მანია (გალინა) ქასოშვილი
სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩარდახის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი
დღეს, ისე როგორც არასდროს, სწავლა/სწავლების მიდგომა მასწავლებლებისგან ითხოვს შეფასების სტრატეგიების კარგ ცოდნას, რათა სწორი შეფასების საფუძველზე მოსწავლემ, პოზიტიური დამოკიდებულებით, შეძლოს საკუთარი ხარვეზების გამოსწორება, უკეთესი შედეგების მიღწევა; ხოლო მასწავლებელმა კი — მოსწავლის დაინტერესება სასწავლო პროცესით, სწავლისადმი კეთილგანწყობილი დამოკიდებულების განვითარება. მოსწავლის შედეგების სწორად და ეფექტურად შეფასებისათვის მრავალფეროვანი სტრატეგიების გამოყენებაა საჭირო, ეს კი მასწავლებლებისგან მუდმივ თვითგანვითარებას ითხოვს, რადგან მნიშვნელობის თვალსაზრისით შეფასება ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა, რომელშიც ხარვეზებია.
განმავითარებელი შეფასების უპირატესობა, სწავლის ხარისხთან მიმართებით, თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემამ აღიარა და მის დახვეწას ვცდილობთ ჩვენც, პედაგოგები. უკუკავშირის ფორმებიდან ყველაზე ეფექტური და მნიშვნელოვანი ის საშუალებებია, რომლებიც როგორც მასწავლებლის, ასევე მოსწავლის მხრიდან ითხოვს პოზიტიურ დამოკიდებულებას საკუთარი თავის თუ მოსწავლის მიმართ. პოზიტიური დამოკიდებულება კი, სასწავლო პროცესის ყველა სუბიექტის მიმართ, აღქმული უნდა იყოს, როგორც პროგრესზე ორიენტირებული ქცევა და არა თვითკმაყოფილებისკენ სწრაფვა. მასწავლებლებს ყველაზე მეტად გვიჭირს საკუთარი პრაქტიკის ხარვეზების მიღება და შემდგომი ანალიზი. ამიტომაც, ამ კუთხით, თანამედროვე მასწავლებლებს ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს. განმავითარებელი შეფასების ფორმებიც ამ პრაქტიკიდან გამომდინარე უნდა გამოვიყენოთ.
პრიორიტეტებიდან გამომდინარე, საკუთარ პრაქტიკაში ყველაზე მეტად ვიყენებ შემდეგ ფორმებს:
⇒ მასწავლებლის თვითშეფასება, რომლის გარეშე შეუძლებელია ნებისმიერი სახის წარმატების მიღწევა, ის საუკეთესო განმავითარებელი შეფასებაა, პირველ რიგში, მასწავლებლის მაქსიმალური რეალიზაციის ინსტრუმენტია; მეორე და უმნიშვნელოვანესი, საკუთარი ხარვეზების დღევანდელი ანალიზი მასწავლებელს შესაძლებლობას აძლევს, ხვალინდელი გაკვეთილი მათ გარეშე, უკეთესად და საინტერესოდ, დაგეგმოს.
⇒ საკუთარ პედაგოგიურ პრაქტიკაზე დაკვირვება პედაგოგს შესაძლებლობას აძლევს, მოსწავლეთა შედეგების მიხედვით ისწავლოს სამუშაო პროცესის კორექტირება, თუნდაც ამისათვის მოუწიოს, უარი თქვას მის მიერ წლების განმავლობაში გამოყენებულ ფორმებზე, მეთოდებსა და ინსტრუმენტებზე. მასწავლებელი, ამ ტიპის მონიტორინგით, ფეხს უწყობს სიახლეებს, ხდება მაძიებელი, ერგება მოსწავლეთა საჭიროებებს და უარს ამბობს თვითკმარობაზე.
⇒ მოსწავლისათვის მიცემული განმავითარებელი კომენტარი მის ეტაპობრივ, თავისუფალ, დემოკრატიულ და განვითარებაზე ორიენტირებულ დამოკიდებულებას გულისხმობს, რომლის დროსაც მან ზუსტად იცის, რომ დაშვებულ ხარვეზს „სასჯელად“ არ მოჰყვება დაბალი განმსაზღვრელი შეფასება.
ყველაზე ეფექტური კი მოსწავლეთა მიერ თვით და ერთმანეთისათვის მიცემული შეფასებებია, რადგან სხვა შეფასებაზე მეტად დინამიკური, მყისიერი და გულწრფელია.
⇒ სწავლის ხარისხზე მნიშვნელოვნად მოქმედებს მოსწავლეთა ურთიერთშეფასება, რომელიც განმავითარებელი შეფასების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. მოსწავლეები ყველაზე მგრძნობიარენი არიან ერთმანეთის შეფასებისას, ამიტომ სწორი, ობიექტური და გამჭვირვალე შეფასების ინსტრუმენტების ძიება მასწავლებლის ფუნქციაა.
⇒ მოსწავლეთა თვითშეფასება საუკეთესო საშუალებაა იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ ობიექტური, სამართლიანი და შედეგზე ორიენტირებული მოქალაქის აღზრდას. მოსწავლეს უვითარდება უნარი, არა სხვისთვის, არამედ საკუთარი წარმატებისათვის შეაფასოს თავისი ნაშრომი, დაგეგმოს უკეთესი შედეგის მიღწევის გზები, რაშიც მასწავლებელმა უნდა შეუწყოს ხელი.
ასეთი ფორმები არსებობს, მათ აქტიურად იყენებენ მასწავლებლები გაკვეთილებზე, მაგრამ პირადი კონტაქტებისა და აზრთა ურთიერთგაზიარებისას მუდმივად დგება კონკრეტული ქმედებების, რჩევების, გამოცდილების გაზიარების პრობლემა. გვიჭირს, კონკრეტულად ჩამოვაყალიბოთ, რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მოსწავლეს გაუქრეს ნიშანზე დამოკიდებულების სინდრომი და მასწავლებელი მხოლოდ იმაზე ფიქრობდეს, როგორ გახადოს სასწავლო პროცესი მოსწავლისათვის უფრო თავისუფალი, კომფორტული და შედეგიანი.
ყურადღებას შევაჩერებ მოსწავლეთა ურთიერთ და თვითშეფასების უპირატესობაზე სასწავლო პროცესში. გარდა იმისა, რომ მოზარდები, ასეთი ფორმით, ჯანსაღ თვითკრიტიკულ აზროვნებას სწავლობენ, კორექტული და პატივისცემაზე მორგებული ურთიერთობის გამოცდილებასაც იღებენ. იმისათვის, რომ გაკვეთილზე მასწავლებელმა ეფექტურად მართოს მოსწავლეთა ურთიერთ და თვითშეფასების პროცესი, საჭიროა, მომზადება და წინასწარ გათვლილი სტრატეგიების შეთავაზება მათთვის.
პრაქტიკაში აქტიურად ვიყენებ კითხვარებს, რომლებიც მოსწავლეებს აჩვევს კონსტრუქციულ, ობიექტურ დამოკიდებულებას თანაკლასელისა და საკუთარი ნაშრომის მიმართ. მათ იციან, რომ პროცესი გამჭვირვალეა და, რაც უმნიშვნელოვანესია, ასეთი ტიპის თანამშრომლობას აუცილებლად მოჰყვება, მასწავლებლის მხრიდან, უკუკავშირი. მასწავლებელი კი, გაკვეთილზე მიმდინარე პროცესის მონაწილეა. ურთიერთშეფასებას წინ უძღვის ერთმანეთის მუშაობაზე დაკვირვება, რაც შეიძლება გამოიხატოს სხვადასხვა სახით, მაგალითად, თხზულების ან მოკლე ჩანაწერების დასრულების შემდეგ, ისინი ცვლიან რვეულებს, კითხულობენ ნაშრომებს, ასწორებენ და ასაბუთებენ, რატომ მიიჩნიეს მეწყვილის ნაშრომში მოცემული ეპიზოდი (ან მთელი) შეცდომად.
ფართოდაა გავრცელებული მოსწავლეთა ურთიერთშეფასების კითხვარის ფორმა, მაგალითად:
მოსწავლეთა ურთიერთშეფასება
- თანაგუნდელების მოსაზრებებიდან საინტერესო იყო
……………………………………………………………………………………………..
- მათ მოსაზრებებს არ ვეთანხმები იმაში, რომ
……………………………………………………………………………………………..
- მოსაზრებებიდან ჩემთვის სიახლე იყო, რომ
……………………………………………………………………………………………..
- სიამოვნებით ვითანამშრომლებდი საკითხზე, რომელიც შეეხება
……………………………………………………………………………………………..
სიამოვნებით ვითანამშრომლებდი საკითხზე, რომელიც შეეხება
თუმცა უფრო ეფექტურად სწორედ იმ ტიპის ინსტრუმენტებს მივიჩნევ, რომელთაც თანამშრომლობის პროცესშივე შეუძლია შედეგის ჩვენება და მოსწავლეთა პოზიტიურ თანამშრომლობას უწყობს ხელს.
ჩემს პრაქტიკაში კოლაბორაციული მუშაობის ფორმები ჭარბობს ინდივიდუალურს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩემს მოსწავლეებს ერთმანეთზე დაკვირვებისა და ერთმანეთისგან სწავლის უზარმაზარი სივრცე აქვთ. ისინი ყოველდღიურად აკრიტიკებენ ერთმანეთს, უსწორებენ ხარვეზს და ახალისებენ ყოველი ახალი იდეისთვის. დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებში ხანდახან არის წყენის, შენიშვნის გამო გაბრაზების შემთხვევებიც, რაც დროთა განმავლობაში, თანამშრომლობის სტრატეგიების ხშირი გამოყენებისა და მრავალფეროვნების შემთხვევაში, იკარგება და პოზიტიურ ელფერს იძენს.