მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2019 წლის ფინალისტი ნათია კურტანიძე, გასულ კვირას, კიდევ ერთხელ მოექცა სასკოლო საზოგადოების ყურადღების ცენტრში. „ათეულთა კლუბის“ წევრმა, ქ. გორის №9 საჯარო სკოლისა და სოფელ ქვეშის საჯარო სკოლის, დაწყებითი საფეხურის და ტექნოლოგიების მასწავლებელმა ამჯერად გლობალური ჯილდოს (Global Teacher Award 2022) გამარჯვება მოიპოვა. Global Teacher Award, უკვე რამდენიმე წელია, ინდოეთში იმართება და მსოფლიოს 115-მდე ქვეყნიდან რამდენიმე ათეულ მასწავლებელს გამორჩეული პედაგოგიური საქმიანობისთვის საუკეთესოდ ასახელებს. კონკურსს, მსოფლიო გლობალური ჯილდოსგან განსხვავებით, არ ჰყავს ერთი გამარჯვებული და არც ფულადი პრიზია დაწესებული, ეს კონკურსი საუკეთესო პრაქტიკის მქონე მასწავლებლებს აღიარებით პრიზებს უწესებს.
კონკურსში მონაწილე აპლიკანტების შერჩევისას, რეკომენდაციებთან ერთად, მთავარი აქცენტები ინოვაციურ მიდგომებსა და კოლეგებთან თანამშრომლობაზე კეთდება, ასევე მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა საკუთარ ქვეყანაში მასწავლებლის პროფესიაში მიღწეულ შედეგებსაც. როგორც ნათია გვიყვება, რა თქმა უნდა, აპლიკაციის შევსებისას , მნიშვნელოვანი ადგილი სწორედ მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოში მონაწილეობას მიუჩინა და მისი აზრით, მნიშვნელოვანი როლი სწორედ ფინალისტობამ იქონია. ამბობს, რომ რასაკვირველია, ბიძგი ეროვნულმა ჯილდომ გააჩინა. „ათეულთა კლუბიდან“, ნათიას გარდა, წინა წლებში, ორმა მასწავლებელმა გაიმარჯვა. სწორედ კლუბის წევრებისგან შეიტყო მან ამ კონკურსის შესახებ. ამას ისიც ემატება, რომ პასუხისმგებლობაც გაზარდა და მოტივაციაც გააჩინა ეროვნული ჯილდოს კონკურსში მონაწილეობამ – „ერთ ადგილზე გაჩერების უფლებაც კი აღარ გაქვს, მუდმივად ცდილობ ამ სტატუსის გამართლებას. ამიტომ, მოტივატორი, ისევ და ისევ, ეროვნული ჯილდოს კონკურსია.“
ნათია კურტანიძე: „ჩემს რეზიუმეში ერთ-ერთ გამოკვეთილ პუნქტად ჩავწერე, რომ მე ვიყავი საქართველოს „ეროვნული ჯილდო 2019“-ის საუკეთესო ხუთეულის წევრი. ამის გარდა, აპლიკაციაში ხაზგასმით მეწერა ჩემ მიერ განხორციელებულ პროექტებზე არაფორმალური განათლების, ტექნოლოგიური ინოვაციების მიმართულებით, ანუ რას ვნერგავ სკოლაში ისეთს, რაც ჯერ-ჯერობით სხვა სკოლებში არ განხორციელებულა ან რა მეთოდებს ვიყენებ, რაც საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში ფართოდ დანერგილი არ არის. შემდეგ ერთ-ერთი მეილი მათგან, უკვე როგორც გამაჯვებულ მასწავლებელს, სწორედ ამ სიახლეების გაზიარებისთვის მომწერეს. მთხოვდნენ, დელიში ჩასვლის შემთხვევაში, ვორქშოფი ჩამეტარებინა და ჩემი ტექნოლოგიური გამოცდილება გამეზიარებინა როგორც ადგილობრივი მასწავლებლებისთვის, ისე იქ შეკრებილი საზოგადოებისთვის.“
მისი ინოვაციური პროექტებიდან ნათია კურტანიძე ერთ-ერთს ასახელებს, რომელმაც, სავარაუდოდ, ჟიურის ყურადღება მიიქცია. Classdojo – სასკოლო და საკლასო საკომუნიკაციო ქსელი, რომელიც მან ბოლო წლებში, ფინალისტობის შემდეგ, ამერიკული სკოლისგან გადმოიტანა და ორივე სკოლაში დანერგა. საკომუნიკაციო პროგრამა ახალგაზრდა პროგრამისტების მიერ შემუშავდა და ამერიკის სკოლებში დაინერგა. საქართველოში პროგრამის ელჩი ნათია კურტანიძეა. გამომდინარე იქიდან, რომ პროგრამა უსაფრთხოა ბავშვებისთვის, ფეისბუქისგან განსხვავებით და გამორიცხავს უცხო პირებთან კომუნიკაციას, ის აუცილებლად გაუწევს რეკომენდაციას მის დანერგვას სკოლებში. ამასთან ერთად, პროგრამა უფასოა და ნებისმიერ სკოლას შეუძლია გამოყენება.
„იმის გარდა, რომ უსაფრთხოა, პროგრამა ძალიან მრავალმხრივი და ფართო მოხმარებისაა. ეს არ არის მხოლოდ საკომუნიკაციო, აქვე შეიძლება კლასის ყოველდღიური ამბების გაზიარება, ე.წ. სთორების გამოქვეყნება – რა ხდება გაკვეთილზე, რა პროცესები მიმდინარეობს სკოლაში, რას აკეთებენ ბავშვები ამა თუ იმ აქტივობის დროს, ანუ ის, რაც მშობლებს აინტერესებთ. შესაბამისად, პროგრამის გამოყენება შეიძლება როგორც მოსწავლის, ისე მშობლის სტატუსით.
რაც მთავარია, არ არის ღია პროგრამა, არამედ კლასის და სკოლის შიდა მოხმარებისთვისაა განკუთვნილი. როდესაც ვქმნით სასკოლო ან საკლასო საზოგადოებას, ეს იგზავნება პროგრამის ამერიკულ ტექნიკურ ჯგუფთან, რომელიც ამოწმებს მართლა არსებობს თუ არა ეს სკოლა ამა თუ იმ რეგიონში, ქვეყანაში და შემდეგ იქმნება ჯგუფი. ძალიან სახალისო და საინტერესოცაა იმდენად, რამდენადაც აქ შეიძლება დავალებების ვიდეოსახით გაგზავნა, მასწავლებელთან ინტერვიუირება, ფაილების, ფოტოებისა და დავალებების მიბმა. განსაკუთრებით სახალისოა დაწყებით საფეხურზე – ბავშვებს შეუძლიათ თავიანთ პროფილებზე დააყენონ სახალისო ანიმაციები, ნახატები და ა.შ. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, ჯერჯერობით კლასებში არ მყავს მოსწავლე, რომელსაც არ მოსწონს ამ პროგრამაში მუშაობა. ვფიქრობ, რომ ამ სიახლის დანერგვამაც მიიქცია ჟიურის ყურადღება,“ – ამბობს ნათია.
თუმცა, გლობალური ჯილდოს კონკურსზე აღიარებული მასწავლებელი საყვარელ ინოვაციურ პროექტად მაინც პირველ ინოვაციურ პროექტს ასახელებს, „მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში გაჭრილი სარკმელი“ მისთვის დღემდე ყველაზე საამაყო პროექტია და მას უკავშირებს ეროვნული ჯილდოს კონკურსში მიღწეულ წარმატებას. „2015 წლიდან ბავშვებს ვირტუალურად ვამოგზაურებ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში და ეს არ არის მხოლოდ ინტერნეტში მოძიებული ადგილის ვირტუალური დათვალიერება, არამედ ონლაინ ჩართვებით და ონლაინ გიდით ჩემს მოსწავლეებს ნანახი აქვთ ძალიან საინტერესო ადგილები, მათ შორის, ლისაბონის ძალიან ცნობილი ზოოპარკი, მუზეუმები, ნაკრძალები და ა.შ. წინასწარ ვუკავშირდები ონლაინ ტურების გიდებს, ადრე ამას მაიკროსოფტის სასწავლო პორტალის საშუალებით ვაკეთებდი, ახლა სხვა გზები გამოვნახე. გიდები ონლაინ გვერთვებიან და, კლასიდან გაუსვლელად, ჩემს მოსწავლეებთან ერთად, ვმოგზაურობთ. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს სოფელში ასწავლი თუ თბილისის ცენტრალურ უბანში, მთავარია, სკოლის ინფრასტრუქტურა და ინტერნეტის დაფარვა გაძლევდეს იმის საშუალებას, რომ მსგავსი პროექტები აკეთო. საბედნიეროდ, ჩვენთან ინტერნეტით დაფარვა სკოლაში პრობლემა არ არის, მით უმეტეს – მობილური კავშირი. მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზეც, ვფიქრობ, ამ პროექტმა მიიქცია დიდი ყურადღება.“
21-ე საუკუნის მასწავლებლის მთავარ მისიად ნათია მიიჩნევს იმას, რომ რაც შეიძლება საინტერესო გაკვეთილები შესთავაზო მოსწავლეებს, პირველ რიგში კი, პერიოდულად, მათ ადგილას უნდა წარმოიდგინო მასწავლებელმა თავი, დააკვირდე მათ ინტერესებს და ის ფაქტი, რომ ბავშვები ტექნოლოგიებთან მიჯაჭვულები არიან, ერთ საუკეთესო შანსადაც კი გამოიყენო: „ხშირად აღნიშნავენ გულისტკივილით, რომ მოზარდები წიგნს დაშორდნენ, მაგრამ ტექნოლოგიებიც ხომ გვაძლევს მათი შემეცნებითად განვითარების საშუალებას. სულ ვაკვირდები ხოლმე, რა მოსწონთ, როგორ შეიძლება ტექნოლოგიები სასარგებლოდ გამოვიყენო. ამასთან ერთად, ჩვენ უნდა ვიყოთ მუდმივად განვითარებაზე ფოკუსირებული. მე ხომ ეს ყველაფერი რაც დღეს ვიცი, არ ვიცოდი დასაწყისში. მოვძებნე, ვისწავლე და ახლაც ვსწავლობ მათთან ერთად, ბევრ რამეს ბავშვები ჩემზე უწინ აღმოაჩენენ ხოლმე ამ პროექტებში. არასოდეს არ არის სირცხვილი ისწავლო, რომ არ ჩამორჩე. აი, თუნდაც ის, რომ მე, როგორც ტექნოლოგიების მასწავლებელს, უკვე ორი წელია, რაც პროგრამირების საბაზო კურსების შეთავაზება მიწევს ბავშვებისთვის, სერიოზული მუშაობა დამჭირდა ამ მიმართულებით, რადგან მანამდე ტექნოლოგიების საგანში ეს კომპონენტი გათვალისწინებული არ იყო. აქედან გამომდინარე, არ მქონდა ამის შესახებ სათანადო ცოდნა და უნარები. დავიწყე გადამზადება, თვითგადამზადება, მოსწავლეებთან ერთად მუშაობა და ნელ-ნელა მეც განვვითარდი, მათთან ერთად. ადრე თუ პროგრამული კოდი, ალგორითმი ცოტა ბუნდოვანი თემა იყო ჩემთვის, დღეს მყარად ვგრძნობ თავს. პრინციპში, ახალს არაფერს ვამბობ, რაც ჩემი კოლეგებისთვის უცნობია – მუდმივად განვითარება.“
ეროვნული ჯილდოს ფინალისტობამ და ახლა უკვე გლობალურ ჯილდოზე გამარჯვებამ ნათია კურტანიძე კიდევ უფრო მოტივირებულ მასწავლებლად აქცია, გაუჩინა მეტი შესაძლებლობა, გაორმაგებული პასუხისმგებლობით გაუზიაროს კოლეგებს გამოცდილება. „ჩემ მიმართ ინტერესი გაიზარდა არა მარტო სკოლის ან რეგიონის შიგნით, არამედ ბევრი კოლეგა მიკავშირდება სხვადასხვა რეგიონიდან, ქალაქიდან და მთხოვს რაღაც სიახლის გაზიარებას, დახმარებას, რაიმე იდეების შეთავაზებას. ბუნებრივია, მეც ვცდილობ მათთვის სასარგებლო გავხდე.“
აღიარების მიღმა კი, ნათია მასწავლებლის გაკვეთილი სოფელ ქვეშის და გორის მეცხრე საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის ნამდვილად არის ის ადგილი, დრო და სივრცე, სადაც მისვლა უხარიათ და აინტერესებთ. ამას თავადაც გვიდასტურებს და ამბობს, რომ ამის თქმის უფლებას მათივე უკუკავშირი აძლევს. „ყოველთვის ვაკვირდები ხოლმე ბავშვების რეაქციებს, აღფრთოვანებას, აი, როცა შევატყობ, რომ უკვე მობეზრდათ, მაშინვე ვიწყებ სიახლეზე ფიქრს, რა შევთავაზო უფრო საინტერესო, რა თქმა უნდა, არა მხოლოდ ტექნოლოგიური მიმართულებით. ამიტომ, ვფიქრობ, მასწავლებელი აუცილებლად უნდა დააკვირდე ბავშვებს და თუ შეატყობ, რომ აღარ მოსწონს შენი გაკვეთილი, ეს კიდევ ერთი დასაწყისის დასაწყისად, თვითგანვითარების და სიახლის ძიების ეტაპად გადააქციო.“
ლალი ჯელაძე