მ/წლის 23-26 ნოემბერს სსიპ ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს №1 საჯარო სკოლის დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდა გერმანიაში – ბერლინსა და ჰანოვერში, რომელიც განხორციელდა განათლებისა და ბიზნესის ეროვნული აკადემიის ეგიდითა და ჰანოვერში დაფუძნებული გერმანულ-ქართული სახლის მხარდაჭერით. ამავე დროს, ის მოხსენებით გამოვიდა საერთაშორისო კონფერენციაზე „შორეული ახლობელი“, რომელიც 25 ნოემბერს გერმანიის ქალაქ ჰანოვერში გაიმართა და რომელსაც, ჩვენს დირექტორთან ერთად, 25 წარმატებული პედაგოგი სტუმრობდა. კონფერენციას ლაიტმოტივად გასდევდა საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტის „პატრიოტი დიასპორელი“ პრაქტიკა.
კონფერენცია ჰანოვერში მე-18 საუკუნის ულამაზეს სამეფო ვილაში – DMS Villa Herrenhausen-ში ჩატარდა. განხილულ იქნა თემები: ქართული სკოლების საერთაშორისო პროექტებში წარმატებული ჩართულობის პრაქტიკის გაზიარება, მოტივირებული ლიდერის როლი, გერმანული განათლების სისტემის მახასიათებლები და თავისებურებები, ინოვაციური სწავლების მეთოდები, ქართული საქმე საზღვრებს გარეთ და სხვა.
აღნიშნულ კონფერენციაზე სსიპ ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს №1 საჯარო სკოლის დირექტორმა ქართველი ემიგრანტების საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტის „პატრიოტი დიასპორელი“ შესახებ ისაუბრა. აღნიშნულ პროექტსა და ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს №1 საჯარო სკოლას შორის მემორანდუმი, 2021-2022 სასწავლო წელს, მაისში გაფორმდა. 2022 წლის 26 სექტემბერს კი პროექტის „პატრიოტი დიასპორელი“ პირველი ოფიციალური სასწავლო წელი სწორედ წყალტუბოს №1 საჯარო სკოლაში გაიხსნა, როცა სასწავლებლად სამშობლოს ფესვებს მოწყვეტილი ქართველები: ლილე და თორნიკე მაისურაძეები ჩამოვიდნენ და სკოლას „პატრიოტი სკოლის“ ტიტული მიენიჭა. ამ პროექტში ჩართულობის 2-წლიანი მუშაობის ერთგვარი შეჯამებით გამოვიდა ფაქიზო ფანჩულიძე ჰანოვერში, გერმანულ-ქართულ სახლში გამართულ კონფერენციაზე, სადაც, „პატრიოტი დიასპორელის“ ფარგლებში ჩართული, თბილისის №41 საჯარო სკოლის „პატრიოტმა დამრიგებელმა“, სოფო მეძველიამაც გააკეთა მოხსენება.
კონფერენციას მასპინძლობდა საერთაშორისო პროექტის „პატრიოტი დიასპორელი“ ავტორი, გერმანულ-ქართული სახლის დაფუძნების ინიციატორი, აღმასრულებელი დირექტორი ნინო ციბაძე, ხოლო კონფერენციას ხელმძღვანელობდა საქართველოს განათლებისა და ბიზნესის ეროვნული აკადემიის გენერალური დირექტორი მარი გეთიაშვილი.
გასვლით კონფერენციაზე გერმანული სკოლის საგანმანათლებლო სისტემის შესახებ ისაუბრეს გერმანულ-ქართული სახლის თანადამფუძნებელმა, ანა მამდიშვილმა და თეონა ლაბაძემ.
პედაგოგებმა, კონფერენციის შემდეგ, მოინახულეს ჰანოვერის უნივერსიტეტი, ხოლო ბერლინში ისეთი ღირსშესანიშნავი ადგილები, როგორიცაა: ბრანდერბურგის კარიბჭე, გერმანიის პარლამენტი, ბერლინის კედელი, გამარჯვების სვეტი, მუზეუმების კუნძული, ბერლინის კათედრალი, შარლოტენბურგის სასახლე.
ქალბატონი ფაქიზო, როგორც წყალტუბოს ქალთა საბჭოს თავჯდომარე, ასევე, ჩაერთო ბერლინში გამართულ ქალთა თავისუფლებისა და კეთილდღეობისათვის გამართულ აქციაში, ქალთა მიმართ ძალადობის საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში.
ვფიქრობთ, ასეთი საერთაშორისო მასშტაბის პროექტში ჩართულობა კიდევ უფრო თვალსაჩინოს ხდის საგანმანათლებლო ლიდერის წარმატებულ მუშაობას, კიდევ უფრო ზრდის სკოლის ავტორიტეტსა და კონკურენტუნარიანობას, სკოლის, რომელიც ყველაფერს მოსწავლეთა წარმატებული შედეგის მიღწევისთვის ახორციელებს.
დალი სილაგაძე
სსიპ ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს №1 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე