მარიამ მაგრაქველიძის წარმატება
ასპინძის საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლემ, მარიამ მაგრაქველიძემ გაცვლითი
პროგრამით, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ერთწლიანი სწავლის კურსი გაიარა და მაღალი აკადემიური მოსწრებით დაამთავრა ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სკოლა.
მარიამ მაგრაქველიძე ინტერვიუში მკითხველს ამერიკაში მიღებული განათლებისა და იქ არსებული სისტემის შესახებ უამბობს
⇒ მარიამ, პირველ რიგში, გილოცავთ ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ამერიკული სკოლის დასრულებას და სამშობლოში დაბრუნებას. „ახალი განათლების“ მკითხველს გაუზიარეთ, რა უძღოდა წინ ამერიკაში გამგზავრებას?
ძალიან მიხარია, რომ საშუალება მომეცა, ამერიკაში მიღებული ცოდნისა და იქ გატარებული დაუვიწყარი ერთი სასწავლო წლის შესახებ ვისაუბრო.
2019 წლის ზაფხულში დედაჩემმა, რომლის დამსახურებაა ჩემი ეს წარმატება, მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის – FLEX-ის შესახებ მითხრა და მირჩია, მონაწილეობა მიმეღო. ეს პროგრამა საქართველოში უკვე 29 წელია ხორციელდება და ყველაზე პრესტიჟულ გაცვლით პროგრამად ითვლება მთელ მსოფლიოში. შერჩევის პროცესი მეტად რთული, ხანგრძლივი და კომპლექსურია და, ათეულ ათასობით მონაწილეთა შორის, ფინალისტად მხოლოდ 2.3% ირჩევა, რომელსაც ვაშინგტონის დამოუკიდებელი კომისია არჩევს, პროცესს ქართული მხარე სრულიად ემიჯნება. კონკურსი სამი ეტაპისგან შედგება და მოიცავს: ინგლისური ენის ტესტს, თავისუფალ ესეებს, გასაუბრებას, ჯგუფურ სამუშაოს და დეტალურ აპლიკაციას მონაწილის აკადემიური, სამედიცინო, კლასგარეშე აქტივობებისა და სამომავლო გეგმების შესახებ. ვინაიდან სკოლაში წარჩინებული მოსწავლე ვიყავი, ინგლისურ ენას, ჩემი არაჩვეულებრივი მასწავლებლის, ინგა ზედგინიძის წყალობით, სრულყოფილად ვფლობდი და სკოლის გარეთაც სხვა მრავალი აქტივობით ვიყავი დაკავებული, გადავწყვიტე ბედი მეცადა. შესარჩევი პროცესი გამოწვევებით სავსე აღმოჩნდა, თუმცა, ჩემი ოჯახის უდიდესმა მხარდაჭერამ გამიადვილა მიზანზე მობილიზება. გულწრფელად გითხრათ, მიუხედავად იმისა, რომ უდიდესი შრომა და მონდომება ჩავდე, პირველსავე ცდაზე ასეთ წარმატებას ნამდვილად არ ველოდი, რადგან „ფლექსზე“ კონკურენტუნარიანი პროგრამა ქვეყანაში, ფაქტობრივად, არ ხორციელდება. ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ, 2020 წლის 13 მაისს, ჩემს მობილურზე შემოვიდა ზარი, რომელმაც ჩემი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა.
ეს იყო დაუვიწყარი შეგრძნება. გუშინდელი დღესავით მახსოვს ის შუადღე – სახლში მე, ჩემი ძმა და ჩემი ბიძაშვილი ვიყავით, როდესაც გავიგე, რომ გამარჯვებულ მონაწილეებთან დაკავშირება დაიწყო. ძალიან ავნერვიულდი, რადგან ამ დღეს 6 თვე ველოდი. უცებ ტელეფონის ხმა გაისმა და ამის შემდეგ მხოლოდ ისღა მახსოვს, როგორ დავრბოდი ოთახიდან ოთახში ყვირილით: „ფინალისტი ვარ!“
⇒ რომელ შტატსა და ქალაქში მოგიწიათ სწავლის გაგრძელება და რა პირობები დაგხვდათ?
ერთი დაუვიწყარი წელი ვაშინგტონის შტატში, ქალაქ იაკიმაში გავატარე. შტატის დედაქალაქის სიახლოვეს, სიეტლთან, ძალიან ახლოს ვცხოვრობდი და ხშირად ვესწრებოდი იქ გამართულ სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებს. ულამაზესი წიწვნარი ტყეებითა და ნაკრძალებით სავსე შტატმა ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა.
⇒ რას გამოარჩევდით ამ წლის საუკეთესო ნაწილად?
ვფიქრობ, ყველა გაცვლითი პროგრამის სტუდენტის ცხოვრების უდიდესი ნაწილია ოჯახი, რომელთანაც ის ცხოვრობს. ჩემ შემთხვევაში, მასპინძელი ოჯახი პროგრამის ყველაზე ძვირფასი საჩუქარი აღმოჩნდა. ოჯახში მშობლებთან და მათ სამ შვილთან ერთად ვცხოვრობდი. დარკომ და მიშელმა საკუთარი შვილივით მიმიღეს და მაზიარეს დასავლურ კულტურას, სამზარეულოსა და მენტალიტეტს. ჩემი მასპინძელი ოჯახის მამა, დარკო, სერბი გახლდათ. იგი თავადაც გაცვლითი პროგრამის სტუდენტი ყოფილა ამერიკაში, 1991-1992 წლებში. ამ პერიოდში სერბეთში ომი დაიწყო და, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, დარკომ სამშობლოში დაბრუნება ვეღარ მოახერხა. ასე რომ, ამ ერთი წლის მანძილზე, საშუალება მომეცა არა მხოლოდ ამერიკულ, არამედ სერბულ კულტურას გავცნობოდი. გარდა ამისა, ოჯახის წევრები მართლმადიდებელი ქრისტიანები იყვნენ და მათთან ერთად ხშირად დავდიოდი ეკლესიაში, ვმარხულობდი და ვესწრებოდი ლიტურგიას.
⇒ უფრო დეტალურად გვიამბეთ იმ სკოლის შესახებ, სადაც სწავლობდით
ძალიან გამიმართლა, რადგან სკოლა, რომელშიც მომიწია სწავლა, რეგიონის ყველაზე პრესტიჟული კერძო სკოლაა – ლა სალში ჩავირიცხე, რომლის აკადემიურ რეპუტაციასაც ქვეყნის მასშტაბით იცნობენ. ამავე სკოლაში ირიცხებოდა ყირგიზი ბიჭი, რომელიც ასევე ფლექსის ფინალისტი იყო. სკოლის შენობა შედგება 4 კამპუსისგან, რომელთაგან ყველაზე დიდ დროს მეცნიერებათა კათედრაზე ვატარებდი. ამ შენობაში მოწყობილი იყო ქიმიური ლაბორატორია და სპეციალური ოთახი ანატომიის გაკვეთილებისთვის. წლის განმავლობაში, თანაკლასელებთან ერთად, უამრავი ექსპერიმენტი ჩავატარე, დავამზადე საპონი, მოვაოქროვე მონეტა, ავაწყვე ბატარეები და ა.შ. ასეთი აქტივობები სწავლის პროცესს უფრო სახალისოსა და საინტერესოს ხდიდა.
რაც შეეხება მოსწავლეების ასაკს, ფლექსის პროგრამა აქცენტს X-XII კლასების მოსწავლეებზე აკეთებს. ჩემ შემთხვევაში, სიტუაცია კოვიდ პანდემიამ გაართულა. სტიპენდია X კლასში მივიღე, რაც იმას ნიშნავს, რომ ამერიკაში XI კლასი უნდა გამეტარებინა. პანდემიის გამო, ერთი წლით დალოდება მომიწია და ლა სალში სენიორად, ანუ XII კლასის მოსწავლედ ჩავირიცხე.
⇒ ხომ არ გაგიჭირდათ ქართული გარემოდან ინგლისურ გარემოში გადასვლა?
საბედნიეროდ, ინგლისურ ენას ამერიკაში წასვლამდეც სრულყოფილად ვფლობდი, ამიტომ ენის ბარიერი არ მქონია. როგორც უკვე აღვნიშნე, მართლმადიდებელ ოჯახში ვცხოვრობდი, ამიტომ არც რელიგიურ ჭრილში გამიჭირდა შეგუება. თუმცა არაფერი მახსენდება ისეთი, რამაც ჩემი ადაპტაციის პროცესი გაართულა. ეს, რა თქმა უნდა, ჩემი მასპინძელი ოჯახის ძალიან დიდი დამსახურებაა, რომელმაც საკუთარი შვილივით მიმიღო და ამ ერთი წლის განმავლობაში სიყვარულს არ მაკლებდა.
⇒ რა განსხვავება დაინახეთ ქართული და ამერიკული განათლების სისტემებს შორის?
პირველ რიგში, ამერიკულ სკოლებში ძალიან დიდი ყურადღება ექცევა მოსწავლის ფიზიკურ აღზრდას. გაკვეთილების შემდეგ მოსწავლეთა უმეტესობას 2-3-საათიანი ვარჯიშები ჰქონდა. მათ საშუალება აქვთ, მთელი წლის განმავლობაში, ისარგებლონ როგორც კლუბით, ასევე სპორტის სხვადასხვა სახეობებში მიიღონ მონაწილეობა. მე ჭადრაკის კლუბში მიმიღეს, სპორტის სახეობად კი ჩოგბურთი ავირჩიე. ძალიან დიდი და საინტერესო გამოცდილება მივიღე, რადგან მანამდე ჩოგბურთი არასდროს მითამაშია. გარდა ამისა, ქარ თული სკოლებისგან განსხვავებით, ლა სალი საშინაო დავალებების შესასრულებლად ელექტრონულ სისტემას იყენებს. ყველა მოსწავლე ელექტრონულად აგზავნის საკუთარ ნამუშევარს და შეფასებასაც ყოველდღიურად იღებს. იმ სკოლაში, სადაც მე ვსწავლობდი, განსაკუთრებული სიმკაცრით ეკიდებიან საშინაო დავალებებისა და საკლასო სამუშაოების შესრულებას. ბავშვები გაკვეთილზე ასაკის მიხედვით არ არიან განაწილებულები, შესაძლებელია ერთ გაკვეთილზე IX-XII კლასის მოსწავლეები ერთად ისხდნენ. დიდი განსხვავებაა იმაშიც, რომ დაწყებით, საბაზო და საშუალო განათლებას მოსწავლეები სხვადასხვა სკოლებში იღებენ. მაგალითად, ჩემს სკოლაში მხოლოდ IX-XI და XII კლასების მოსწავლეები იყვნენ.
⇒ საქართველოდან, თქვენ გარდა, სხვა მოსწავლეებიც ხომ არ იყვნენ?
ჩემ სკოლაში საქართველოდან სხვა არავინ ყოფილა, თუმცა ვაშინგტონის შტატში იყო რამდენიმე ქართველი. ორ მათგანს შევხვდი კიდეც. სპოკანეში, აპრილის ბოლოს, ამერიკელი მუსიკოსის კონცერტს დავესწარი და ჩემმა მასპინძელმა ოჯახმა იქ მცხოვრები ქართველი, გაცვლითი პროგრამის სტუდენტი ნოდარიც, ჩვენთან ერთად დაპატიჟა და კონცერტის ბილეთიც კი აჩუქა.
⇒ სწავლა ჩვეულებრივად მიმდინარეობდა სხვა მოსწავლეებთან ერთად?
დამატებითი მეცადინეობები არ მქონია, როგორც ყველა დანარჩენი, მეც იმავე დატვირთვით ვმეცადინეობდი. არც შეფასების კრიტერიუმები იყო რაიმე მხრივ განსხვავებული ან ლოიალური. ეს ფაქტი ძალიან მახარებს, რადგან ვიცი, რომ შტატის ყველაზე კონკურენტუნარიანი სკოლა უმაღლესი შეფასებით დავასრულე.
⇒ რა საგნები ისწავლება, საქართველოსგან განსხვავებით, სკოლაში და გამოსაშვები გამოცდები თუ გქონდათ?
ძალიან ბევრი საგანი ისწავლება, რომლებიც აქცენტს პიროვნულ განვითარებასა და ლიდერულ უნარ-ჩვევებზე აკეთებს. იყო სპეციალური საგანი – ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოსადეგი უნარ-ჩვევები, როგორიცაა, მაგალითად, ავტომანქანის საბურავის გამოცვლა, მიკროტალღური ღუმელის შეკეთება და ა.შ. ჩემთვის ყველაზე საინტერესო ფიზიოლოგია, ანატომია, პოლიტიკა და კალკულუსი, იგივე უმაღლესი მათემატიკა იყო. ორივე სემესტრის ბოლოს, შვიდივე საგანში, ფინალური გამოცდები მქონდა. 7 საგნიდან ორი ვაშინგტონის უნივერსიტეტის კურსი იყო, ფიზიოლოგია-ანატომია და ქიმია, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ორი საგნის აკრედიტაციის გამოცდის ტესტი თავად უნივერსიტეტმა უზრუნველყო. ეს გამოცდები, განსაკუთრებით დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის, უაღრესად მნიშვნელოვანია. გადავწყვიტე, თავდაუზოგავად მემეცადინა და შედეგმაც არ დააყოვნა. ორივე სემესტრის გამოცდებში, ყველა საგანში, უმაღლესი შეფასება – 100% მივიღე. გამოცდების შედეგებზე დაყრდნობით, სკოლამ გამოაქვეყნა რეიტინგული სია, რომლის სათავეშიც მე აღმოვჩნდი. უბედნიერესი ვიყავი. სკოლის დირექტორმა მიმიწვია შეხვედრაზე, სადაც საზეიმოდ გადმომცა წარჩინების დიპლომი.
ყველაზე განსაკუთრებული მაინც ისაა, რომ სკოლის ისტორიაში რეიტინგული სიის პირველი ადგილი უცხოელ მოსწავლეს არასდროს დაუკავებია. ჩემთვის ეს იყო უდიდესი წარმატებაა. სამწუხაროდ, ქვეყნის დატოვება, ერთიანი ეროვნული გამოცდების გამო, ადრე მომიწია, ამიტომ ოფიციალურ გამოსაშვებ ცერემონიას ვერ დავესწარი. მიუხედავად ამისა, სკოლის დირექტორმა, ტედ კანელოპოლოსმა და მისმა ასისტენტმა, ემილი ჰევერლომ, წამოსვლამდე სიურპრიზი მომიწყვეს – მხოლოდ ჩემთვის პერსონალური ცერემონია გაიმართა და გადმომცეს წარჩინების ოქროს არშია, რომლის მისაღებად, წესისამებრ, მოსწავლემ უნდა შეინარჩუნოს უმაღლესი – 4.0 ჯიპიეი, ასევე, გადმომცეს წარჩინების დიპლომი. დირექტორმა თავად გადმომცა მანტია და ძვირფასი სიტყვებით შეამკო ჩემი ლა სალში ყოფნის პერიოდი. გარდა ამ ჯილდოებისა, ჩემდა გასაკვირად, კიდევ დავიმსახურე დიპლომი – ინგლისური ენის კლასში უმაღლესი შეფასების შენარჩუნებისთვის, რაც ძალიან მოულოდნელი იყო იმიტომ, რომ ამ კლასში მხოლოდ მე ვიყავი ისეთი, ვისთვისაც ინგლისური მშობლიური ენა არ იყო.
⇒ სავალდებულოა თუ არა მოსწავლისთვის უნიფორმის ტარება?
უნიფორმით სიარული სავალდებულო არაა, მაგრამ, ვინაიდან პრესტიჟულ კერძო სკოლას წარმოვადგენდით, ძალიან მკაცრი დრესკოდი გვქონდა. მხოლოდ განსაზღვრული ფერის, ფორმისა და ზომის ტანსაცმელი შეგვეძლო გვეტარებინა და ამასთან, შეზღუდული იყო გაკვეთილზე ნებისმიერი სახის სპორტული ფორმით გამოცხადება.
⇒ საინტერესოა როგორ ხდება მოსწავლეთა სწავლის დონის შეფასება და ჯგუფში რამდენი მოსწავლე იყავით?
დამამთავრებელ კლასში 49 მოსწავლე ვიყავით. თითოეული ჩვენგანი ინდივიდუალურად ფასდებოდა საშინაო დავალებების, საკლასო პროცესში, დისკუსიებსა და დებატებში ჩართულობის, ქვიზების და საკონტროლო წერების საშუალებით. ელექტრონულ სისტემაში იტვირთებოდა ნიშნები, რომელზე წვდომაც, მოსწავლის გარდა, მშობლებსაც ჰქონდათ.
⇒ რა შეგძინათ ამერიკაში მიღებულმა ცოდნამ?
ამერიკაში მიღებულმა ცოდნამ, გარდა უდიდესი გამოცდილებისა, შემძინა მეგობრები, ურთიერთობები, მოგონებები და, რაც ყველაზე მთავარია, ახლებური პერსპექტივა და ხედვა ჩემი რეგიონის და ქვეყნის მომავალზე.
⇒ ბოლოს გვითხარით, როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
ამერიკაში ჩავირიცხე მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სამედიცინო უნივერსიტეტში University of Washington, მოვიპოვე წარჩინების სტიპენდიაც, 20 000$-ის ოდენობით, თუმცა, იმის გამო, რომ ამერიკის მოქალაქე არ ვარ, ფედერალურ გრანტზე განაცხადის შეტანა არ შემიძლია. შესაბამისად, უნივერსიტეტის საფასურის გადახდა, სტიპენდიის მიუხედავად, შეუძლებელი აღმოჩნდა. ამიტომ აკადემიური წელი ავიღე, ვიდრე დოკუმენტაციას და ვიზას მოვაწესრიგებ იმ დონეზე, რომ შევძლო ფედერალურ გრანტზე განაცხადის შეტანა. მანამდე კი, წელს, ერთიან ეროვნულ გამოცდებს ვაბარებ, იმედი მაქვს, დასახულ მიზანს მივაღწევ და იმ სამედიცინო უნივერსიტეტში მოვხვდები, რომელიც უკვე დიდი ხანია შეთვალიერებული მაქვს.