25 ნოემბერი, ორშაბათი, 2024

მასწავლებელთა დიდმა უმრავლესობამ შესაშური მზაობა გამოავლინა

spot_img

ვაგრძელებთ საუბარს საგანმანათლებლო რესურსცენტრების უფროსებთან. პირველ წერილში, ჩვენ გაგაცანით, თუ როგორ მოემზადნენ ახალციხის, ამბროლაურის, დედოფლისწყაროსა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლები  სწავლების დისტანციური ფორმისთვის, რა პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ, როგორ გაართვეს თავი და რამდენად არიან მზად მასწავლებლები ონლაინ სწავლებისთვის. დღეს ლანჩხუთის, ოზურგეთის, ყაზბეგისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტების სკოლების მაგალითზე მიმოვიხილავთ შექმნილ ვითარებას. 

ნინო ჩიტაძე, ლანჩხუთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი:

აღნიშნულ სიტუაციამდე მხოლოდ „ახალი სკოლის მოდელში“ ჩართულ სკოლებს ჰქონდათ დისტანციურად მუშაობის თეორიული მზაობა, მაგრამ პრაქტიკული გამოყენება ამ დრომდე არ დასჭირვებიათ. ახლა კი, ამ ფორსმაჟორისას, ისინი ყველაზე მომზადებულები შეხვდნენ ამ გამოწვევას როგორც ტექნიკურ-მატერიალურად, ისე ცოდნის მხრივ. მუნიციპალიტეტის ყველა სკოლა ჩართულია ონლაინ სწავლებაში, რა თქმა უნდა, მეტ-ნაკლები ინტენსივობით.

ხარისხიანი ინტერნეტი ერთ-ერთი ძირითადი პრობლემაა როგორც ქალაქში, ისე სოფლად, ასევე ბევრი სოფელია, სადაც ქსელური ინტერნეტი არ არის და მოსწავლეები მხოლოდ მობილური ინტერნეტის იმედად არიან. ასევე პრობლემაა ონლაინ სწავლებისთვის საჭირო ტექნიკის ნაკლებობა ან საერთოდ არარსებობა. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ტრენინგია ჩატარებული დღემდე, არის პედაგოგთა ნაწილი, რომელთაც ისტ-ის გამოყენება საგაკვეთილო პროცესში უჭირდა და ახლაც უჭირს.

მასწავლებელთა დიდი უმრავლესობისთვის დისტანციური სწავლება უცხო და ახალი ფენომენია, რომელთანაც, ფაქტობრივად, მოუმზადებლებს მოუწიათ შეჯახება,  ამას ერთვის ის სტრესული გარემო, რომელიც არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, მთელ მსოფლიოშია. მიუხედავად ამ ყველაფრისა, შესაშური მზაობა გამოავლინა მასწავლებელთა დიდმა უმრავლესობამ, ყოველგვარი ზევიდან მითითების, ჩარევის, დავალების გარეშე, როგორც კი გაჟღერდა ონლაინ სწვლების საჭიროების შესახებ, დაიწყეს მოსწავლეებთან კომუნიკაცია, იმის გარკვევა, ვისთან რა ფორმით შეიძლებოდა დაკავშირება, აითვისეს ახალი პლატფორმები, ჩაერთნენ, ჩართეს მოსწავლეები, ასწავლიან კოლეგებს, ეხმარებიან სხვა სკოლებს. უჭირთ, წვალობენ, მაგრამ ცდილობენ, არც ერთი მოსწავლე არ დარჩეთ ყურადღების მიღმა. რა თქმა უნდა, ყველა მასწავლებელს თანაბარი მიღწევები და შედეგები ვერ ექნება. დამეთანხმებით, ეს რეალურ კლასშიც შეუძლებელია, არა თუ ვირტუალურში.

მნიშვნელოვან რესურსად იქცა „ტელესკოლა“, რომელსაც იყენებენ მასწავლებლები და შემდგომ სატელეფონო კომუნკაციას ამყარებენ მოსწავლეებთან, ტელეფონითვე ხდება მოსწავლეებისგან უკუკავშირის მიღება.

აღნიშნული პროცესების წარმართვა, მშობელთა ჩართულობის გარეშე, შეუძლებელია. მშობელთა ჩართულობა და მხარდაჭერა მნიშვნელოვანია ყველა ეტაპზე, როგორც მოსწავლის ინტერნეტით და მასთან დაკავშირებული რესურსების უზრუნველყოფის ეტაპზე, ასევე განსაკუთრებით დაწყებით კლასებში, მოსწავლის გაკვეთილზე დასწრებისა და მასწავლებლის მიერ მიცემული დავალებების შესრულების მონიტორინგის კუთხით.

დღევანდელი მოცემულობით, ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში, დისტანციური სწავლების გარდა, სხვა ალტერნატივა ვერ იქნება განხილული და ეს არანაირად არ გამოიწვევს სასკოლო განათლების პარალიზებას. სკოლებში შექმნილია დისტანციური სწავლებისას გამოსაყენებელი ალტერნატიული ცხრილები, რომლითაც ფუნქციონირებენ სკოლები. ხოლო იქ, სადაც ინტერნეტის პრობლემაა, კომუნიკაცია ხდება ტელეფონით. მოსწავლეების ძალიან მცირე ნაწილია, ვისთან კომუნიკაციაც საერთოდ ვერ ხერხდება და, ამ ეტაპზე, ალტერნატიული გზების მოძიება ხდება, აღნიშნულ მოსწავლეებთან დასაკავშირებლად.

ლელა იმედაშვილი, ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი:

ონლაინ სწავლების გამოცდილება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ზოგიერთ სკოლას აქამდეც ჰქონდა. უკვე ყველა მასწავლებელი მუშაობს/იყენებს სხვადასხვა ციფრულ ტექნოლოგიებს. იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეს არ აქვს ინტერნეტთან წვდომა, მასწავლებლები ტელეფონის საშუალებით უკავშირდებიან. დისტანციური სწავლების გარდა, სხვა ალტერნატიული გზა, ვფიქრობ, სწორედ მობილური ტელეფონებით კავშირია.

მშობელთა ჩართულობას ძალიან დიდი და განსაკუთრებული როლი ენიჭება, მოსწავლეთა სწავლის ხარისხი უფრო მაღალი რომ იყოს, სწორედ მშობელმა უნდა შეძლოს გაკვეული სახის დამატებითი დახმარება.

საჭიროა, ყველა სოფელი იყოს უზრუნველყოფილი ინტერნეტით, რადგან დისტანციური სწავლებისთვის ეს აუცილებელი პირობაა. 

ქეთევან ალიბეგაშვილი, ყაზბეგის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი:

გასაგებია, რომ საზოგადოება, ზოგადად, სკეპტიკურადაა განწყობილი დისტანციური სწავლების მიმართ. ეს მოსალოდნელიც იყო. ჩვენი ქვეყანა ამგვარი სწავლების მეთოდს არ იყო შეჩვეული და მორგებული, მით უმეტეს ასეთ ფორსმაჟორულ სიტუაციაში. სკოლის მასწავლებლებს არ ჰქონდათ მზად ონლაინ რესურსები მოსწავლეებისთვის გადასაცემად. ასევე ძნელია, როცა მასწავლებელი მოსწავლეს პირისპირ არ უყურებს, კითხვა-პასუხიც ძნელდება. რაც მთავარია, პირისპირ ურთიერთობა მოსწავლესა და მასწავლებელს შორის ემოციურ კავშირსაც მოიცავს, რაც, ხშირ შემთხვევაში, კარგ შედეგს იძლევა. თუმცა, შეუძლებელი არაფერია, გაკვეთილების ონლაინ რეჟიმში ჩატარება ასეთ სიტუაციაშიც შეიძლება. მასწავლებლები ცდილობენ, ყოველდღიურად, ცხრილის შესაბამისად, შეხვდნენ მოსწავლეებს და, შეძლებისდაგვარად, საინტერესოდ და ხალისიანად გადასცენ ახალი მასალა.

რაც შეეხება ჩვენი რაიონის სკოლებს, მასწავლებლები მუშაობენ teams-ით ან zoom-ით, ასევე, აქტიურად იყენებენ „მესენჯერს“. იმ სოფლებში, სადაც ინტერნეტკავშირი პრობლემურია, მობილური ტელეფონებით უკავშირდებიან და ისე ატარებენ გაკვეთილებს. ჩვენს სკოლებში მრავალრიცხოვანი კლასები არ არის. ასე რომ, მესენჯერითაც ხერხდება ურთიერთობა პრობლემის გარეშე.

დისტანციური სწავლების გამოცდილება ბევრ პედაგოგს არ ჰქონდა. დაბა სტეფანწმინდის N1 საჯარო სკოლა „ახალი სკოლის მოდელშია“ ჩართული და მათ ჰყავთ ტრენერი, რომელიც ამ საქმეში დაეხმარა, ასევე, კოლეგები მიეხმარნენ ერთმანეთს და საქმე წინ წავიდა. კარგად იმუშავა სასკოლათაშორისო ურთიერთობებმაც, ყველამ ერთმანეთს გაუმართა ხელი.

რაც შეეხება მოსწავლეებს, არიან ისეთები, რომლებსაც სახლში კომპიუტერი შეიძლება არ ჰქონდეთ, თუმცა ასეთი ცოტაა. დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს ყველას აქვს „ბუკი“ (შესაძლებელია, დედმამიშვილს ჰქონდეს „ბუკი“), რითიც შეიძლება მუშაობა. უკიდურეს შემთხვევაში, ამ საქმეს მობილური ტელეფონიც აკეთებს. აქამდე არავის გამოუთქვამს წუხილი თუ პრეტენზია ამასთან დაკავშირებით,.

გარდა დისტანციური სწავლებისა, მოცემულ მომენტში სხვა ხერხი არ განიხილება, რადგან დისტანციური სწავლებით ვახერხებთ გაკვეთილების ჩატარებასა და ბავშვებისათვის მასალის გადაცემას.

დიდია მშობლების როლი. მათ უნდა მიადევნონ თვალი, როგორი მომზადებული და ორგანიზებული დაჯდება შვილი კომპიუტერთან, როგორი გულისყურით მოისმენს გაკვეთილს. რა თქმა უნდა, მშობლის როლი ამ დროს მნიშვნელოვანია.

ვფიქრობ, ჩვენს რაიონში სასწავლო პროცესს პარალიზება არ ემუქრება. ჩვენს რაიონში აბსოლუტურ უმრავლესობას აქვს ინტერნეტზე წვდომა, კომპიუტერით ან მობილური ტელეფონით.

ნუგზარ მიროტაძე, ჭიათურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი:

ჭიათურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარე საჯარო სკოლებიდან, G-PriEd-ის პროექტში ჩართული იყო 10 საჯარო სკოლა. ამ პროექტმა ხელი შეუწყო მასწავლებლებს, წვდომა ჰქონოდათ ელექტრონულ რესურსზე, მაგალითად: kargiskola.ge, სადაც უამრავი საგანმანათლებლო რესურსი იყო განთავსებული. მასწავლებელთა ნაწილი ამ ყველაფერს აქტიურად იყენებდა ბავშვებთან ონლაინ რეჟიმში, შესაბამისად, ამ მხრივ, გარკვეული გამოცდილება მასწავლებელთა ნაწილს აქვს. რაც შეეხება დღევანდელ მდგომარეობას, მასწავლებლები სრულად, ხოლო მოსწავლეების, დაახლოებით, 98% და მეტი დარეგისტრირებულია TEAMS-ის პროგრამაში, ხოლო მათგან წვდომა, ამ ეტაპისათვის, დაახლოებით, მოსწავლეთა 70%-ზე მეტს აქვს.

ამჟამად ინტენსიურად მიმდინარეობს მასწავლებლების კონსულტაციები საჯარო სკოლის IT სპეციალისტებთან, ასევე, დიდ დახმარებას უწევენ სკოლის საინფორმაციო საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საგნის მასწავლებლები და ის პედაგოგები, რომლებმაც კარგად აითვისეს TEAMS-ის პროგრამა. „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში, სსიპ ჭიათურის N1 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები ძალიან კარგად ფლობენ ისტ ტექნოლოგიებს, პროგრამას: ვსწავლობ თამაშით; ყველა მოსწავლე თავისუფლად მუშაობს, ტექნოლოგიებს  სასწავლო პროცესში იყენებენ და შექმნილი აქვთ არაერთი სავარჯიშო; ნაწილობრივ ფლობენ scratch-ში მუშაობას, იყენებენ სასწავლო პროცესში და შექმნილი აქვთ რამდენიმე სავარჯიშოც, ასევე მუშაობენ Minecraft-ში, დაწყებითები იყენებენ სასწავლო პროცესშიც, განსაკუთრებით თავისუფლად ფლობენ მე-5 კლასის მოსწავლეები და ზემოთ.

დისტანციური სწავლების ხარისხიანად წარმართვისთვის, უპირველეს ყოვლისა, პრობლემას წარმოადგენს ინტერნეტის დაბალი სიხშირე. სოფლებში არის ისეთი უბნებიც, სადაც ინტერნეტი საერთოდ არ იჭერს, თუ გარკვეულ ადგილზე არ მივიდა მომხმარებელი, ზოგიერთ მოსწავლეს შესაბამისი ტექნიკა (კომპიუტერი, სმარტფონი და ა.შ.) არ აქვს.

რა თქმა უნდა, არიან მასწავლებლები, რომელთაც პირველად უწევთ დისტანციურ სწავლებასთან შეხება, მაგრამ, როგორც ზემოთ აღვნიშნე, მათ აქტიურად ეხმარებიან სკოლის IT სპეციალისტები, სკოლის საინფორმაციო საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საგნის მასწავლებლები და ის მასწავლებლები, რომლებსაც ამ კუთხით მეტი გამოცდილება აქვთ.

იმ მოსწავლეებისთვის, რომლებსაც არ აქვთ ინტერნეტთან წვდომა, არც კომპიუტერი, ამ ეტაპისათვის, ყველაზე ხელსაყრელია „ტელესკოლის“ პროექტი, სატელეფონო კომუნიკაცია და ტესტების მატერიალურად მიწოდების შესაძლებლობა. ზოგიერთი მოსწავლის მშობელს სკოლამ, ხელშეკრულებით, გადასცა სკოლის სარგებლობაში არსებული რამდენიმე ნოუთბუქი, დროებითი სარგებლობის უფლებით. მშობლების უმეტესობა გაგებით შეხვდა აღნიშნულ საკითხს. განსაკუთრებით დაწყებითი კლასების მოსწავლეთა მშობლები არიან აქტიურად ჩართული პროცესში და აქვთ კავშირი მასწავლებლებთან, უსვამენ მათთვის საინტერესო კითხვებს და, შესაბამისად, იღებენ პასუხებს.

მოამზადა მაკა ყიფიანმა

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები