ნინო დოლენჯაშვილი
ფილოლოგი, გოგიტა კიკნაძის სახ. №182 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი პედაგოგი
ლიტერატურული ძეგლის შეფასების საკითხში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ტექსტის კომპოზიციას. „შუშანიკის წამება“ – ეს არის ჰაგიოგრაფიული ჟანრის ნაწარმოები, რომელიც გამოირჩევა არა მხოლოდ მხატვრული ღირებულებით, არამედ კომპოზიციური თავისებურებით. მისი კონტრასტულობა ცხადყოფს, დაპირისპირების საფრთხე ტექსტის დასაწყისშივე ამოვიკითხოთ „სამგზის საწყალობელსა“ და „სამგზის სანატრელს“ შორის. ცხადია, ოჯახური დრამის მთავარი მიზეზი უფლის სამსახოვნების მიმართ განსხვავებული დამოკიდებულებაა „სულით ცხოველი“ დედოფლისა და „სულით მოკვდავი“ ვარსქენის მხრიდან. დუალისტური რელიგიის მხარდაჭერა პიტიახშისგან მისივე პატივმოყვარე ბუნებით უნდა ავხსნათ, რადგან ვარსქენი, მიზანთროპულ ბუნებასთან ერთად, პრაგმატული ადამიანია, სათავისოდ გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა. იგი არ სცნობს ადამიანის უფლებრივ თავისუფლებას, იგი თვითნებურად მოქმედებს, რაც ასევე მორალურადაც შეურაცხყოფს მას „რაითამაცა სათნო ეყო მეფესა“ – მისი ასეთი მორჩილება მიზნის მიღწევის გზაზე, პეროზის გული მოიგოს, გარკვეულწილად, მის პიროვნულ ღირსებასაც შეურაცხყოფს. არიან ადამიანები, რომლებიც გონივრულად იყენებენ შესაძლებლობას, რასაც ბედისწერა სთავაზობს, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ღირსების დაკნინების გზით. უღირსი, ქვეყნის, რელიგიისა და „ხატის“ დამამხობელი პიტიახში გააზრებულად მოქმედებს, მან ზუსტად იცის იმ ეპოქაში, როდესაც რელიგიის სიმტკიცე განაპირობებს სახელმწიფოს ძლიერებას, რამდენად საზიანო იქნებოდა ქვეყნისთვის მის მიერ „უეჭველი სარწმუნოების“ უგულებელყოფა, რის გამოც იწყებს ქართლს მოახლოებულ მოკავშირეთა შეკრებას, რათა საკუთარი დანაშაული შენიღბოს, ქართლად შევიდეს, როგორც ერთგული. დანაშაულის დაფარვის ახლებური ხერხია მისთვის, შუშანიკის უსამართლო ბრალდებით, საკუთარ უდანაშაულობას გაუსვას ხაზი. ვინ არის ხატის დამამხობელი? – ამ კითხვაზე პასუხს მარტივად გავცემთ, თუ გავიხსენებთ „ბუნებითი“ ცოლ-შვილის თვითნებურად გამაზდიანების გაცხადებას, სანაცვლოდ, პეროზის ქალიშვილის შერთვას, მორალურად გატეხილი პიტიახშისგან თავის მართლება ფრაზაში: „საგებელსა ჩემსა ნაცარი გარდაასხ და სხვად წარსულ ხარ“. სამი ძისა და ერთი ასულის მოგვებად მოქცევა თუ არაერთი ფიზიკური თუ მორალური ძალადობა დედოფალზე ნამდვილად ცხადყოფს პიტიახშის დანაშაულს, როგორც ხატის რეალური დამამხობლისას. ანგარებიანი ერისკაცი ყველასა და ყველაფერს სწირავს მიზნის მიღწევის გზაზე. ძალადობა ერთადერთი ხერხია საზოგადოებასთან ურთიერთობაში. შეუძლებელია არ გავიხსენოთ მისი დამოკიდებულება ტრადიციების მიმართ. საგანგებოდ წესის შეცვლაზე მიგვანიშნებს ქალისა და კაცის სუფრასთან თანამეინახეობის დაშვება. მისი პრაგმატულობის მანიშნებელია, ტრადიციაც კი სათავისოდ გამოიყენოს, კაცური თავმოყვარეობა დაიკმაყოფილოს დედოფლის შემორიგების გზით. შუშანიკის გამჭრიახობა არაერთხელ ჩანს ნაწარმოებში. ჯერ „სადიასპანო“ცხენით მოსულ მონასთან დიალოგისას, ქმრის მერყევი ბუნებით გამოწვეული შედეგი იწინასწარმეტყველოს, ტრადიციას დაუპირისპიროს პიტიახში მისივე ჩანაფიქრში: „ოდეს ყოფილ არს აქამომდე თუმცა მამათა და დედათა ერთად ეჭამა პური?!“ ასევე თაობათა დაპირისპირების მწვავე სიტყვები მოვისმინოთ მისი მონოლოგით. სამყაროს ადამიანისეული ხედვის გამოძახილია ქმრისგან უარყოფილი დედოფლის აღსარება. ადამიანის არსებობის საზრისს ჩასწვდომოდა კათარზისის გზას შემდგარი დედოფალი, რომელმაც სულისა და ხორცის ჭიდილში დიდ ჭეშმარიტებას მიაგნო, ამქვეყნიური არსებობის შეფასების საკითხში. მიწიერი სამყაროს სწრაფმავლობა, თავისთავად ცხადია, თრგუნავს ადამიანს, მაგრამ მისი კანონზომიერების შეხსენება აუცილებელია. „ესე ყოველი ცხოვრებაჲ, ვითარცა ყუავილი ველთაჲ წარმავალ არს…“ – სწორედ ეს ნიშანია კაცობრიობისთვის, სწორად იფიქროს და იცხოვროს. სიკეთის გამრავლებაა საჭირო ღვთაებრივ ჰარმონიასთან თავსებადობისთვის. უფლისმიერი შურისძიების მხარდაჭერაც აღიარებულია დედოფლისგან, რადგან სჯერა, რომ უფალია განმკითხველი ყველა ცოდვილისა. ქრისტიანის ყველაზე დიდი თვისება მიტევებაა. უფლის რწმენას ემყარება შუშანიკის საამქვეყნო თუ საიმქვეყნო არსებობა, მიწიერ თუ ღვთაებრივ სამყაროსთან სიხარულის მომლოდინემ იურთიერთოს, „გულითადად სიკვდილთან“ მისვლა სასიხარულოა, რადგან შუშანიკის მთელი მარტვილობა განწმენდის გზაზე სიარულია. მიტევებასთან ერთად, ქრისტიანი შემბრალებელიცაა.
შუშანიკი ასევე თავისუფლების იდეასაც ამკვიდრებს მაშინ, როდესაც შეუძლია მიზანთროპი კაცისგან დაშინებულ საზოგადოებას გაემიჯნოს და საკუთარი პრინციპები აღიაროს. ცხადია, ის დიდი ცოდნა ეხმარება დედოფალს, მხარი დაუჭიროს „ღვთისთვის სათნო საქმეს“. შეუძლებელია, არ აღვნიშნოთ ის გაბედული ნაბიჯი, რომელსაც ოჯახსა და შვილებზე შეყვარებული ქალი გადადგამს. პავლე მოციქულის სიტყვები: „არა დამონებულ არს ძმაი, გინა დაი, არამედ განეყნენ,“ შინაგანად კიდევ უფრო აძლიერებს დედოფალს, რომელსაც მოძღვართან დიალოგისას უკვე მკვეთრი პოზიცია აქვს, ქრისტიანულ იდეალთან შეწირულობა მხოლოდ თვითმიზანი ვერ იქნებოდა, „სამგზის საწყალობელი“ კაცისგან კონკრეტული გარემოება რომ არ შექმნილიყო. ტვირთს, რომელსაც ქმრისგან უარყოფილი ქალი ზიდავს, მოიაზრებს არა მხოლოდ საკუთარი სულის, არამედ სხვათა ხსნასაც, განსაკუთრებით შვილების. პიროვნულ ტანჯვაზე მეტად, დედოფლისთვის დამთრგუნველი მისი ნაწინასწარმეტყველების გამართლებაა, მაზდეანობის აქტიურად დამნერგავმა ვარსქენმა შვილებიც გაწიროს. დედოფლის მოთმინება ღვთისმოშიშობას უკავშირდება, ყველა განსაცდელი ლოგიკურად ახსნას, ადამიანის მედეგობა ჭირის მიმართ რწმენას დაუკავშიროს.
ორ რელიგიას შორის დაპირისპირება ამ ნაწარმოებში აშიშვლებს ადამიანის ბუნებას, ერთი მხრივ, ვიხილოთ საკუთარ „მეზე“ გამეცადინებული ადამიანი, მეორე მხრივ – საკუთარ ღმერთზე. მას, ვისაც საკუთარი სხეული ურჩევნია ყველაფერს, „წყმედილი ჭურჭელია“, სულზე ზრუნვა კი ადამიანის კეთილშობილი ბუნების გამოძახილია. ის, ვინც თმობს, სახელს მარადისობაში იმკვიდრებს, ვინც ძალას იყენებს, ის მიწიერი თვითდამკვიდრების წუთიერ მოთხოვნას იკმაყოფილებს. ამიტომაც აღმოჩნდნენ სხვადასხვა მხარეს „ტარიგი ქრისტესი შემკული საკრველთა მით“ და „მგელი, ტაძრად შურისძიებისთვის მოსული“. ერთი მიწიერ დიდებას ესწრაფვის, მეორეს კი „არაღარა ეხმარება“ ამ სამყაროში; ერთი უანგაროდ გასცემს, მეორე ანგარებით იხვეჭს. ამ დაპირისპირების ფონზე კი დიდი ჭეშმარიტება მიიკვლევა, რომელიც არსებობს იქ, სადაც არც „თვალღებაა“ და არც „ქალისა და კაცის უფლებრივი გარჩევა“. ყველა დიდი სიკეთე ხომ ღმერთს ეკუთვნის და სამყარო, სადაც ის სუფევს, მათია, ვინც ნეტარ იყვნენ უფლისთვის.