23 ნოემბერი, შაბათი, 2024

კომუნიკაცია და პრეზენტაცია

spot_img

მოდული მასწავლებელთა საკვალიფიკაციო გამოცდისთვის

როლანდ ხოჯანაშვილი – ეროვნული სასწავლო გეგმის ექსპერტი, მენტორი მასწავლებელი

რა არის კომუნიკაცია?

კომუნიკაცია (ლათინურიდან Communico – საერთოს ვხდი), ფართო გაგებით, არის ინფორმაციის გაცვლა ინდივიდებს შორის სიმბოლოთა საერთო სისტემის საშუალებით.

კომუნიკაცია შეიძლება განხორციელდეს ვერბალური ან არავერბალური მეთოდებით.

განასხვავებენ ასევე კომუნიკაციის განხორციელების მექანიკურ და შემოქმედებით მიდგომებს.

კომუნიკაცია, მექანიკური მიდგომით, ინფორმაციის კოდირებისა და გადაცემის ცალმხრივ მიმართული პროცესია, ინფორმაციის წყაროდან ინფორმაციის მიმღებამდე.

კომუნიკაცია, შემოქმედებითი მიდგომით, არის კომუნიკაციის მონაწილეთა ერთობლივი მოღვაწეობა, რომლის დროსაც გამომუშავდება საგნებსა და მოქმედებებზე საერთო (გარკვეულ ზღვრამდე) შეხედულებები.

კომუნიკაციის სახეები

 კომუნიკაცია კომპლექსური ორმხრივი პროცესია, რომელიც მოიცავს:

  • შეტყობინების კოდირების პროცესს;
  • გადაცემის პროცესს;
  • გაშიფრვის პროცესს.

ეფექტური კომუნიკაცია საჭიროებს კარგ კომუნიკატორს, რომელიც თავის შეტყობინებას წარმოდგენილ აუდიტორიას ნათლად და ეფექტურად გადასცემს. კომუნიკაციას დიდი როლი ენიჭება ადამიანებს შორის ურთიერთობაში.

კომუნიკაცია არსებობს ორი სახის:

ვერბალური და არავერბალური.

ზეპირი და ვერბალური კომუნიკაცია

ვერბალური კომუნიკაცია ინფორმაციის სიტყვიერი გადაცემის გზაა. იმისათვის, რომ მივიპყროთ მოსაუბრის თუ ფართო აუდიტორიის ყურადღება, საჭიროა ვერბალური კომუნიკაციის შემდეგი საშუალებების გათვალისწინება:

  • საუბრის ეფექტურად დაწყება;
  • საუბრის მანერა – ხმის ტემბრი და სიმაღლე, ხმის ინტონაცია (თბილი, ცივი), ტემპი (მონოტონური, დინამიური) და ა.შ.
  • ცხოვრებისეული ან ფაქტებზე დაყრდნობილი მაგალითების მიწოდება;
  • სიტყვებისა და ფრაზების მრავალჯერ გამეორების თავიდან აცილება;
  • ერთი თემიდან მეორეზე ლოგიკური გადასვლა;
  • შესატყვისი ლექსიკონის გამოყენება.

შენიშვნა: ზეპირი ვერბალური კომუნიკაციის მსგავსად, არსებობს წერილობითი ვერბალური კომუნიკაცია.

კომუნიკაციის სამი განზომილება

ადამიანებს კომუნიკაცია სამ განზომილებაში ესმით:

  • რა თქვა?
  • როგორ თქვა?
  • რა იგულისხმა?

ვერბალური კომუნიკაციისას გაგზავნილ ინფორმაციაში სამ მნიშვნელოვან კომპონენტს გამოყოფენ:

1) სიტყვიერი – ანუ შინაარსობრივი;

2) ვოკალური – ანუ ხმის ტონი და ტემბრი;

3) მეტავერბალური (ქვეტექსტი) – ანუ რა დაფარული შინაარსი დევს ნათქვამში.

ვერბალური გზავნილი უნდა იყოს

  • ნათელი, კონკრეტული და არაორაზროვანი;
  • ეთიკური;
  • გრამატიკულად კარგად ორგანიზებული; არ შეიცავდეს დიალექტსა და სლენგს;
  • თავისუფალი უცხო სიტყვებისგან.

ვერბალური კომუნიკაციის ვოკალური კომპონენტი

  • კომუნიკაციის დროს ხმა უნდა იყოს იმდენად ძლიერი, რომ ის ყველას ესმოდეს;
  • კომუნიკატორმა არ უნდა ილაპარაკოს ძალიან სწრაფად – ტემპი უნდა იყოს შერჩეული სწორად;
  • კომუნიკატორის ტონი უნდა იყოს მტკიცე და დამარწმუნებელი;
  • კომუნიკატორმა თავი უნდა აარიდოს მაღალი ტონალობით, მენტორული და თემასთან შეუსაბამო ტონალობით საუბარს;
  • კომუნიკატორმა თავი უნდა აარიდოს მონოტონურ საუბარს და მრავალფეროვნება შეიტანოს ხმაში.

წერილობითი კომუნიკაციის დროს გავითვალისწინოთ და გამოვიყენოთ წერითი სტრატეგიები

  • ვისთვის და რა მიზნით ვწერთ?
  • წარმოადგინეთ მხოლოდ საჭირო ინფორმაცია.
  • თავი აარიდეთ ზედმეტი ინფორმაციის გამოყენებას.
  • გამოიყენეთ მარტივი, გასაგები სიტყვები და მოკლე წინადადებები;
  • დასრულების შემდეგ, დაწერილი ყურადღებით წაიკითხეთ და შეასწორეთ;
  • არ გაგეპაროთ მექანიკური შეცდომები და სიტყვების მართლწერა იყოს სწორი.

 არავერბალური კომუნიკაცია

არავერბალურ კომუნიკაციას ისეთივე დიდი დატვირთვა აქვს კომუნიკაციის პროცესში, როგორც ვერბალურს. კომუნიკაციის არავერბალური საშუალებებია:

  • ჟესტიკულაცია (ხელების, ფეხების, თავის და სხეულის მოძრაობები);
  • შეხება – ხელის ჩამორთმევა, მხარზე ხელის დადება და ა.შ.;
  • მსუბუქი გამომხატველობითი მოძრაობები – წარბების შეკვრა, გრიმასები, ღიმილი და ა.შ.;
  • მხედველობითი კონტაქტი.

მოსმენა

პასიური მოსმენა (ცუდი მსმენელი და პასიური მსმენელი);

აქტიური მოსმენა;

ემპათიური მოსმენა.

შეკითხვა

  • კონტრშეკითხვა;
  • შებრუნებული შეკითხვა;
  • ალტერნატიული შეკითხვა;
  • მანიპულაციური შეკითხვა;
  • რიტორიკული შეკითხვა.

აუდიტორიას (კომუნიკატორებს)

  • თბილად შეხვდით ;
  • აგრძნობინეთ ასერტულობა;
  • მოუსმინეთ ყურადღებით;
  • გააკეთეთ კრიტიკული შენიშვნების ანალიზი;
  • შეინარჩუნეთ სიმშვიდე და წონასწორობა;
  • აწონ-დაწონეთ სიტყვები;
  • ერთად იფიქრეთ სიტუაციის გადაწყვეტაზე;
  • გააკეთეთ ჩანაწერები;
  • თუ შეხვედრამ წარმატებით არ ჩაიარა, მიიღეთ შესაბამისი ზომები;
  • დაიცავით კონფიდენციალურობა;
  • შეხვედრისას მიღებულ გადაწყვეტილებებს ბოლომდე მისდიეთ;
  • კონტაქტი არ გაწყვიტოთ.

ეფექტიანი კომუნიკაცია

  • თუ ერთი მხარე იაზრებს მეორე მხარის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას და აკეთებს შესაბამის კომენტარს.
  • თუ პედაგოგს სურს დაარწმუნოს მოსწავლე რაიმეში, მაგრამ როგორც ვერბალური, ასევე არავერბალური კომუნიკაციის გამოყენებით ვერ გამოიწვია მასში საპასუხო რეაქცია, კომუნიკაცია არაეფექტურია და მასწავლებელი მიზანს ვერ აღწევს. 

რეკომენდაციები

  • ყოველთვის მოარგეთ თქვენი კომუნიკაცია აუდიტორიას;
  • ცვალეთ საუბრის ტემპი, ტემბრი, ინტონაცია;
  • თავი აარიდეთ „ფიზიკურ მონოტონურობას“;
  • მოწესრიგებული შედით საკლასო ოთახში;
  • გადაადგილდით საკლასო ოთახში;
  • იყავით აქტიური მსმენელი, ზომიერად ემოციური;
  • დაამყარეთ თვალით კონტაქტი;
  • გაამდიდრეთ კომუნიკაციის პროცესი ანალოგიების, მეტაფორებისა და მაგალითების გამოყენებით…

შემთხვევის განხილვა

დირექტორმა გადაწყვიტა, რომ სკოლის თანამშრომლები ცნობილ საჯარო გამომსვლელს შეხვედროდნენ. დაინიშნა შეხვედრის დრო. განისაზღვრა კომუნიკაციის თემა და ადგილი.

შეხვედრის დროს ერთმა პედაგოგმა უსიამოვნო მოკლე ტექსტური შეტყობინება მიიღო, რის გამოც დარბაზი დატოვა, მანამდე კი მიანიშნა გამომსვლელს, ხელის ჟესტიკულაციითა და გამომეტყველების დამწუხრებით, რომ შეხვედრას ტოვებდა.

გამომსვლელი, საუბრის დროს, ხშირად იცვლიდა პოზიციას, საუბრობდა სხვადასხვა ტონალობით, იყენებდა საორგანიზაციოდ პრეზენტაციას, დროდადრო ხუმრობდა და აძლევდა მსმენელებს კითხვის დასმის საშუალებას.

საუბრის დროს გამომსვლელმა ხელები გადააჯვარედინა და სასწრაფოდ გახსნა, თან ბოდიში მოიხადა.

გააანალიზეთ შემთხვევა ასეთი თანმიმდევრობით:

  1. როგორი იყო დირექტორის გადაწყვეტილება? შეაფასეთ რამდენიმე სიტყვით.
  2. როგორ შეაფასებდით ერთ-ერთი მსმენელის ქმედებას?
  3. როგორ შეაფასებდით საჯარო გამომსვლელის ქმედებებს, მათ შორის აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება შემთხვევის აღწერის ბოლო მონაკვეთში მობოდიშებას.

საკითხის/პრობლემის პრეზენტაცია

რაიმე საკითხის აუდიტორიის წინაშე საჯარო წარდგენის პროცესი – პრეზენტაცია უნდა იყოს მოკლე (არაუმეტეს 20-30 წუთისა), აზრიანი და საინტერესო. კარგად მომზადებული შინაარსის და სხვადასხვა თვალსაჩინოების გამოყენების (სპეციალური კომპიუტერული პროგრამების, ფლიპჩარტი, მასალები და ა.შ.) გარდა, ასევე, აუცილებელია მომხსენებელმა გაითვალისწინოს არავერბალური კომუნიკაციის ისეთი ელემენტები, როგორიცაა ხმის ტემბრი, სხეულის ენა და გარეგნობა;

პრეზენტაცია სპეციალურ მომზადებას საჭიროებს. პრეზენტაციის მომზადების დროს წარმდგენმა უნდა გამოყოს პრეზენტაციის ძირითადი მიზნები; პრეზენტაციის დასაწყისში მომხსენებელმა მოკლედ უნდა მოახსენოს აუდიტორიას, თუ რაზე აპირებს საუბარს. მან აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს აუდიტორია, ვისთვისაც ამზადებს პრეზენტაციას და, შესაბამისად, შეარჩიოს პრეზენტაციის შინაარსი და ენა. მან უნდა ისაუბროს მაქსიმალურად გასაგებად და ხაზი გაუსვას ძირითად აზრებსა და იდეებს. პრეზენტაციის შემდეგ მომხსენებელმა უნდა უპასუხოს დამსწრე საზოგადოების შეკითხვებს.

პრეზენტაციის მიზანი

  1. მსმენელმა მიიღოს ახალი იდეები;
  2. მსმენელმა შეცვალოს და/ან გააუმჯობესოს შეხედულებები;
  3. მსმენელმა გამოიყენოს ინფორმაცია საჭიროებისამებრ.

პრეზენტაციის სტრუქტურა

⇒ შესავალი;

⇒ ძირითადი ნაწილი;

⇒ დასკვნა.

პრეზენტაციის დაგეგმვა

  1. რა არის შეხვედრის მიზანი.
  2. რამხელა აუდიტორიაა და რა არის თქვენი აუდიტორიის საჭიროებები.
  3. რა დროში უნდა ჩაეტიოთ და როგორი უნდა იყოს პრეზენტაცია/აქტივობა/შესვენების განრიგი.
  4. როგორ უნდა დააკმაყოფილოთ მრავალფეროვანი სწავლის სტილის მქონე აუდიტორიის საჭიროებები.
  5. როგორაა მოწყობილი/ან როგორ უნდა მოაწყოთ საპრეზენტაციო გარემო.
  6. როგორია თქვენი პრეზენტაციის სტრუქტურა, რამდენად ზოგადია ან დეტალური.
  7. რა ტიპის აუდიო-ვიზუალური მასალის გამოყენება სჯობს.

კომუნიკატორები:

  1. ვიზუალისტები;
  2. აუდიალისტები;
  3. კინესთეტები;
  4. ციფრული (ჰენდაუნტების მომხრეები).

ემოციური ფონი

გამოცდილების მიუხედავად, პრეზენტატორს მაინც უწევს ემოციებთან გამკლავება (იმპლიციტური და ექსპლიციტური საფუძვლები).

ღელვას სამი ფაზა აქვს:

♦ მოლოდინის (მანამ, სანამ ემზადებით);

♦ კონფრონტაციის (როდესაც წარსდგებით აუდიტორიის წინაშე);

♦ ადაპტაციის (პირველი წუთების შემდეგ, როდესაც ღელვა თანდათან მცირდება).

შეკითხვები და პასუხები

♦ თავაზიანად გადაუხადეთ მადლობა კითხვისთვის შემკითხველს. სანამ უპასუხებთ, გააკეთეთ კითხვის პარაფრაზი, ამით, საჭიროების შემთხვევაში, დროსაც მოიგებთ და თან დარწმუნდებით, რომ კითხვის შინაარსი ნათელია თქვენთვის. მეტი დამაჯერებლობისთვის, უპასუხეთ სტრუქტურირებულად;

♦ თუ კითხვაზე პასუხი არ გაქვთ, მნიშვნელოვანია, მაინც თქვათ ორიოდე სიტყვა. მაგალითად, იმაზე, თუ რა საინტერესო საკითხია და რომ შესაძლებელია, ცალკე განიხილოთ. გააკეთეთ იმის დემონსტრაცია, რომ გესმით საკითხის მნიშვნელობა და ჰკითხეთ აუდიტორიას,  რას ფიქრობენ ამ საკითხზე.

♦ კითხვებზე პასუხის დროს არ გადააჯვარედინოთ ხელები და არ წაიღოთ ჯიბეში.

კომუნიკაცია აუდიტორიასთან

გამოიყენეთ კომუნიკაციის სახეები:

  • ვერბალური;
  • არავერბალური;
  • სიტუაციურად, საჭიროებისამებრ, მოგვიანებით, დაინტერესებულ პირს წერილობით მიაწოდეთ უკუკავშირი.

საპრეზენტაციო მასალის მახასიათებლები

  1. ეფექტიანი პროგრამის გამოყენება;
  2. ვიზუალური მინიმალიზმი;
  3. შეკუმშული ინფორმაცია, რომელიც გაიშლება აუდიტორიისთვის შესაბამისი ოპერირების ენით.

 

 

 

 

 

 

 

მასალა მომზადებულია მასწავლებელთა მხარდაჭერისთვის

გისურვებთ წარმატებებეს!

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები