სოფიო გოგნაძე
სსიპ ქ. ზესტაფონის №4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი
კიდევ ერთხელ განვმეორდები და ვიტყვი, რომ მასწავლებლობა უაღრესად საპასუხისმგებლო საქმეა, სწავლა-სწავლების პროცესი კი ხანგრძლივი და გამოწვევებით სავსე. ეფექტიანი სასწავლო გარემო გულისხმობს არა მარტო თანამედროვე სწავლების მიდგომების ცოდნას და გამოყენებას, არამედ ისეთი სასწავლო გარემოს შექმნას, სადაც მოსწავლეები ორიენტირებულნი იქნებიან თანამშრომლობასა და კონფლიქტების მოგვარებაზე. თუმცა, ამ პროცესში ხშირად ვაწყდებით პრობლემებს, რადგან ცხოვრება გადაწყვეტილებათა მიღების უწყვეტი პროცესია, ყველა ადამიანს საკუთარი ფასეულობები აქვს, რომელიც მათ აზროვნებასა და ქცევას განსაზღვრავს, ისინი დგამენ ნაბიჯებს, ზოგჯერ თავს იკავებენ გარკვეული ქმედებებისგან, აქვთ განსხვავებული შეხედულებები სხვადასხვა საკითხზე, რაც, თავის მხრივ, იწვევს ურთიერთობებში პრობლემების გაჩენას და იწყება კონფლიქტი.
ჩემთვის, როგორც პედაგოგისათვის, მთავარია კონფლიქტის აღმოცენებისთანავე მიზეზების ამოცნობა, სწორი სტრატეგიების არჩევა, საკუთარი პასუხისმგებლობის გაცნობიერება ამ პროცესში და აქტიურად ჩართვა. მოსწავლეებისთვის კი კონფლიქტების მართვისათვის საჭირო უნარ-ჩვევებისა და სტრატეგიების სწავლება, რათა საწყის ეტაპზევე შეძლონ პრობლემის იდენტიფიცირება და გადაჭრის გზების ძიება.
მსურს, ჩემი პრაქტიკიდან გაგიზიაროთ ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური, ე.წ „ქარბორბალას“ სტრატეგია, რაც ძალიან მეხმარება მოსწავლეებს დავანახო გზა, რომელსაც გადის კონფლიქტი აღმოცენებიდან უკიდურეს წერტილთან მიღწევამდე.
ამ სქემის საშუალებით მოსწავლეები აკვირდებიან კონფლიქტის განვითარების პროცესს, რომელიც ძალიან წააგავს ქარბორბალას — სწრაფად აგორდება, იმატებს ძალას და შეიძლება გამოიწვიოს როგორც ფიზიკური, ასევე მორალური თუ ფსიქოლოგიური ზიანი. საკლასო კონფლიქტების განხილვისას ეს სქემა მოსწავლეს საშუალებას აძლევს, დაინახოს კონფლიქტის განვითარების რომელ ეტაპზე იმყოფება და სად შეიძლება მიიყვანოს ამ პროცესის კიდევ უფრო გამწვავებამ.
შემდგომი ეტაპი კი გადაჭრის გზების ძიებაა, რომელსაც ყოველი ჩვენგანი რეალურ ცხოვრებაში ვიყენებთ. თუ გარკვეულ სიტუაციაში, ჩვენს ქცევას არ მოჰყვება სასურველი შედეგი, ვცდილობთ, შევცვალოთ სტრატეგია. პრობლემურ ვითარებაში ვხელმძღვანელობთ ორი განსხვავებული ინტერესით. ერთი მხრივ, ეს არის მიზანი, რომელსაც გვინდა რომ მივაღწიოთ (საქმე) და მეორე მხრივ – ურთიერთობები, რომელიც არსებობს მეორე მხარესთან. სწორედ ამ ფაქტორთა გათვალისწინებით ხდება განსხვავებული სტრატეგიებიდან სასურველის არჩევა. ეს სტრატეგიები მკაფიოდ არის წარმოდგენილი ე.წ. „თომასის“ სქემაში, რაც მაძლევს საშუალებას მოსწავლეები დავაკვირვო კონფლიქტის მოგვარების ხუთ სტრატეგიაზე, რომელსაც, თავის მხრივ, აქვს დადებითი და უარყოფითი მხარე.
ამ პროცესში ჩემი, როგორც მედიატორის, როლი საპასუხისმგებლოა და ვცდილობ კონფლიქტებზე მუშაობა იმ კუთხით წარვმართო, რომ მოსწავლემ დაინახოს საქმისა და ურთიერთობების თანაბარი მნიშვნელობა, ეს კი გულისხმობს პრობლემის თანამშრომლობითი გზით მოგვარებას, თუმცა, ამ პროცესში, მათ ვაძლევ თავისუფალი არჩევანის საშუალებას და, კონკრეტულ ქეისზე დაყრდნობით, მივუთითებ შესაძლო შედეგებზე, რაც შეიძლება მოსდევდეს მათ მიერ გამოყენებულ სტრატეგიას. ამის შემდგომ ისინი თავად იღებენ გონივრულ გადაწყვეტილებას და რეალურ ცხოვრებაში აღარ უჭირთ განსაზღვრონ კონფლიქტის რა ეტაპზე იმყოფებიან და როგორია მისი გადაჭრის საუკეთესო გზა, ისევ და ისევ, საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით.
ჩემ მიერ წარმოდგენილი აქტივობა სწორედ ისეთი სტრატეგიების გახსენებას გულისხმობს, რომელიც, თავისი მნიშვნელობით, სცდება სასწავლო გარემოს და მიღებული უნარ-ჩვევების პირდაპირი ტრანსფერი ხდება რეალურ ცხოვრებაში. თუ სწავლა-სწავლების ამ რთულ და საპასუხისმგებლო პროცესში მოსწავლეებს ხშირად მივცემთ საშუალებას, გააანალიზონ კონფლიქტი მსგავსი სქემების გამოყენებით, ეს მათ დაეხმარება მნიშვნელოვანი ინფორმაციის უკეთ აღქმაში, იმის გაცნობიერებაში, თუ რა ქცევები უწყობს ხელს კონფლიქტის დეესკალაციას, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას შერიგებისაკენ, რომელი აქტიური მოსმენის სტრატეგიების გამოყენებაა მიზანშეწონილი და, რაც მთავარია, ისინი სწავლობენ საკუთარი ემოციების მართვას, სწორად გადაცემას ადამიანებისათვის. ყოველივე ეს კი ამცირებს კონფლიქტების რისკს, ხოლო მისი არსებობის შემთხვევაში, ხელს უწყობს, კონფლიქტების ქარბორბალამ მშვიდობიანი, თანამშრომლობითი გზით გადაიაროს.