სვეტლანა ადამია
ქალაქ თბილისის №192 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებელი
განმარტების მიხედვით „კომიქსი ესაა მსუბუქი, ჩვეულებრივ, სათავგადასავლო შინაარსის მქონე პატარა ილუსტრირებული წიგნი ან ნახატების სერია“[1]. ვიკიპედიაში მისი განმარტება ასეთია – „კომიქსი ვიზუალური ხელოვნების ფორმაა, რომელიც შედგება გამოსახულებებისა და ტექსტის კომბინაციისგან“[2]. თუ ნარატიული ტექსტის კითხვის დროს მოსწავლე ექცევა ავტორის აღწერის შთაბეჭდილების ქვეშ, კომიქსის შემთხვევაში აქცენტი გადადის პერსონაჟზე და მის ფიქრებზე.
დაწყებით საფეხურზე განსაკუთრებით მოსწონთ მოსწავლეებს ნახატებიანი, ილუსტრირებული, ვიზუალური მასალის/რესურსის როგორც გაცნობა, ისე შექმნა. ჩვენც ხშირად მივმართავთ ამ ხერხს და ვასწავლით კომიქსის შექმნას მოთხრობის ან ზღაპრის საფუძველზე, ნაწარმოების ჟანრის შეცვლისას და სხვა.
თავდაპირველად უნდა ავუხსნათ/ვასწავლოთ რა არის კომიქსი და დავაკვირვოთ კომიქსის ფორმაზე, ვაჩვენოთ საილუსტრაციო მაგალითები, წიგნები, რომლებიც კომიქსის ფორმითაა დაწერილი და თვითონვე მივიყვანოთ დასკვნამდე, რომ კომიქსი პატარა მოთხრობაა, რომელშიც ამბავი ნახატების ან სურათების თანმინდევრობით და მოკლე-მოკლე ტექსტებითა და დიალოგებით არის გადმოცემული, სხვათა შორის, კომიქსის ცოდნა დიალოგის არსის გაგებაშიც დაეხმარება მათ.[3]
აღსანიშნავია ისიც, რომ კომიქსში ტექსტს ნახატზე ნაკლები ფუნქცია არ აკისრია. კომიქსი არის ნახატი, გამოსახულება, რომელშიც ერთიანდება ვერბალური და გრაფიკული ინფორმაცია, ნახატი და ტექსტი.
თავდაპირველად კომიქსი გამოიყენებოდა კარიკატურების ილუსტრაციისათვის და გასართობად, დღეს ლიტერატურულ ჟანრადაა ქცეული, ძალიან ბევრი წიგნი იწერება კომიქსის ფორმით. წიგნი კომიქსი იმითაც განსხვავდება სხვა წიგნებისგან, რომ მასში ნახატი მეტია, ვიდრე სიტყვა, თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, მხოლოდ ნახატები არ არის. კომიქსის კითხვა დროის თვალსაზრისითაც მომგებიანია, იკითხება შედარებით სწრაფად, ვიდრე გაბმული ტექსტი.
მოსწავლეებს, საილუსტრაციო მასალაზე დაყრდნობით, ავუხსნათ, რომ კომიქსში პერსონაჟის ნათქვამი სპეციალურ ჩარჩოშია მოთავსებული, ჩარჩო კი წვერით იმ პერსონაჟის გამოსახულებას უერთდება, რომელიც ამ სიტყვას თუ ფრაზას წარმოთქვამს.
მაშასადამე, კომიქსი შედგება:
- ნახატისგან ან სურათისგან (გამოსახულებისგან);
- ტექსტისგან;
- გარკვეული გრაფიკული ნიშნებისგან[4].
კომიქსში, ძირითადად, პერსონაჟთა დიალოგები ან ფიქრებია მოცემული. თუ პერსონაჟი საუბრობს, კომიქსის ღრუბელი გამოდის პირიდან, რაც პირდაპირ მიგვანიშნებს საუბარზე. თუ პერსონაჟის ფიქრებია გადმოცემული ღრუბელში, ეს იმას ნიშნავს, რომ ე.წ. კომიქსის ღრუბელი უნდა დავაკავშიროთ თავთან. რაც შეეხება კომიქსის ავტორის სიტყვებს, ძირითად ტექსტს, იგი განცალკავებით, გამოსახულებისა და ღრუბლების ზევით ან ქვევით უნდა მოთავსდეს. კომიქსის კითხვისას თუ შექმნისას მოსწავლე იწყებს პერსონაჟის სხვისი ფიქრების ამოცნობას, რაც ავითარებს ისეთ გამჭოლ კომპეტენციას, როგორიცაა შემოქმედებითი აზროვნება.
კომიქსის შექმნამდე აუცილებელია, მოსწავლეებს კარგად ავუხსნათ:
- კომიქსის მახასიათებლები;
- რა იწერება დიალოგურ ღრუბელში;
- რა იწერება ნაფიქრალის გამომხატველ ღრუბელში;
- რით განსხვავდება დიალოგური ღრუბელი ფიქრების ღრუბლისგან;
- სად მოათავსონ ძირითადი ტექსტი.
დავალების მიცემამდე, ცოდნათა ურთიერთდაკავშირებისა და ორგანიზების მიზნით, შესაძლებელია დაიგეგმოს ერთი ინტეგრირებული გაკვეთილი, ინფორმაციული ტექნოლოგიების მასწავლებელთან ერთად კომიქსის შექმნის შესახებ, რადგან მოსწავლეებს კომიქსის შექმნა შეუძლიათ როგორც ხელით, ნახატისა და ნაწერის სახით, ასევე სხვადასხვა პროგრამის გამოყენებითაც. სასურველია, არჩევანის საშუალება მივცეთ დავალებაზე მუშაობისას, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს მოსწავლის შინაგანი ძალების გააქტიურებას.
კვლევები აჩვენებს, რომ კომიქსი ერთ-ერთი ეფექტური ხერხია მოსწავლეთა წიგნიერების განვითარების, მისი გამოყენება შეიძლება როგორც ქართული ლიტერატურის, ისე უცხო ენების, ისტორიის, ბუნებისმეტყველებისა და სხვა საგნების სწავლებისას, როგორც ფორმალური, ასევე არაფორმალური სწავლების დროსაც.
ჩემს მოსწავლეებს მოსწონთ ამგვგარი დავალებები, წიგნი კომიქსებიც კი გვაქვს შექმნილი, წარმოგიდგეთ ერთ-ერთ მაგალითს ჩემი პრაქტიკიდან: „ზღაპარი „მასპინძელი დათვის“ გმირების მონაწილეობით შევქმნათ კომიქსი“.
დავალების პირობა: ჟანრის შეცვლა – კომიქსი ზღაპრის საფუძველზე
სახატავი საშუალებების გამოყენებით, შექმენით კომიქსი ქეთევან ჭილაშვილის ზღაპრის „მასპინძელი დათვი“ მიხედვით.
კომიქსში:
- დაიცავი ეპიზოდების თანმიმდევრობა;
- წარმოაჩინე, როგორია თითოეული პერსონაჟის ხედვის კუთხე – რას ფიქრობენ ან გრძნობენ, რას ამბობენ ისინი, როგორია მათი განზრახვა, რა სურთ მათ;
- წინადადებათა შინაარსის გათვალისწინებით, შეარჩიე სასვენი ნიშნები.
დავალების წარდგენის შემდეგ ისაუბრე:
- რა პირდაპირ და არაპირდაპირ მინიშნებებს დაეყრდენი პერსონაჟის ფიქრების, განზრახვისა თუ ნათქვამის ამოსაცნობად;
- რით ჰგავს შენი კომიქსი ზღაპარს, რით განსხვავდება მისგან;
- რა გაგახსენა, რაზე დაგაფიქრა ნაწარმოებმა; იზიარებ თუ არა მწერლის სათქმელს და რატომ;
- რა სტრატეგიები გამოიყენე ტექსტის გასაგებად?
- რა ხერხები/სტრატეგიები გამოიყენე კომიქსის შესაქმნელად?
გიზიარებთ ნიმუშებს ჩემი მოსწავლეების მიერ შექმნილი წიგნი კომიქსიდან. ეს ხელნაკეთი წიგნი ჩვენი სკოლის ბიბლიოთეკაში ინახება.
———————————————
[1] განმარტებითი ლექსიკონი
https://www.ganmarteba.ge/word/%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A5%E1%83%A1%E1%83%98
[2] https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A5%E1%83%A1%E1%83%98
[3] ვრცლად იხ. ნათია უჩავას სტატის „როგორ შევქმნათ კომიქსი“
[4] https://mastsavlebeli.ge/?p=22703
გამოყენებული ლიტერატურა:
- მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა;
- https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A5%E1%83%A1%E1%83%98
- ნესტან კუპრავა – აქტივობები გაკვეთილებზე სახალისო ვერბალურ-ვიზუალური ტექსტების შესაქმნელად https://mastsavlebeli.ge/?p=22703
- ნათია უჩავა – „როგორ შევქმნათ კომიქსი“ https://mastsavlebeli.ge/?p=26391