ნინელი ვიბლიანი
წალკის მუნიციპალიტეტის სოფ.საბეჭისის საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელი
მასწავლებლის პროფესია ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი და საპატიო პროფესიაა, რომელიც მოითხოვს კოლოსალურ ძალისხმევას, ცოდნას, შრომას, უნარებსა და გამოცდილებას. ყველაზე დიდი მისია ღმერთს მისთვის დაუკისრებია, ღირსეული ახალგაზრდა თაობის აღზრდა და მათი პიროვნებად ჩამოყალიბება.
პედაგოგს ბავშვებთან თბილი, მეგობრული დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს, გულწრფელი უნდა იყოს მათი ურთიერთობა, ყველაზე მთავარია, არასდროს მოატყუოს ბავშვი და იგივე მოითხოვოს მისგან.
მასწავლებელი წარმატებული რომ იყოს, ყველაზე მთავარია, უყვარდეს ბავშვები და თავისი პროფესია, ჰქონდეს კარგი დამოკიდებულება, მოეპყრას პატივისცემით და დაიმსახუროს მათი სიყვარული.
და მაინც, რა ანიჭებს მას ბედნიერებას?
ბედნიერია მასწავლებელი, როცა ყოველი დილა მისთვის უჩვეულოდ, მხიარულად და პოზიტიურად იწყება, როცა სკოლის ეზოში შესულს უამრავი ბავშვი ეხვევა, გამოხატავს სითბოსა და სიყვარულს. მასწავლებლის შეგრძნება კი ისეთია, თითქოს ღრუბლებიდან სინათლის სხივმა გამოანათა და სრულად შეცვალა არემარე. აი, ასე იწყება ჩემთვის ყოველი დილა ,ყოველი დღე. განა ეს არ არის ყველაზე დიდი ბედნიერება მასწავლებლისთვის?!
დღევანდელი თაობა ძალიან განსხვავდება წინა თაობებისგან, უფრო თამამები არიან, ინფორმირებულები და მომთხოვნები, ასევე, ამაყები და ემოციურები. დარწმუნებული ვარ, ცხოვრებაში ბევრად მეტს მიაღწევენ და ღირსეულ ადგილს დაიკავებენ საზოგადოებაში. განათლების ახალმა რეფორმამ მათი სასკოლო ცხოვრება უკეთესობისაკენ შეცვალა, მრავალფეროვანი და შემოქმედებითად უფრო საინტერესო გახადა.
სასკოლო ცხოვრებაში სწავლისთვის ხელშემწყობი გარემოს შესაქმნელად, მოსწავლეთა სწავლის ხარისხი რომ ამაღლდეს და მოტივაცია გაიზარდოს, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მშობელთა ჩართულობას. სამწუხაროდ, დღევანდელი ყოფითი პრობლემებისა და სოციალური ქსელების გამო, რომლის ხშირი მომხმარებლებიც არიან მშობლები, იკლო ყურადღებამ მათი მხრიდან. მოსწავლეები, რომელთა მშობლებიც აქტიურად არიან ჩართული საგანმანათლებლო პროცესებში, უკეთეს შედეგს აღწევენ, მაგრამ პროცენტულად ეს რიცხვი ძალიან დაბალია.
მასწავლებელსა და მშობელს სასწავლო წლის დასაწყისშივე უნდა ჰქონდეთ მუდმივი კავშირი ერთმანეთთან, დაგეგმონ ღონისძიებები, ხშირად მოაწყონ ინფორმაციული ხასიათის შეხვედრები, ექსკურსიები, რაც, საბოლოოდ, დადებითად აისახება შედეგზე. მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ მშობელს მხოლოდ მოსწავლის პრობლემებზე კი არ ესაუბროს, არამედ პოზიტიური განწყობა შეუქმნას, ელაპარაკოს შვილის ძლიერ მხარეებზე, შესაძლებლობებზე, თუმცა, მიწოდებული ინფორმაცია რეალობას უნდა შეესაბამებოდეს.
ყველაზე მთავარი: მასწავლებელმა და მშობელმა უნდა გააცნობიერონ თავიანთი როლი მოსწავლის ცხოვრებაში და, თანამშრომლობით, ხელი შეუწყონ მისი შესაძლებლობებისა და უნარების განვითარებას. მსგავსი შეხვედრები საგრძნობლად გამოაცოცხლებს სასწავლო პროცესს, შეამცირებს სკოლაში ძალადობის რისკს, რაც, მომავალში, ბავშვის წარმატების განმსაზღვრელი იქნება.
მშობლებო, მეტი დრო დაუთმეთ შვილებს!
მე, როგორც ასაკში შესული ადამიანი, 65 წლის, ხშირად ვიხსენებ წარსულს და ვცდილობ, ობიექტურად შევაფასო ჩემ მიერ განვლილი გზა. მიხარია, ძალიან ამაყი ვარ, რომ მთელი ჩემი ცხოვრება, 38 წელი, ვემსახურე მომავალი თაობების აღზრდას.
ეს წერილიც ბავშვების სიყვარულმა, ყოველდღიურად მათ მიერ მონიჭებულმა სიხარულმა და განცდამ დამაწერინა.