„იყო ფანჯრები, რომლებიც ჩვენი ისტორიული ბედუკუღმართობით განპირობებული საბჭოთა ინერციის გამო, მკაცრად დაგმანული გვქონდა და ჯერ კიდევ არ შეგვიღია. ეს წიგნი სწორედ ამ ფანჯრების მიღმა გვახედებს.
წლებია, არათუ ბავშვი, ახალგაზრდაც აღარ მეთქმის, მაგრამ კითხვისას, მეც მომინდა ამ საოცარ მხატვრულ თამაშებში მონაწილეობა – ეს ავტორის სუპერპროფესიონალიზმის, გადმოცემის სტილისა და მიგნებების მრავალფეროვნების გამოა. დაკვირვება დაკვირვებას მოსდევს და ამ დაკვირვებით, გაკვირვება გაკვირვებას – თითქოს ყველაფერი ახლოს იყო, აქვე, ხელისგულზე. ბავშვის ცოდნა ალბათ ყველაზე რთული მეცნიერებაა. ის კითხვები, რომელსაც ბავშვი სვამს, ხშირად უფროსებისთვის სრულიად გაუგებარია. მათ სწავლა და ჩაღრმავება სჭირდება. ძნელია გაიზიარო ბავშვის სიმართლე, მაგრამ როგორც ავტორმა მთელი მსოფლიო დაარწმუნა – ამ თერაპიით – შესაძლებელი. ცალკე აღნიშვნის ღირსია მთარგმნელების უზარმაზარი შრომა და შესანიშნავი ქართული. ზუსტად შეამჩნევთ და ამოიცნობთ.“ გიორგი კეკელიძის ეს მცირე ზომის რეცენზია ვაიოლეტ ოკლანდერის წიგნს „ფანჯრები ჩვენი ბავშვებისკენ“ ეკუთვნის, რომელიც მარტის ბოლოს გამომცემლობა „არტანუჯმა“ გამოსცა. ინგლისურიდან თარგმნეს მარიამ და ნინო ქაჯაიებმა, ხოლო პროექტის ავტორია ფსიქოლოგი, ბავშვთა, მოზარდთა და ზრდასრულთა ფსიქოთერაპევტი მზიკო დალაქიშვილი, რომელიც ჩართულია საქართველოში „გეშტალტ თამაშით თერაპიის“ პროცესში. რას ნიშნავს გეშტალტ თერაპია და როგორ შევაღოთ ჩვენი ბავშვებისკენ მიმართული ოკლანდერის ცნობილი ფანჯარა, ამის შესახებ პროექტის ავტორი მზიკო დალაქიშვილი გვესაუბრება.
– მოდი დავიწყოთ თქვენი წარდგენით – გაეცანით მკითხველს და გვიამბეთ რატომ აირჩიეთ გეშტალტ თერაპია ბავშვებსა და მოზარდებში, რომელიც საქართველოში არც თუ ისე პოპულარულია?
– ჯავახიშვილის უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე რომ ვსწავლობდი, დანამდვილებით ვიცოდი, მინდოდა მემუშავა პაციენტებთან, რომლებსაც დავეხმარებოდი, ანუ ჩემი ინტერესის სფერო მხოლოდ ფსიქოლოგიის შესწავლა არ იყო, მინდოდა უშუალოდ პრაქტიკოსი ფსიქოლოგი ვყოფილიყავი. გავეცანი არაერთ მიმდინარეობას, როგორიც არის ფსიქოანალიზი, კოგნიტურ-ბიჰევიორალური მიდგომა, ცალკე ბიჰევიორალური მიდგომა. ამ ძიების გზაზე ჩემთან ყველაზე ახლო და ყველაზე საინტერესო სწორედ გეშტალტ თერაპია აღმოჩნდა. შევეცდები აგიხსნათ რატომ მაინცდამაინც გეშტალტ თერაპია და რატომ გადავწყვიტე, გავყოლოდი ამ მიმართულებას. პირველ რიგში, ვიტყვი იმას, რომ მიმართულება და ბიძგი მომცა თამარ გაგოშიძემ, რომელიც ნამდვილი პროფესიონალია თავისი საქმის. რადგანაც ბავშვებთან ფქსიქოთერაპია სუსტად იყო განვითარებული და, ფაქტობრივად, არ გვყავდა ბავშვთა ფსიქოთერაპევტები, ქალბატონმა თამარმა მითხრა, რომ კარგი იქნება თუ ბავშვთა გეშტალტ თერაპიას ვინმე ისწავლის და ეს ვინმე შენ იქნები. ეს იყო ბიძგი. ამის შემდეგ მოვიძიე ინფორმაცია ვაიოლეტ ოკლანდერის შესახებ. ვიპოვე ეს ავტორი, დავესწარი მის ტრენინგებს, კარგად გავეცანი მის წიგნს… და აქ დაიწყო ის მნიშვნელოვანი ცვლილებები როგორც ჩემს პროფესიულ წინსვლაში, ისე, ზოგადად, მსოფლმხედველობაში — რა გზითაც გადავწყვიტე, საბოლოოდ, მეურთიერთა ბავშვებთან, მოზარდებთან. თითქოს ასე ჩამოყალიბდა და გადაწყდა, როგორ განვითარდებოდა ჩემი კარიერა.
?✔ რაც შეეხება წიგნს – „ფანჯრები ჩვენი ბავშვებისკენ“ , მისი თარგმნის იდეაც მას შემდეგ გაჩნდა, რაც ვაიოლეტ ოკლანდერს პირისპირ შევხვდი კალიფორნიაში, ტრენინგზე. მისი გაცნობით არა მხოლოდ მივხვდი, არამედ გავიაზრე და განვიცადე, რას ნიშნავს იყო თერაპევტი, რა ძალა აქვს თერაპიას, მივხვდი იმასაც, რომ სწორ გზაზე ვარ. მასთან შეხვედრა ყველაზე კარგი მოტივაცია აღმოჩნდა ჩემთვის თერაპევტობისკენ მიმავალ გზაზე.
ვაიოლეტ ოკლანდერი დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა სკოლაში ქცევის დარღვევის მქონე, რთულად აღსაზრდელ ბავშვებთან. ამ პერიოდში შვილი დაეღუპა. ამ ტრაგედიის შემდეგ ესელენის ინსტიტუტში წავიდა და იქ გაეცნო გეშტალტს — იქ იპოვა შვება და ძალა, დაბრუნებოდა ნორმალური ცხოვრების რიტმს. მალევე სწავლა კალიფორნიის გეშტალტის ინსტიტუტში დაიწყო და გეშტალტ თერაპევტი გახდა. ბავშვებთან ურთიერთობამ, ამ პროცესში დანახულმა სირთულეებმა ოკლანდერს ბუნებრივად გაუჩინა იდეა, გეშტალტ თერაპია გამოეყენებინა და მოერგო ბავშვებთან მუშაობისას.
კლინიკური ცოდნა მნიშვნელოვანია, მაგრამ არსებობს ამ ცოდნაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი ცოდნაც, რასაც გეშტალტში „მე-შენ ურთიერთობა“ ჰქვია, სადაც თერაპევტი არაფრით არ არის მეტი ან ნაკლები პაციენტზე, ის უბრალოდ მასთან არის, ხვდება პაციენტს იქ, სადაც არის, იღებს ისეთს, როგორიც არის, განსჯის, მოლოდინისა და ინტერპრეტაციების გარეშე. ეს არის თერაპიული შეხვედრა, სადაც ურთიერთობით იწყება ცვლილებები და ზრდა.
ზოგადად, ყველა თეორეტიკოსი თანხმდება და ალბათ თქვენც დამეთანხმებით, რომ ადამიანის განვითარება, ჩამოყალიბება, წარმატება თუ წარუმატებლობა – დიდწილად განპირობებულია ბავშვობის გამოცდილებით. რა ხდება ბავშვობაში – თითქოს ეს ხდება პრედიკატორი იმისა, თუ რა მოხდება მომავალში ადამიანის ცხოვრებაში. ძალიან რთულია ხოლმე ბავშვობაში დასწავლილის, გამჯდარი, ჩამოყალიბებული ქცევებისა თუ რწმენების გადაკეთება ზრდასრულობაში. ზოგჯერ ადამიანები მთელ ცხოვრებას ანდომებენ ხოლმე აქედან გამოსვლას. თავიდანვე მივხვდი, რომ ბავშვის თერაპია ძალიან კეთილი და მადლიანი საქმე იყო, თითქოს იქვე ეხმარები ადამიანს იმაში, რომ მერე წარსულში დაბრუნება აღარ გახდეს მისთვის აუცილებელი. იქვე ხარ და მშობელთან ერთად ეხმარები, არ დაუშვას ის შეცდომა, რომელსაც ზრდასრულობაში იწვნევს, თავიდან აარიდებ იმას, რომ მერე იტანჯოს და წლები მოანდომოს პრობლემიდან გამოსვლას, თავის დახსნას. სწორედ ეს გავიაზრე და გადავწყვიტე, ბავშვთა ფსიქოთერაპევტი გავმხდარიყავი — გეშტალტის მიმართულებას გავყოლოდი.
?✔ახლა შევეცდები, ავხსნა მკითხველისთვის, რა არის გეშტალტი.
სიტყვა გეშტალტი ნიშნავს ფორმირებას. გეშტალტ თერაპიაში ძალიან მნიშვნელოვანია, ადამიანს ჰქონდეს საკუთარი მთლიანობის შეგრძნება, რომ ის არ არის ცალკე ფიქრი, ანუ კოგნიცია, არ არის ცალკე ემოცია და განცალკევებულად სხეული. ეს ერთი მთლიანი ორგანიზმია, რომელიც ფუნქციონირებს ერთობლივად – მთლიანობაში, თუმცა, სხვადასხვა ფუნქციები აქვს – აზროვნება თავის ფუნქციას ასრულებს, ემოციას თავისი ფუნქცია აქვს, სხეული თავისთავად სხვაა, თუმცაღა მათი მთლიანობა, ურთიერთკავშირი და შეთანხმებული ქმედება არის ის, რასაც გეშტალტი გვეუბნება, რომ არის უმნიშვნელოვანესი ადამიანის ჯანმრთელი ფუნქციონირებისთვის. კოგნიცია, სხვა სიტყვებით – აზროვნება და ემოცია შეთანხმებულია ერთმანეთთან და მათში კონფლიქტი ნაკლებია, შესაბამისად, სხეულიც ჯანმრთელად ვითარდება და ადამიანის ორგანიზმი იმის მიხედვით ფუნქციონირებს, როგორც სინამდვილეში მას სჭირდება.
– რას აკეთებს ზოგადად გეშტალტ თერაპევტი?
– ფსიქოთერაპევტი, თავდაპირველად, უნდა მიხვდეს, რა სჭირდება ბავშვს, რომელი მოთხოვნილება აქვს ამ მომენტში დაუკმაყოფილებელი. ადამიანს, ერთდროულად, შეიძლება რამდენიმე მოთხოვნილება აღეძრას. მაგალითად, შეიძლება გწყუროდეს, თან დაღლილი იყო და გეძინებოდეს ან, შესაძლოა, გენატრებოდეს კონკრეტული ადამიანი. ჯანმრთელი ორგანიზმის შემთხვევაში, ადამიანი ახერხებს გამოაიდენტიფიციროს მათგან ერთი, მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და დაიკმაყოფილოს ეს საჭიროება. შემდეგ გადავიდეს ახალი მოთხოვნილების დაკმაყოფილებაზე. როგორც გითხარით, ასეთ შემთხვევაში, ჯანმრთელი ორგანიზმი ირჩევს მისთვის პრიორიტეტულს. გეშტალტ თერაპევტი სწორედ ამ საჭიროებების გაცნობიერებაში ეხმარება პაციენტს – გამოაიდენტიფიციროს რომელი საჭიროებაა მისთვის, იმ მომენტში, უფრო მნიშვნელოვანი, რაც არ დაუკმაყოფილდა, კიდევ უფრო მარტივად რომ ავხსნა, აპოვნინოს ადამიანს გზა, რომელიც გასავლელი აქვს აღძრული მოთხოვნილებებიდან მათ დაკმაყოფილებამდე. ამ გზას, გეშტალტში, კონტაქტის ციკლი ეწოდება.
გეშტალტ თერაპევტი ბავშვს უბრუნებს შესაძლებლობას, მისმა ორგანიზმმა თვითონ შეძლოს თვითრეგულაცია.
ყველაზე მძიმეა პაციენტი, როდესაც საერთოდ ვერ ხვდება საკუთარ მოთხოვნილებას, არ იცის რა უნდა და თითქოს დესენსიტიზირებულია, ვერც კი ხვდება რომ რაღაც კონკრეტული ესაჭიროება. არსებობს პაციენტი, რომელიც ხვდება რა უნდა, მაგრამ ძალას ვერ პოულობს, თითქოს, მუდმივად სხვაზეა დამოკიდებული და სხვისგან ელოდება ინიციატივას, რომ რაიმე კონკრეტული მოიმოქმედოს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. დავუშვათ, იცის, რომ შია, მაგრამ ვერ იტყვის, რომ შია მანამ, სანამ სხვა არ შესთავაზებს: ხომ არ გშია? არსებობს ადამიანი, რომელმაც იცის რა უნდა, თითქოს ნაბიჯსაც დგამს იმისთვის, რომ მიიღოს ის, რაც ესაჭიროება, მაგრამ ამ პროცესში თითქოს დანაშაულის განცდა უჩნდება, ან, ვერ იღებს ამ პროცესით სიამოვნებას. ესეც, ერთგვარი წყვეტაა კონტაქტის. ასე რომ, გეშტალტ თერაპევტის მიზანი, ბავშვთან ურთიერთობის პროცესში, კონტაქტის ციკლის უწყვეტად განხორციელების შესაძლებლობის მიღწევაა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბავშვმა თვითონვე უნდა იცოდეს რა სურს და ამ სურვილის დასაკმაყოფილებლად გზის დამოუკიდებლად გავლა თავად უნდა შეძლოს. თუ დამოუკიდებლად ვერ ახერხებს, მონახოს გამოსავალი, ითხოვოს დახმარება და საბოლოოდ, ამ პროცესისგან მიიღოს ის შედეგი, რაც მის ორგანიზმს სჭირდება. მაგალითად, სწყურია? მიხვდა, რომ სწყურია? ადგეს, მოუშვას ონკანი, დალიოს წყალი და მიიღოს სიამოვნება. შემდეგ მიიღოს ახალი იმპულსი მომდევნო მისთვის მნიშვნელოვანი საჭიროების შესახებ. ბავშვებთან, ხშირ შემთხვევაში, ეს ციკლი არ მიმდინარეობს ხოლმე უწყვეტად. მათ უჩნდებათ შიში და დამოკიდებულებები გარემოზე, თითქოს გარემოს თანხმობა, გარემოსგან წამოსული ინიციატივა სჭირდებათ მუდამ. თუმცა, ხშირად გარემომ სწორად არ იცის რა ხდება ბავშვის შიგნით. რეალურად, დედამ არასდროს იცის, კონკრეტულ მომენტში ბავშვს თამაში ურჩევნია თუ წიგნის წაკითხვა. შესაბამისად, უმჯობესია, ბავშვმა თვითონ განსაზღვროს რა ესაჭიროება მას იმ მომენტში. ეს არც ერთ შემთხვევაში არ გამორიცხავს იმას, რომ მშობელს არ უნდა მოუსმინოს. ბავშვმა უნდა შეძლოს როგორც საკუთარი სურვილის დაფიქსირება, ისე გარემოსთან ადაპტირება, რაც მხოლოდ ჯანსაღი დიალოგით არის შესაძლებელი მშობელსა და ბავშვს შორის. როდესაც ეს დიალოგი არ ხორციელდება, ბავშვები იწყებენ მორჩილებას, საკუთარი აზრისა და სურვილის საწინააღმდეგოდ ქმედებას, მშობლის გულის მოსაგებად…
– როგორ ახერხებთ თერაპევტები, ბავშვს ის საჭიროება გამოაკვეთინოთ, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია მისთვის და შემდეგ ეს უწყვეტი ციკლი ააწყოთ?
– ოკლანდერის წიგნი ზუსტად ამაზეა, როგორ უნდა ჩავწვდეთ ბავშვის შინაგან სამყაროს, როგორ შევაღოთ ეს ფანჯარა და დავინახოთ, რა ხდება სინამდვილეში ბავშვის შინაგან სამყაროში და როგორ განსხვავდება მისი ქცევა მისი შინაგანი მდგომარეობისგან; როგორი განსხვავებული შეიძლება იყოს მისგან წამოსული იმპულსები და რა შეიძლება იმალებოდეს ამ ქცევის უკან, ანუ როგორია დაფარული საჭიროებები. ჩვენი, თერაპევტების მიზანი სწორედ ეს არის, რომ ზუსტად მივაგნოთ ბავშვის საჭიროებას და არ გავჩერდეთ მხოლოდ ბავშვის ქცევაზე, არ დავრჩეთ ზედაპირზე და მხოლოდ მის ქცევას არ მივაქციოთ ყურადღება, არამედ ჩავიდეთ უფრო სიღრმეებში და გავიგოთ — რას მალავს ამ ქცევის უკან, რომელი მოთხოვნილება აქვს, რომლის დაკმაყოფილებასაც ვერ ახდენს. ბევრი მშობელი ეუბნება ბავშვს, რომ გაბრაზება კარგი არ არის, რომ ტირილი ცუდია — ასეთ დროს, განსაკუთრებით ბიჭებს, უყალიბდებათ დამოკიდებულება, რომ არ უნდა იტირონ, არ უნდა გაბრაზდნენ; არადა ბრაზის ემოცია აუცილებელი ემოციაა. ბრაზი ძლიერი ემოციაა, ეს არის დიდი ძალა და ენერგია, რომელთან სწორი ურთიერთობის ცოდნა ენერგიის დიდი წყაროა, ბევრი ბავშვი ბრაზზე უარს ამბობს, ბლოკავს ამ ემოციას, რადგან მშობლებს არ მოსწონთ გაბრაზებული ბავშვი. ასევეა ტირილიც. ტირილი ერთგვარი თვითზრუნვაც შეიძლება იყოს. ზოგჯერ აუცილებელიც კია, რომ ბავშვმა იტიროს. თუ ჩვენ ხშირად ვეტყვით, რომ ტირილი ცუდია და არ უნდა იტიროს,ბავშვი დაისწავლის და აღარ ტირის. თერაპიის დროს, ჩვენ დაბლოკილ ემოციებს „უკან ვაბრუნებთ“ და ვასწავლით ამ ემოციებთან ურთიერთობას. ჩვენ ვაძლევთ სივრცეს, დაიბრუნონ და გამოხატონ დაბლოკილი ემოციები, რაც შვების მომგვრელი პროცესია. ყველაფერი ეს, ემსახურება მთავარ მიზანს: ბავშვმა არ უნდა იცოცხლოს, არამედ იცხოვროს და სრულად შეძლოს გარემოს აღქმა, შეგრძნების ყველა ორგანოთი – ემოციების სრულად ფლობით სრულად შეიგრძნოს სიცოცხლე.
– თერაპიის დროს ხდება თუ არა ემოციების კორექტირება და როგორია თერაპიული სივრცის ჩარჩოები გეშტალტში?
– ემოციის კორექტირებას არ დავარქმევდი, ჩვენ მათ, ხშირ შემთხვევაში, დაბლოკილი ემოციის განბლოკვაში ვეხმარებით. ხანდახან მოდის ბავშვი, რომელსაც სახეზე არანაირი განცდა არა აქვს, ემოციას ვერ კითხულობ. მიზეზი სხვადასხვა რამ შეიძლება იყოს… ბავშვი ზოგჯერ იმპულსურია და იმაზე მეტს გამოხატავს, ვიდრე გარემო აძლევს ამის საშუალებას, ამიტომ, ის ხშირად ამის გამო ისჯება ან იღებს საყვედურს. ამის შემდეგ, შიშით, რომ გარემომ არ გარიყოს ან დედამ და მამამ მასზე უარი არ თქვან, ბავშვი დაისწავლის, რომ ეს ემოცია ცუდია და მასზე უარს ამბობს. არადა, ცხოვრების სრულად შეგრძნება, დამეთანხმებით, შეუძლებელია ემოციების გარეშე, სწორედ ამიტომ ჩვენ ვცდილობთ, პირიქით მოვიქცეთ – ბავშვებს ემოციები დავუბრუნოთ და მივეხმაროთ მათ გამოხატვაში, რაც საკუთარი თავის შეგრძნების და აღმოჩენის აუცილებელი წინაპირობაა.
ახლა განვიხილავ შემთხვევას, როდესაც ბავშვი მოდის გადამეტებული ემოციით (ამას იმპულსურ ქცევას ვეძახით – ბავშვს თითქოს იმაზე მეტი ემოცია აქვს, ვიდრე უნდა ჰქონდეს). მაგალითად, დედა ჩივის, რომ ბავშვი მარტივად ტირის, ზედმეტად ემოციურია, ხმაურიანია, ყველაფერი სწყინს… აქ აშკარად იგრძნობა, რომ ბავშვს, როგორც საკუთარ თავთან, ისე გარემოსთან კონტაქტის პრობლემები აქვს. ჩვენ მას, საკუთარ თავთან მიახლოებით, გარემოსთან ჰარმონიული ურთიერთობის ჩამოყალიბებაში ვეხმარებით.
თერაპევტებს ორი რამ აინტერესებთ – ბავშვი იყოს ჰარმონიულ ურთიერთობაში საკუთარ თავთან, ანუ აცნობიერებდეს თავის ემოციებს, ფიქრებს, სურვილებს, შესაძლებლობებს და ახერხებდეს ჰარმონიული ურთიერთობის დამყარებას გარემოსთან.
როგორ ხდება ეს? – აქ პირველად ვახსენებ სელფს – ბავშვი უნდა მიუახლოვდეს საკუთარ სელფს, ანუ ნახოს ვინ არის თვითონ – რა შეუძლია, რა მოსწონს, რა არ მოსწონს; რა არის მისი საკუთარი აზრი, შეგრძნება; ბავშვები ხომ გარემოსთან ურთიერთობებით იზრდებიან. თუ დავაკვირდებით ბაღებს, სკოლებს, მშობლებს, იოლად დავინახავთ, რომ ბავშვები, ხშირად, მზა ინფორმაციას იღებენ – ახლა უნდა გავაკეთოთ ეს! ახლა ეს უნდა გავაკეთოთ ასე! შესაბამისად, რას გრძნობს ბავშვი ამ მომენტში ან რას ფიქრობს, ეს, თითქოს თვითონვე ავიწყდება და პირდაპირ ემორჩილება იმას, რასაც გარემო კარნახობს.
გარემოს უნდა ახსოვდეს და ითვალისწინებდეს იმას, უბრალოდ ემორჩილება გარემოს ნაკარნახევს ბავშვი თუ გრძნობს რას ელაპარაკებიან მას.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არ უნდა მოხდეს გარემოსგან იმ ინფორმაციის დაუღეჭავად გადაყლაპვა, რომლის გემოც ვერ გაიგო ბავშვმა – ჯერ უნდა დაიღეჭოს, დაგემოვნდეს, მოეწონოს, მიიღოს და მერე უნდა გადაყლაპოს და რაც არ მოსწონს, იმაზე უარის თქმა შეძლოს. სამწუხაროდ, ამის საშუალება ხშირად არ ეძლევათ ბავშვებს. ისინი ინფორმაციის გამზადებულ ულუფებს იღებენ, რომელიც, უნდათ თუ არა, მაინც უნდა გადაყლაპონ. თერაპევტები მათ სწორედ ამ პროცესის თავიდან გავლაში ვეხმარებით – ვცდილობთ გაიაზრონ რა ხდება, რას სთავაზობს გარემო და თვითონ აირჩიონ შეთავაზებულიდან რა მიიღონ და რა არა, ვასწავლით პასუხისმგებლობის აღებას, არჩევანის გაკეთებას, რაც თვითშეფასების საწინდარია. ხშირად გარემო ბავშვს სასარგებლოს სთავაზობს, მაგრამ, შესაძლოა, ტემპში იყოს აცდენა — გარემო არ აცდის ბავშვს მიხვდეს, რომ ეს კარგია. გვეჩქარება? ვეუბნებით: ჩქარა ჩაიცვი. ვაგვიანებთ? ვეუბნებით: ჩქარა ჭამე. შეიძლება ბავშვს ძალიანაც უნდა, რომ ჭამოს, მაგრამ ისე ჩქარა არა, როგორც გარემო სთავაზობს, ან შეიძლება მას უნდა ისწავლოს ლექსი, რომელსაც შენ ასწავლი, მაგრამ არა ძალდატანებით, არამედ თავისი ტემპით, არ უნდა დაგვავიწყდეს ბავშვის ტემპი, ტემპერამენტი. ერთია ჩვენ რა გვინდა ბავშვისთვის, მეორეა მას თვითონ რა უნდა იმ მომენტში, რისთვის არის მზად მისი ორგანიზმი. არ უნდა დავაბიჯოთ ფეხი მის ემოციებსა და ფიქრებს.
გეშტალტ თერაპევტები ვცდილობთ, ბავშვი დაუბრუნდეს იმ საწყის მდგომარეობას, სადაც საკუთარ თავს გრძნობს, ფლობს და გარემოსთან ჰარმონიულ ურთიერთობაშია.
თავისთავად, ჩვენს თერაპიულ სივრცეში ჩარჩოც გვაქვს და საზღვრებსაც ვაწესებთ, მაგრამ ამ სივრცეში მე აუცილებლად ვრჩები მე, მაქვს ჩემი საზღვარი ურთიერთობის. მაგალითად, თუ ბავშვს უნდა, რომ თავზე ამაცოცდეს და ეს არ მსიამოვნებს, მე მას აუცილებლად ვეტყვი, შენ მე თავზე ვერ ამაცოცდები იმიტომ, რომ მე ეს არ მომწონს. თუმცა, შევთავაზებ სხვა თამაშებს, რომლის თამაშიც შემიძლია მასთან. ამით ვასწავლი, რომ გარემო ყოველთვის ვერ იქნება მასზე მორგებული, მაგრამ, ამავდროულად, გარემო ბევრი არჩევანის საშუალებას აძლევს და შეუძლია ის აირჩიოს, რომელიც მას სურს – გარემოსთან არ დაკარგოს კონტაქტი და ეს იყოს შეთანხმებული დიალოგი მათ შორის. მე, როგორც თერაპევტი, ვუქმნი უსაფრთხო გარემოს, ვაძლევ არჩევანის შესაძლებლობას, სადაც ის ასეთი ურთიერთობით და ნამდვილი შეგრძნებებით იზრდება, იცვლება და ვითარდება – უბრუნდება მის თავს! იბრუნებს ბავშვი საკუთარ ემოციებს, რომლებზეც შეიძლება უარი ჰქონდა ნათქვამი, და, უბრალოდ, მექანიკურ ქმედებებზე იყო გადასული მისი ცხოვრება. რა ასაკისაც არ უნდა იყოს ბავშვი, მნიშვნელობა არ აქვს, ყველა ასაკში ხვდება, რომ ის მხოლოდ გარემოსგან წამოსული მითითებების პროდუქტი არ არის, რომ გარემოსთან ადაპტირება აუცილებელია, მაგრამ ასევე უმნიშვნელოვანესია იცოდე ვინ ხარ შენ! – ვინ ხარ შენ, საკუთარი თავის პოვნაში, საკუთარი ემოციების ფლობაში ეხმარება ოკლანდერის წიგნი ადამიანებს. განახლებული შენი თავით, გარემოსთან ჰარმონიული ურთიერთობის ჩამოსაყალიბებლად გადასადგმელი ნაბიჯებია ამ წიგნში ახსნილი და ნაჩვენები.
– ალბათ, ამიტომაც არის ვაიოლეტ ოკლანდერის წიგნი მნიშვნელოვანი მშობლისთვის და მასწავლებლისთვის?
– „ფანჯრები ჩვენი ბავშვებისკენ“ ვაიოლეტ ოკლანდერის პირველი წიგნია, სადაც ის გენიალური სიმარტივით აღწერს საკუთარი მუშაობის მოდელს, დამოკიდებულებას ბავშვებისა და თერაპიული პროცესის მიმართ. ვაიოლეტ ოკლანდერის განზრახვამ, გეშტალტ თერაპია ბავშვებთან და მოზარდებთან მუშაობისთვის მოერგო, რაც მანამდე არავის უცდია, აშკარად გაამართლა. დღეს ოკლანდერის მოდელი დიდი წარმატებით გამოიყენება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. მისი წიგნი 16 ენაზეა ნათარგმნი და ბევრი თერაპევტის სამაგიდო წიგნად იქცა. მარტივია ოკლანდერის გაგება, თუ მზად ხარ სიმართლის მოსასმენად. ის იცნობს ბავშვს, მას ყველა ბავშვის ესმის, არავის განსჯის, ყველაზე თანაბრად ზრუნავს, ყველას ანათებს და გზასაც უნათებს. მასთან შეხვედრა ნიშნავს, შეხვდე საკუთარ თავს ისეთს, როგორიც ღმერთმა გაგაჩინა – სიყვარულით მიაღწიო ბედნიერებას.
პირველ რიგში, მინდა, ყველა მშობელმა და უფროსმა ადამიანმა გაიაზროს და იგრძნოს რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული ბავშვის შინაგანი მდგომარეობა, რომ არ ვიხელმძღვანელოთ მხოლოდ გარემოს წესებით. ცხადია, გარემოში წესები აუცილებლად არსებობს და იარსებებს, თუმცა, არ უნდა ვაქციოთ ჩვენი ბავშვები მხოლოდ მექანიკურად დამორჩილებად არსებებად ამ გარემოსთან მიმართებაში. არ დაგვავიწყდეს ბავშვების შინაგანი მდგომარეობა, მათი ემოციები, განცდები, ხელახლა შევეხოთ მათ და კარგად გავიაზროთ, რომ თითოეული ბავშვის განცდა, თურმე, განაპირობებს მის მომავალს. არც ერთი წამით არ უნდა დაგვავიწყდეს, რამდენად ფაქიზია ბავშვის ფსიქიკა, რამდენად მნიშვნელოვანია მათი ყოველდღიური განცდების და ემოციების მოსმენა და მათთვის იმ სივრცის მიცემა, რომ ამ ყველაფერზე შეძლონ საუბარი. ბავშვებს ხელი შევუწყოთ არა ემოციების დაბლოკვაში, არამედ მივეხმაროთ, რომ ეს ემოციები გამოიყენონ იმისთვის, რომ სიცოცხლე კიდევ უფრო მეტად შეიგრძნონ და რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიიღონ გარემოსგან, შესაბამისად, მეტი გასცენ. მეტი სიცოცხლე ჩვენს ბავშვებს, აი, ეს სიტყვებია ამ წიგნის დევიზი.
ოკლანდერის ფანჯარა მართლაც საუკეთესო ფანჯარაა მშობლებისთვის, მაწავლებლებისთვის ბავშვების შინაგან სამყაროში შესაღწევად. ამის გარდა, ეს არის ერთგვარი შეტყობინება/გზავნილი მშობლებისთვის – არასოდეს ენდოთ მხოლოდ თქვენს შეხედულებებს ბავშვებზე, ის ყოველთვის გადაამოწმეთ ბავშვთან.
უამრავი ხერხი არსებობს, რომელიც თქვენ გაძლევთ იმის საშუალებას, რომ შეიხედოთ ბავშვის სამყაროში. ნუ განსაზღვრავთ ბავშვს მხოლოდ მისი ქცევით, ზუსტად ქცევის შიგნით იღება ეს ფანჯარა და მის მიღმა იმალება ყველა ის მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც მის ქცევებს განაპრობებს, ქცევებს, რომლებიც თქვენ შეიძლება არ მოგწონთ ან მოგწონთ. ყოველთვის იქონიეთ ბავშვთან ისეთი ურთიერთობა, სადაც ბავშვი თქვენი ნდობით ისარგებლებს, სადაც მისთვის იქნებით უსაფრთხო და არა განმსჯელი; მისთვის შექმენით უსაფრთხო სივრცე, სადაც გამოხატავს როგორც თავის ემოციურ მდგომარეობას, ისე ფიქრებს – კოგნიტურ მდგომარეობას. ასეთ შემთხვევაში, თქვენ გახდებით ზუსტად ის ადამიანი, ვისთან ურთიერთობაშიც ბავშვი გაიზრდება და უკეთესობისკენ შეიცვლება. თუ მან ვერ გამოხატა მისი ნამდვილი ფიქრი და ემოცია, ვერასდროს გაიზრდება, ვერ გახდება უკეთესი ადამიანი. დამერწმუნეთ, რომ ბავშვები ყოველდღიურად იზრდებიან და იცვლებიან, თუ ჩვენ მათ მივეცით განვითარების საშუალება. განვითარების საშუალება კი, პირველ რიგში, არის მათი მოსმენა და არა ჩვენი აზრის თავს მოხვევა. მათი მოსმენით ჩვენ ვიზრდებით. ამ დიალოგით, რომელსაც გეშტალტში „მე – შენ ურთიერთობა“ ჰქვია, ხდება როგორც ბავშვის გაზრდა, ისე მშობლის გაზრდაც. ნუ დაიზარებთ, მოუსმინეთ მათ და ძალიან ბევრ საინტერესოს გაიგებთ შვილებზეც და თქვენს თავზეც.
? ? ?
?✔ „ფანჯრები ჩვენი ბავშვებისკენ“ საუკეთესო საჩუქარია მშობლებისთვის, მასწავლებლებისთვის, სპეცპედაგოგებისთვის, ბავშვთა და მოზარდთა პრაქტიკოსი ფსიქოლოგებისთვის, ფსიქოთერაპევტებისთვის.
„ნაშრომი პასუხს სცემს უამრავ საჭირბოროტო კითხვას: როგორ გავუგოთ და მოვექცეთ ბავშვებს; როგორ მოვახერხოთ, რომ ბავშვმა დაძლიოს პრობლემები და საკუთარი თავის უკეთესი ვერსია შექმნას; რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს წარმოსახვას და ფანტაზიას, ემოციებსა და სახელდებას; აღქმის სისტემის განვითარებასა და თამაშს, პრობლემების ვერბალიზაციასა და თვითობის გააზრებას ბავშვებში.“ – წერს ადიქციის კვლევისა და კონსულტირების ცენტრის ხელმძღვანელი, ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა. და რაც მთავარია, მისივე შეფასებით, ვაიოლეტ ოკლანდერის „ფანჯრები ჩვენი ბავშვებისკენ“ ერთ-ერთი საუკეთესო ნაშრომია, რაც კი ამ დარგში დაწერილა – საოცარი გულწრფელობითა და სიყვარულით არის განმსჭვალული წიგნში ყოველი სიტყვა.
ლალი ჯელაძე