულა მიიღო 1101 – მა აბიტურიენტმა, აქედან ინგლისურში – 1080-მა აბიტურიენტმა, რუსულში – 14-მა და გერმანულში – 7-მა აბიტურიენტმა. ეს არის მაქსიმალური ქულების უპრეცედენტო რაოდენობა. ფრანგულ ენაში, სამწუხაროდ, მაქსიმალური ქულა არ დაწერილა.
 
რა იყო წელს ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები? ასევე რომელი დავალების შესრულება გაუმარტივდათ ყველაზე მეტად? 
წელს ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები იყო გრამატიკული შეცდომები როგორც თემაში, ასევე მე-5 დავალებაში. გამოიკვეთა ერთი ტენდენცია – ეს თაობა გაცილებით უკეთ ფლობს ლექსიკას, აქვს სიტყვებისა და ფრაზების კარგი მარაგი და ადეკვატურად იყენებს მათ წერისას, თუმცა ნაკლებად იცის გრამატიკა. რაც შეეხება ტექსტის წაკითხულის გააზრების ნაწილს, აქაც გამოჩნდა, რომ აბიტურიენტებს უჭირთ ტექსტის შინაარსის ღრმად გააზრება და მასში ინფორმაციის სწრაფად მოძიება. ამის მაგალითია ტესტის მეორე დავალება (წინადადებების მისადაგება აბზაცებთან), რაც მოითხოვს სწრაფი კითხვისა და ტექსტში დეტალების პოვნის უნარს. სასურველია, აბიტურიენტებმა მეტი იმუშაონ კითხვის ამ უნარზე. საერთო ჯამში, ყველა უცხოური ენისა და ინგლისური ენის სხვადასხვა ვარიანტების შედეგების გათვალისწინებით, ყველაზე რთულად რჩება მე-7 დავალება (თემა) და ყველაზე იოლად – მე-3 (წაკითხულის გააზრება). საშუალოზე მაღალი მაჩვენებელი აქვს მოსმენისა და ლექსიკის, ასევე სიტუაციური ენის ცოდნის შესამოწმებელ  დავალებებს. აბიტურიენტთა 60-70 პროცენტი მათ სწორად პასუხობს.
წელს ტესტში თემასთან დაკავშირებით შევიდა მცირე ცვლილება. რამდენად გაამართლა ამ ცვლილებამ? 
ორივე ცვლილებამ – დასაწერი სივრცის „ჩარჩომ“ და დავალების ისე ფორმულირებამ, რომ აბიტურიენტებს საკუთარი აზრის ჩამოყალიბების შესაძლებლობა ჰქონოდათ – სავსებით გაამართლა. აბიტურიენტების უმეტესობისათვის პასუხების ფურცელში შემოსაზღვრული სივრცე სრულიად საკმარისი იყო იმისათვის, რომ მათ თან მოთხოვნილი სიტყვების რაოდენობა დაეცვათ (შეცდომებსაც ნაკლებად უშვებდნენ ამის გამო) და თანაც ჩამოეყალიბებინათ საკუთარი აზრი დასმულ საკითხთან დაკავშირებით. ამ მხრივ, ანუ საკუთარი აზრის (ზოგჯერ კრიტიკულისაც) გამოხატვის და არგუმენტირებულად ჩამოყალიბების თვალსაზრისით, წლევანდელი თაობა სრულიად გამორჩეული იყო. ეს გამოჩნდა იმითაც, რომ წელს დაიწერა რეკორდულად დიდი რაოდენობის მაღალი ქულა წერით დავალებაში.
რას ურჩევთ გამოსაცდელებს – რა შემთხვევაში გაასაჩივრონ მიღებული ქულა?
აბიტურიენტებს ვურჩევ, რომ მიღებული ქულა გაასაჩივრონ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დარწმუნდებიან, რომ კონკრეტული დავალების შეფასება არ შეესაბამება იმ კრიტერიუმებს, რომლებსაც შეფასების სქემა ითვალისწინებს. ყურადღება უნდა მიაქციონ აგრეთვე იმ ფაქტორს, რომ აპელაცია გულისხმობს ნაშრომის ხელახლა შეფასებას, რის შედეგადაც აბიტურიენტს ქულა ან იგივე დარჩება, ან მოემატება, ან შეიძლება დააკლდეს კიდეც.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები