სკოლაში შესვლასთან ერთად მნიშვნელოვნად იცვლება ბავშვის ცხოვრება. მის უდარდელ ცხოვრებას საქმიანი, ვალდებულებებით აღსავსე დღეები ენაცვლება და ბავშვს ახალი სოციალური სტატუსი — მოსწავლის სტატუსი ენიჭება. ამიტომაც მნიშვნელოვანია პირველკლასელის დახმარება ახალ საქმიან გარემოსთან შეგუებაში, ელემენტარული სასწავლო ჩვევების დაუფლებაში, თანაკლასელებთან თანამშრომლობის უნარის განვითარებაში. ხელი შევუწყოთ მოსწავლეებში გონებრივი და ფიზიკური უნარების განვითარებას, ლიბერალურ და დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების განვითარებას, რაც ზოგადი განათლების ეროვნულ მიზანს წარმოადგენს.
გასულ სასწავლო წელს, ჩემს კლასში, 22 პირველკლასელი ჩაირიცხა და მათ შორის, ქართველ მოსწავლეებთან ერთად, სხვადასხვა ეროვნების მოსწავლეები სწავლობდნენ — ქართველ ბავშვებთან ერთად, ბელარუსიის და თურქეთის მოქალაქეები. ისინი მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დადგნენ. კლასში რომ ჯანსაღი სასწავლო გარემო შეიქმნას, საჭიროა მოსწავლეებში ტოლერანტობის გრძნობის წახალისება და მოსწავლეთა თანასწორუფლებიანობის უზრუნველყოფა. თანამშრომლობითი გარემოს შესაქმნელად, ვეცნობით მოსწავლეების კულტურულ თავისებურებებს, რათა ხელი შევუწყოთ პირველკლასელებს შორის ერთიანობისა და სოლიდარობის გრძნობების ჩამოყალიბებას.
ვცდილობ, კლასში, კულტურული მრავალფეროვნების მიმართ, ტოლერანტული დამოკიდებულება დავამკვიდრო, რადგან მრავალფეროვნება სასარგებლოა როგორც უმრავლესობის, ასევე უმცირესობის კულტურული ჯგუფის მოსწავლეთათვის. მრავალფეროვნება „ამდიდრებს“ სასწავლო გარემოს. მრავალფეროვან გარემოში, ინტერკულტურული განათლების ელემენტების გამოყენებით, მოსწავლეს უვითარდება:
⇒ მრავალმხრივი ხედვა;
⇒ კონფლიქტის თავიდან არიდების უნარი;
⇒ საერთო ღირებულებების მიმართ პატივისცემა;
სადამრიგებლო საათს ვიყენებ იმისათვის, რომ მოსწავლეებმა უკეთ გაიცნონ ერთმანეთი და შეძლონ თანამშრომლობა, ვინაიდან კლასგარეშე საქმიანობა ბავშვის ინტერესების, ნიჭის გამოვლენისა და განვითარების საუკეთესო საშუალებაა. ამ დროს უკეთ ხდება მოსწავლის რეალური სოციალური საჭიროებების შესწავლა და კლასში სოციალური სიტუაციის გაუმჯობესება. განვიხილავთ მნიშვნელოვან და საინტერესო კითხვებს, ვეცნობით სწავლისა თუ ურთიერთობისას წამოჭრილ სირთულეებს, ვზრუნავთ მათი გადაჭრის გზებზე. ინტერკულტურული მიდგომების საფუძველი, სწავლისა და სწავლების პროცესში, თანამშრომლობაა. სწორედ თანამშრომლობითი სწავლება წარმოადგენს ინტერკულტურული განათლების ქვაკუთხედს. უპირველეს ყოვლისა, კლასში შევქმენი ინტერაქტიული გარემო, რომელიც თანამშრომლობით პრინციპებს ემყარება და მოსწავლეს ერთიანობის გრძნობას, სოციალურ და კომუნიკაციის უნარ-ჩვევებს უვითარებს. ამიტომაც, სადამრიგებლო საათზე დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების, კერძოდ კი თანამშრომლობის უნარ-ჩვევების გასავითარებლად, პირველ ეტაპზე, მიზნად დავისახე, რომ მოსწავლეებს უკეთ გაეცნოთ ერთმანეთის ინტერესები, სხვადასხვა კულტურის თავისებურებები, სამუშაოს დაგეგმვამდე გაეკეთებინათ არჩევანი და ერთმანეთთან თანამშრომლობით შეექმნათ პროდუქტი.
აქტივობა 1 — ერთმანეთის გაცნობა
კლასში ჯანსაღი საკლასო საზოგადოების ჩამოსაყალიბებლად საჭიროა თანაკლასელების გაცნობა. მოსწავლეები ერთმანეთის უკეთ გასაცნობად ხატავენ ხელებს, ხელის გულზე წერენ თავიანთ სახელებს, ასახელებენ საყვარელ ნივთს, სათამაშოს, ზღაპრის გმირს, ტკბილეულს, ფერსა და სხვას. მეორე ეტაპზე, ხატავენ თავიანთ თავს, ნამუშევრებს კედელზე ვაკრავ, როდესაც ისინი კლასში არ არიან. მოსწავლეები მიდიან ნახატებთან, ამოიცნობენ მეგობარს და ასახელებენ მის საყვარელ ნივთს, სათამაშოს, ტკბილეულსა და სხვა.
აქტივობა 2 — ემოციების ამოცნობა
პირველკლასელებს უჭირთ საკუთარი მოქმედების კონტროლი, ამიტომაც აუცილებელია მათში რეფლექსიის უნარის, საკუთარი და სხვისი ემოციის მდგომარეობის გაგება და თვითკონტროლის განვითარება. ემოციების სამართავად გამოვიყენე ასეთი თამაში — ვურიგებ ბარათებს სხვადასხვა ემოციათა სახელწოდებით, მაგალითად: მოწყენილი, შეშინებული, გაკვირვებული, გაბრაზებული, ბედნიერი, მხიარული და სხვ. მოსწავლეები გამოხატავენ ამ ემოციას და თანაკლასელებმა უნდა ამოიცნონ, პასუხობენ შეკითხვას: რას გრძნობს ბავშვი? რას იგრძნობდით თქვენ ამ დროს? ასეთ დროს ბავშვები აცნობიერებენ, რომ ადამიანებს, ერთსა და იმავე სიტუაციაში, შეიძლება განსხვავებული ემოციები გაუჩნდეთ.
ემოციების ამოცნობის შემდეგ, ვსხდებით წრეში და ვაწყობთ დისკუსიას — ჩვენი გარშემომყოფების რომელმა კეთილმა საქმემ შეიძლება დაგვაყენოს კარგ ხასიათზე. იდეების გენერირების შემდეგ, კლასში ვირჩევთ მათთვის სასურველ კეთილ საქმეებს:
⇒ ღიმილიანი მისალმება ნაცნობისადმი;
⇒ მოწყენილი მეგობრისთვის სასაცილო ამბის მოყოლა;
⇒ მეგობრისთვის კომპლიმენტის თქმა;
⇒ ზამთრის ფრინველებისთვის საკვებურის მოწყობა;
⇒ ხეების დარგვის პროცესში მონაწილეობა და სხვ.
სასურველი საქმიანობის შესრულების შემდეგ, მოსწავლეებთან ერთად, კვლავ იმართება დისკუსია და შესრულებული საქმიანობის რეფლექსია. იხსენებენ მათ მიერ განხორციელებულ სიკეთეს და პასუხობენ კითხვას — რა რეაქცია მიიღეს ამ დროს სხვა ადამიანებისგან. ამგვარი აქტივობები კლასში დადებითი კლიმატის შექმნაში მეხმარება.
აქტივობა 3 — რამდენი ანბანია?
ქართული ანბანის პირველი ასოების გაცნობისას, ყურადღებას ვამახვილებ სხვა ქვეყნების დამწერლობაზეც. მოსწავლეებს ვაცნობ ბელარუსული და თურქული ანბანის რამდენიმე ასოს. სამივე ანბანს მოსწავლეებს მათთვის კარგად ნაცნობი პერსონაჟი ჟირაფი ჟოზე აცნობს. პირველკლასელები აჰყვებიან ჟირაფ ჟოზეს სიმღერას ანბანზე. მოსწავლეები ერთმანეთს უზიარებენ, თუ როგორ გამოითქმის ესა თუ ის სიტყვა თურქულ და ბელარუსულ ენაზე. თურქი და ბელარუსი ბავშვები ორივე ენას ფლობენ.
აქტივობა 4 — ჩემი იავნანა
ვეცნობით და პატივს ვცემთ თანაკლასელების კულტურას. მოსწავლეებს ვასმენინებ სხვადასხვა ერების იავნანას. მოსწავლეები ამოიცნობენ ქართულ, ბელარუსულ და თურქულ იავნანას. აჰყვებიან ნაცნობ მელოდიას, წყვილებსა და ტრიადებში თამაშობენ თოჯინობანას და თოჯინას იავნანას სიმღერით აძინებენ.
აქტივობა 5 — კულტურული თავისებურებები, საბავშვო სიმღერები, სამოსი და ტრადიციული კერძები
კულტურული მრავალფეროვნების განცდისა და მისი დაფასების უნარების გასავითარებლად ვიყენებ „კულტურათა დიალოგს“. თანაკლასელების უკეთ გასაცნობად ვეცნობით ტრადიციულ სამოსს, რომელიც ეროვნულ საცეკვაო ფორმას წარმოადგენს. კლასში მოვაწყვეთ ეროვნული სამოსის დღე. პირველკლასელებმა, მშობლებთან ერთად, წარმოადგინეს ეროვნული სამოსი, მოუსმინეს და აჰყვნენ სამივე ეროვნების საბავშვო სიმღერებს, დაბოლოს, მშობლებთან ერთად, ტრადიციული კერძების პრეზენტაცია-დაგემოვნება გაიმართა.
აქტივობა 6 — ჩემი საყვარელო ზღაპრის გმირი
მოსწავლეები ასახელებენ თავიანთი ქვეყნის საყვარელ ზღაპრის გმირს, უყურებენ სხვადასხვა ნახატ ფილმებს. ხატავენ ზღაპრის გმირს და ამზადებენ პრეზენტაციას და გამოფენას.
აქტივობა 7 — ჩემი საყვარელი ზღაპარი
ერთობლივი კითხვის მეთოდით, მოსწავლეები კითხულობენ ზღაპრებს, მსჯელობენ დადებით და უარყოფით გმირებზე, მარტივად ახასიათებენ მოქმედ პირებს, ირჩევენ საყვარელ ზღაპარს.
აქტივობა 8 — საყვარელი ზღაპრისაგან ნახატი ფილმის შექმნა
ზღაპრების გაცნობის შემდეგ, ნახატი ფილმის შექმნა გადავწყვიტეთ. განხილული ზღაპრებიდან მოსწავლეთა უმრავლესობამ „კომბლე“ აირჩია. ამიტომ ჩვენი მუშაობაც ამ ზღაპრის ილუსტრირებიდან დავიწყეთ.
ბავშვები ზღაპარს სიუჟეტებად ანაწევრებენ, ხატავენ ამ სიუჟეტებს, ტექსტის მიხედვით ალაგებენ და ემზადებიან ნახატი ფილმის შესაქმნელად. მოსწავლეებს ვაძლევ სტიმულს, ერთობლივად იმუშაონ ნახატი ფილმის შექმნაზე. ხელს ვუწყობ მათი თანასწორობისა და პასუხისმგებლობის გრძნობის გაზრდას. ვახალისებ პროსოციალურ ქცევებს და, მუშაობისას, ერთმანეთის დახმარებისაკენ ვუბიძგებ.
აქტივობა 9 — ერთად შექმნილი ნახატი ფილმი
სიუჟეტების დახატვის შემდეგ მოსწავლეები, მასწავლებელთან ერთად, აწყობენ მექანიკურ კამერას და თანაკლასელებს უჩვენებენ ნახატ ფილმს „კომბლე“, რასაც 5 სიუჟეტისგან შემდგარი ნამუშევრის პრეზენტაცია მოსდევს. ამ პროცესში მოსწავლეები მაქსიმალურად ავლენენ საკუთარ შესაძლებლობებს და მრავალფეროვან გარემოში ეფექტურ კომუნიკაციას, მედიაციას და თანამშრომლობას სწავლობენ. მათ მიერ შექმნილი ნახატი ფილმი აძლევთ იმის იმედს, რომ კლასში ბევრ საინტერესო საქმიანობას დაეუფლებიან.
შედეგი — დასკვნა
უპირველეს ყოვლისა, კლასში ვქმნი ინტერაქტიულ გარემოს, რომელიც თანამშრომლობის პრინციპებს ემყარება. თანამშრომლობა და პროსოციალური ქცევების წახალისება მეხმარება კლასში საერთო კულტურისა და ემოციურად უსაფრთხო სასწავლო გარემოს ფორმირებაში. ზემოთ აღწერილი აქტივობებით ვცდილობ, მოსწავლეებს ერთიანობის გრძნობა და კომუნიკაციის უნარ-ჩვევები განუვითარო ჩემს კლასში, სადაც მოსწავლეები, განურჩევლად სქესისა, ეთნიკური წარმომავლობისა და განსხვავებული კულტურისა, ერთად მუშაობენ. ვცდილობ, შევქმნა მეგობრული და არა ეთნიკურ-კულტურული ნიშნებით დაყოფილი საზოგადოება. კლასში ასეთი თანამშრომლობითი გარემოს შექმნა ლაღი, გაბედული, შემოქმედებითი პიროვნების ჩამოყალიბების წინაპირობაა.
დიანა ბერიძე
სსიპ მინდია აბაშიძის სახელობის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის №1 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების წამყვანი მასწავლებელი