ირმა გრიგალაშვილი
ფილოლოგი, თბილისის №214 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მენტორი მასწავლებელი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი
ნებისმიერ ნაწარმოებს აქვს თავისი კონტექსტი, ფონი თუ გარემო, რომელმაც განსაზღვრა თხზულების უმთავრესი იდეა და გამოსახვის ფორმა. ტექსტის სრულყოფილად გაგება-შესწავლისათვის აუცილებელია მისი ისტორიული კონტექსტის გააზრება. ამდენად, ლიტერატურის სწავლებისას, ხშირ შემთხვევაში, აუცილებელია პასუხი გაეცეს შემდეგ საკვანძო შეკითხვას: რა გავლენა იქონია სხვადასხვა კონტექსტურმა ფაქტორმა ნაწარმოებზე და კონკრეტულად, როგორ იკვეთება ეს ზეგავლენა? შეკითხვა განსაკუთრებით აქტუალური ხდება, როდესაც ვასწავლით XX საუკუნის ქართულ ლიტერატურას. განვიხილავთ ნაწარმოებებს, რომლებიც საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის ზეობისას დაიწერა, მაშინ, როდესაც ხელოვნება კლასობრივად და პარტიულად მიიჩნეოდა.
პოლიტიკასა და ხელოვნებას შორის კავშირი არახალია. პოლიტიკოსები საუკუნეების განმავლობაში ცდილობდნენ, ხელოვანი თავიანთი მიზნების მისაღწევად გამოეყენებინათ. მეორე მხრივ კი, არაერთი ხელოვანი იბრძოდა ძალადობრივი, უსამართლო მმართველობის წინააღმდეგ თავისი შემოქმედებით. სამართლიანობისა და თანასწორობისთვის ბრძოლაში ჩაბმულმა მრავალმა ავტორმა თავიც გაწირა პოლიტიკური მრწამსის გამო.
რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის ნათელი მაგალითია XX საუკუნის ქართული ლიტერატურა, განსაკუთრებით კი ის ნაწარმოებები, რომლებშიც შეფარულადაა გადმოცემული საბჭოთა ყოფის აუტანლობა. ამგვარ ნაწარმოებებში ალეგორია არა მხოლოდ მხატვრული ასახვის მეთოდი, არამედ გარკვეული თავშესაფარიც კია ხელოვანისათვის „ძლიერთა ამა სოფლისათა“ სისასტიკისაგან თავდასაცავად. მეოცე საუკუნის ქართველი მწერლები სწორედ ალეგორიის გზით იბრძოდნენ საბჭოთა უმკაცრესი ცენზურის წინაააღმდეგ. ამ მეთოდს მიმართავდნენ: მიხეილ ჯავახიშვილი, კონსტანტინე გამსახურდია, გურამ რჩეულიშვილი, ოთარ ჭილაძე, ჯემალ ქარჩხაძე, გურამ დოჩანაშვილი და სხვ. ზოგჯერ, ცენზურის გაცურების მიზნით, ალეგორია იმდენად ღრმა და შეფარული იყო, რომ დაუკვირვებელ მკითხველს შეიძლებოდა ვერც კი შეემჩნია (ვფიქრობ, ამის ნათელი მაგალითია გურამ დოჩანაშვილის „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“, რომელიც ხშირად ისე განიხილება, თითქოს მხოლოდ ლიტერატურის სიდიადეზე იყოს დაწერილი).
წერილის მიზანია განვიხილოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი კონტექსტური ფაქტორი, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია კონსტანტინე გამსახურდიას რომან „დიდოსტატის მარჯვენის“ სწავლებისას. ნაშრომი თავს უყრის ლიტერატურათმცოდნეობაში უკვე გამოთქმულ მოსაზრებებს და ამდიდრებს მათ თვალსაჩინო მაგალითებით.
XX საუკუნის 30-იანი წლები განსაკუთრებით მძიმე იყო ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ესაა სისასტიკითა და ძალადობით გამორჩეული პერიოდი მთელ საბჭოთა პირქუშ დროშიც კი. სწორედ ამ დროს იწერება და ქვეყნდება კონსტანტინე გამსახურდიას „დიდოსტატის მარჯვენა“. მკვლევრები თანხმდებიან, რომ რომანი კონკრეტული დროის ალეგორიული გადატანაა წარსულში. თავად ავტორიც შენიშნავდა, რომ „ისტორიული მასალის პოეტიზირებას მხოლოდ მაშინ აქვს რეზონე, როცა აღებული ეპოქა, ან მისი გმირნი და მათი ხასიათი შეესატყვისება თანადროულობის იდეებს“ (ქართული ენა და ლიტერატურა, 2012).
გავაანალიზოთ რომანიდან ისეთი მომენტები, რომლებშიც იკითხება საბჭოთა რეჟიმის წინააღმეგ ბრძოლა და მისი პოლიტიკური ალეგორია.
⇒ რომანში ნაჩვენებია პოლიტიკური და კულტურული აღმავლობა, შენდება ერთ-ერთი უდიდესი ქრისტიანული ტაძარი.
იმისთვის, რომ მოსწავლეები ამ მომენტის მნიშვნელობას ჩასწვდნენ, უნდა შევახსენოთ ავტორის თანამედროვე რეალობა. დრო, როდესაც შუა საუკუნეები სიბნელისა და უმეცრების ხანად იყო აღქმული, კომუნისტები წვავდნენ და ძარცვავდნენ ეკლესიებს, ქრისტიანობა დავიწყებას იყო მიცემული და თაობები – ათეისტური სულისკეთებით განმსჭვალული (ქართული ენა და ლიტერატურა, 2012).
⇒ რომანში ნაჩვენებია ქართველთა ეროვნული თვითშეგნების გაღვიძება, ერთიანი დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობა.
ეს მაშინ, როდესაც საქართველო დიდი იმპერიის ერთი პატარა პროვინცია იყო და სიტყვა ეროვნულის ხსენებაც იკრძალებოდა. „კომუნისტური პარტია და პროლეტარიატი მსოფლიო რევოლუციაზე ოცნებობდნენ. დედამიწის ზურგზე კაპიტალიზმი ყველგან უნდა დაემხოს და სოციალიზმი დამყარდეს. როცა ასეთი მისწრაფება ბატონობს, ეროვნულ პრობლემაზე ზრუნვა-ფიქრი არა მარტო ჩამორჩენილობად მიაჩნიათ, არამედ – დანაშაულადაც“ (ბაქრაძე, 2004). საბჭოთა მოქალაქეს ეროვნება არ გააჩნდა, მის იდენტობას მხოლოდ პროლეტარული იდეოლოგია განსაზღვრავდა, რაც ისახებოდა კიდეც პოეზიაში, ფერწერასა თუ კინოხელოვნებაში.
⇒ რომანში მრავლადაა ისეთი პასაჟები, რომლებშიც ეროვნული, სახელმწიფოებრივი იდეებია აქცენტირებული.
ამ მხრივ განსაკუთრებულად საინტერესოა დიდოსტატ არსაკიძისა და შორენა კოლონკელიძის დიალოგი, როდესაც არსაკიძე უარს ამბობს მეფის წინააღმეგ აჯანყებაზე: „არა მგონია, შვიდმა ხევისბერმა უფრო მართებული კანონები შეჰქმნან ამჟამად, ვიდრე თუნდაც ერთმა გულბოროტმა მეფემ“ (რომანიდან ამონარიდები დამოწმებულია პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ვებსაიტიდან, პროექტი ბიბლიოთეკა სკოლას, კონსტანტინე გამსახურდია „დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა“ http://www.nplg.gov.ge/civil/statiebi/saskolo/didostatis_marjvena.htm). შუა საუკუნეებში მეფის ერთგულება იგივეა, რაც სამშობლოსი. ამ ნააზრევს არსაკიძის შემდეგი სიტყვებიც განამტკიცებს: „ხვალ რომ ბერძნები ან სარკინოზები შემოეწყონ საქართველოს ციხეებს, მოქანდაკის საჭრეთელს განზე გადავდებ და ხმლით შევებრძოლები მტერს“.
არსაკიძის პერსონაჟი საქართველოს კულტურულ-ეროვნული სიმაღლის გამომხატველი ფიგურაა, ისევე, როგორც – მეფე გიორგი. მეფე გიორგი ეროვნული ხასიათის ნიშნებს ატარებს, ეს ვლინდება, ერთი მხრივ, მის სახელმწიფოებრივ მოღვაწეობაში, მეორე მხრივ, პიროვნულ თვისებებშიც. „მისი ცენტრალისტური სახელმწიფოებრივი სისტემა პროგრესული მოვლენაა იმ დროისათვის“ (კანკავა, 1969). პარტიზან ფეოდალებთან ბრძოლა კი უდიდესი სახელმწიფოებრივი საქმეა. გიორგი თავისი ხასიათით მტვირთველია ქართველთა არაერთი ღირსებისა თუ ნაკლისა. ამას თავადვე აღნიშნავს სიკვდილისწინა მონოლოგში. ვფიქრობ, ეს მონოლოგი ერთ-ერთი საყურადღებო მომენტია პატრიოტული თემატიკის გაშუქების თვალსაზრისით.
„ჩვენი უბედურება ამჟამადაც ეგაა: ჩვენში მოღალატენი სჭარბობდნენ ერთგულებს, განა თუ სხვისი, საკუთარი თავის, თავის ხალხის მოღალატენი, კარგად ვიცი, თვით ჩემს მსტოვარებში ნახევარი ბიზანტიელებსა ჰყავდათ შესყიდული, ნახევარი სარკინოზებს,“ – წუხდა მეფე. დაუკვირვებელი მკითხველისთვისაც კი ნათელია, რომ ავტორი მეფის ამ სატკივარის გახმოვანებისას თავისი თანამედროვე რეალობის გამოცდილებას ეყრდნობა.
„როცა ხალხს ამდენი მოღალატე შინა ჰყავს, მაკედონელიც ვერ გაამარჯვებინებს მას… თუ მთელმა ერმა გამარჯვება არ მოინდომა, მაკედონელიც ვერ უშველის, პიპა, რადგან ჯერ არსად გაუმარჯვნიათ მშიშრებსა და მსტოვარებს“ – ვკითხულობთ მონოლოგში. ცხადია, ეს ამონარიდი იმ მოღალატე ქართველებს მიემართებოდათ, ხელი რომ მოითბეს საბჭოთა ხელისუფლების დამყარებით და უარი უთხრეს კაცობრიობის ყველაზე დიდ მონაპოვარს, თავისუფლებას.
„ჩვენი უბედურება ეგაა: სხვის ფანდურზე ბუქნაობა გვიყვარს, ამიტომაც მუსრს ავლებდა საქართველოს სხვის ქვეყნებში ატეხილი ჭირი“ – სხვის ფანდურზე ბუქნაობა მეტაფორულად ნებაშეზღუდული, დამონებული ქართველობის ქმედებას განასახიერებს.
⇒ რომანში შექმნილია „ერთმორწმუნე მტრის“ ხატი.
ლიტერატურათმცოდნეობაში შენიშნულია, რომ რომანში შეფარვითაა გადმოცემული ბიზანტია-რუსეთის იგივეობა. საქართველოს ერთობა ძალადობრივი იყო როგორც რუსეთთან, ისე ბიზანტიასთან. „ამიტომაც მეფე გიორგი წინააღმდეგია ყოველივე ბიზანტიურისა:
- „ძაღლთაპირს“ უწოდებს ბასილი კეისარს და არ აპირებს მის მორჩილებას…
- კეისრის ნაჩუქარი სამეფო მწვანე ეტლით მწევრები დაჰყავს;
- ბერძნული სახელის მქონე მალემსრბოლ ანაქსიმანდრეს სახელს უცვლის და პიპას არქმევს;
- სასახლეში ბერძნულად არ ლაპარაკობს, არც ჩამოსულ სტუმრებთან, მიუხედავად იმისა, რომ შესანიშნავად იცის;
- იწუნებს ბიზანტიელ ხუროთმოძღვრებს და სხვ.“ (ჯალიაშვილი, 2018).
მართალია, საბჭოთა იდეოლოგია ათეიზმს ქადაგებდა, მაგრამ საბჭოთა რუსეთის წინაპარი ცარისტული რუსეთი, სწორედ „ერთმორწმუნეობით“ უხვევდა თვალს დაპყრობილ საქართველოს. რომანში აღწერილი ქრისტიანული ბიზანტია და ავტორის თანამედროვე საბჭოთა კავშირი, მათი იმპერიალისტური პოლიტიკა ძალიან ჰგავს ერთმანეთს. ამაში გვარწმუნებს შემდეგი მომენტებიც:
„ბერძნებს ეს უნდათ, ჩვენი ბომონები ვგმოთ და მათ ეკლესიებში ვილოცოთ, წინაპართა ჩვენი სალოცავები შეგვიმუსრეს, თავიანთი ხატები და ჯვრები შემოგვაჩეჩეს ხელში,“ – ამბობს ნაწარმოებში შავლეგ ტოხაისძე. რთული შესამჩნევი არ იქნებოდა, რომ სწორედ ასე ექცეოდა საბჭოთა კავშირი დაპყრობილი ხალხის რელიგიებს, რწმენა-წარმოდგენებს.
„ბერძნებს ეს სწადიათ, ჩვენი ენა დაგვავიწყონ და თავიანთი შემოგვჩარონ პირში, ჩვენი წარსული დავივიწყოთ და მათი შევისწავლოთ, ჩვენი სამოსი შემოგვაძარცვონ, მათი ჩავიცვათ“ – პერსონაჟის ეს სიტყვებიც ზუსტად ეხმიანება რუსიფიკაციის პოლიტიკას, რომლიც მსხვერპლი ჩვენი ქვეყანა ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნიდან გახდა.
ცნობილია, რომ გამსახურდია, როგორც განათლებული, დასავლურ კულტურას ნაზიარები ადამიანი, დიდ პატივს სცემდა ბიზანტიას. მისი აზრით, სწორედ ბიზანტია იყო „ფორპოსტი დასავლური ცივილიზაციისა“, სწორედ მან აზიარა მთელი წინა აზია, საქართველო თუ სომხეთი პოლიტიკურ თუ კულტურულ პროგრესს. შემთხვევითი არაა, რომ ავტორი რომანში თავის რეალურ დამოკიდებულებას კი არ გვიჩვენებს ბიზანტიის იმპერიისადმი, არამედ პერსონაჟების პირით კიცხავს მას და სურს მკითხველი დააკვირვოს დამპყრობლის ბუნებას. ამიტომაც სძულს მეფე გიორგის ყველაფერი ბერძნული: „მუდამ ბიზანტიელებს ეგებოდნენ ფეხქვეშ ჩვენი სულელი აზნაურები და ღორმუცელა ეპისკოპოზები, მეფეები მწვანე ეტლებს მიეტრფოდნენ და ბიზანტიურ ხარისხებს. ამიტომაც არ მიყვარდა პაპაჩემი – გურგენ მაგისტროსი, მამაჩემი – ბაგრატ კურაპალატი, და მცხეთიდან გაქცევის წინაღამეს ჩემს ვაჟს წავეკიდე, ბაგრატს“.
⇒ ხელოვანს იმსხვერპლებს ხელისუფალი, დიდოსტატი ეწირება შემოქმედებით არჩევანს.
შემთხვევითი არაა, რომ არსაკიძის მკვლელობის მიზეზი სწორედ მის მიერ შესრულებული ნახატი – ღმერთთან მებრძოლი იაკობი ხდება, მიზეზად კი „სვეტიცხოვლის ცუდად აგება“ სახელდება. ხელოვანის განდევნა, დახვრეტა, გადასახლება, წამება და თვითმკვლელობამდე მიყვანა, ხოლო მისი ნამოღვაწარის მკრეხელობად გამოცხადება საბჭოთა ხელისუფლების ერთ-ერთი საყვარელი საქმიანობა გახლდათ (ამ ისტორიული სინამდვილის შესახებ მოსწავლეებს ცოდნას გაუმდიდრებს და ნათელ წარმოდგენას შეუქმნის სტუმრობა ოკუპაციის მუზეუმში ან რეპრესირებულ მწერალთა მუზეუმის მონახულება. ჩემი მოკრძალებული რეკომენდაციაა, მეოცე საუკუნეში შექმნილი ნაწარმოებების სწავლებისას, პედაგოგმა იზრუნოს მოსწავლეებში საბჭოთა წარსულის მიმართ ცნობიერების ასამაღლებლად და ამ მიზნით დაგეგმოს დამატებითი სასწავლო-შემეცნებითი აქტივობები).
საფიქრებელია, რომ ავტორის თანამედროვე მკითხველი ამოიცნობდა ალეგორიას, რომელიც ნაწარმოების სათაურშივეა გამოტანილი „დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა“. მხედველობაში მისაღებია ის ფაქტიც, რომ ნაწარმოების მთავარ გმირს ავტორის სახელი ჰქვია. რომანის მთავარი პრობლემა რომ რეჟიმთან მებრძოლი ხელოვანის ტრაგიკული ბედია, ჩანს ნაწარმოების ეპიგრაფიდანაც: „დამიჭირეს, მკლავი მომჭრეს, რატომ კარგი აგიგია“.
⇒ რომანში წარმოჩენილია ხელოვანის პიროვნული და შემოქმედებითი თავისუფლება.
თუ XX საუკუნის ქართული ლიტერატურის ისტორიას გადავავლებთ თვალს, ნიჭიერი ავტორების შემოქმედებაშიც კი ვიპოვით მხატვრული ღირებულების უქონელ, სოციალისტური პათეტიკით ნასაზრდოებ ნაწარმოებებს. იმ დროისათვის ხელოვნება დაქვემდებარებული იყო პოლიტიკას. ნაწარმოებები ხელისუფალთა დადგენილებისამებრ უნდა შექმნილიყო, მთავარი შემფასებელიც სწორედ ხელისუფალი გახლდათ. აკაკი ბაქრაძის შენიშვნით, ლიტერატურაში პარტიული კონიუნქტურის პრინციპი დამყარდა. „ბოლშევიკების დიქტატურის ეპოქაში ქართული მწერლობის საუკეთესო ნაწილმა ისე იცხოვრა და იშრომა, როგორც მზვერავები ცხოვრობენ და შრომობენ მტრის ბანაკში“ (ბაქრაძე, 2004). ვინც სათანადო რევერანსი არ გააკეთა სასტიკი მმართველობისადმი, მან სიცოცხლე ტრაგიკულად დაასრულა (ამაზე ამჯერად აქ არ შევჩერდებით).
სწორედ ამ დროს, კონსტანტინე გამსახურდიას რომანში, შემოქმედი ღმერთთან არის გატოლებული, ხოლო შემოქმედება უკვდავებასთან („მხოლოდ ოსტატს ვერ ეწევა სიკვდილი“). რომანში ამქვეყნიური ხელისუფალი არ წარმოადგენს ყოვლისმპყრობელს, უფრო ზუსტად კი, მას არ შეუძლია დაიმორჩილოს ხელოვანი, მართოს მისი ნება, მუზა თუ შემოქმედებითი მიმართულება. ეს კარგად ჩანს მეფე გიორგისა და ფარსმან სპარსის საუბარში:
„არა მგონია თავი გამიტოლოს აგრე რიგად მაგ ლაზმა“.
„გატოლებაო“? – გაიღიმა ფარსმანმა, მეფეებს უტოლებს იგი თავს.
მიწისძვრის მეორე დღეს შევუარე, ავადმყოფი მეგონა, შინ არ დამხვდა ფხოვს გაქცეული. ერთი სურათი ვნახე მის მიერ ნახატი, იაკობისა და ღმერთის რკინებაა ზედ გამოხატული.
თანაც იცოდე, ღმერთს მელქისედეკის თვალები აქვს, იაკობს – დამხატავისა.“
მიუხედავად იმისა, რომ დიდოსტატს რეჟიმი ფიზიკურად გაუსწორდა, მისი სული ვერ დაისაკუთრა. ეს ნათლად იკვეთება ნაწარმოების უკანასკნელ თავში, რომელშიც მოთხობილია არსაკიძის აღსასრული.
„უზარმაზარი ლანდი ჩამოვიდა კედლიდან, მგლისებრმა თვალებმა გაიელვეს ბნელში.
და ერკინებოდა მხატვარს გრძელწვერა მოხუცი, მერმე მისწვდა იგი ჭრილობიან ბარკალს და დაუბუშა ვრცელი ბარკლისაი.
მოეძალა ბობღია ლანდი, მგლისებრი თვალები შემოანათა და სთხოვა სული.
არ მისცა სული მგლისებრთვალება მოხუცებულს მხატვარმა.
დიდხანს ებრძოდა წიწამურის ველზე მამალი ხოხობი ღამეს.“
ამ მომენტს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ „ბრძოლა მიმდინარეობდა გადარჩენისათვის, სულის გადარჩენისათვის, რადგან ბოლშევიკებს უმთავრესად სულის დათრგუნვა სურდათ“ (ბაქრაძე, 2004). შეიძლება ითქვას, რომ სწორედ მწერლობამ იხსნა ქართველი ხალხის სული და დაუბრუნა მას რწმენა თავისუფალი ცხოვრებისა.
დასასრულ შევნიშნავთ იმასაც, რომ მწერლის მხატვრული ასახვისა და სტილის გამორჩეულობაც გარკვეული იდეის მატარებელი შეიძლება იყოს. რომანის ენის არქაიზებას, ისტორიზმებისა თუ უჩვეულო სინტაქსური კონსტრუქციების გამოყენებას, რა თქმა უნდა, თავისი ლოგიკური ახსნა აქვს, რომანი ისტორიული ჟანრისაა. მიუხედავად ამისა, გამსახურდიას ექსტრავაგანტული სტილი შეიძლება ერთგვარი პროტესტიც კი იყო 30-იანი წლების შაბლონური, ლექსიკურად ღარიბი და დაბალმხატვრული სოცრეალისტური ხელოვნებისადმი.
ლიტერატურა:
- ბაქრაძე, ა. (2004). თხზულებანი. ტ.3. მწერლობის მოთვინიერება, გადარჩენა, ჩემი თაობა, თბილისი. https://el.ge/articles/319
- გამსახურდია, კ. (1939). „დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა“, თბილისი. პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთკა, პროექტი „ბიბლიოთეკა სკოლას“, ვებგვერდი
http://www.nplg.gov.ge/civil/statiebi/saskolo/didostatis_marjvena.htm
- კანკავა, გ. (1969). კონსტანტინე გამსახურდიას „დიდოსტატის მარჯვენა“, ისტორიული რომანი და მისი ქართული ტრადიციები, თბილისი.
- ქართული ენა და ლიტერატურა (2012). XX საუკუნის მწერლობა, XII კლასის სახელმძღვანელო, სწავლანი, თბილისი. https://www.calameo.com/read/0056301207ba6fe901cea
- ჯალიაშვილი, მ. (2018). პრობლემები და ესთეტიკა — კონსტანტინე გამსახურდიას „დიდოსტატის მარჯვენა“ სწავლებისთვის.
http://www.nplg.gov.ge/civil/statiebi/saskolo/didostatis_marjvena.htm