მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, დაახლოებით ორი წლის წინ, საბუნებისმეტყველო საგნების მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო, რომელიც აქცენტს სამ მიმართულებაზე აკეთებდა: დავით სონღულაშვილის პროგრამა „რეალურ-ვირტუალური ლაბორატორია“, რომელიც მასწავლებლებს დაეხმარება, სასწავლო პროცესში აქტიურად გამოიყენონ მეცნიერულ კვლევაზე დაფუძნებული სასწავლო მეთოდები და მათი დახმარებით, მოსწავლე, ინდივიდუალური ინტერესებისა და ასაკის გათვალისწინებით, პრაქტიკულ სამეცნიერო კვლევა-ძიების პროცესში ჩართონ; მინი-ლაბორატორია (სახელოსნო) „ჩხირკედელა“, დამატებითი სივრცე, სადაც მასწავლებლები, მოსწავლეებთან ერთად, ცოდნის გაღრმავებასა და უნარ-ჩვევების განმტკიცებას ცდილობენ; საბუნებისმეტყველო ტურნირი – გუნდური შეჯიბრი STEM მიმართულების საგნებში. საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნების მხარდამჭერი პროგრამის მენეჯერია კახა ჟღენტი, ლაბორატორიის ხელმძღვანელი – ნუგზარ მოსულიშვილი და პროგრამის კოორდინატორი – მაია ნაკაშიძე.
წელს, საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებელთა მხარდასაჭერად, მასწავლებელთა სახლმა კიდევ ერთი პროექტი წამოიწყო – დავით სონღულაშვილთან თანამშრომლობით, ფიზიკის პედაგოგებს 6-თვიანი ტრენინგ-კურსი შესთავაზა. „პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი, გარდა იმისა, რომ მათ ვასწავლო, როგორ გამოიყენონ ჩემი ლაბორატორია, ისიც არის, რომ დავეხმარო და ვასწავლო, თავად როგორ შექმნან საგანმანათლებლო რესურსი, როგორ მოამზადონ მსგავსი პროგრამები, რომელსაც შემდეგ სასწავლო პროცესში დანერგავენ.“ – აცხადებს დავით სონღულაშვილი.
ტრენინგ-კურსის დეტალებზე სასაუბროდ ბატონ დავითს ლაბორატორიაში ვესტუმრე და მისი ექსპერიმენტების შემსწრე აღმოვჩნდი. თითქოს წამებში წაიშალა ზღვარი რეალურ და ვირტუალურ სამყაროს შორის, თვალნათლივ დავინახე, როგორ შეიძლება რეალურ ვითარებაში ცდების ჩატარება და, იმავდროულად, მოცემული ცდის თანმხლები უხილავი მოვლენების ვიზუალიზაცია. რთულია ვისაუბრო რეალურ-ვირტუალური ლაბორატორიის შესახებ, რადგან ცხადია, დილეტანტის დონეზე, გამიჭირდება იქ ნანახი ხელსაწყოებისა და ექსპერიმენტების ახსნა-შეფასება, თან არ მგონია, რომ მკითხველისთვის ჩემი მოსაზრება, ამ საკითხთან დაკავშირებით, საინტერესო იყოს. მხოლოდ ერთი სიტყვით შემოვიფარგლები – შთამბეჭდავია!
როგორც ჩემი რესპონდენტი ამბობს, მისი რეალურ-ვირტუალური ლაბორატორია ერთ წუთში დაგარწმუნებთ, რომ „ფიზიკა ყველგანაა“, რომ „ცხოვრება მთლიანად ფიზიკაა“ (ეს მათთვის, ვისთვისაც ფიზიკა ერთ-ერთი რიგითი სავალდებულო საგანია ეროვნულ სასწავლო გეგმის საგანთა ნუსხაში) და მეტიც, საგანს შეგაყვარებთ; არც იმ მიზეზების პოვნას და გააზრებას დასჭირდება დიდი დრო – რატომ არ მოსწონთ მოსწავლეებს ფიზიკა და რატომ თვლიან, რომ უინტერესოა.
6-თვიანი პროექტის მიზანიც სწორედ ამ მიზეზების დაძლევა და იმის გააზრებაა, როგორ გავზარდოთ მომხმარებლის ნაცვლად, შემქმნელი თაობა. ამისთვის კი, უპირველესად, მასწავლებლებისთვის იმ მიდგომებისა და ხერხების სწავლებაა საჭირო, რომელიც ჯერ თავად მათ გახდის საგანმანათლებლო რესურსის შემქმნელ მასწავლებლებად და შემდეგ – მათ მოსწავლეებს. რეალურ-ვირტუალური ლაბორატორია ამის საუკეთესო შანსს იძლევა, ადვილად გაერკვე მოვლენებში და მოსწავლეებისთვის საინტერესო გახადო სწავლება.
ზოგად საუნივერსიტეტო ვირტუალური მოდელირებისა და კონსტრუირების ცენტრის ხელმძღვანელი, სრული პროფესორი დავით სონღულაშვილი ინტერვიუში, ტრენინგ-კურსის გარდა, იმის შესახებაც ისაუბრებს, თუ რას ნიშნავს სტემის სწორად გაგება და რა მნიშვნელობა აქვს თანამედროვე მიდგომებსა და ხერხებს სწავლების ხარისხის გაზრდაში.
– ბატონო დავით, დღეს საგანმანათლებლო სისტემაში სტემის განვითარებაზე საუბარი თანდათან იძენს აქტუალობას. ამის ფონზე კი, სწავლების ელექტრონული მეთოდები, ანუ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით სწავლება რეალურად არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობაშია. რას ფიქრობთ, რა დოზითაა სტემი ჩვენს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში?
– ყველა თანხმდება იმაზე, რომ განათლებაში სტემ სისტემის დანერგვა აუცილებელია, მაგრამ, პირველ რიგში, კარგად უნდა გაირკვეს, რას ნიშნავს სტემი და რისთვის კეთდება ეს. ცხადია, სტემის სწავლება, პირველ რიგში, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას უნდა დაეფუძნოს. სწავლების ყველანაირი ხერხი უნდა იყოს გამოყენებული იმისათვის, რომ ბავშვებმა შეძლონ ინტერესით შეხედონ პროცესებს, ანუ სასწავლო პროცესი აქტიურ ფაზაში გადავიყვანოთ და მოსწავლეებს სააზროვნო გარემო შევუქმნათ. მუდმივად ამას ვიმეორებ და თქვენც გეტყვით, რომ ფიზიკის სწავლების ძველი მეთოდები მოკვდა, ისეთი ფიზიკა აღარ არსებობს და, შესაბამისად, ახალ ეტაპზე უნდა გადავიდეთ. სკოლებში ფიზიკის დაბალ დონეზე სწავლებას რამდენიმე მიზეზი აქვს: პირველ რიგში, ფიზიკამ დაკარგა მნიშვნელობა, იმიტომ რომ, ის მოძველებული გზა, რომელიც აქამდე გვაქვს არჩეული, უნდა შეიცვალოს, აზროვნების სექტორი სხვა მიმართულებაზე უნდა გადავიყვანოთ. თავისთავად ჩნდება კითხვა — მაშინ როგორ უნდა ვასწავლოთ? ფიზიკა არის რეალობა და არა ვირტუალურად რაღაცის კეთება ან გაკვეთილის მოყოლა, ეს არაფერს არ ნიშნავს. მოსწავლე თუ გაკვეთილს მოყვება, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მას ესმის, რასაც ამბობს. სწორედ აქ უნდა იყოს ყველანაირი ხერხი გამოყენებული იმისთვის, რომ მოსწავლე აქტიური გავხადოთ და თავად ჩავრთოთ ექსპერიმენტში, დასკვნების გამოტანის შესაძლებლობა მივცეთ.
როგორ? მოდი, პირველად ვნახოთ რეალურ-ვირტუალური ლაბორატორიები, რასაც არ აქვს ანალოგი და ვერსად ნახავთ (ეს ჩემი პატენტია). პირველ რიგში, ეს არის უხილავ მოვლენათა ვიზუალიზაცია – ჩვეულებრივი ლაბორატორიის პირობებში, წყალს ჩავასხამთ ჭიქაში, ცხადია, დავინახავთ, რომ ჭიქაში წყალია. შემდეგ ჩავყრით მარილს და სიტყვიერად ავუხნით ბავშვებს, რა რეაქცია მოხდა ჭიქაში. სულ ეს არის. რეალურ-ვირტუალურ ლაბორატორიაში იმავე ცდის ჩატარებისას სულ სხვა რამეს დავინახავთ – ჩავასხამთ წყალს და დავინახავთ წყლის მოლეკულებს, შემდეგ ჩავყრით მარილს და იმ რეაქციას ეკრანზე დავინახავთ, მოლეკულების დონეზე. მოსწავლეს რეალურად შეუძლია დააკვირდეს რასაც ვაკეთებთ, როგორი რეაქცია წავიდა, როგორ შეერია მარილის მოლეკულები წყლის მოლეკულებს, როგორ მოხდა პატარა აფეთქებები, რომლის შედეგად წარმოიშვა ნატრიუმ ქლორიდი; შემდეგ ჩავრთავ ძაბვას და გამოჩნდება, რომ წავა მიმართული მოძრაობა. ამ მიმართულებას ჰქვია რეალურ-ვირტუალური ლაბორატორიები, სადაც მე საშუალება მაქვს, ყველა ჩვეულებრივი ცდა ჩავატარო და დაგანახოთ მის შიგნით მიმდინარე პროცესები.
გავიმეორებ, რომ სხვა არის ვირტუალური ლაბორატორია, როდესაც ცდებს ვირტუალურ გარემოში განახორციელებ და სხვაა რეალურ-ვირტუალური ლაბორატორია, რომელიც წლების წინ გავაკეთე და ამის შესახებ საგანმანათლებლო სივრცის წარმომადგენლებმა კარგად იციან. პატარა მოწყობილობით შეიძლება დავინახოთ, რა ხდება, მაგალითად, ელექტრონული ღრუბლის წარმოქმნისას, შიგნით, რა პროცესებისგან შედგება ფოტოეფექტის მოვლენა.
ასევე, გეტყვით ერთ-ერთი ექსპერიმენტის შესახებ, მაგალითად, როგორ შეიძლება წიგნის გაცოცხლება. როგორც წესი, გაკვეთილზე ტელეფონებს უკრძალავენ ბავშვებს, აქ პირიქით ხდება — უნდა მოიმარჯვონ ტელეფონი, დაასკანერონ წიგნი და რეალურ-ვირტუალური ლაბორატორიის წყალობით, პროექტორზე გაცოცხლდება ნახატი, რომელიც წიგნში „მკვდარია“.
ასეთი უამრავი ცდაა, დაუსრულებლად შეიძლება საუბარი, რამდენიმე მაგალითი იმისთვის მოვიყვანე, რომ წარმოდგენა შევქმნათ (მათთვის, ვისაც ჯერ კიდევ არ სმენია და არ იცის დავით სონღულაშვილის რეალურ-ვირტუალური ლაბორატორიის შესახებ), თუ რას ნიშნავს რეალურ-ვირტუალური ლაბორატორია, რომელსაც ანალოგი არ აქვს.
– მოდი, შევიხედოთ ჩვენს საკლასო ოთახებში, რა ხდება იქ
– დღევანდელ საკლასო ოთახს თუ წარმოვიდგენთ, იმ გარემოს, სადაც ბავშვს უწევს სწავლა, იოლად მივხვდებით, რატომ არ უსმენს ის, მაგალითად, ფიზიკის მასწავლებელს. რატომ? ამაზე ძალიან მოკლე პასუხი მაქვს — იმიტომ, რომ მისთვის აღარ არის საინტერესო ის, რასაც მხოლოდ სიტყვით გადასცემ ან ზედაპირულად აჩვენებ. ასეთი სწავლების ეპოქა დამთავრდა, სულ სხვა მოცემულობაში გადავედით, სხვა საუკუნეა და იქ, სადაც მოსწავლეს ტელეფონი და ინტერნეტი აქვს, ცხადია, ძველი ყაიდის სახელმძღვანელოთი შემოფარგლული გაკვეთილები აღარ იზიდავს, აღარ წამოგყვება. ეროვნული სასწავლო გეგმა ჯერ კიდევ არ ითვალისწინებს, როდის უნდა მოხდეს რეფორმა ამ მიმართულებით.
ფიზიკაზეა დამყარებული ყველაფერი, რაც ჩვენ გარშემოა, მათ შორის ტექნოლოგიები. მთელი ჩვენი ცხოვრება ფიზიკაა. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ერთობლიობა — ფიზიკა და მათემატიკა, ფიზიკა და ბიოლოგია, ფიზიკა და… თუმცა, ცენტრში მაინც ფიზიკაა. მაგალითად, თუნდაც სამედიცინო მიმართულებით რომ იმუშაო, იქაც ფიზიკაა მთავარი, რადგან ხელსაწყოები, რომელსაც ბიოლოგები იყენებენ, ფიზიკაა.
ამიტომ, ეს ლაბორატორიები სკოლებში უნდა იყოს დანერგილი, რაც იმას ნიშნავს, რომ, გარკვეულ საფასურად, მათ უნდა გადმოიწერონ და ჩატვირთონ თავიანთი სკოლის კომპიუტერებში, ასევე, მოსწავლეებმა — ტელეფონებში. ბევრი სკოლა ყიდულობს როგორც საჯარო, ისე კერძოც, თუმცა, ჯერჯერობით, ლაბორატორიას სკოლების მცირე ნაწილი იყენებს.
– მასწავლებელთა სახლთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება დაიწყეთ, რა არის ამ პროექტის მიზანი და რა შედეგს ელოდებით?
– ჩვენი ერთობლივი პროექტის ფარგლებში, მსურველ პედაგოგებს ვატრენინგებ. აქ ბევრი მნიშვნელოვანი ნიუანსია. გარდა იმისა, რომ ვასწავლი, როგორ გამოიყენონ ჩემი ლაბორატორია, ერთ-ერთი მთავარი მიზანი ისიც არის, რომ დავეხმარო და ვასწავლო, თავად როგორ შექმნან საგანმანათლებლო რესურსი, როგორ მოამზადონ მსგავსი პროგრამები, რომელსაც, თავისთავად, სასწავლო პროცესში დანერგავენ. ამისთვის ავარჩიე ექვსთვიანი ტრენინგი. ჯერ სამი თვეა გასული, სულ 40-მა მასწავლებელმა გამოთქვა სურვილი, ბევრი ახლაც მთხოვს, რომ ჩავრთო ტრენინგების პროცესში, მაგრამ ახლებს ვერ მივიღებ, ვიდრე კურსი არ დასრულდება, რადგან უკვე ჩართული მასწავლებლები ბევრად წინ არიან წასული. ამ პროექტის მიზანი, ცხადია, სასწავლო გარემოში სტემ მიმართულების დანერგვაა. მასწავლებელთა სახლის სურვილია, სწავლება სტემ მიმართულებით განვავითაროთ, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სტემის სწავლება არ უნდა იყოს ხელოვნური, ზედაპირული, როგორც ამჟამად ხდება – როდესაც სტემზე ვლაპარაკობთ და ინტერნეტიდან ვქაჩავთ სხვის მიერ გაკეთებულს. ამით ხომ, თავისთავად, პლაგიატს ვაჩვევთ ბავშვს – კოპი ფეისტის საშუალებით, ის მზა პროგრამას იწერს, აინსტალირებს და შემდეგ იყენებს, თან ამბობს, რომ თვითონ გააკეთა. ეს ძალიან ცუდი პრაქტიკაა, ამიტომაც ჩვენ მხოლოდ ის კი არ უნდა მოვძებნოთ, სხვას რა აქვს გაკეთებული, არამედ ჩვენ თვითონ უნდა ვაკეთოთ და სწორედ ეს არის ის უნარი, რაც ბავშვებს უნდა შევძინოთ. თუმცა, იმისთვის, რომ მოსწავლეებს ასწავლონ, პირველ რიგში, მასწავლებლებმა უნდა ისწავლონ.
ცხადია, ჯერ ტრენინგების საბოლოო შედეგებზე ვერ ვისაუბრებ, ამას კურსის დასრულების შემდეგ შევძლებ. 40 მასწავლებლიდან, რაც ტრენინგების კურსი დავიწყეთ, 25 დარჩა, ანუ დანარჩენებმა ვერ გაუძლეს და 3 თვის თავზე, მხოლოდ 25 მასწავლებელთან ვაგრძელებ პროექტს, ნაწილისთვის, როგორც ჩანს, ძალიან რთული აღმოჩნდა.
ექვსი თვის განმავლობაში, ყოველ ოთხშაბათს, ტარდება ვებინარი და მასწავლებლები წარმოადგენენ მათ მიერ შექმნილ პროექტებს, თუმცა, პრეზენტაციებამდე, ამ ყველაფერს დიდი სამუშაო უძღვის წინ. რაც მთავარია, საბოლოოდ, მასწავლებელმა ეს ბავშვებამდე უნდა მიიტანოს, ამისთვის კი, თავისთავად, მნიშვნელოვანია ბავშვების ჩართულობის ზრდა. იმ ადამიანებს, რომლებსაც დიდი ხანია აქვთ ურთიერთობა (როგორც გითხარით, სკოლები თანამშრომლობენ ჩემთან), რასაკვირველია, შედეგები უკვე აქვთ. ჩემს ლაბორატორიაში გამოკრულ პლაკატებზეც, ძირითადად, სწორედ მათი წარმატებებია ასახული. რაც მილენიუმის კონკურსები დაარსდა, არც ერთი წელი არ ყოფილა, რომ პირველი ან მეორე ადგილი არ აეღოთ მოსწავლეებს, რომლებიც ამ პრინციპით სწავლობდნენ და სწავლობენ. მაგალითად, ერთი პლაკატი ეთმობა სენაკის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლეებს და მათ მასწავლებელს, უტა კილასონიას, რომლებმაც შექმნეს ხელსაწყო — შეტყობინების სისტემა მეწყერსაშიშ ზონაში. უტა კილასონია ჩემი ერთ-ერთი წარმატებული და გამორჩეული მოსწავლეა, რომელთანაც დღემდე ყოველდღიური პროფესიული ურთიერთობა მაკავშირებს. ეს მაგალითი კი, იმისთვის მოვიყვანე, რომ გიჩვენოთ, როგორი შედეგი აქვს პროფესიონალ მასწავლებელს და როგორ არ აყოვნებს მისი მოსწავლეების შედეგებიც.
ზოგადად, მოსწავლეებს ძალიან აინტერესებთ ექსპერიმენტებში მონაწილეობა, ჩემს ლაბორატორიაში ვერ შემოხვიდოდით პანდემიის დაწყებამდე, იმდენი მოსწავლე იყო. პანდემიამ ძალიან შეგვიშალა ხელი, ოთახში ხუთ-ექვს მოსწავლეზე მეტს ვერ ვუშვებ. ძალიან მახარებს, დაინტერესებული ბავშვები რომ მოდიან, ტექნიკური უნივერსიტეტია და ბუნებრივია, სკოლებთან კავშირი გვაქვს, მემორანდუმიც გვაქვს მათთან გაფორმებული – ბავშვებს ვეხმარებით, ვასწავლით. ცხადია, ყველა ერთნაირად ვერ ისწავლის, მაგრამ უმრავლესობის მიერ შექმნილი პროექტები უკვე ისეთი დონისაა, რომ ანალოგი არ აქვს. გამარჯვებული პროექტის ავტორი ბავშვები, ყველანი, ნამყოფი არიან ნასაში, რაც მილენიუმის კონკურსებმა მოიტანა – გამარჯვეული ბავშვები მიჰყავთ ნასაში და ეს ხდება ყოველ წელს (ჩვენი მოსწავლეების ექვსი პროექტი წელსაც გადავიდა ფინალში).
– რას ნიშნავს სტემის სწორად გაგება?
– სტემის სწორად გაგება იმას ნიშნავს, რომ მე უნდა ჩამომიყალიბდეს სათანადო უნარები ისე, რომ ჩემი ცოდნა-ნააზრევის გამოყენება შევძლო, ერთია გქონდეს იდეა და მეორეა მისი განხორციელება. რთულია იდეის განხორციელება, საქმის ბოლომდე მიყვანა, მუშაობის პროცესში ბევრი წინააღმდეგობა გხვდება, რომელსაც ცოდნის საფუძველზე დაძლევ და დაასრულებ. ადამიანს ბევრი იდეა უჩნდება, ფანტაზიები უტრიალებს თავში, რომელთა განსახორციელებლად სათანადო უნარები სჭირდება, პირველ რიგში, ცოდნა – ფიზიკა, მათემატიკა, საინჟინრო ტექნოლოგიები, პროგრამირება, ეს ყველაფერი, თავს იყრის სტემში. ამ უნარებთან და ცოდნასთან ერთად, რაიმე ხელსაწყოს შექმნა ძალიან დიდ შრომას მოითხოვს. თავისთავად, ეს ერთ დღეში არ ხდება, ბავშვები ძალიან ბევრს და დიდი მონდომებით მუშაობენ, მუშაობის პროცესში სწავლობენ. შეიძლება ითქვას, რომ ისინი სუპერ ბავშვები არიან. სიმართლე გითხრათ, მასწავლებლებთან უფრო რთულია მუშაობა, ვიდრე მათთან, რადგან მასწავლებლებში ძნელია იმ ძველი წარმოდგენებისა და შტამპების შეცვლა, რაც აქვთ. ბავშვები კი, ამ შტამპებისგან სრულიად თავისუფლები არიან და იოლად მომყვებიან.
რატომ მოხდა ჩვენს განათლების სისტემაში ამ საგნის სწავლების ხარისხის დაწევაც და ინტერესის დაკარგვაც? იმიტომ, რომ ფიზიკა დავტოვეთ იქ, სადაც წლების წინ წინ იყო, დღევანდელობაში კი სულ სხვა რამ ხდება. როგორც კი ამ მოცემულობას შევცვლით, რასაკვირველია, მაშინვე გახდება საინტერესოც და სწავლების ხარისხიც აიწევს.
– როგორია ამ სიახლეებისადმი მასწავლებლების მიმღებლობა? იოლად მოგყვებიან?
– ის მასწავლებლები, რომლებიც ჩემს ტრენინგებზე დარეგისტრირდნენ, მზად არიან, მიიღონ ეს ყველაფერი. მეტიც, გაკვეთილების შემდეგ, ერთად იკრიბებიან, მსჯელობენ, მუშაობენ, ხანდახან ღამეც კი მუშაობენ, ჩემთან მუდმივი კომუნიკაცია აქვთ. ჩართული არიან რეგიონის პედაგოგებიც, ამ კვირის ვებინარზე, მაგალითად, მასწავლებლები ჩამოვიდნენ კახეთიდან, ბათუმიდან. და ა.შ. ძალიან ბევრს მუშაობენ და აინტერესებთ სწავლების ახლებური მიდგომები.
– რა არის საჭირო იმისთვის, რომ სკოლებმა ეს შესაძლებლობა გამოიყენონ? რამდენად იყენებენ სკოლებში რეალურ-ვირტუალურ ლაბორატორიებს?
– ეს არის ინდივიდუალური შეკვეთები, ჩემთან მოდიან ხოლმე სხვადასხვა სკოლიდან, ეცნობიან ლაბორატორიას და მერე, რომელი სკოლაც გადაწყვეტს, რომ შეიძინოს, ხელშეკრულებას დებს. უმჯობესია, ეს ინდივიდუალური შეთანხმებების საფუძველზე კი არ ხდებოდეს, არამედ ერთიანად შეიძინოს განათლების სამინისტრომ და თვითონ დაურიგოს სკოლებს. თუმცა, როგორც ჩანს, შტამპები ისევ რჩება და ისევ ძველი ტიპის ლაბორატორიებს იყენებენ, მიუხედავად იმისა, რომ მორჩა ის დრო, როცა შეიძლებოდა მათი გამოყენება. ახლა ტექნოლოგიებიის ეპოქაა და ჩვენც უნდა გადავეწყოთ ახალ ტექნოლოგიებზე, ახალ გარემოზე, ახალ ცხოვრებაზე. თუ არ გადაეწყვე, ბავშვი აღარ წამოგყვება, ის გრძნობს, რამდენად უინტერესოა უკან მოტოვებული დრო, თავისი სწავლების მეთოდებით. მას დღეს უზღვავი ინფორმაცა აქვს და ხედავს, რომ სულ სხვა რამ ხდება ინტერნეტში, ხედავს როგორი აცდენაა თანამედროვე ცხოვრებასა და იმას შორის, რასაც სკოლაში ასწავლიან და პროტესტსაც თამამად გამოხატავს, რომ არ უნდა, არ აინტერესებს.
– პირველი შემთხვევაა, როცა მასწავლებელთა სახლთან ერთად, პედაგოგებისთვის ტრენინგ-კურსს ატარებთ – გადამზადებული მასწავლებლები გახდებიან თუ არა რესურსი სტემ მიმართულების განვითარებისთვის არა მხოლოდ საკუთარ სკოლებში, არამედ კოლეგებისთვისაც?
– კურსს აგვისტოში დავასრულებთ და ეს მასწავლებლები უკვე თავად იქნებიან ტრენერები, თვითონ შეძლებენ ამ ყველაფრის დამოუკიდებლად დანერგვას/გამოყენებას, თავიათნ მოსწავლეებთან ერთად.
როდესაც უკვე ტრენერები გახდებიან, მათი მთავარი საყრდენი, რასაკვირველია, რეალურ-ვირტუალური ლაბორატორია იქნება, რომელიც ძალიან დიდ შანსს გაძლევს, ადვილად გაერკვე მოვლენებში და მოსწავლეებისთვის საინტერესო გახადო სწავლება. ამ ტრენინგის მიზანი ისიც არის, რომ მასწავლებლებს ვასწავლოთ როგორ შექმნან თავად საგანმანათლებლო რესურსი. როგორც გითხარით, არა მხოოლოდ მასწავლებლების, ბავშვების ჯგუფებიც მყავს, რომლებიც სისტემატურად ქმნიან მსგავს რესურსებს და ვებინარებზე გამოაქვთ. აი, ამას მინდა, რომ მივაღწიოთ — ბავშვების მიერ შექმნილი რესურსები დაინერგოს სკოლებში და ამ რესურსების გამოყენებით ასწავლონ (ნუ ვეძებთ სხვის მიერ გაკეთებულს!). რაც მთავარია, ბავშვები ამას დიდი სიამოვნებით აკეთებ და რატომ არ ვიყენებთ ასეთ პოტენციალს?!
ასეთი მიდგომით ძალიან გავზრდით ინტერესს არა მხოლოდ ფიზიკის საგნის, არამედ სტემის მიმართულებით. უნდა ვასწავლოთ ბავშვებს, როცა ტელეფონით ერთმანეთს ველაპარაკებით, სურათებს ვუგზავნით, ხმას ვიწერთ – ეს ყველაფერი ფიზიკაა. რატომ ვმალავთ ამას? იმიტომ, რომ წიგნებში (სახელმძღვანელოებში) ისევ ძველი ტექსტებია და მასწავლებლებიც ამის მიმდევრები არიან? ხუთასი საუკუნის წინანდელი აღმოჩენების შემდეგაც ვითარდება სამყარო. რატომ არ ვასწავლით როგორ ვიყენებთ თაჩს ან რა არის ასეთი განსაკუთრებული ეს თაჩი? ყველაზე ცუდი, რაც ხდება, ის არის, რომ ჩვენ ყველანი მომხმარებლები ვართ, უნდა ვეცადოთ, მოსწავლეები შემქმნელებად გავზარდოთ. ჩემი სლოგანიც სწორედ ეს არის – გავზარდოთ თაობა, რომელიც იქნება შემქმნელი და არა მომხმარებელი. რასაკვირველია, ეს სლოგანი პირდაპირ გამოისახება სტემში. თავისთავად, ჯერ უნდა მასწავლო რა იყო ჩემამდე, სხვას რა აქვს გაკეთებული და როგორ. ამის შემდეგ კი, უნდა მასწავლო როგორ შევქმნა ახალი, კოპი-ფეისტით კი ამას ვერ ვისწავლი. პრობლემაა როგორც თანამედროვე სწავლების მეთოდებში, ასევე თემატიკაშიც – რას ვასწავლით და როგორ ვასწავლით. სხვა შემთხვევაში, ბავშვი აღარ გეტყვის – რად მინდა ამის სწავლა.
ამიტომაც არის სტემის როლი განუსაზღვრელი სკოლებში, სწავლების ხარისხის ამაღლების მიმართულებით. სტემი გაძლევს საშუალებას, თავიდან ბოლომდე გაიაზრო მოვლენები, იყო აქტიურ მდგომარეობაში, შეძლო პროექტის გაკეთება და გამოიმუშავო თეორიული ცოდნის პრაქტიკულად რეალიზების უნარი. თეორიულ ცოდნას მხოლოდ იმის გამო ვერ ვიმყარებ, რომ ზეპირად მაქვს ნასწავლი, როგორც კი დავიწყებ მის რეალიზებას – პროექტზე მუშაობას და რაღაცის შექმნას, ძალაუნებურად, იძულებული გავხდები, სიღრმისეულად ჩავიხედო და გავიგო, რა ხდება თეორიული მასალის მიღმა.
– საინტერესოა, რა შეძლეს მასწავლებლებმა ამ სამი თვის განმავლობაში. თუ შეგიძლიათ გვითხრათ მათ მიერ ჩატარებული თუნდაც ერთი ექსპერიმენტი ან ხელსაწყოს შექმნის მაგალითი.
– ტრენინგ-კურსის მონაწილე გორის ერთ-ერთი სკოლის ფიზიკის მასწავლებელი მარეხ მაზანაშვილი (რომლის პროექტს ყველა მოუთმენლად ელოდება), მიმდინარე კვირის ოთხშაბათის ვებინარზე, გააკეთებს პრეზენტაციას. მართლა ძალიან მაგარი მასწავლებელია, დღე და ღამე მუშაობს. მარეხმა ძალიან საინტერესო თემა აირჩია – როგორ იცვლება ადამიანის წონა, ანუ როგორ ხდება უწონადი. ალბათ, გინახავთ კოსმოსში, უწონადობის გამო, როგორ დაფრინავენ კოსმონავტები ხომალდში — რჩება მოცულობა, მაგრამ ქრება წონა. დედამიწაზეც შეიძლება ადამიანმა ეს უწონადი მდგომარეობა მიიღოს, ვარდნის დროს. მაგალითად, ლიფტი რომ მოწყდეს და ადამიანი იქ აღმოჩნდეს, ვარდნის დროს მას წონა არ ექნება, ანუ დავარდნამდე უწონად მდგომარეობაშია. ეს ვიცით თეორიულად, მაგრამ როგორ დავადგინოთ ან რითი დავამტკიცოთ, რომ ეს ასე ხდება. სწორედ ამის დამტკიცებას და ადამიანის წონის განსაზღვრას შეძლებს გორელი მასწავლებლის მიერ შექმნილი ხელსაწყო, რომლის დამზადებაშიც, ცხადია, დავეხმარე. ვარდნის პროცესში ძალიან ძნელია ამის დაფიქსირება, ეს ინფორმაცია რომ შენამდე მოვიდეს. მარეხი მასწავლებლის მიერ დამზადებული ხელსაწყოს — სმარტდინამომეტრის საშულებით კი, ამას შევძლებთ – კომპიუტერთან ზიხარ და ხედავ, ტვირთი ვარდება და შენ ეკრანზე გეხატება დიაგრამა. გარდა ამისა, ეს დინამომეტრი მოლაპარაკეცაა და გეუბნება წონას. მსგავსი პროექტები აქვთ ტრენინგებში ჩართულ სხვა მასწავლებლებსაც, რაც, თავისთავად, ხაზს უსვამს ამ ტრენინგ-კურსის მნიშვნელობას.
ლალი ჯელაძე