მარნეულის „სამოქალაქო კლუბმა“ -„for our future – ჩვენი მომავლისთვის“ – რომელსაც მარნეულის №2 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი თემო სუყაშვილი ხელმძღვანელობს, გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, განახორციელა პროექტი „ათი ბარათი გენდერული თანასწორობისთვის“. მარნეულის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გენდერთან დაკავშირებული სტერეოტიპების მსხვრევა და თანასწორუფლებიანი გარემოს ჩამოყალიბებაზე ზრუნვა პროექტის ფარგლებში შექმნილ ათ ბარათში გააერთიანეს. პროექტი დაფინანსებულია „მარნეულის ახალგაზრდული იდეის“ მიერ, ევროპის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.
თემო სუყაშვილი: „ჩემი მოსწავლეები ძალიან აქტიურები არიან და ხშირად მონაწილეობენ სხვადასხვა პროექტში, რომელიც სკოლის გარეთ ხორციელდება. რამდენიმე თვის წინ, „მარნეულის ახალგაზრდულმა იდეამ“ მცირე გრანტების კონკურსი გამოაცხადა, მაქსიმალური თანხა 960 ლარი იყო, რომელიც მარნეულელ ახალგაზრდებზე გაიცემოდა. ჩვენს სკოლაში ჩამოყალიბებული გვაქვს სამოქალაქო კლუბი „ჩვენი მომავლისთვის“ და სწორედ მისმა წევრებმა გამოიჩინეს ინიციატივა, რომ გაგვეგზავნა პროექტი „გენდერულ თანასწორობაზე“. ერთ-ერთი მოსწავლე ესწრებოდა გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ მხარდაჭერილ ტრენინგს „ახალგაზრდები სოციალური ცვლილებებისთვის“ და იქ მიღებული ცოდნისა და გამოცდილების განმტკიცება სურდა. განხილვის პროცესში მივედით დასკვნამდე, რომ დაგვემზადებინა ერთგვარი საგანმანათლებლო ბარათები. გაჩნდა „10 ბარათის“ იდეა – თითოეულ ბარათზე განსხვავებული სიტუაცია და ინფორმაცია იქნებოდა აღწერილი. შესაბამისად, ასეთი სტრუქტურით შექმნეს მოსწავლეებმა ბარათები.
პირველი ბარათი ეთმობა სიტუაციურ ამოცანებს, სადისკუსიო კითხვებით. ნებისმიერი პირი, რომელსაც ეს ბარათი ექნება, მასწავლებელი თუ ახალგაზრდა, არაფორმალური განათლების სპეციალისტი თუ სხვა, გააცნობს სიტუაციურ ამოცანას მსმენელს და სადისკუსიო კითხვებით წაიყვანს დისკუსიას კლასში ან სხვა გარემოში; შემდეგი ბარათი ეთმობა მინი-სპექტაკლის სცენარს, სადაც თანასწორობის საკითხები იკვეთება. მსგავს სიტუაციებს ხშირად ვაწყდებით სკოლებში; მესამე ბარათი განკუთვნილია გენდერული სტერეოტიპებისთვის, რაც საკმაოდ გავრცელებულია ჩვენს თემში და, ზოგადად, საქართველოში. ისევე როგორც სხვა ბარათებზე, აქაც დატანილია შეკითხვები – როგორ დავამსხვრიოთ ეს სტრეოტიპები, რა უარყოფით გავლენას ახდენს საზოგადოებაზე სტერეოტიპული აზროვნება და ა.შ.; ათ ბარათს შორისაა წარმატებული ქართველი და უცხოელი ქალების ბარათი; ასევე, გენდერულ თანასწორობაზე ყურადღება იმ კუთხითაც გავამახვილეთ, რომ თანასწორობის საკითხებში ხშირად კაცებიც იჩაგრებიან. არის ისეთი საკითხები, რომელშიც კაცებსაც სჭირდებათ გაძლიერება. აქედან გამომდინარე, ერთ-ერთი ბარათი საქართველოში განხორციელებულ ცნობილ კამპანიებს დავუთმეთ, რომელიც კაცების გაძლიერებას და საოჯახო სააქმეებში მათ მეტ ჩართულობას ისახავდა მიზნად. ისეთი წარმატებული კამპანიების შესახებ ავსახეთ ინფორმაცია, როგორებიცაა: „კაცები ზრუნავენ“, „მამა, წიგნი წამიკითხე“, „მამების თასი“. ამ ბარათის მიზანია მამების როლის წამოწევა შვილების აღზრდის საკითხებში. ასე ჩამოყალიბდა ათი სხვადასხვა თემატიკის ბარათი.
ხაზგასმით მინდა გითხრათ, მოსწავლეები დამოუკიდებლად ადგენდნენ ბარათებს. პროექტზე მუშაობისას, ხშირად ვეუბნებოდი მათ, რომ მე მხოლოდ ფასილიტატორი ვიყავი და არ დავეხმარებოდი ბარათების მომზადებაში. ახლაც, პროექტის შემდეგ ნაწილში, მედიის მოწვევა იქნება, ბეიჯების დამზადება თუ სხვა დეტალები, ესეც მათი გასაკეთებელია. იციან, რომ მე ამაშიც ნაკლებად ვიქნები ჩართული. ბარათების თემებიც ხომ მათი ინიცირებულია. თავიდან მოსწავლეებს ეგონათ, რომ მხოლოდ ერთი პატარა პროდუქტის შექმნაზე იმუშავებდნენ, მაგრამ, საბოლოოდ, როცა ბარათების დამზადება დავასრულეთ, დავინახეთ, რომ ეს სხვებისთვისაც ძალიან კარგი რესურსია. რაც მთავარია, ბავშვებმა ირწმუნეს, რომ შეუძლიათ შექმნან ისეთი რესურსი, რომელიც შეიძლება მასწავლებელმაც კი გამოიყენოს სხვა სკოლაში. ძალიან მნიშვნელოვანია და სწორედ ამას ვუსვამ ხაზს, რომ ასეთი ცვლილებები მათ თვალწინ ხდება, მათი უშუალო ჩართულობით და მონაწილეობით. როცა ვიკრიბებით და ვაანალიზებთ, რა გავაკეთეთ, ერთ-ერთი მთვარი ხაზი ეს არის – ეს თუ შევძელით, კიდევ უფრო უკეთ შევძლებთ მომავალში, უფრო მეტ სასარგებლო საქმეს/პროექტს შევთავაზებთ საზოგადოებას. მოსწავლეების მოტივაცია ამით ორმაგდება.“
რა თემა აირჩიეს ბარათის შესაქმნელად და რის შეცვლას შეეცდებიან თემში ამ აქტივობით, ამაზე პროექტის მონაწილე მოსწავლეები თავად გვიყვებიან:
დანიელ ხუციშვილი, მე-10 კლასის მოსწავლე და სამოქალაქო კლუბის აქტიური წევრი: „ჩვენ ავირჩიეთ გენდერული თანასწორობის თემა, რადგან ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა თემში, განსაკუთრებით, სკოლებში და ამიტომ შევქმენით 10 ბარათი გენდერული თანასწორობისთვის, რაც დაეხმარება მოსწავლეებს ინფორმაციის ადვილად გააზრება-გაანალიზებაში.
ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რადგან მიზნად ისახავს ახლგაზრდებში გენდერული ცნობიერების ამაღლებას. ეს საკითხი მარნეულში დიდი პრობლემაა. ასეთი სახის პროექტებიც იშვიათად ხორციელდება ამ პრობლემის გადასაჭრელად.
გარდა თეორიული საკითხებისა მე პასუხისმგებელი ვიყავი ბარათების დიზაინზე. დიზაინზე მუშაობისას სიღრმისეულად გავიაზრე თითოეული თემა, რათა მომეძებმა მათთვის შესაბამისი ფერისა და ფორმის გამოსახულებები, ერთდროულად ვფიქრობდი ესთეტიკურ სილამაზესა და ტექსტისა და ფონის შესაფერისობაზეც (მაგალითად , ფონს არ უნდა გადაეფარა ტექსტი).“
ნაზაქედ ბაბაქიშიევა, მე-10 კლასის მოსწავლე და სამოქალაქო კლუბის აქტიური წევრი: „ჩვენ, ამ პროქტის ფარგლებში, ვცდილობთ, რომ საზოგადოებას მივაწვდინოთ გენდერული თანასწორობის შესახებ ინფორმაცია და დავამსხვრიოთ გენდერთან დაკავშირებული სტერეოტიპები. შესაბამისად, ჩვენი პროექტის მიზანია ავამაღლოთ ცნობიერება გენდერული თანასწორობის შესახებ და ხელი შევუწყოთ თანასწორუფლებიანი გარემოს ჩამოყალიბებას.
მე, როგორც ახალგაზრდა მოქალაქე, ვფიქრობ, რომ ასეთი ტიპის პროექტები ბევრად მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი იქნება ცვლილებებისთვის. ძალიან მომწონს სკოლის პერიოდიდანვე პროექტებში ჩართვა. ამ დროს თეორიულად ნასწავლის პრაქტიკაში გამოცდის საშუალება მეძლევა. მიხარია, რომ „მარნეულის ახალგაზრდულ იდეაში“ მოეწონათ ჩვენი პროექტი და დაგვაფინანსეს. ძალიან საინტერესო იყო პროექტის წერის პროცესი. ჩვენ სკოლაში თეორიულად ვსწავლობთ პროექტის ეტაპებს, მაგრამ მისი პრაქტიკაში განხორციელება უფრო საინტერესო აღმოჩნდა.“
სალომე გელაშვილი, მე-10 კლასის მოსწავლე და სამოქალაქო კლუბის აქტიური წევრი: „ამ ბარათების საშუალებით ჩვენ შევძლებთ, რომ მოსწავლეებს მივაწოდოთ ინფორმაცია გენდერული თანასწორობის შესახებ, რათა მათ იცოდნენ თუ რას გულისხმობს გენდერული თანასწორობა და როგორ გამოიყენონ მიღებული ინფორმაცია. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ბარათები ვრცელდება ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე. უკვე გვქონდა პროექტის პრეზენტაცია მარნეულში. ახლა ჩვენი გუნდი მოაწყობს გასვლებს მარნეულის სოფლებში.
პროექტი ჩემი სახელით იყო გაგზავნილი. გარდა უშუალოდ ბარათების შექმნისა, პასუხისმგებელი ვარ ფინანსების განკარგვაზე. „მარნეულის ახალგაზრდულმა იდეამ“ 960 ლარით დაგვაფინანსა. მე და ჩემს მეგობრებს გვიწევს შეკვეთების განხორციელება, ინვოისებისა და ქვითრების შეგროვება. ეს მეხმარება პიროვნულ განვითარებაში“
აქფარ მახმუტ ოღლი, მე-9 კლასის მოსწავლე და სამოქალაქო კლუბის აქტიური წევრი: „რადგან ჩვენს თემში ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური საკითხი გენდერული თანასწორობაა, ბარათებზე დატანილი ინფორმაციის საშუალებით მეტი ეცოდინებათ ამ საკითხზე. ჩვენს თემში ვხედავთ ინფორმაციის ნაკლებობას და სწორედ ეს ბარათები დაეხმარება მათ ცოდნის ამაღლებაში.
ჯგუფური პრონციპით ვმოქმედებდით. დავინაწილეთ თემები და დავიწყეთ მასალების შეგროვება. მე პირადად, ძალიან დამეხმარა სხვა პროექტებში მიღებული ცოდნა და გამოცდილება. მაგალითად, ჩართული ვიყავი პროექტში „ახალგაზრდები სოციალური ცვლილებებისთვის“, სადაც ბევრი რამ გავიგე სქესისა და გენდერის შესახებ, იმ ინიციატივებისა თუ კამპანიების შესახებ, რომლებიც კაცების გაძლიერებას, მათ საოჯახო საქმეებში მეტ ჩართულობას ემსახურება.
პროექტის ფარგლებში გამოვაცხადეთ სლოგანების კონკურსი. ძალიან საინტერესო სლოგანები გამოგზავნეს მარნეულის სხვადასხვა სოფლებიდან. ჩვენმა გუნდმა, კომისიასთან ერთად, სამი გამარჯვებული გამოავლინა. სამივეს ბიბლუსის ვაუჩერები გადავეცით საჩუქრად. ეს აჩვენებს, რომ ახალგაზრდობას აინტერესებს და სტკივა ეს პრობლემა.“
პროექტი „ათი ბარათი გენდერული თანასწორობისთვის“, ასევე, ითვალისწინებს შექმნილი ბარათების თემში გავრცელებას. თემო სუყაშვილი ამბობს, რომ ფინანსურად არ ჰქონდათ იმის შესაძლებლობა, დიდი რაოდენობით დაებეჭდათ ბარათები, თუმცა, გარკვეული რაოდენობა დაიბეჭდა და ახლა მათი გავრცელებაა მნიშვნელოვანი. ყურადსაღებია ის ფაქტორიც, რომ ბარათები სამენოვანია – ქართულ-სომხურ-აზერბაიჯანული. პროექტის პირველი პრეზენტაცია მარნეულში უკვე გაიმართა და კიდევ იგეგმება მისი წარდგენა მარნეულის როგორც ქართულენოვან, ისე აზერბაიჯანულ და სომხურენოვან თემშიც. „გვინდა, დავარიგოთ, გავავრცელოთ და ვასწავლოთ, როგორ გამოიყენონ ეს მასალა. ჩვენი შეხვედრების მიზანი იქნება, ავუხსნათ მასწავლებლებს და ახალგაზრდებს, თითოეული ბარათით, როგორ მიიყვანონ მოსწავლეები ან თანატოლები სათანადო დასკვნებამდე, დისკუსიის ფორმატში. ზოგადად, ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ, თუნდაც ჩვენთან, მარნეულის მუნიციპალიტეტში, თანასწორობის საკითხები, ზოგადად ქალებთან დაკავშირებული სტერეოტოპები, ძალიან ხშირია. სწორედ ამის დამსხვრევას შევეცდებით ცნობადობის ამაღლების გზით,“ – ამბობს თემო სუყაშვილი.
როგორია თემის რეაქცია, როცა იქ დამკვიდრებულ სტრეოტიპებზე ხმამაღლა იწყება საუბარი და მით უფრო, როცა ამას ახალგაზრდებისგან, სკოლის მოსწავლეებისგან ისმენენ. სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ამბობს, რომ პირველივე პრეზენტაციაზე, თემის წევრებისა და მოწვეული სტუმრებისგან, საკმაოდ პოზიტიური უკუკავშირი მოდიოდა. მეტიც, ამბობდნენ, რომ მასწავლებლის ხელში ეს საუკეთესო რესურსი იქნება, მისი სწორად გამოყენების შემთხვევაში. თუმცა, საბოლოო დასკვნების გაკეთებას პროექტის მონაწილეები მხოლოდ მაშინ შეძლებენ, როცა 10 ბარათს უფრო მეტ ადამიანს გააცნობენ. „დაგეგმილია პრეზენტაციები სხვადასხვა მუნიციპალიტეტში და ძალიან გვაინტერესებს აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი თემის მოსაზრებები. იმედი გვაქვს, ეს ინიციატივა მათაც მოეწონებათ, მით უმეტეს, რომ ბარათები სამენოვანია და მისი გაცნობის შესაძლებლობა მშობლიურ ენაზეც ექნებათ“.
პროექტი ერთმნიშვნელოვნად აქტუალური და სასარგებლოა. თუმცა, აქ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს მინდა გავუსვა ხაზი – ამ ტიპის ინიციატივებს ზედაპირზე ამოაქვს კონკრეტული თემის წინაშე მდგომი რეალური საჭიროებები და ეს ყველაფერი ხდება საწინდარი იმისა, რომ დაიწყოს რეალური ცვლილებები. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, როცა ადამიანები ამგვარი ცვლილებების ინიციატორები სკოლის ასაკიდანვე ხდებიან. თემო სუყაშვილი ხაზგასმით ამბობს, რომ: „სწორედ სკოლა არის ის ადგილი, საიდანაც თემის ტრანსფორმაცია უნდა დაიწყოს. ამიტომ, მაქსიმალურად ვცდილობ, ამისკენ ვუბიძგო ჩემს მოსწავლეებს. მინდა იმაშიც დავარწმუნო, რომ თუ კიდევ უფრო გააქტიურდებიან, შეძლებენ შეცვალონ თემში ის მანკიერი თუ არასასურველი სტერეოტიპები და ქცევები, რომელიც მათ ზრდასრულობაში აუცილებლად შეაწუხებთ. ხშირად როლურ მაგალითად ჩემს თავსაც ვიყენებ და ვეუბნები: მე თუ შემიძლია, თქვენც შეგიძლიათ. ამიტომ არის უმნიშვნელოვანესი მსგავსი აქტივობებისა და პროექტების განხორციელება. სწორედ ამას ვცდილობთ მე და ჩემი სამოქალაქო განათლების კლუბის წევრები. რა თქმა უნდა, ამაზე არ გავჩერდებით და კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ მომავალში.“
თემო სუყაშვილი იხსენებს, როცა მოსწავლეები სამოქალაქო განათლების კლუბში წევრიანდებოდნენ, ეგონათ, რომ მხოლოდ კონკრეტულ საგანში წარმატებული აკადემიური მოსწრება იყო მნიშვნელოვანი, თუმცა, დღეს სულ სხვაგვარად ფიქრობენ, სხვანაირად აზროვნებენ. „არაფერი არ არის მხოლოდ საგნობრივი ცოდნა, რადგან ყოველგვარი თეორიული ცოდნა დაკარგულია, თუ ის არ გამყარდება პრაქტიკული გამოცდილებით და საკუთარ თემზე ზრუნვით. ეს ეხება, ელემენტარული, სკოლაში წესრიგის დაცვით დაწყებული, სასკოლო თემში თუ მის გარეთ არსებული პრობლემების მოგვარებაზე ზრუნვას. ამიტომ არის მნიშვნელოვანი სასკოლო ასაკიდანვე მიეჩვიონ სამოქალაქო აქტიურობას, ჩამოყალიბდნენ აქტიურ მოქალაქეებად და არ შემოიფარგლონ მხოლოდ საგნობრივი ცოდნით. ადრეული ასაკიდანვეა საჭირო ამ მნიშვნელოვანი უნარების გაუმჯობესება. პრობლემები, ის რაც აწუხებთ გულთან ახლოს უნდა მიიტანონ, თუ უნდათ, რომ სკოლაში მიღებული ცოდნა, მხოლოდ წიგნში ამოკითხულ ფრაზებად არ დარჩეს. ძალიან მახარებს ჩემი მოსწავლეების აქტიურობა და საზრიანობა. დარწმუნებული ვარ, ასეთი აქტიური ნაბიჯების გადადგმით ისინი გარდამტეხ როლს ითამაშებენ დღეს არსებული პრობლემის მოგვარების პროცესში და მომავალ თაობებს აღარ გადასცემენ ასეთ მძიმე „მემკვიდრეობას“, თუნდაც, ამ კონკრეტული მიმართულებით – გენდერული თანასწორობის კუთხით.“
ლალი ჯელაძე