მასწავლებელი განათლების სისტემის რეფორმის ეპიცენტრშია, მისი მხარდაჭერისა და აქტიური მონაწილეობის გარეშე ვერც ერთი საგანმანათლებლო რეფორმა ვერ გატარდება. მისი როლი უმნიშვნელოვანესია, ვინაიდან ის ვალდებულია, არა მხოლოდ ცოდნა და რჩევა მისცეს მოსწავლეებს, არამედ აჩვენოს გზა ამ ცოდნის გამოყენებისაკენ, ამავე დროს, აზიაროს იმ ზნეობრვ ღირებულებებს, რომლის გარეშეც განათლება წარმოუდგენელია.
ბავშვები განსხვავებულები არიან თავიანთი გრძნობებით, გარეგნობით და აღზრდის პრინციპებით, განსხვავებული ღირებულებები და სულიერი თუ ფიზიკური მონაცემები აქვთ. მოსწავლეები სხვადასხვა ოჯახებიდან მოდიან, ყოველ ოჯახს თავისებური სოციალურ-ზნეობრივი ღირებულებები აქვს, ამიტომ დამრიგებლის მოვალეობაა, კლასის საათზე, და არა მარტო ამ დროს, ბავშვებთან განხორციელებული ცოცხალი ურთიერთობით, კომპლექსური მიდგომით, თანამშრომლობით, მათდამი დიდი სიყვარულითა და პრაქტიკული საქმიანობით ყველა მოსწავლე აზიაროს ქცევის კულტურას.
ქართული პედაგოგიკის ფუძემდებელი და საზოგადო მოღვაწე იაკობ გოგებაშვილი სკოლების დანიშნულებად პიროვნების აღზრდას მიიჩნევდა: „ჩვენ მარტო იმითი კი არ უნდა დავკმაყოფილდეთ, რომ წერა კითხვა ვასწავლოთ, ჩვენ ვალდებული ვართ აღვზარდოთ მტკიცე ნებისყოფის მოქალაქე. გამოვუმუშაოთ მოწაფეებს თავის მოვალეობის ასრულების უნარი, სამშობლოსა და მოყვასისადმი ძმური სიყვარული – ყოველივე ეს დამოკიდებულია თქვენზე და თქვენს პედაგოგიურ უნარიანობაზე“. ამ სიტყვებით იაკობ გოგებაშვილს მასწავლებლის როლი საზოგადო მოღვაწის რანგში აჰყავდა და მოუწოდებდა სკოლებს, ქართული სული შთაებერათ, აღზრდა და სწავლება მშობლიურ ნიადაგზე წარემართათ.
წიგნი „ყოფაქცევის კულტურა“ (ავტორი – ლია ბედინაძე) დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვისაა შექმნილი. ქალბატონი ლია ასოციაცია „მცოდნელის“ დამფუძნებელია. ორგანიზაციის ძირითადი მიმართულებაა სკოლებში ზნეობისა და ეთიკის სწავლებაა. ამ მიზნით, ასოციაციაში, ჯერ კიდევ 2003 წელს, დამუშავდა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებისათვის დამრიგებლის დამხმარე სახელმძღვანელოც „ვასწავლოთ ყოფაქცევის კულტურა“, კლასის საათისთვის.
წლების განმავლობაში ჩატარებულმა კვლევებმა საინტერესო შედეგი აჩვენა. მოსწავლის წიგნმა „ყოფაქცევის კულტურა“, საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის მკვლევარ პედაგოგთა ცენტრის მე-7 კონფერენციაზე, პედაგოგთა დიდი დაინტერესება გამოიწვია. „ყოფაქცევის კულტურის სწავლების მეთოდიკა“ და მოსწავლის წიგნი აღიარებულ იქნა, როგორც ინოვაციური მიგნება პედაგოგიკაში და გაშუქდა საერთაშორისო ჟურნალ „მასწავლებელში“.
„ყოფაქცევის კულტურა“ წარდგენილ იქნა იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგთა კონკურსზე და გოგებაშვილის საპატიო სიგელითა და მედლით დაჯილდოვდა. წიგნის მთავარი ღირებულება ისაა, რომ მოსწავლე, ეცნობა რა ქცევის ამა თუ იმ ნორმებსა და ეტიკეტს, ითვისებს ახალ მასალას, აანალიზებს სიტუაციას, აფასებს საკუთარ ქცევას და გამოაქვს დასკვნა. პრეზენტაციაზე მოსწავლე, თავისსავე ნაშრომის, ნაწერის, ნახატის შესახებ გამოხატავს მოსაზრებას და წარმოაჩენს საკუთარ შესაძლებლობებს, რაც კრიტიკულ აზროვნებას ავითარებს. წიგნზე მუშაობა შეიძლება ინდივიდუალურად, წყვილებში და ჯგუფურადაც. შესაბამისად, მოსწავლე ეჩვევა გუნდურობას და თანამშრომლობას. იქ მოცემული სხვადასხვა საკითხავი ტექსტი თუ ქცევის წესი საშუალებას აძლევს ბავშვს:
⇒ გაეცნოს და გაითავისოს მოცემული საკითხები ქცევის შესახებ;
⇒ უკეთ გაიგოს მისთვის უცნობი ეტიკეტის წესები;
⇒ თამამად გამოხატოს თავისი გრძნობები და აზრები;
⇒ აღწეროს კონკრეტული ცხოვრებისეული შემთხვევა;
⇒ გააანალიზოს;
⇒ შეადაროს მოვლენები და შედეგები;
⇒ შეაფასოს და გამოიტანოს დასკვნა — რა არის კარგი და რა არის ცუდი.
„ყოფაქცევის კულტურა“ ეტაპობრივად გამოიცემოდა სამ წიგნად, დაყოფილია დონეებად და თითოეული დონე მორგებულია მოსწავლეთა ასაკობრივ თავისებურებებს:
⇒ პირველი დონე მეორეკლასელთათვისაა, ვინაიდან მათ ამ ეტაპზე დამოუკიდებლად კითხვა შეუძლიათ;
⇒ მე-2 დონე – მესამე და მეოთხეკლასელთათვის;
⇒ მე-3 დონე – მეხუთე და მეექვსე კლასების მოსწავლეთათვის.
წიგნმა აპრობაცია გაიარა თბილისის №24 და №23 საჯარო სკოლებში, ასევე ნიჭიერთა ათწლედში, ბათუმის, ქუთაისის, ხაშურის საჯარო თუ კერძო სკოლებში.
✅ ჩვენი სტუმარია იაკობ გოგებაშვილის ღირსების ორდენისა და მედლის მფლობელი, №24 საჯარო სკოლის სერტიფიცირებული დამსახურებული პედაგოგი, ასოციაცია „მცოდნელის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი
ლიანა ბედინაძე
♦ მოკლედ თქვენ შესახებ, თქვენი საქმიაობა
ჩემი საქმიანობა პედაგოგიური მოღვაწეობაა, რაც მავალებს, სრული ძალისხმევით ვემსახურო მომავალი თაობის კეთილსინდისიერად აღზრდას, მათ შეიარაღებას ცოდნით, რაც საფუძველია იმ ზედნაშენისა, რომელსაც ჩემი ბუდიდან აფრენილები მომავალში დააშენებენ.
მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის პირველი შეხვედრისთანავე იბმება უჩინარი ძაფი ურთიერთობისა — პირველი შეხვედრა, პირველი ღიმილი, პირველი სიტყვა, პირველი ნდობა… შემოგციცინებენ თვალებში და შენში ეძებენ ცოდნის გასაღებს, შენ ხარ ერთადერთი ნათელი წერტილი უცნობ უზარმაზარ გარემოში, რასაც სკოლა ჰქვია. ვალდებული ხარ გიყვარდეს, უზომოდ გიყვარდეს მისი მზერა, აკანკალებული ხელი პირველი ასო-ბგერის მოსახაზად, მისი სიზარმაცეცა და სიბეჯითეც. შენ გზამკვლევი ხარ და რადგან ეს საქმე იტვირთე, ბოლომდე უნდა მიიყვანო ისე, რომ საპასუხო განცდით უყვარდე — შენ ხომ მისი მეგობარი ხარ, მხარდამჭერი, გზის მანათობელი შუქურა.
ჩემთვის მასწავლებლობაზე მნიშვნელოვანი პროფესია არ არსებობს, მასწავლებელი აწრთობს და აკვალიანებს სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს, აწრთობს და აყალიბებს კარგ ინჟინერს, კარგ ექიმსა თუ კარგ არქიტექტორს. ჩემი აზრით, მასწავლებლობა ურთულესიცაა და საინტერესოც, საჭიროც და დასაფასებელიც.
♦ რა შეგძინათ თქვენმა პროფესიამ
პროფესიამ დიდი გამოცდილება შემძინა, რამაც განაპირობა ჩემი საქმიანობა. ვარ არაერთი სასწავლო სახელმძღვანელოს ავტორი; პედაგოგებისთვის გამოცდილების გაზიარების მიზნით, გამოცემული მაქვს: სახელმძღვანელო „სასკოლო ღონისძიებების ჩატარების ორგანიზაცია და მეთოდიკა“ ოთხი სცენარით; გზამკვლევი პედაგოგებისათვის, დამუშავებული „მცოდნელის“ შემოქმედებით ჯგუფთან ერთად; „ყოფაქცევის კულტურა“, სამ დონედ — მე-2, მე-3 და მე-4 კლასელთათვის, მისი სწავლების მეთოდიკა მასწავლებელთათვის, რომელიც გამოიყენება კლასის საათზე, როგორც დამატებითი სახელმძღვანელო; პირველკლასელთათვის „ისწავლე და იხალისე არდადეგებზე“ — სააზროვნო ლექს-ამოცანები, ანდაზებთან, გამოცანებთან და გასაფერადებელ ნახატებთან ერთად, აქვეა მაგალითები რიცხვით შედგენილობებზე. ბლუმის ტაქსონომიის მიხედვით დამუშავებული და შედგენილი მაქვს ტესტები თვითშესაფასებლად, 1-ლი, მე-2, მე-3 და მე-4 კლასელთათვის ცოდნის განსამტკიცებლად, სააზროვნო უნარების გამოყენებით. 12 ლექსი შეტანილია ლექსების კრებულში „სიყვარულის ოდა“, რომელიც 2018 წელს ბათუმში გამოიცა.
მიყვარს ჩემი პროფესია, განსაკუთრებით ურთიერთობა მოსწავლეებთან, რომლებიც ყოველდღე რაღაც ახალსა და საინტერესოს მოელიან. მე ხომ დიდი მისია მაკისრია, მათი ფორმირება და ცოდნის გადაცემასთან ერთად, ზნეობრივი თუ მორალური აღზრდა.
♦ თქვენი ჰობი
მიყვარს ხელოვნება — მუსიკა, თეატრი, მხატვრობა, სახვითი ხელოვნება, ქარგვა, ქსოვა, გობელენი. არაერთი დიპლომი და სერტიფიკატი ამშვენებს ჩემს ალბომს. ახალგაზრდულ წლებში ვმონაწილეობდი საესტრადო ანსამბლში, სახალხო თეატრში, სიმღერისა და ცეკვის ანსამბლში. სიამოვნებით ვუსმენ კლასიკურ, ქართულ თუ საზღვარგარეთულ საესტრადო მუსიკას, ჯაზს და ხალხურ მუსიკას. პოეზია ჩემი ჰობია.
ვცდილობ, ჩემი განწყობა და სიყვარული ხელოვნებისადმი, ხატვისა და მუსიკისადმი ჩემს მოსწავლეებსა და შვილიშვილებს გადავდო. ამის გამო, საკლასო ღონისძიებების კონკურსებსა თუ ფესტივალებზე არაერთგზის მიმიღია მონაწილეობა სპექტაკლებით, რომელთა დამდგმელი რეჟისორი, მუსიკალური გამფორმებელი და დეკორატორი თავად ვყოფილვარ. ხშირად გამიგია, კარგი მასწავლებელი, ცოტათი მაინც, მსახიობის ოსტატობას უნდა ფლობდესო! ჭეშმარიტებაა. ყველა უნარი, გამოცდილება და შემართება, რაც ახალგაზრდულ წლებში გამაჩნდა, დღესაც მეხმარება სწავლების დროს.
♦ რატომ უნდა ისწავლებოდეს „ყოფაქცევის კულტურა“
ქცევის კულტურის სწავლება მარტო იმას არ ნიშნავს, თუ როგორ უნდა ისხდნენ მოსწავლეები გაკვეთილზე, როგორ მოიქცნენ დერეფანში და პედაგოგის წინაშე, არამედ იმ საკითხების შესწავლასაც, რომელიც „ყოფაქცევის კულტურაშია“ მოცემული. ეს წიგნი მოსწავლეებს აწვდის სიტყვის „კულტურა“ არსსა და მნიშვნელობას, აცნობს ცხოვრების ოქროს წესს, უხსნის პიროვნების ცნებას, ეხმარება თვითაღზრდის სრულყოფაში, მიანიშნებს ურთიერთობის კულტურას, ასწავლის რით განსხვავდება გარეგნული და შინაგანი სილამაზე, უხსნის ეტიკეტის მნიშვნელობას, ესუბრება ენის რაობაზე, სიტყვისა და საქმის ერთიანობაზე, აცნობს რელიგიის როლს, ოჯახსა და ტრადიციებს, უხსნის საზოგადოების მახასიათებელ ფორმებს, როგორ გაიგონ სიყვარულის არსი, სიკეთე; აფრთხილებს, რატომაა ცუდი ძალადობა და რა ზიანი შეიძლება მოიტანოს მან; საუბრობს მეგობრობის სიკეთესა და სამშობლოს მნიშვნელობაზე…
♦ 21-ე საუკუნის გამოწვევა
მასწავლებლობა გამორჩეულად ღირსეული პროფესიაა, განსაკუთრებით მაშინ, თუ მას სრულყოფილად ფლობ, თუ ითვისებ სიახლეებს პედაგოგოკაში და თუ გაცნობიერებული გაქვს 21-ე საუკუნის გამოწვევა. თუ მოსწავლეთა სწავლა-სწავლებისა და აღზრდის სადარაჯოზე დგახარ, ხარ ფხიზელი და ფეხს უწყობ ამ გამოწვევებს, მაშინ ჩათვალე, რომ მიზანს მიაღწიე.
ხშირად მეკითხებიან როგორი უნდა იყოს 21-ე საუკუნის მასწავლებელი, თანამედროვე მოთხოვნებს რომ გაუმკლავდეს? ჩემი აზრით, უპირველესია, იცოდე ის, რაც არ იცი; ეცადო, ისწავლო, რათა იცოდე და ეს ცოდნა გადასცე სხვას ისე, რომ მან ისწავლოს და გამოიყენოს.
♦ რა გაძლევთ მოტივაციას
მოტივაციას მაძლევს ის, რომ თაობა, რომლის აღზრდასაც ასე გულმხურვალედ ვემსახურები, იქნება უკეთესი, ვიდრე ჩვენი თაობაა და ამ ყველაფერს მე ვუყრი საფუძველს.
♦ თქვენი მთავარი მიღწევა
ჩემი მთავარი მიღწევა, უპირველესად, ჩემი შრომითი საქმიანობაა, ოჯახი, შვილები, შვილიშვილები, მოსწავლეები, რომელთაც ბუდიდან აფრენისა და საზოგადოებაში თვითდამკვიდრების შესაძლებლობა მივეცი, ისინი ბევრნი არიან და ვამაყობ მათით.
ჩემი ყოველდღიური საქმეა: სკოლა, ოჯახი და საზოგადოება.
ვერ ვიტყვი, რომ ლიდერი ვარ, მაგრამ თუ ჩემს საქმიანობას გადავხედავთ, ლიდერისთვის დამახასიათებელი თვისებებიც მაქვს: კრეატიულობა, სამოქალაქო პასუხისმგებლობა, ზნეობრიობა, გამოცდილების გაზიარება, სიახლეთა კვლევა, ცოდნის გადაცემა, გუნდურობა, თვითგანვითარებისადმი ლტოლვა, შეუპოვრობა, მოთმენის უნარი…
♦ თქვენი სურვილი
ჩემი სურვილია იყოს მშვიდობა. მინდა, განათლების სფერო ყველაზე წარმატებული იყოს, ქვეყნის სარბიელზე დაფასდეს მასწავლებლის პროფესია და ღვაწლი. მინდა ყველა მასწავლებელი პირნათელი იყოს არჩეული პროფესიის მიმართ და გრძნობდეს საკუთარი პროფესიის განსაკუთრებულობას.