ინგა კვინიკაძე
სსიპ ხარაგაულის რაიონის სოფელ ბაზალეთის საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი
ადამიანის ცხოვრება რომ საინტერესოდ იქცეს, ის იმ საქმეს უნდა აკეთებდეს, რაც აინტერესებს და ახარებს. ჩემს პროფესიულ საქმიანობაში ვიყენებ და ვავითარებ ისეთ უნარებს, როგორიცაა დაკვირვების, განსჯის, მოფიქრების, პრობლემის გადაჭრის, ანალიზის. მიყვარს ბავშვები, ისინი ჩემი უმცროსი მეგობრები არიან. ზოგიერთ მოსწავლეზე შემიძლია ვთქვა, რომ რაღაცით მე მგავს, ან ჩემს ბავშვობას მაგონებს. არიან ისეთებიც, რომლებიც ჩემგან განსხვავებულები არიან.ზოგადად კი, დრო დიდ გავლენას ახდენს ახალ თაობაზე. თუ მოსწავლე ცელქი ან ძნელად აღსაზრდელია, ვიწყებ ფიქრს, როგორ მოვიქცე, რა მოვიფიქრო, რომ ჩემი საგნით დავაინტერესო და სასწავლო პროცესში ჩავრთო, მისი საქციელი შემაწუხებელი რომ არ იყოს, პირიქით, მისაბაძი გახდეს.
⇒ რა მეხმარება პროფესიულ წინსვლაში
როგორც ყველა საქმეში, მასწავლებლობაშიც ბევრი ხელშემწყობი პირობაა დღესდღეობით, რომ უკეთ დაეუფლო შენს პროფესიას, თუნდაც – სოციალური ქსელი, ინტერნეტ რესურსები… წლებია, მასწავლებლებს გვიტარდება ტრენინგები, სახელმწიფო ამ მხრივ ძალისხმევას არ იშურებს.
კმაყოფილებას გამოვთქვამ ახლახან ჩატარებული განათლების მსოფლიო სამიტის – qey consulting-ის გამო (მადლობა მის ორგანიზატორებს). სამიტის მონაწილეებმა თვალნათლივ წარმოგვიდგინეს, განათლების კუთხით, სხვადასხვა ქვეყნებში არსებული მდგომარეობა, გაგვიზიარეს თავიანთი პრაქტიკა, რაც ერთ-ერთი მთავარი პირობაა საკითხის უკეთ წარმართვისათვის. პროფესიულ საქმიანობაში ძალიან მეხმარება კოლეგებთან ურთიერთობა. ყველაზე კარგი „მასწავლებელი“ კი ჩემი პრაქტიკაა. მაგალითად, ათი წლის წინ რომ მოსწავლეებს ინგლისურ ანბანს ვასწავლიდი, დღეს ამ საქმეს სხვაგვარად, უფრო მარტივად ვართმევ თავს. იმ შემთხვევაში, თუ შევამჩნიე, რომელიმე მოსწავლემ რაიმე საკითხი ნაკლებად იცის და ეს არცოდნა მას წინსვლაში აფერხებს, მომდევნო გაკვეთილზე ვითვალისწინებ და საჭირო აქტივობას ვგეგმავ. ამას დღეს ინდივიდუალიზმსა და დიფერენცირებას ვეძახით. თუკი მოსწავლეს გაკვეთილი გაუცდა ან ცოტა ხნით გარეთ გასვლა დასჭირდა, ეს დრო მისთვის უნდა ანაზღაურდეს.
⇒ რა მეთოდებს ვიყენებ სწავლებაში
მიყვარს აქტივობა „აუხსენი მეგობარს“. როცა ერთი მოსწავლე სხვებისთვის რაიმეს განმარტავს, ამით მოსწავლის ცოდნას ვამოწმებ და ვუსახავ ამოცანას, როგორ შეუძლია, თავისი ცოდნა სხვებს გაუზიაროს. ამ დროს, ის სწავლობს დახმარებას და თითქოს მასწავლებლის როლს ირგებს, ბავშვებს კი ეს ძალიან მოსწონთ, უფრო მოტივირებულები ხდებიან.
თანამედროვე სწავლებაში ყველაზე მნიშვნელოვნად ინტეგრირებული სწავლება მიმაჩნია. საგანსაც გააჩნია, უცხო ენა ძალიან ინტეგრირებული საგანია. ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი, სახელმძღვანელოები სხვადასხვა თემების საფუძველზეა შედგენილი. მაგალითად: ოჯახი, სკოლა, თავისუფალი დრო, ჯანმრთელობა და სხვა. ჯანმრთელობის თემა ქიმიასთან და ბიოლოგიასთანაა ინტეგრირებული; უცხო ენაში ერთ-ერთი მიმართულება კულტურათა დიალოგია, ამ მხრივ, ის ისტორიასთან და გეოგრაფიასთანაა ინტეგრირებული; მოსწავლე რომ თვლას სწავლობს და რიცხვებს იყენებს, ეს მათემატიკაა; გაკვეთილს ხშირად ვიწყებ ფიზიკური აქტივობით, ვარჯიშით და ეს სპორტია; სწავლობენ ლექსებს, სიმღერებს, თუნდაც – ანბანი, ეს კი მუსიკაა; დაწყებით საფეხურზე მოსწავლეებს სიტყვის მნიშვნელობას ხატვით ვუხსნი ან ვაძლევ დასახატს, ამა თუ იმ თემის შესაბამისად, ეს კი ხელოვნებაა; როცა გაკვეთილი გრამატიკულ საკითხებს ეხება, ყოველთვის ვავლებთ პარალელს მშობლიურ ენასთან. მშობლიური ენისა და უცხო ენის სწავლებაში არის განსხვავება. ქართულში ენის ცოდნა თემის შესწავლის საშუალებაა, უცხო ენაში კი პირიქით – თემა არის ენის შესწავლის საშუალება. მოსწავლეებს, ძირითადად, უჭირთ უცხო ენაზე საუბარი, ესეების წერა. ეს ერთ დღეში არ მიიღწევა. ერთ დღეში მოსწავლემ, შეიძლება, რამდენიმე სიტყვა ისწავლოს, სიტყვების მარაგი კი საუბრისთვის აუცილებელია – სიტყვებისგან ვადგენთ წინადადებებს, დიალოგებს… სისტემატური ვარჯიშის შედეგად, თანდათან, საჭირო უნარებიც ყალიბდება. როცა მოსწავლემ კარგად იცის უცხო ენა, მისთვის ის მშობლიურივითაა და უკვე ენა ხდება თემის შესწავლის საშუალება.
ბაზალეთის საჯარო სკოლაში უცხო ენის სწავლება კაბინეტურია. ამისათვის მადლობას ვუხდი სკოლის დირექტორს, იზოლდა ოკრიბელაშვილს.
სწავლებაში ტექნოლოგიებს დოზირებულად ვრთავ. სახელმძღვანელოებს ახლავს საიტები, სადაც ხელმისაწვდომია სხვადასხვა ელექტრონული რესურსი. ასევე, მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ სწავლის ხელშემწყობ აქტივობებში. კეთებით სწავლის მეთოდის გამოყენება მეხმარება სხვადასხვა თვალსაჩინო რესურსის, პოსტერის დამზადებაში. მოსწავლეები ინდივიდუალურად ქმნიან თემატურ ლექსიკონებს და, საჭიროების შემთხვევაში, იყენებენ კიდეც.
ვფიქრობ, მასწავლებლობა სოფლად და ქალაქად განსხვავებულია.ზემოთ აღნიშნული, ალბათ, ყველა მასწავლებლისთვის ნაცნობია, მაგრამ ის, რასაც ადამიანი 2, 3 ან 4 მოსწავლესთან შეძლებს, ბევრ მოსწავლესთან ძნელად სრულდება. თუმცა, ყველაფერს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარე. ახლახან წავიკითხე ერიხ-მარია რემარკის მოთხრობა „ახალგაზრდა მასწავლებელი“. ამ მასწავლებლის ცხოვრება ომმა შეცვალა, იგი ქალაქიდან სოფელში გადავიდა და სოფლის სკოლის მასწავლებელი გახდა. მოთხრობის მთავარი გმირი საოცარი სიზუსტით გვიხატავს განვლილ დღეებს, იხსენებს წარსულს და აი, რას ამბობს:
„საკუთარ თავს ყურს ვუგდებ და სულიერ ზრდას ვგრძნობ. კვლავ სიამოვნებით ვეკიდები პატარ-პატარა საქმეებს, რომლებსაც ადრე ამპარტავნულად ვარიდებდი თავს. აქ იმას ვპოულობ, რისკენაც ადრე ამაოდ მივილტვოდი – ღმერთთან ჰარმონიას!
აქ, მარტოობაში, ისევ შემიძლია დავფიქრდე საკუთარ თავზე. ყველაფერი ხომ თავისებურად ლამაზია… ადრე ჩემთვის სამუშაო, განსაკუთრებით კი საკირკიტო სამუშაო, ტანჯვას წარმოადგენდა. ახლა ვგრძნობ, რომ მუშაობა შეიძლება დღესასწაული იყოს.
ჯერ კი მენატრება ხალხი და მჩქეფარე ცხოვრება, მსურს ჭაღებით გაჩახჩახებულ დარბაზში ჯდომა, სისხლში გამჯდარი მსუბუქი საცეკვაო მუსიკის მოსმენა, მაგრამ როდესაც ჩემი კლასის წინ ვდგავარ და ამ, ჩემკენ მოპყრობილ, ჩემდამი რწმენით სავსე, მიმნდობ სახეებს ვუყურებ, ყველაფერი მავიწყდება და თავი მთესველი მგონია, რომელიც თავის თესლს სერიოზულად და აუჩქარებლად აბნევს ნიადაგში. ცხოვრების მთესველი! ლამაზი სახელია მასწავლებლისთვის.“