მანანა ქამადაძე
სსიპ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფ. ზემო ვაშლოვანის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებელი
იყო წარმატებული მასწავლებელი, ნიშნავს შრომობდე დაუღალავად, ყოველდღიურ რეჟიმში ცდილობდე თვითგანვითარებას, თითოეული მოსწავლისათვის იყო მეგობარი, მხარდამჭერი, ადამიანი, რომელიც, პირველ რიგში, აძლევს მოტივაციას, ძალას, რათა ის, სკოლის დასრულების შემდეგ, არამარტო ცოდნით გამოირჩეოდეს, ამა თუ იმ უნივერსიტეტში მაღალი ქულებით ჩაირიცხოს, არამედ ფლობდეს სხვადასხვა საჭირო უნარ-ჩვევას, რომელიც დაეხმარება გაუმკლავდეს ახალ გამოწვევებს, დაძლიოს ცხოვრებისეული ბარიერები და არ შეწყვიტოს ძიება უკეთესი საკუთარი თავის გამოძერწვისათვის. წარმატებული მასწავლებელი, პროფესიონალიზმთან ერთად, მოსწავლეებთან დამოკიდებულებით განისაზღვრება და ამ ორის გარეშე შეუძლებელია მიიღო შედეგი.
დღეს მასწავლებლობას, ერთგვარად, „ბეწვის ხიდზე“ სიარულს შევადარებდი, სადაც აუცილებელია ბალანსის დაცვა, სხვა შემთხვევაში, შეუძლებელია მოიპოვო აღსაზრდელების სიყვარული. თუ მასწავლებელი ცდილობს თითოეულ მოსწავლეს მოუსმინოს, საჭიროების შესაბამისი ინდივიდუალური მიდგომები გამოუმუშაოს, აუცილებლად დადგება ის შედეგი, რომელიც ზოგადად სკოლის არსად მოიაზრება.
თავისი საქმის პროფესიონალ, მეგობრულ, შრომისმოყვარე, ჰუმანურ, სამართლიან და გულისხმიერ მასწავლებელს მოსწავლის კარგ პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესში უდიდესი წვლილის შეტანა შეუძლია. მიმაჩნია, რომ სკოლის მთავარი საზრუნავი მხოლოდ და მხოლოდ მოსწავლე უნდა იყოს. თუმცა, აქვე დავძენ, რომ დღეს, განათლების სისტემაში არსებობს რამდენიმე გამოწვევა. მოგეხსენებათ, მასწავლებლებს სტატუსის ასამაღლებლად, გარდა საგნის გამოცდისა, უწევთ სამინისტროსთვის პრაქტიკული საქმიანობის დოკუმენტის წარდგენა, რომელიც არაერთ აქტივობას გულისხმობს. გარდა ბავშვებთან დაგეგმილი აქტივობებისა, მათ გავლილი უნდა ჰქონდეთ არაერთი ტრენინგი, აღებული ჰქონდეთ არაერთი სერტიფიკატი. შეიძლება ითქვას, ხშირ შემთხვევაში, იმდენად ჩაკარგულია მასწავლებელი აღნიშნულ საქმეებში, რომ, სამწუხაროდ, სკოლის მთავარი საზრუნავი, ბავშვი, დარჩა ყურადღების მიღმა. ვფიქრობ, აღნიშნულ საკითხს აუცილებლად უნდა გადახედოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ. აუცილებელია მასწავლებელმა უფრო მეტი დრო დაუთმოს მოსწავლეს და მის საჭიროებებს. ყველას ერთად უნდა გვესმოდეს, რომ სკოლაში ყველა რგოლი ერთნაირად მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ერთის გაძლიერებით, მეორე არ უნდა დავტოვოთ ყურადღების მიღმა. რაღაც ისეთი არის მოსაფიქრებელი, რომელიც, მასწავლებელსაც და ბავშვსაც თანაბარ პირობებში ჩააყენებს.
ჩვენ, მასწავლებლებს, უნდა გვახსოვდეს ძველბერძნული შეგონება: „მოსწავლე არ არის ჭურჭელი, რომელიც უნდა აავსო, ის ჩირაღდანია, რომელიც უნდა აანთო“. სკოლის და მასწავლებლის მთავარი საზრუნავი, მოსწავლისათვის ხარისხიანი განათლების მიცემა, ნაყოფიერი საგაკვეთილო პროცესის წარმართვა, ასევე, იმ თავისუფლების მინიჭებაა, რომელიც მათში მეტის მიღების, შემეცნების სურვილს გააღვივებს.
ჩემი 39-წლიანი პედაგოგობის მანძილზე, დაკვირვების შედეგად, თვალნათლივ გამოიკვეთა, რომ დროსთან ერთად, წლიდან წლამდე იცვლება ბავშვების ცნობიერება, მათი დამოკიდებულებებისა და მისწრაფებების კოეფიციენტი. თანამედროვე თაობა დღის განმავლობაში იმდენ ინფორმაციას იღებს, თუნდაც სოციალური ქსელების საშუალებით და იმდენი კითხვა აწუხებს, კარგმა მასწავლებელმა უნდა შეძლოს და დაეხმაროს პასუხების მიგნებაში. თუმცა, არავითარ შემთხვევაში მათ არ უნდა მივაწოდოთ მზა პროდუქტი, რასაც ჩვენ, კომუნისტურ წყობაგამოვლილ ბავშვებს გვასწავლიდნენ და გვაჯერებდნენ, რომ ჭეშმარიტება სწორედ იქ არის, სადაც ისინი გვთავაზობენ. დღეს ბავშვს მხარდამჭერი სჭირდება, მასწავლებელი, როგორც მეგობარი და არა, მასწავლებელი, რომელიც წიგნებიდან ამოკითხულ ფრაზებს დაგაზეპირებინებს და არ შეეცდება მათ შინაარსობრივ სიღრმეებში ჩაგიყვანოს. მასწავლებელმაც და მოსწავლემაც უნდა უპასუხონ თანამედროვე გამოწვევებს, წარმატებით დაძლიონ მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა და იყვნენ მზად უკეთესი საქართველოს შენებისათვის.
მინდა აჭარელი პოეტის, ფრიდონ ხალვაშის ლექსის სტროფით დავასრულო წერა, რომელიც მასწავლებლებს მიუძღვნა:
„შენ რომ წიგნი მასწავლე,
შენ რომ სიბრძნე მასწავლე,
არავითარ სხვა განძში
იგი მე არ გავცვალე“.
მინდა, თითოეულმა მასწავლებელმა შევძლოთ იმ ცოდნის მიწოდება ჩვენი მოსწავლეებისათვის, რომელსაც ისინი არც ერთ განძში არ გაცვლიან და ყოველთვის იქნებიან ქვეყნის კეთილდღეობის სადარაჯოზე მდგარი ღირსეული მოქალაქეები.